რატომ არის ქრისტინე იმედაძე მარტო და რა გავლენა იქონია ჭორებმა მის პირად ცხოვრებაზე
მომღერალი ქრისტინე იმედაძე გარკვეული დროით საქართველოდან გაუჩინარდა და უკრაინაში რამდენიმე თვე გაატარა. მართალია, იქ თავს კარგად გრძნობდა, თუმცა როგორც თავად აღნიშნა, თბილისი მას ყოველთვის ენატრება, სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს. მის შესახებ ყოველთვის ლაპარაკობენ და ახალახალ ამბებს დაუზარელად თხზავენ. იყო დრო, როცა ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებდა ჩვენს რესპონდენტზე, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, მიხვდა, რომ ეს მისი ნერვების ფასად არ ღირდა. რას აკეთებს ამ ეტაპზე, რით არის დაკავებული და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, ამ ყველაფერს აუცილებლად შეიტყობთ მისივე ინტერვიუდან.
– რას აკეთებ ამ ეტაპზე? დავიწყოთ სიმღერით.
– ვისაც ჩემი სიმღერის მოსმენა უნდა, აბაშიძეზე ერთი პატარა კლუბია, „მისონი” და იქ ვმღერი კვირაში ერთი დღე. მართალია, პატარა კლუბია, მაგრამ ყოველთვის სავსეა ხალხით.
– რამდენიმე თვის წინ, დათო კენჭიაშვილთან ერთად დუეტი ჩაწერე. მსმენელისთვის ამ ჟანრის სიმღერა შენგან მოულოდნელი იყო.
– „კეკელა და მაროს” გულისხმობ, ალბათ. დათუნას და – თათია ჩემი დიდი ხნის მეგობარია, შესაბამისად, დათუნაც, რადგან ჩემი მეგობრების ძმებთანაც ვმეგობრობ. სულ გვინდოდა, ერთად დუეტი ჩაგვეწერა. არც მახსოვდა, თურმე ადრე რეპეტიციებიც გვქონია ერთი სიმღერის ჩაწერისთვის. ეს სიმღერაც აღარ მახსოვდა საერთოდ. სხვათა შორის, უნდა მოვიკითხო ის სიმღერაც სად არის. შეიძლება, მისი ჩაწერაც. ამ ზაფხულს მე და დათუნამ „ჯეირანის“ ჩაწერა დავიწყეთ. ჩაწერის პროცესში თათიამ წარმოთქვა იდეა, ერთი სახუმარო სიმღერა ხომ არ გაგვეკეთებინა ერთადო. თათიას არც ჰქონდა გადაწყვეტილი სცენაზე ასვლა. მოკლედ, ყველაფერი ექსპრომტად მოხდა. „კეკელა და მარო” ჩავწერეთ, რომელიც შემდეგ „იუთუბზე” აიტვირთა. რეკორდულ დროში ძალიან ბევრი ნახვა ჰქონდა ვიდეოს. მერე მაია ასათიანს გაუჩნდა სურვილი, პროფილში მივეწვიეთ ამ სიმღერით. თათის და დათუნას არ უნდოდათ გადაცემაში წამოსვლა, რეალურად ხომ ამ სიმღერის ჩაწერა ჩვენი ხუმრობა იყო, რომელიც შემდეგ ხალხმა აიტაცა და სიმღერა პოპულარული გახდა. ხალხი ითხოვს ამ სიმღერას რადიოში. მერე „თბილისობის“ კონცერტი იყო და იქაც „კეკელა და მარო” მოითხოვეს. თათია სულ გაგიჟდა, თავი დამანებეთ, ახლა კიდევ კონცერტებზე მატარეთო.
– ცოტა ხნის წინ ტელევიზიას კვლავ დაუბრუნდი.
– იმის გამო, რომ საქართველოში არ ვიყავი, ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჩემს საყვარელ „რუსთავი 2-ში” დავბრუნდი. ზაფხულში ჩამოვედი თბილისში. ეს ისეთი დროა, როცა ყველაფერი გიხარია და არაფერზე არ ფიქრობ. ცხელა, ზღვა, მზე, აუზი და ასე შემდეგ. ამიტომ იმაზე არც მიფიქრია, სექტემბრიდან რა უნდა გამეკეთებინა. ამ დროს კი „რუსთავი 2-დან” დამიკავშირდნენ, რომლებმაც ჩემი დაბრუნების სურვილი გამოთქვეს. ეს მეც გამიხარდა, რადგან როგორც გითხარით, ეს ტელევიზია ძალიან მიყვარს. სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვისურვებდი იმ ჯგუფთან ერთად მუშაობას, როგორიც ჰყავს „სხვა შუადღეს.” ეს ხალხი ჩემთვის ოჯახის წევრებივით გახდნენ. ძალიან მიყვარს ყველა და მათთან თავს ყოველთვის კარგად ვგრძნობ. არ ვიცი, ვისთვის რომელი ტელევიზიაა საოცნებო, ჩემთვის კი ეს „რუსთავი 2-ია.”
– თითქმის ერთი წელი იყავი საქართველოდან წასული. შენმა გაუჩინარებამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. საერთოდ შენ ისეთი ხარ, შემოქმედებითად სულ რომ არაფერი არ აკეთო რაღაც ეტაპზე, ხალხის ყურადღების ობიექტად მაინც რჩები.
– რა საინტერესო ობიექტი ვყოფილვარ, ვგიჟდები, რა ნაირ-ნაირ ისტორიას აღარ ვისმენ საკუთარ თავზე. რაც შეეხება ჩემს წასვლას ქვეყნიდან, თავიდან, უბრალოდ, ჩემი მეგობრების მოსანახულებლად წავედი კიევში. იქ სხვადასხვა პერიოდში მიცხოვრია კიდეც. ჩემს ქმართან ერთად და მერეც. მოკლედ, ბევრი რამ მაკავშირებს კიევთან და დღემდე ძალიან მიყვარს. იქ ბევრი ქართველი და უკრაინელი მეგობარი მყავს, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. კი წავედი დროებით, მაგრამ ჩემთვის იმდენად საინტერესო სიტუაციებში აღმოვჩნდი, რომ დარჩენა გადავწყვიტე. მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა პატარ-პატარა პროექტში. ჩავწერე სიმღერები და ასე შემდეგ. იმ დროს, როცა აქტიურად უნდა ჩავრთულიყავი უკრაინულ შოუ-ბიზნესში, ბებია გარდამეცვალა და თბილისში ჩამოვფრინდი. მერე ცოტა ხანი დავრჩი, დავრჩი და საბოლოოდ, შემოვრჩი. მართალია, ყველაფერზე ხაზი არ გადამისვამს და კითხვის ნიშნის ქვეშ მაქვს დატოვებული – არაფერი დამთავრებულა და კონტაქტი დღემდე მაქვს უკრაინაში, თუმცა დიდხანს არავინ დამელოდება. შორიდან საქმის კეთებას კი ამ ეტაპზე „რუსთავი 2-ში” ყოფნა მირჩევნია. ჩემი თბილისი ყოველთვის მენატრება, თან ალბათ აღარ ვარ იმ ასაკში, ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფერი დავტოვო და წავიდე. თავიდან ბოლომდე ვერ მოვიკვეთები საქართველოდან. ჯერჯერობით აქ ვარ და ხვალ რა იქნება, ნამდვილად არ ვიცი.
– ტაისია (ქრისტინეს ქალიშვილი) თუ მღერის?
– დათუნა კენჭიაშვილის სტუდიაში დამყავს, სადაც ხალხურ სიმღერას და გალობას სწავლობს. ინსტრუმენტები იყო ასარჩევი – სალამური, ფანდური და ტამტამი. თავიდან ხუმრობა- ხუმრობით გადავწყვიტე, ფანდური შეესწავლა. ბოლოს კი გაირკვა, რომ ტაისია სერიოზულად არის ფანდურით დაინტერესებული. გამომიცხადა, არაჩვეულებრივად გამომდის ფანდურზე დაკვრა და მიყიდე, სახლშიც რომ ვირეპეტიციოო.
– რამდენი წლისაა?
– 6 წლის. პირველ კლასში სწავლობს. მიუხედავად ასაკისა, ვხვდები, რომ ის უკვე დიდი ადამიანივით ფიქრობს, ჩაცმაზეც თავისი პრეტენზია და აზრი აქვს. მოკლედ, უკვე დიდი გოგოა. ჩემს ცხოვრებაში უკვე ყველაფერი ჩემი შვილისთვის ხდება და მისთვის ვიღვიძებ.
– პირად ცხოვრებაში თუ გაქვს სიახლე?
– არანაირი სიახლე არ არის. ჩემს პირად ცხოვრებად ისევ ჩემი შვილი რჩება. თაყვანისმცემლები კი არიან, მაგრამ ჩემი მხრიდან ინტერესს დიდად არავინ იწვევს. არ ვიცი, ეს რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, რომ მარტო ვარ. ისე, მივხვდი, რომ მარტო ძალიან კარგად ვარ.
– ია ფარულავა შენი მამიდაა. მისმა სიურპრიზმა, ანუ გათხოვებამ როგორ იმოქმედა შენზე? მგონი, ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო?
– თავიდან ჭორი მეგონა, რადგან ეს ყველაფერი „ნიჭიერის” ჩაწერაზე მოხდა, მაგრამ მერე გავიგე, ჯვარიც დაუწერიათ უჩემოდ. ქრისტინე, ვერ მოვასწარი შენთან დარეკვა, ძალიან დიდი ბოდიში, უცებ გავიქეცით, ჯვარი დავიწერეთ, ახლა რესტორანში მივდივართ და შემოიარე ცოტა ხნითო. ქალაქიდან ვიყავი გასული და ამიტომ, სუფრაზეც ვერ აღმოვჩნდი. ია ძალიან მიყვარს, ბავშვობიდან ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი და ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მისი გათხოვება ძალიან გამიხარდა, რადგან ვუყურებ, რომ ბედნიერია. ია ასევე ტაისიას ნათლიაა, მასთან ბევრ დროს ატარებს და ჩართულია მის აღზრდაში. რამდენიმე დღის წინ დავურეკე, გცალია-მეთქი, ვკითხე. ტარიელი ჩამოვიდა და ცოტა ხანი მაცადეო. ცოტა კი ვიეჭვიანე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იას დიდ ბედნიერებას ვუსურვებ. იმედი მაქვს, ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება და ტკბილად შეაბერდებიან ერთმანეთს.
– რა რეაქცია გაქვს, როცა საკუთარ თავზე ამა თუ იმ ჭორს იგებ?
– 16-17 წლის ასაკში, სიმღერა რომ დავიწყე და პირველად გამოვჩნდი ჟურნალების გარეკანზე, მაშინ ჩემთვის ძალიან რთული და მტკივნეული იყო და ხშირად მიტირია კიდეც, როცა საკუთარ თავზე სხვადასხვა დაუმსახურებელ ჭორს ვისმენდი. ზოგჯერ იმდენად მიუღებელ რაღაცეებს ვიგებდი, რასაც სხვაზეც კი ვერ წარმოვიდგენდი. რაღაც პერიოდი ამ ყველაფერს შევეგუე, მაგრამ მერე, მოგვიანებით მივხვდი, რომ ისეც არ არის, ჭორები ერთ ყურში შემეშვა და მეორედან გამომეშვა. ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი ჩემთვის. ძალიან ბევრჯერ გამიფუჭა და დამიძაბა ჭორმა ურთიერთობა – არ აქვს მნიშვნელობა, მამაკაცი იქნებოდა თუ უბრალოდ მეგობარი. ამ ყველაფრის ლავირება ძალიან ძნელია. შეიძლება ითქვას, მარტო რომ ვარ, ამის ერთ-ერთი მიზეზი მსგავსი მითქმა-მოთქმაა. მართალია, ძალიან ბევრი კარგი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ მათთან ერთად, უბრალოდ, ყავასაც აღარ დავლევ. ეს იმიტომ, რომ, როცა ყავის დალევის რეჟიმშია ურთიერთობა, ყველაფერი კარგად არის, მაგრამ როგორც კი ზედმეტი ნაბიჯი გადაიდგმევა, უკვე იწყება დაკითხვები. ისე მეზარება ამ ყველაფრის თავიდან გავლა, მირჩევნია მარტო ვიყო. ამიტომ, ჯადოსნური ადამიანი უნდა გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მეტყვის, რომ არაფერი აინტერესებს. ასეთი იყო ჩემი ქმარი, რომელსაც ცოლად გავყევი. სწორედ ამაზე გავგიჟდი და გადავირიე, თუმცა მერე მაინც არ აგვეწყო ურთიერთობა, რადგან სრულიად განსხვავებული ადამიანები აღმოვჩნდით. სამაგიეროდ, გვყავს ძალიან კარგი ტაისია, ამიტომ ყველაფერი ამად ღირდა.