კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იბადება ომების შემდეგ გოგონებთან შედარებით უფრო მეტი ვაჟი და რატომ აჭარბებს ხოლმე საქართველოში დაბადებულთა შორის ბიჭები გოგონებს

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები შენიშნავენ და უცხოელებიც ეთანხმებიან, რომ საქართველოში, ამიერკავკასიის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, მაღალია შერჩევითი აბორტების რიცხვი – როდესაც მშობლები არასასურველი სქესის ნაყოფის მოცილების გადაწყვეტილებას იღებენ. მათივე მტკიცებით, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ 15-20 წელიწადში ახალგაზრდა ქალების რაოდენობა 30 პროცენტით შემცირდება, რაც, თავისთავად, კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არცთუ სახარბიელო დემოგრაფიულ სურათს. იმის პარალელურად, რომ რამდენიმე წელიწადში გარდაუვალი დეპოპულაცია გველის, რადგან შვილის ყოლის ასაკი დაუდგება გასული საუკუნის 90-იანების თაობას, როდესაც შობადობის მაჩვენებელი კატასტროფულად შემცირდა. დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ავთანდილ სულაბერიძე გვიამბობს ქალთა კლების პრობლემის მიზეზებსა და ამისგან გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე.

 

– ეთანხმებით მოსაზრებას, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მუცლადმყოფი გოგონების დისკრიმინაციის მხრივ? 

– ზოგიერთი არასამთავრობო აჰყვა გრანტების მოპოვების სურვილს და გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენთანაც შეინიშნება „ჩინური სინდრომი“. ჩინეთმა, ბავშვთა ყოლის შემცირების პოლიტიკიდან გამომდინარე, შემოიტანა სანქციები მეორე შვილიდან. საერთოდ, არა მხოლოდ ჩინელი, ნებისმიერი ეთნოსი განიცდის, თუ ბიჭი არ ჰყავს. ამდენად, ჩინეთში შეზღუდვების გამო არასასურველ სქესად მიიჩნიეს გოგონები და სქესის მიხედვით იკეთებდნენ აბორტებს. ამან გამოიწვია ის, რომ ჩინეთში ყოველ 100 გოგონაზე 130 ბიჭი იბადებოდა, როდესაც ნორმალურია 100 გოგონაზე –  104-დან 107-ბიჭამდე. თუმცა ისეც ხდება, რომ ომებისა და კატაკლიზმების პერიოდში ბუნებრივად იზრდება დაბადებულთა შორის ბიჭების ხვედრითი წილი. მაგალითად, ომის შემდგომ საფრანგეთში ბიჭი უფრო მეტი იბადებოდა –  სტაბილურად, 100 გოგონაზე 109-110 ბიჭი, ვერ ახსნეს მიზეზები, მაგრამ შემდგომ ეს პროცესი დარეგულირდა. საქართველომაც არა ერთი ომი და უბედურება გაიარა, ამიტომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ყოველ დაბადებულ 100 გოგონაზე მოდიოდა 110-111 ბიჭი. ეს დააბრალეს შერჩევით აბორტს, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა მაშინ კვლევის ჩატარების საშუალება, მაგრამ არსებობს სხვა კვლევები, რაც ამ მოსაზრებას არ ადასტურებს. გადავხედოთ წინა წლების დინამიკას: 1960 წელს დაბადებული გოგონებისა და ვაჟების შეფარდება იყო ნორმალური –  100 გოგონაზე 106,4 ბიჭი; 1970 წელს –  100 105,2-თან; 1980 წელს  – 100 105-თან. ანუ ეს შეფარდება ნორმის ფარგლებში იყო 1993 წლამდე, მაგრამ 1994 წლიდან დაიწყო დარღვევა: ყოველ 100 გოგონაზე იბადებოდა 109,6-დან 111-მდე ბიჭი. მეტიც, 2008 წელს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი: 127,7 ბიჭი, თუმცა მომდევნო წელს ისევ შემცირდა 104,5-მდე და შემდგომ წლებშიც ნორმის ფარგლებში ჩაჯდა. გავაკეთოთ ლოგიკური დასკვნა: გამოკვლევები აჩვენებს, რომ აბორტების მიზეზია სოციალური პრობლემები და ჯანმრთელობის მდგომარეობა და არა –  არასასურველი სქესი. გამოვკითხეთ დედები და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ამბობდა, რომ აბორტის მიზეზი არ იყო ნაყოფის არასასურველი სქესი.

– არის გარანტია, რომ სიმართლეს ამბობდნენ?

– ყოველ შემთხვევაში, გამოკითხვამ ეს აჩვენა და, მეორე, რატომ უნდა დამალონ მიზეზი?! სხვათა შორის, ამ გამოკვლევით, 3-4 პროცენტი თუ ამბობს, რომ მომავალი შვილის სქესის გამო იკეთებს აბორტს.

– თუმცა ჩვენ სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ვხვდებით იმ ქვეყნების რიგში, სადაც გოგონების დისკრიმინაციას ეწევიან?

– ქალბატონმა ევროსაბჭოდან ანალოგიური რამ გვითხრა, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არასწორი შეფასებაა. ეს არის არასწორი სტატისტიკური აღრიცხვის შედეგი. ამ თემაზე საუბარი 2005 წლიდან დაიწყო და, ოფიციალური მონაცემითაც, ყოველ 100 გოგონაზე დაბადებული 110 ვაჟიდან გაიზარდა 127,7-მდე. შეიძლება, ასეთი სტაბილიზაციის პირობებში ვაჟების რაოდენობას ასე გადაეჭარბებინა გოგონების რაოდენობისთვის?! ყოველ შემთხვევაში, ასეთი რყევა ანომალიურია. მე ვერ დავაბრალებ ამას სტატისტიკის სამსახურს, რადგან ის, რა ფაქტობრივ მასალასაც იღებს, იმას აფიქსირებს. მე მიჩნდება ეჭვი, სპეციალურად ხომ არ გაკეთდა ეს მონაცემი იმისთვის, რომ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიეღოთ გრანტები?!

– რა ფაქტობრივი მასალა ამყარებს თქვენს ეჭვებს, რომ გოგონების დისკრიმინაცია არ ხდება? 

– წელს ჩავატარეთ კვლევა სამ ქალაქში: უდიდეს ქალაქ თბილისში, დიდ ქალაქ ქუთაისში და საშუალო და მცირე ქალაქად ავირჩიეთ კასპი. გამოიკითხა 1 200 ქალი და ამ კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენთან მომავალ შვილთა რაოდენობის სურვილი ნორმალურია –   2-ს უახლოვდება. მიზეზად, თუ რატომ ვერ ახერხებენ, იყოლიონ სასურველი რაოდენობის ბავშვი, გამოკითხულთა 30 პროცენტი ასახელებს მატერიალურ პირობებს. გამოკითხვაში გვქონდა ასეთი შეკითხვა: თუ დაგეგმილი გქონდათ ორი ბავშვის ყოლა და გაიგეთ, რომ მეორეც იმავე სქესიაა, რაც პირველი, იყოლიებთ თუ არა მას? თბილისში, დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 96-მა პროცენტმა, ქუთასიში –  86-მა პროცენტმა, კასპში –  97,6-მა პროცენტმა, ანუ საშუალო მაჩვენებელია 93 პროცენტი. თუ ამ მონაცემებს დავამუშავებთ, აბსოლუტურად ნორმალურ სურათს ვიღებთ. 

სხვათა შორის, იმავე შეკითხვით მამაკაცებსაც მივმართეთ და გამოკითხულ მამაკაცთა 91,8 პროცენტი ამბობს, რომ იყოლიებს და მეორე ბავშვის სქესს არ აქვს მნიშვნელობა. ქალებთან ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ, საერთო ჯამში, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და ამ ფონზე პირადად მე მიჭირს იმის დაჯერება, რომ საქართველოში გოგონების გენოციდია.

– რატომ არ მოხვდა თქვენს კვლევაში ერთი დაბა ან სოფელი?

– იმიტომ რომ რეპროდუქციული ქცევები სოფლად ქალაქიდან შედის. სოფლად უფრო ნაკლებია სქესთა თანაფარდობის პრობლემა, რადგან ექოსკოპია, რაც არის ბავშვის მუცლადყოფნისას სქესის დადგენის საშუალება, უფრო ქალაქადაა განვითარებული. არის მოსაზრება, რომ მომავალი დედები ჯერ ექოსკოპიას იკეთებენ, იგებენ სქესს და ამის მიხედვით იკეთებენ აბორტს: ეს გამორიცხულია. სპეციალისტები ასაბუთებენ, რომ ვერ იგებენ სქესს სამ თვემდე, ანუ, ძირითადად, მომავალ მშობლებს ატყუებენ ექიმები და, როგორც წესი, ეუბნებიან, რომ მათი მომავალი ბავშვი ბიჭია, იმიტომ რომ იციან მშობლების განწყობა. სამი თვის შემდეგ კი აბორტის გაკეთება სარისკოა და კანონითაცაა აკრძალული, თუ, რა თქმა უნდა, ფეხმძიმობა ქალის ჯანმრთელობას არ უქმნის საფრთხეს. 

კიდევ ერთი მომენტი, რასაც მინდა, მიაქციოთ ყურადღება. ჩავატარეთ გამოკითხვა იმის დასადგენად თემაზე, თუ როდის სჯობს, იყოლიო შვილი. გამოკითხულთა 0,6-მა პროცენტმა გვიპასუხა, რომ ქორწინებამდე, 41-მა პროცენტმა, რომ ქორწინების პირველ წელს და ქორწინებიდან მეორე წელი დაასახელა 43-მა პროცენტმა, ქორწინებიდან 2 და მეტი წლის შემდეგ –  14-მა პროცენტმა.

– ეს როგორი მონაცემია, როგორ გვახასიათებს?

– კარგი მონაცემია. მაგალითად, ამავე კვლევიდან ვიგებთ, თუ როგორია ამ საკითხზე გამოცდილი ქალების აზრი, ვინც 30 წელსაა გადაცილებული, ამ ასაკობრივ ჯგუფში აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ შვილების ყოლა უმჯობესია ქორწინებიდან მეორე წელს. მეორე მხრივ, ჩვენთან ისედაც ამაღლდა ქორწინების ასაკი: ქალებისთვის 27 წელია საშუალოდ, მამაკაცებისთვის –  29-30. ამასთანავე, კვლევა გვიჩვენებს, რომ პირველ და მეორე შვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 2-2,5 წელია, მაშინ, როდესაც მეორე და მესამე ბავშვს შორის ინტერვალი 4-5- წელია. ანუ წყვილს უნდა, იყოლიოს მესამე შვილი, მაგრამ რაღაც გარემოება უშლის ხელს. ამდენად, სჭირდება პატარა სტიმული მესამე შვილის გასაჩენად. აი, ასეთი სტიმული იყო პატრიარქის მოწოდება. წარმოიდგინეთ, 2008 წელს დაფიქსირდა ყოველ 100 გოგონაზე 127 დაბადებული ბიჭი. რეალურად, პატრიარქმა 2007 წელს მოუწოდა წყვილებს მესამე და შემდგომი ბავშვის გაჩენისკენ, რითაც სტიმული მისცა დედებს და, მართლაც, შობადობის საერთო მაჩვენებელში მესამე ბავშვის ხვედრითი წილი 15-პროცენტით გაიზარდა. ესე იგი, შერჩევითად გააჩინეს მესამე და შემდგომი შვილი?! ამდენად, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში გოგონებს ხოცავენ. ვინც ამას ამბობს, ჩემი აზრით, მას საკუთარი მერკანტილური ინტერესები ამოძრავებს. ამას გარდა, გითხარით, რომ პირველი ბავშვის ყოლის ასაკი 27-წელია, ესე იგი, მესამე ბავშვს ქალი აჩენს 30 წელს ზემოთ, როდესაც კარგად იცის, რომ ამ ასაკში აბორტის გაკეთება სარისკოა და, ამასთანავე, იცის ოჯახის დაგეგმვის საშუალებები, კონტრაცეპტიული მეთოდები.

– როგორია მკვდრადშობადობის მაჩვენებელი?

– საკმაოდ მაღალია, 2012 წელს 11,5 პროცენტი იყო. თუმცა1999 წელს ჩვილთა მოკვდაობის 19,5-პროცენტიანი მაჩვენებელი გვქონდა. ასევე, მაღალია ჩვენთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებულ ბავშვთა წილი: 2012 წელს იყო 53 პროცენტი, მაგრამ ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ის არის, რომ ქორწინებად არ არის აღიარებული ჯვრისწერა. ამის გამო, მაგალითად, ქორწინებაში დაბადებული ბავშვების რაოდენობა საერთო მაჩვენებელში არის 15 პროცენტი.

– არ შეიძლება, გაკეთდეს მინიშნება სტატისტიკურ მონაცემში, რამდენია ჯვარდაწერილი წყვილი, რომ რეალური სურათი გავიგოთ?

– მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, რადგან ხელის მოწერა ითვლება რეგისტრირებულ ქორწინებად, ჯვრისწერას ვერ შევიტანთ. რეალურ სურათს კი ვიგებთ დედის განცხადებით, როდესაც დედა წერს, რომ ქმარი არ ჰყავს და თავისი სურვილით გააჩინა ბავშვი, ეს არის რეალური მაჩვენებელი, რომ ბავშვი ქორწინების გარეშეა დაბადებული. რეალურად, ქორწინების გარეშე შობადობა 6 პროცენტამდეა. უცხოელები ვერაფრით ხსნიან ჩვენთან ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების ასეთ დიდ ოფიციალურ რაოდენობას. მეორე მხრივ, რადგან მოსახლეობა ხელის მოწერაზე მეტად ჯვრისწერას აღიარებს, თუ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ვაღიაროთ ოფიციალურად ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანისთვის რელიგიური ქორწინება. სხვათა შორის, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების 50 პროცენტი მოდის 20 წლამდე გოგონებზე, მაგრამ აქაც ბევრია ჯვრისწერების რაოდენობა. 

– ქორწინების ასაკის მიხედვით, ვგავართ ევროპას?

– ჩვენ ევროპული ტიპის ქვეყანა ვართ, იქაც იზრდება ქორწინების ასაკი და ჩვენთანაც, მაგრამ მიზეზებიც ცოტა სხვაა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენთან ხელახალი ქორწინების საშუალო ასაკი მამაკაცებისთვის 42 წელია, ქალებისთვის 38-39 წელი.

– როგორია პირველი, მეორე და მესამე ბავშვის ხვედრითი წილი შობადობის საერთო მაჩვენებელში?

– 2005-დან 2012-წლამდე, ანუ 7 წლის განმავლობაში დაბადებულების საერთო მაჩვენებელში პირველი ბავშვების წილი 58 პროცენტიდან შემცირებულია 46 პროცენტამდე, რაც მიუთითებს ქორწინების რიცხვის შემცირებაზე და, ამასთან, ქალთა რაოდენობის შემცირებაზე. მეორე ბავშვის ხვედრითი წილი კი გაიზარდა 38 პროცენტამდე, მესამე ბავშვისაც – 12 პროცენტამდე.

ჩვენ 2017 წლიდან 2018 წლამდე დეპოპულაციის დაწყებას ველოდებით. არსებობს შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, რამდენ ბავშვს შობს 100 დედა და ნორმალურ მდგომარეობაში ეს უნდა იყოს 2,1. შემდეგ გამოგვყავს ბრუტო-კოეფიციენტი, რომელიც გვიჩვენებს, დაბადებულებში რამდენია გოგო. ოფიციალური მონაცემით, მაგრამ არა ჩვენი მონაცემით, დარღვეულია ეს თანაფარდობა და გოგონათა რაოდენობა მცირდება. შესაბამისად, დედის ასაკს მიაღწევს შემცირებული რაოდენობა, ანუ ყოველი 100-ს ნაცვლად 78. ესე იგი, 22 პროცენტით ნაკლები ქალი გვეყოლება. ამასთან, ჩვენთან ამჟამად რეპროდუქციულ ასაკში შედიან 1990-იან წლებში დაბადებულები, როდესაც შობადობა დაბალი იყო. 1991 წლდან 100 ბიჭზე 97 გოგონა იბადებოდა, სხვადასხვა წელში კი ეს მაჩვენებელი 64-მდეც კი ჩამოდიოდა. ანუ ნორმაზე 20-30 პროცენტით ნაკლები მომავალი დედა გვეყოლება. ეს ნიშნავს, რომ ცოტა ბავშვი დაიბადება, რადგან შობადობა მხოლოდ ბავშვთა ყოლის მოთხოვნილების ზრდაზე იქნება დამოკიდებული, რის სტიმულაციასაც პატრიარქის გარდა არავინ აკეთებს.  არც ერთ ბილბორდზე არ მინახავს ფოტო, როდესაც პატრიარქი ნათლავს ბავშვებს, არადა, უამრავი ბილბორდია.

ამას ემატება ისიც, რომ ჩვენს მოსახლეობაში 60 წელს გადაცილებულთა წილი  20 პროცენტია, ანუ დაბერებული სტრუქტურაა. მეტიც, გლობალური დათბობაც მოქმედებს სიკვდილიანობის მაჩვენებელზე: 1 გრადუსით დათბობა 8 პროცენტით ზრდის მოკვდაობას.

– დაუოჯახებელი დაგვრჩებიან კაცები თუ მრავალქმრიანობა უნდა შემოვიღოთ?

– ღმერთმა დაგვიფაროს მრავალქმრიანობისა და მრავალცოლიანობისგან, მაგრამ კვლვებით გამოვლინდა, რომ, რადგან სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა, გაიზარდა ქორწინებაში ყოფნის ხანგრძლივობაც და, თუ ადრე 20  წელი იყო, დღეს 40 წელსაც კი აღწევს. არადა, რა დააშავეს ცოლებმა, ერთ ქმარს რომ უნდა უყურონ 20 და 40 წლის განმავლობაში?! დასავლეთში აქვთ ტრადიცია და უპრობლემოდ ქმნიან მეორე ოჯახს როგორც კაცი, ისე ქალი. ამასთან, იქ მაღალია პარტნიორების რაოდენობაც. ჩვენთან ეს ჯერჯერობით არ შემოსულა. ერთადერთი შემოვიდა ერთ სქესთა შორის პარტნიორობა. კიდევ ერთ პრობლემას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას: კვლევით დავადგინეთ, რომ გამოკითხულთა 70 პროცენტი დასაშვებად მიიჩნევს, რომ ქალმა, თუ ვერ მოახერხა ოჯახის შექმნა, იყოლიოს შვილი ქორწინების გარეშე. თუმცა, როდესაც ვაზუსტებთ, თუ ეს იქნება მათი ოჯახის წევრი ან ნათესავი, მომხრეთა რიცხვი იკლებს 67 პროცენტამდე, მაგრამ, საბოლოოდ, ამ ფაქტისადმი საზოგადოების დიდ ნაწილს დადებითი განწყობა აქვს.

 

скачать dle 11.3