მომენატრები!
კანფეტების, ყველისა და ყვავის რისხვა
გარდაუვალ კანონზომიერებას – „წყალნი წავლენ და წამოვლენო“ – ვერც რფ-ის „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი გადაურჩა. ქართული ღვინისა და მინერალური წყლების, ლიტვური ყველის, ბელორუსული რძის პროდუქტების, უკრაინული კანფეტებისა და მრავალ სხვა პროდუქტთა რისხვა გენადი ონიშენკოს ამ წელს 63 წელიც შეუსრულდა და თავის პოსტზე ყოფნის უფლებამოსილების ვადაც ამოეწურა. თავად აწ უკვე ჩამოლაბორანტებული, კომენტარს არ აკეთებს, თუმცა, მის „საქმეთა ჩამონათვალი“ უსასრულოა.
მეორე მხრივ, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში (ცნობისთვის: ის რფ-ის მთავარი სანიტარული ექიმის პოსტს 1996 წლიდან იკავებს, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანლის კი – 2004-დან) ის არაერთი უცნაური გამონათქვამისა და ინიციატივის ავტორია. კერძოდ, საჭესთან კეფირის მირთმევის აკრძალვას ითხოვდა და თანამოქალაქეებს სუშის ჭამაზე უარის თქმისკენაც მოუწოდებდა.
ყვავების განადგურების კატეგორიული მომხრე იყო (მომყავს ციტატა: „ყვავები ბუმბულიანი მგლები არიან და ისინი დაუნდობლად უნდა ამოვწყვიტოთ“) და რეკომენდაციას გასცემდა, თავი შეეკავებინათ მიტინგების ჩატარებისგან, რადგან, ეს თავშეყრა დაავადებათა რისკს ზრდიდა.
ჩვენ არ ვიცით, როგორ იმოქმედებს ბ-ნი ონიშენკოს წასვლა იქ, სადაც, როგორც ოკუპანტები იტყობდნენ – „რაკი ზიმუიუტ“ (ცხადია, „რაკში“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პენსიონერი იგულისხმება) თავის დროზე მის მიერვე არაერთგზის დაწუნებული ქართული პროდუქციის ბედზე რუსულ ბაზარზე, მაგრამ, თუ მის ორიგინალურ იდეებს გავიხსენებთ, პირადად მე, მომენატრება ოხერი!