როგორ მიიღო მონაწილეობა ჩინელმა ბიჭმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში
გამარჯობა დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, რაც საქართველოს მოქალაქე გავხდი, პირველად ვიყავი არჩევნებზე და ამ წერილში ამ ამბებს მოგიყვები.
საქართველოში, მე მგონი, ყველაზე ხშირად არის არჩევნები, ვიდრე სხვა დანარჩენ ქვეყნებში. აქ მუდმივად აგინებენ თავის არჩეულ მთავრობას და ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად შეცვალონ სხვა მთავრობით. ყოველ არჩევნებზე თურმე ცემა-ტყეპა და ლანძღვა-გინება ჩვეულებრივი ამბავი ყოფილა. თუმცა, მე გამიმართლა და ეს პირველი არჩევნები იყო, რომელმაც ყველაზე მშვიდად ჩაიარა საქართველოს ისტორიაში. თორემ ხომ ვიცი ამათი ამბავი, ასი ქართველი რომ ეჩხუბებოდეს ერთმანეთს, ჩინელს დაინახავენ თუ არა მაშინვე ყველაფერს იმას აბრალებენ. ალბათ, მე მეჩვენება ამდენი აქციების შემყურეს, რომ ხშირადაა არჩევნები, თორემ ისე, საერთოდ ორგვარია – საპარლამენტო და საპრეზიდენტო. სხვა სახისაც არის, მაგრამ ქართველებს ყველაზე მეტად ეს ორი უყვართ. ამჯერად საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.
საქართველოში არ არსებობს, რომ კანდიდატებმა თანაბარი, ან მეტ-ნაკლებად თანაბარი ხმები მიიღონ. აქ ყოველთვის ძალიან დიდი უპირატესობით იგებს ვიღაცა.
ჩვენი საარჩევნო უბანი, ძველ სპორტულ დარბაზში იყო გამართული, სადაც მტვრის, სიძველისა და ჭუჭყის სურნელში გახვეულიყო, გახეულ ბატუტსა და ჩამომტვრეულ სავარჯიშო კიბეს შორის მდებარე, მთლად ახალი საარჩევნო ურნა. კაბინაში შესულმა საპრეზიდენტო კანდიდატების რაოდენობას რომ დავხედე, ძალიან დავეჭვდი, კანდიდატი უფრო მეტი იქნებოდა თუ ჩვენს უბანზე ამომრჩეველი. 30-მდე ადამიანს შორის უნდა ამოგერჩია ქვეყნის პრეზიდენტი. ნახევარზე მეტის სახელი და გვარი ცხოვრებაში არ გამეგო და თუ სიმართლე გინდა, დედა, მე სულ სამს ვიცნობდი და ისიც ტელევიზიიდან. ამ სამიდან ერთ-ერთი შემოვხაზე და ამომრჩევლის მოლოდინში მთვლემარე მოხუცმა დამკვირვებელმა, უფლება მომცა, კონვერტი ურნაში ჩამეგდო. „რაო ბრუსლი, მაო ძედუნი შემოხაზე?“ - გაიკრიჭა უკბილო პირით დამკვირვებელი და სხვა დანარჩენმა მოხუცებმაც ბანი მისცეს. ეტყობა, მართლა დემოკრატია მოდის საქართველოში, დედა, თორემ ადრე – „არ შეგვჭამეს ამ ჩინელებმათი“ იწყებოდა და „გამოაცალეთ თორემ მოკლავს, ჩინელიც ადამიანიათი“ მთავრდებოდა ხოლმე ასეთი სიტუაციები.
მოკლედ, ჩავამთავრეთ არჩევნები, დედა. პრეზიდენტი გახდა კაცი, რომელსაც შარშან არავინ იცნობდა და აირჩიეს იმ კაცის რეკომენდაციით, რომელიც შარშანწინ გამოჩნდა პირველად. აი, ასეთი მიმნდობი და ალალი ხალხია ქართველები, დედა. საქართველოში ნებისმიერ ადამიანს აქვს პრეზიდენტობის შანსი, პროფესორებით დაწყებული ფსიქიკურად დაავადებულებით დამთავრებული. ჯერჯერობით ეს არის სულ, დედა. მერე კიდევ მოგწერ. მომიკითხე ყველა.
გკოცნით, თქვენი
ტობი ვონგი