ვისთვის არის ლანა ქუთათელაძის აზრით, დაჯილდოება „ოქროს ტალღა” წინ გადადგმული ნაბიჯი და რატომ არის მარინა ბერიძე „ფორტუნა პლუსის” მსმენელი
უპრეცედენტო მუსიკალური დაჯილდოება „ოქროს ტალღა,” რომელსაც კომპანია „რადიო საქართველო” აკეთებს, გამარჯვებულებს 4 დეკემბერს გამოავლენს. მსმენელი, ისევე როგორც ნომინანტები, დიდი ინტერესით ელიან დასკვნით ნაწილს. ჩვენი რესპონდენტები კი ამჯერად მარინა ბერიძე და ლანა ქუთათელაძე არიან – „ოქროს ტალღის” ჟიურის წევრები.
– როგორი ჟიური იქნება მარინა ბერიძე?
მარინა ბერიძე: სიმღერას ემოციით ვერ შევაფასებ, არ შემიძლია. ამიტომ საკმაოდ მკაცრი შემფასებელი ვიქნები.
– როგორ შეაფასებთ დღევანდელ შოუ-ბიზნესს?
– ჯერჯერობით სტაგნაციაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველა რაღაცისთვის ემზადება, რაღაც ნაბიჯების გადასადგმელად. ძალიან ბევრი მუსიკალური პროექტი გადის ტელევიზიით. მიმდინარეობა წავიდა ისეთი, რაც უფრო ხმამაღლა მღერი და მაღალ ბგერას იღებ ფორტეზე, ბევრად უფრო მეტი ტაში აქვს მომღერალს. ჩემი აზრით, ეს ტენდენცია აუცილებლად შეჩერდება, რადგან ვერც მსმენელი და ვერც ჟიურის წევრი ვეღარ გაუძლებს გაუთავებელ ფორტეზე ნამღერ სიმღერებს. სამწუხაროდ, დღეს ქართული სიმღერა თითქმის აღარ იწერება, თვალსა და ხელს შუა გაქრა. მერწმუნეთ, ვერასოდეს ვიმღერებთ ვერც ერთ უცხოურ სიმღერას უცხოელ შემსრულებლებზე უკეთ. ჩვენ ეს იმისთვის გვჭირდებოდა, რომ მოგვხმარებოდა ქართული სიმღერის შესრულებაში. დღეს შოუებს რომ ვუყურებ, უკვე მომღერლები არაქართული ხმით მღერიან, რადგან ვიღაც მომღერლებს ბაძავენ, რაც აუცილებლად ძალიან ცუდ შედეგს მოგვცემს. ეს ყველაფერი კი მაშინებს და მაღელვებს, მაგრამ ცხოვრებიდან გამომდინარე, კარგი მსმენელი გავხდი. როდემდე ვიქნები ჩუმად როგორც მსმენელი, ესეც არ ვიცი. ალბათ, მსმენელსაც აქვს რაღაც უფლებები, რომ თქვას, რა მოსწონს და რა არ მოსწონს.
– თავად თუ ხართ რადიოს მსმენელი და კომპანია „რადიო საქართველოს” რომელ რადიოს უსმენთ?
– რადიოს მხოლოდ მანქანაში ვუსმენ, როცა გადავაადგილდები. ვუსმენ რადიო „ფორტუნა პლუსს.”
– „ფორტუნა პლუსს” რატომ?
– იმიტომ რომ, უნდა ვიცოდე რა ხდება ახალი მუსიკალური თვალსაზრისით მსოფლიოში, მაინტერესებს.
– როგორ ფიქრობთ, ისეთი დაჯილდოება, როგორიც „ოქროს ტალღაა,” წაადგებათ მომღერლებს, კომპოზიტორებს, ავტორებს და ასე შემდეგ? იქნება თუ არა ეს მათთვის წახალისება?
– ეს ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული. დაჯილდოების სახელწოდებიდან გამომდინარე, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია. მის მონაწილეებს და თავად „ოქროს ტალღას” ვუსურვებდი, რომ აუცილებლად კარგი რეზულტატი ჰქონდეთ, სწორედ ისეთი, რაც მისაღები იქნება გარკვეული ნაწილისთვის მაინც. ჩემი სურვილი იქნება, მთლიანად მსმენელის გემოვნებას ნუ დაემორჩილებიან. შეპარულად მაინც უნდა ვაკეთოთ ღირებული მუსიკის პროპაგანდა.
ლანა ქუთათელაძე: „ოქროს ტალღა” და ყველა მსგავსი ღონისძიება გარკვეული წინ გადადგმული ნაბიჯია შოუ-ბიზნესისთვის და მეტი სტიმული ყველა მომღერლისა და კომპოზიტორისთვის, რათა თავიანთი შემოქმედება განავითარონ. როგორც ჟიურის წევრი, მკაცრი ალბათ არა, უფრო ობიექტური შემფასებელი ვიქნები.
– როგორია თქვენი აზრი ქართულ შოუ-ბიზნესთან დაკავშირებით? მომღერლები ხშირად ამბობენ, გასაქანი რომ ჰქონდეთ, გაცილებით მეტს გააკეთებდნენ.
– ჩემთვის, შოუ-ბიზნესი პრობლემის თვალსაზრისით, ორ ნაწილად იყოფა. მომღერლების მხრივ არანაირ დეფიციტს არ განვიცდით, პირიქით, მგონი, ამდენი კარგი მომღერალი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ჰყავს. ჩემი აზრით, ძველ თაობას ახალ თაობასთან შედარებით, ძალიან გაუმართლა, რადგან მაშინ კომპოზიტორები იყვნენ, რომლებიც არაჩვეულებრივ სიმღერებს ქმნიდნენ. ახალი თაობის მომღერლებისთვის კი ყველაზე დიდი დეფიციტი სწორედ პროდუქტია, რადგან ახალი სიმღერები არ იწერება. გამომდინარე აქედან, მომღერლები ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. დღეს თითქმის არც ერთ მომღერალს არ აქვს საკუთარი რეპერტუარი, რომელსაც კომპოზიტორები ქმნიან. ამ მხრივ თუ არ გამოსწორდა სიტუაცია, მალე ნამდვილად ჩიხში აღმოვჩნდებით.
– ანუ, მიგაჩნიათ, რომ დაჯილდოება „ოქროს ტალღა” იმაშიც შეუწყობს მომღერლებს ხელს, რომ მისი დასრულების შემდეგ, თუნდაც ერთი კარგი ქართული სიმღერა შეიქმნას?
– რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია. ნებისმიერ სფეროს სჭირდება სტიმულირება როგორც მორალური, ასევე ფინანსურიც. თუ მსგავსი დაჯილდოებები, ფესტივალები და სხვადასხვა ღონისძიება ხშირად ჩატარდება, მეტი მოტივაცია ექნებათ ამ ადამიანებს, უკეთესი სიმღერები შექმნან.
– კომპანია „რადიო საქართველოზე” რას გვეტყვით?
– კომპანია „რადიო საქართველოს” გულშემატკივარი და მსმენელი ყოველთვის ვიქნები, რადგან მასთან ძალიან ბევრი მაკავშირებს. როდესაც ეს რადიოკომპანია იქმნებოდა, მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი და წამყვანი ვიყავი. ძალიან მიყვარს და მიხარია, რომ ის წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი რადიოთი არ შემოიფარგლება და ფართოვდება და ფართოვდება.
– რას უსურვებთ „ოქროს ტალღას?”
– უპირველესად, იმას ვუსურვებ, რომ ღირსეული გამარჯვებული გამოავლინოს, რადგან მსგავს კონკურსში ღირსეული თუ არაა, მისი გამარჯვება ძალიან ცუდია. ეს სტიმულს დაუკარგავს იმ მომღერლებსა და კომპოზიტორებს, რომლებიც გამარჯვებას იმსახურებენ. ამიტომ, დაჯილდოება წარმატებული რომ იყოს, პირველ ყოვლისა, უნდა გაიმარჯვოს ღირსეულმა და იმედი მაქვს, ჟიურის შემადგენლობაც შესაფერის გადაწყვეტილებას მიიღებს.