კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაასაჩუქრეს კოდორში ჩასული ნორა კვიციანი აფხაზებმა ფეხსაცმლით და ვის გაუჩინეს ნევროზი მისმა მეგობარმა პატიმარმა ქალებმა ციხის გარეთ

ყოფილი ხელისუფლების სკანდალურმა პატიმარმა ნორა კვიციანმა ციხე, სადაც  ექვსი წელი და ოთხი თვე გაატარა, გასულ წელს, ნოემბერში დატოვა. თავისუფლების ერთი წელი, ნორა კვიციანისთვის, რომელიც  ციხიდან  პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, ემოციურად რთული იყო – ის ორჯერ ჩავიდა მონატრებულ  კოდორში, რომელსაც კოდორელებთან ერთად 14 წელი იცავდა და სადაც ცნობილი მოვლენების შემდეგ ყველაზე ძვირფასი ადამიანი დატოვა.  

 

ნორა კვიციანი:  ერთი წელი გავიდა, რაც თავისუფალი ვარ. არ არსებობს  იმაზე დიდი ბედნიერება, ხედავდე შენს შვილებს და  მათთან ერთად ატარებდე  დღეებს   პატიმრობაში უსამართლოდ გატარებული წლების შემდეგ. როცა ციხეში ვიყავი, ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა, მაგრამ, ემოციურად ეს  უფრო  მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე მეგონა. ციხიდან ადამიანი სულ სხვანაირი გამოდის,  იქიდან გარეთ ყველაფერი სხვანაირად ჩანს. მე დღემდე ახლო ურთიერთობა მაქვს ყველა იმ ქალთან, ვინც ჩემთან ერთად იხდიდა სასჯელს. ციხეში დაწყებული მეგობრობა სხვანაირია, ფრონტელი მეგობარივით არის შენი თანამოსაკნე.  მე  ისეთ ფეხზე გამოვედი, ჩემ შემდეგ  თითქმის ყველა ქალი გათავისუფლდა. ისინი ხშირად მოდიან ხოლმე ჩემთან. ჩემი სიძე ხუმრობს: შენმა მეგობრებმა, ამ პატიმარმა ქალებმა,  ჩემს ძაღლს ნევროზი გაუჩინესო (იცინის). პატიმრობიდან თავისუფლებაზე გამოსულს ბევრი რამ უძნელდება. ახლა თითქოს უფრო რთულია ის,  რაც ადრე ჩემთვის ჩვეულებრივი იყო.  ცხოვრების სხვა რეჟიმმა ისე ამირ-დამირია ყველაფერი, საკუთარ თავს ვიყვან ხელში, რომ არ დავკარგო ის სულიერი სიძლიერე და რწმენა, რაც ციხემ  მომცა.  როცა ხარ ჩაკეტილ სივრცეში, იცი, რომ იმის იქით გზა აღარაა, ერში ცხოვრება კი  ისეთი რამაა,  ხშირად გიწევს დგომა სასწორზე,  პატარა  დარღვევა და – გადაგწონის ის სასწორი.  საკუთარი თავი ყოველთვის ყოჩაღი ქალი მეგონა, მაგრამ, პატიმრობამ დიდი კვალი დამამჩნია. გარეთ გამოსულს ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სხვა სამყაროში მოვხვდი. ძალიან მიჭირდა გარეთ გასვლა, არაფერი არ მახსოვდა. ქუჩებიც კი დავიწყებული მქონდა, ტაქსის რომ გავაჩერებდი, ვერ ვუხსნიდი, სად უნდა წავეყვანე, ხან ლამის ვიკარგებოდი ხოლმე.  ფიზიკურადაც ვერ ვარ კარგად, დღემდე მაწუხებს მუხლები, მიჭირს მოძრაობა. ამდენი წელი გაატარო  ბეტონის იატაკზე, ჩემი ასაკის ქალისთვის  უშედეგოდ არ ჩაივლიდა, მაგრამ, ამას არ ვჩივი. თავისუფლების ფასი იმდენად დიდია, ტკივილზე როგორ დავიწუწუნებ.  

– თქვენი საქმე სტრასბურგის სასამართლომდეა მისული. რა ეტაპზეა საქმის წარმოება? 

– ერთი წელი გავიდა და ძალიან მტკივა გული, რომ სამართალი ვერ ვიპოვე.  მე პოლიტპატიმრის სტატუსი მონიჭებული მაქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.  ორი წელი მიდიოდა ძიება ჩემს საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართული იყო სახალხო დამცველიც. სამწუხაროდ, დღეს ეს საქმე გვერდზეა გადადებული. სასამართლოში განცხადება ვერ შემაქვს, რადგან, სასამართლოში ჯერ კიდევ არაფერი არ არის შეცვლილი და, რა აზრი აქვს ამის გაკეთებას?  მე შევხვდი თეა წულუკიანს, რომელმაც განაცხადა, რომ  გამოითხოვდა საქმეებს, რომელთაგან ერთ-ერთი ჩემი საქმე უნდა ყოფილიყო.  მე მას ვთხოვე, მოეცა გარანტია, რომ სამართალს ვიპოვიდი.  როგორც ვიცი, ნოემბერში შეიქმნება ახალი საბჭო თუ კომისია, რომელიც პოლიტპატიმართა  საქმეებს დეტალურად   განიხილავს.  ჩვენ რამდენჯერმე ჩავატარეთ პრესკონფერენცია, სახალხო დამცველმაც გააკეთა ბრიფინგი, მაგრამ, დღემდე არანაირი სიახლე არ არის ჩვენს საქმესთან დაკავშირებით.  ამას ისიც ემატება, რომ მე და ჩემი შვილები – ყველა უსახლკაროდ ვართ დარჩენილნი. არც კომპენსაცია მიუციათ ჩვენი ოჯახისთვის, არც ბინა იმ რეპრესიების შემდეგ, რაც  იმ მთავრობამ დაატეხა ჩვენს ოჯახს.  არ ვიცი, რატომ არ ვრცელდება კანონი  ჩვენს ოჯახზე, როგორც  ვრცელდება სხვა დევნილებზე კოდორის ხეობიდან. მე ჩემს სახლში ვცხოვრობდი, თოთხმეტი წელი ვიცავდი იმ ხეობას, გამოვედი ციხიდან და, არც სახლი დამხვდა და ხეობაც ჩაბარებული იყო. რატომ არ უნდა მომცენ ერთი ბინა?! მე შევხვდი ლტოლვილთა მინისტრს, წერილები მაქვს გაგზავნილი ათას ადგილას, მპირდებიან, ბინები აშენდებაო, მე რა ვქნა იმ ბინების აშენებამდე? სად წავიდე?           

– ცოტა ხნის წინ ჩამოხვედით კოდორიდან, სადაც პირველად წახვედით ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. როგორ შეგხვდნენ კოდორში?

– ციხიდან ახალი გათავისუფლებული ვიყავი, როცა პირველად ჩავედი კოდორში. მაშინ ათი დღე დავრჩი იქ, მაგრამ, ისეთი შოკირებული ვიყავი, ვერაფრის გაცნობიერება ვერ მოვახერხე. ისეთი გათიშული ვიყავი, არ მიგრძნია, სად ვიყავი და როგორ. ამას ახლა, ამ ჩასვლაზე  მივხვდი. ახლა ვიგრძენი, როგორი მონატრებული მქონდა იქაურობა. მე საერთაშორისო პასპორტი მაქვს და უპრობლემოდ გადავლახე საზღვარი. გალში დამხვდნენ აფხაზები და ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიმიღეს. ორი დღე-ღამე გავატარე სოხუმში, იქაური პარლამენტარებიც კი მოვიდნენ საჩუქრებით  ჩემს სანახავად. ფეხსაცმელიც კი მაჩუქეს – მე ხომ დიდი ზომის ფეხი მაქვს და ჩემთვის ფეხსაცმელი იოლი საშოვნელი არაა.  სოხუმში ქუჩაში მაჩერებდნენ იქაურები და ხან რას მჩუქნიდნენ, ხან – რას.  მერე ავედი ხეობაში.  პირველად ვნახე ჩემი შვილი,  რომელიც წლებია, არ მენახა. დედისთვის ამაზე დიდი ტკივილი არ არსებობს.  ერთი წუთი არ მინდოდა ჩემი შვილის დატოვება. მეხვეწა, ზღვაზე წაგიყვან, დაგასვენებო, მაგრამ, ვერ დამითანხმა – ჩემს სახლში მერჩივნა ყოფნა. მარტო დავრჩი თუ არა, „უბორკებს“ შევუდექი. ისე, ბაჩო ამის გაკეთების უფლებას არ მომცემდა (იცინის). ბაჩო სულ ცდილობდა, რომ ჩემთვის ესიამოვნებინა, ხან რა მოჰქონდა, ხან – რა. სულ დამტრიალებდა, რომ არ გამთიშვოდა  ინტერნეტი, რომ მოწყენილი არ ვყოფილიყავი და „ფეისბუქით“ დავკონტაქტებოდი ჩემიანებს თბილისში. სულ სტუმრიანობა გვქონდა. ბაჩო დამდევდა: სათევზაოდ წავალ, ჩემი ხელით დაჭერილი თევზი უნდა გაჭამოო. კარგად გაუკეთებია სახლი, მიუშენებია, მოუშენებია, ბევრი ქათამი ჰყავს. დილით ადრე ვდგებოდი, ვუვლიდი ბაჩოს ეზო-კარმიდამოს, ხან ვერც კი ვიჯერებდი, რომ იქ ვიყავი და მე ვიყავი. პატიმრობისას ვერც კი წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ იქ დავბრუნდებოდი. ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, მე იქიდან ცოცხალი ვერც გამოვიდოდი. ჩხალთაში ყველაფერი ძვირფასია ჩემთვის. ბაჩო  მარტო არ ცხოვრობს,  ბიძა და ბიძაშვილები ცხოვრობენ მასთან ერთად. ცოლ-შვილი ჩადის ხოლმე თბილისიდან, როცა ბავშვს სკოლაში არდადეგები აქვს. ძალიან კარგი გოგოა ჩემი რძალი, ისეთი მეურნეობა გააშენა სოფელში, ციცრებიც კი ჰყავს.         

 – ხეობაში როგორი მდგომარეობაა?

– ხეობაში ყველაფერი განადგურებულია, აღარც მაღაზიაა და არც არაფერი. კოტეჯებიც დამწვარი და დანგრეულია – ჩვენებმა დაწვეს ის ყველაფერი. მთელი   ინფრასტრუქტურა მოშლილია,  ყველაფერი წაუღიათ.  ტყუილია ის ლაპარაკი, რომ რუსულ პასპორტებს ურიგებენ.  ჩემს სოფელში, ჩხალთაში,  ოთხი ოჯახია დარჩენილი. მძიმე სანახავია  დაცლილი და ცარიელი სოფელი.  ზედა სოფლებში ოთხმოცამდე ოჯახი მაინც არის შესული. აჟარამდე ავედი, ყველა ჩემიანი ვნახე.   სტუმრად მიდი-მოდიან ერთმანეთთან.  ჩემი იქ ყოფნის დროს გასვენებაში ვიყავი, სოხუმიდან ბევრი აფხაზი ამოვიდა. ძალიან ეხმარებიან ერთმანეთს.  ეგ კი არა, თუკი ვინმე აფხაზეთიდან თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ,  ჩემი შვილი მირეკავს ჩხალთიდან და ყველას მიხედვასა და მოვლას ჩვენ  გვავალებს (იცინის). უკვე ჩანს, რომ აფხაზები ჩვენ მიმართ  კარგად არიან განწყობილი,  მათ უნდათ მშვიდობა და ერთად ყოფნა, მაგრამ, პოლიტიკა ისეთი რამეა, ხალხის აზრი ვის აინტერესებს. გულრიფშში, დრანდაში ყველაფერი ისეა, როგორც ომის მერე იყო: სახლები დგას დანგრეული, გადამწვარი, მაგრამ, მაინც ელოდებიან პატრონს. ოჩამჩირე, აჩადარა, კინდღი სულ  ცარიელია, საერთოდ არავინ ცხოვრობს.  სოხუმშიც  არაფერი გაუკეთებიათ, მაგრამ, იქ კიდევ უფრო შეინიშნება სიცოცხლის ნიშანწყალი.    

– რაც  ციხიდან გათავისუფლდით ნახეთ ძმა, ემზარ კვიციანი?

– არა, სად უნდა მენახა? ემზარი მოსკოვშია, მე – აქეთ ვარ. ზოგჯერ ტელეფონით ან სკაიპით ველაპარაკებით ერთმანეთს. ემზარი გაწირა ხელისუფლებამ, რომელიც გარიგებული იყო  რუსებთან. არც იმათ დააკლეს თავისი,  დღემდე ჰყავთ თავიანთ ინტერესებში, ერთი საბუთი არ აქვს, რომ სადმე გავიდეს. რომ შესძლებოდა კოდორში ჩამოსვლა, ჩემზე ბედნიერი ვინ იქნებოდა? არჩევნებში გამარჯვების   შემდეგ, იმედი მომეცა, რომ ემზარი საქართველოში დაბრუნდება.  ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი და სახელი დაერქმევა იმას, თუ ვინაა  მოღალატე. ეს, პირველ ყოვლისა, გამოძიების ინტერესებში უნდა იყოს და  ყველამ უნდა გაიგოს, სინამდვილეში რა მოხდა,  ვინ იყო კოდორის და ქვეყნის მოღალატე.  

 

скачать dle 11.3