პრობლემის მომგვარებელი
მისტერ ტრედუელს – წარმატებულ ბიზნესმენსა და აყვავებული კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ძალიან გაუკვირდა, როცა თავის ფეშენებელურ, კომფორტულ კაბინეტში სრულიად უცხო მამაკაცი დაინახა. ტრედუელი შუახანს მიტანებული, საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო. მედიდური მანერებით, თავდაჯერებული...
– ვინ ხართ და რა გნებავთ? – მკაცრად ჰკითხა დაუპატიჟებელ სტუმარს, – მდივანმა როგორ შემოგიშვათ?
სტუმარმა, ლოყებღაჟღაჟა, მხიარული გამომეტყველების კაცმა, ხელი შინაურივით დაუქნია:
– მე ბანსი მქვია. მდივანს ვუთხარი, რომ მელოდებოდით. აქ თქვენს დასახმარებლად მოვედი.
– შეცდით, – ხმა გაიმკაცრა ტრედუელმა, – დასახმარებელი არაფერი მჭირს!
– მართლა? მე კი ვიცი, რომ პრობლემები გაქვთ. მე მოგიგვარებთ.
– არანაირი პრობლემა არ მაქვს. მიბრძანდით აქედან, ახლავე!
– ჯერ მომისმინეთ, ამაში ხომ ფულს არავინ გახდევინებთ. სანამ აქ მოვიდოდი, თქვენი დოსიე ზედმიწევნით ზუსტად შევისწავლე. ჩვენი გერონტოლოგიური საზოგადოება პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული.
– გერონტოლოგიური საზოგადოება? – მისტერ ტრედუელმა განცვიფრებით დააჭყიტა თვალები, – ეს რაღაა? პირველად მესმის.
მისტერ ბანსმა გაიღიმა:
– მომისმინეთ, მისტერ ტრედუელ, თქვენ მდიდარი ხართ, წარმატებული... გაქვთ საკუთარი სახლი და აგარაკი აღმოსავლეთ სანაპიროზე... გყავთ ბოლო მოდელის მანქანა, ცოლიანი ხართ. ქალიშვილი შარშან გაათხოვეთ. სიძით კმაყოფილი ბრძანდებით. ცოტა დაეხმარეთ და ყმაწვილმა საკუთარი წარმატებული ბიზნესი წამოიწყო. ცოლი გიყვართ... წესით, თქვენ პრობლემა არ უნდა გქონდეთ, თუმცა...
– თუმცა?! – მოუთმენლად ჩაეკითხა მისტერ ტრედუელი.
– თქვენი მეუღლის მამა, რომელიც, მას მერე, რაც ქალიშვილი გაათხოვეთ, თქვენთან ცხოვრობს. ის 82 წლის არის, თუმცა, მის ასაკში იშვიათი ჯანმრთელობით გამოირჩევა, თუ არ ჩავთვლით, დაზიანებულ მარცხენა ხელს. ერთი სიტყვით, კიდევ კარგა ხანს იცოცხლებს.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– მოთმინება იქონიეთ, მისტერ ტრედუელ! თქვენ გგონიათ, გერონტოლოგიურ საზოგადოებაში დილეტანტები ვსხედვართ? სხვათა შორის, გერონტოლოგია სიბერესთან დაკავშირებულ პრობლემებს სწავლობს და ამ მხრივ დიიდი მიღწევები გვაქვს. ჩვენი სპონსორები საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი ადამიანები არიან. ამიტომაც, არასდროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. ყველაფერს სუფთად ვაკეთებთ.
– აკეთებთ, ანუ, მოხუცებულთა თავშესაფარი გაქვთ?
ბანსს ჩაეღიმა.
– მოხუცებული, თავშესაფარში იქნება ის თუ სახლში, ერთნაირი პრობლემაა. ეჭვი ხომ არ გეპარებათ, რომ თქვენი ცოლი ნაკლებს ინერვიულებს მასზე, თუ ის თავშესაფარში იქნება და ნაკლები თანხა დაჯდება მისი შენახვა?!
– ეგ მართალია, – ამოიოხრა მისტერ ტრედუელმა, – თქვენ რას მთავაზობთ, პრობლემა რა გზით უნდა მოგვარდეს? ხომ არ გულისხმობთ, რომ...
ბანსმა ოდნავ დაუქნია თავი. მისტერ ტრედუელი აღშფოთდა.
– მაგას როგორ მთავაზობთ? ლიკვიდაცია? მარტო იმიტომ უნდა მოკვდეს, რომ მოხუცია?.. და, გინდათ, ამაზე დამითანხმოთ?! ახლავე მიბრძანდით ჩემი კაბინეტიდან, სანამ პოლიციას გამოვუძახე!
მისტერ ბანსი ღიმილით წამოდგა, აუღელვებლად.
– არ გირჩევთ მაგის გაკეთებას და ნურც აჩქარდებით. ბევრი დრო არ გავა და თქვენ თავად დამიკავშირდებით. ყოველი შემთხვევისთვის, ჩემს სავიზიტო ბარათს დაგიტოვებთ.
– არ მჭირდება, შეგიძლიათ, თან წაიღოთ! – ლამის ყვიროდა მისტერ ტრედუელი. თუმცა, სტუმრის წასვლის შემდეგ სავიზიტო ბარათი მაინც აიღო და უჯრაში ჩააგდო. მომდევნო ორი კვირა შფოთვაში გაატარა. არასდროს მოსჩვენებია ცოლის მამა ასეთი აუტანელი და მომაბეზრებელი. ჰელენსაც ატყობდა, რომ მოთმინების ფიალა ლამის ბოლომდე ჰქონდა ავსებული. მოხუცი მათ ნერვებზე თამაშობდა. ბოლო რამდენიმე დღე ღამითაც არ დააძინა ცოლ-ქმარი – კოშმარები ესიზმრებოდა და ძილში ყვიროდა. მისტერ ტრედუელმა იგრძნო, რომ მეტის ატანა აღარ შეეძლო... ერთ დილით, სამსახურში მისულმა, მისტერ ბანსის სავიზიტო ბარათი მოძებნა და პირდაპირ ოფისში მიადგა გერონტოლოგიურ საზოგადოებას. რატომღაც, ეგონა, რომ ეს საეჭვო ტიპის საზოგადოება სადღაც, უბადრუკ შენობაში იქნებოდა მიყუჟული და გაოგნდა, როცა ულტრათანამედროვე, ტექნიკის ბოლო მიღწევებით აგებული შენობა და ფუფუნება იხილა. დერეფნებში ამაყად თავაწეულები დაქროდნენ მოდურად ჩაცმული თანამშრომლები. მისტერ ტრედუელმა უკვე მოწიწებით შეაღო მისტერ ბანსის კაბინეტის კარი. მას არანაირი გაოცება არ გამოუხატავს.
– გელოდით. ვიცოდი, რომ ჩემს სავიზიტო ბარათს არ გადააგდებდით.
– რაღაც დეტალების დაზუსტება მინდა...
– ვიცი, გაინტერესებთ, როგორ მოხდება ყველაფერი. გეტყვით: თქვენ მხოლოდ კონტრაქტს მოაწერთ ხელს, რომლის თანახმადაც, ორი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, ორი ათას დოლარს გადაგვიხდით, როგორც სპონსორი. თქვენთვის ეს უმნიშვნელო თანხაა, ხომ მართალია? მოხუცის სიკვდილი არავის უკვის. ჩვენს პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს გამოძიება მოეთხოვოს. იმდენად ზედმიწევნით ზუსტად გვაქვს ყველა დეტალი გათვლილი და შესწავლილი, სადაზღვევო და საპენსიო უწყებებიც კი არ აიღებენ ეჭვს. ხელს მოაწერთ კონტრაქტს და პრობლემაც აღარ იარსებებს.
– მე რომ ფული აღარ გადაგიხადოთ?
– ნუ მაცინებთ, მისტერ ტრედუელ, ბავშვი ხომ არ ხართ, რომ ასეთ გულუბრყვილო შეკითხვას მისვამთ. ორი წლის შემდეგ ჩვენ თქვენთვის აღარ ვიარსებებთ.
– საერთოდ ხომ იარსებებთ?
– რა თქმა უნდა, – ისეთივე სიმშვიდით დაუდასტურა მისტერ ბანსმა. მისტერ ტრედუელმა ცოტა ხანს კიდევ იყოყმანა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
– გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, – მაამებლური ტონით დაარიგა მისტერ ბანსმა, – როგორც ვატყობ, თქვენ რისკის ფაქტორი უფრო გაღელვებთ. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, ამ მხრივ, სანერვიულო არაფერი გაქვთ.
ორი კვირის შემდეგ ტრედუელის სიმამრი თევზაობისას მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო. შვილი სულ ეუბნებოდა, რომ მის ასაკში თევზაობით გატაცება არაგონივრული საქციელი იყო... გამოძიება არც დაწყებულა. ექსპერტის დასკვნაში ჩაიწერა: „სიკვდილი გაუფრთხილებლობით“ – და ამით დამთავრდა. მისტერ ტრედუელი პირადად ხელმძღვანელობდა დაკრძალვის ცერემონიალს, ხოლო, როცა ცოლთან ერთად პირველი უიქენდი გაატარა მოხუცის გარდაცვალების შემდეგ, მიხვდა, რომ სულ უფრო ნაკლებად აწუხებდა სინდისი. აღარც ყოველთვიური სასპონსორო თანხა – ორი ათასი დოლარი ებევრებოდა... ცხოვრება გაცილებით მშვენიერი გახდა. ერთ დღეს კი, როცა თავის კაბინეტში ნებივრად წრუპავდა ვისკის, საშინელმა აზრმა გაუელვა: „ღმერთო, ოდესმე ჩემს ქალიშვილსა და სიძესაც რომ მოაფიქრდეთ, მიმართონ გერონტოლოგიურ საზოგადოებას... მაქსიმუმ ოც-ოცდახუთ წელიწადში ხომ მეც დავბერდები?! – მაშინვე ტელეფონს ეცა და მისტერ ბანსს დაურეკა. ბანსმა ყურადღებით მოსუმინა და გაიცინა.
– რატომ იტვირთავთ თავს ფუჭი შიშებით? თქვენს ქალიშვილს ხომ უყვარხართ?
– რა თქმა უნდა.
– ხომ გახსოვთ, როგორ იჯდა თქვენს კალთაში და გეფერებოდათ?
– დიახ, თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი...
ცოტა გულზე მოეშვა მისტერ ტრედუელს. მისტერ ბანსმა გაიცინა:
– ჰოდა, ჩემი რჩევაა, ნუ გაიმწარებთ ბედნიერ წლებს. ჯერ ისევ ახალგაზრდა ხართ, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოება. ჩვენ კი დიდხანს, საკმაოდ დიდხანს ვაპირებთ არსებობას – კიდევ იმდენ ადამიანს სჭირდება პრობლემის მომგვარებელი...