კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

ეგოიზმი – რამდენს იწონის ის?!

საკუთარი თავის სიყვარული, ჩვენ რომ ეგოიზმს ვეძახით, სულაც არ არის სალანძღავი სიტყვა – ის თვითშეფასების მაღალი კრიტერიუმის მაჩვენებელია. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა მნიშვნელობა რაოდენობას აქვს. სხვათა შორის, როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ეგოიზმის სრული არქონა არანაკლებ სახიფათო და მავნებელია, ვიდრე ზღვარს გადასული ეგოიზმი...

* * *

ლიზამ კომფორტულად მოიკალათა სავარძელში, ბალიშები მოხერხებულად ამოიწყო ზურგთან და იდაყვთან, პულტი მოიმარჯვა და უცებ წამოიკივლა.

– რა მოგივიდა? – შეეშინდა ლევანს, დაფეთებული წამოხტა და ცოლთან მიირბინა.

– არაფერი. სამზარეულოდან სტაფილოს წვენი უნდა გამომეტანა და დამავიწყდა, ახლა კი წამოდგომა მეზარება.

– მე მოვიტან, – ლევანი სამზარეულოსკენ გაიქცა. ლიზამ კმაყოფილი მზერით გახედა – მოსწონდა, როცა კაცი ასეთ მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ. „შესანიშნავი მამა იქნება. სწორი გადაწყვეტილება მივიღე“, – გაიფიქრა და ნებივრად გაიზმორა. ლევანმა წვენი მიიტანა და ცოლს გვერდით მიუჯდა.

– საყვარელო, მგონი, დროა, ლენას ვთხოვოთ, ყოველდღე მოვიდეს.

– რატომ? – გაიოცა ლიზამ, – ყოველდღე რა უნდა გააკეთოს? ისედაც საქმე არაფერი აქვს ხოლმე. თანაც, ვინ ურევს ამ სახლს, ყოველდღე რომ ალაგოს. ზედმეტი რატომ უნდა გადავუხადოთ?

– სახლის დალაგება არც მიგულისხმია. მინდა, რომ შენ მოგხედოს. სამსახურში როცა ვიქნები, რამე რომ დაგჭირდეს?! მინდა, მშვიდად  ვაკეთო ჩემი საქმე და არ ვიდარდო იმაზე, შენ როგორ ხარ ამ დროს.

– ჩემი მშიშარა, ფეთიანი ქმარი, – ლოყაზე აკოცა ლიზამ კაცს და ხელზე მოეფერა.

– შიში რა შუაშია, შენ ზრუნვა გჭირდება, განსაკუთრებული მოვლა.

– შენ ხომ ზრუნავ ჩემზე და მივლი...  ესეც საკმარისია, – სულ დადნა ქალი.

– არა, არ არის საკმარისი. მაგალითად, მირჩევნია, წვენი ახალგამოწურული დალიო და არა ყუთის, რომელშიც, არავინ იცის, რა არის შერეული.

– ნუ დარდობ, ჯანმრთელ ბიჭს გაგიჩენ.

– და... შენსავით ლამაზს, – გაიღიმა ლევანმა, – როგორი სულელი ვიყავი, ასეთ ბედნიერებაზე უარს რომ ვამბობდი.

– ამიტომ, ყოველთვის უნდა დამიჯერო. მე უკეთესად ვიცი, შენ რა გჭირდება.

– იცი? გიყურებ და ვეღარ გცნობ. ეს ყველაფერი სიზმარი მგონია და, მეშინია, არ გამეღვიძოს.

– ნუ გეშინია, – გადაიკისკისა ლიზამ, – აბა, არაფრის მეშინიაო და არც ფეთიანი ვარო?! – ქალმა ორივე ხელი მოხვია ქმარს კისერზე და მიეხუტა, – სხვათა შორის, მეც მეშინია.

– გეშინია? რისი, საყვარელო?

– იმის, რომ კიდევ გაგიჩნდება სულელური აზრები... როგორ მანერვიულე და ლამის მაწყენინე, – ტუჩი გაბუსხა ქალმა, – მუცელი რომ გამომებერება, დავუშნოვდები, შენ აღარ მოგეწონები და... იცოდე, ვინმეს ისე რომ შეხედო, როგორც მე მიყურებდი ხოლმე, არ გაპატიებ და საშინელებას ჩავიდენ. ხომ იცი, როგორი ეგოისტი ვარ.

კაცმა ხმამაღლა გაიცინა.

– ტყუილად იცინი. მე სიტყვებს ჰაერზე არ ვფანტავ. რასაც ვამბობ, ვაკეთებ კიდეც.

– შენს ეგოიზმს ამ მიმართულებით, მხოლოდ მივესალმები, – თმაზე მიეფერა ლევანი ცოლს, – და, კიდევ, სულ ტყუილად ღელავ, მე შენ გაბერილიც მომეწონები და გასუქებულიც.

– როგორ არა, დაგიჯერე! კაცები ყველანი ერთნაირები ხართ: ერთგულებას გვეფიცებით და თან ხელსაყრელ მომენტს ელოდებით, რომ გვიღალატოთ. მით უმეტეს, რომ შენ უკვე შემჩნეული ხარ მსგავს ქმედებაში.

– მე? ლიზა, ამას როგორ მეუბნები? – გულწრფელად ეწყინა კაცს.

ქალმა გამაფრთხილებლად დაუქნია თითი:

– არ მინდა ახლა ნერვები მოვიშალო და ქექვა დავიწყო. ეს ორივეს გვავნებს. უბრალოდ, გაითვალისწინე, რომ ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს.

– მართალი ხარ, – ამოიოხრა ლევანმა, – აღარ გვინდა წარსულზე ლაპარაკი, მით უმეტეს, ისეთ ფაქტებზე, რომელიც პოზიტიურს არაფერს შემოიტანს ჩვენს ურთიერთობაში. ძლივს ისეთი ოჯახი გვაქვს, როგორზეც ვოცნებობდი და ჩემს ცხოვრებასაც აზრი მიეცა.

ლიზამ ქვემოდან ახედა ქმარს, მაგრამ, აღარაფერი უთქვამს, მკლავზე უფრო მაგრად მიეხუტა და გაინაბა.

ტელეფონმა მოგვიანებით დარეკა. ქალი ერთბაშად ვერ მიხვდა, ქმრის მობილური იყო თუ თავისი, წამოიწია და პირველივე აპარატს დასწვდა. ლევანს ურეკავდნენ... „რეკლამა-ზურა“ – წაიკითხა გარკვევით და გული უსიამოვნოდ შეუქანდა. ქმარს შეხედა. ლევანი თვლემდა...

– ლევან, ტელეფონი გირეკავს! ლევან, არ გესმის? – მაჯაში ხელი წაავლო და შეანჯღრია.

– ასეთ დროს? ვინ არის?

– „რეკლამა-ზურა“, – ხმამაღლა გაიმეორა ლიზამ;, – ვინ არის „რეკლამა-ზურა?!“

– ეგ სამსახურის საქმეზეა. რესტორანს კაფე რომ მივაშენე, იმის რეკლამები შევუკვეთე. დიზაინერია ერთ კომპანიაში.

– ჰო? კარგი დიზაინერია? – ლიზა შესამჩნევად გაწითლდა, – შენ იცნობ?

– კი, ნორმალური ბიჭია, კარგად მუშაობს. რამდენჯერმე მქონდა მის კომპანიასთან ურთიერთობა და კმაყოფილი ვიყავი. კარგად გავუგეთ ერთმანეთს.

– უნდა წახვიდე?

– არა, დავურეკავ. ამ საღამოს შენთან გავატარებ, მერე კი ცოტა გავისეირნოთ.

– კარგია. არ მინდა, მარტო ვიყო და გელოდო, – თავი მოისაწყლა ლიზამ და გაინაბა...

* * *

გიგიმ  ლუდის დაორთქლილი ბოთლები მაგიდაზე დააწყო და ვახოს თვალი ჩაუკრა:

– ახლავე შემწვარი კარტოფილიც იქნება... დავლიოთ და გული გავიგრილოთ.

– შენ ისედაც მთვრალი ხარ. ამდენი სად დალიე?

– მე და ლაშამ მოვულხინეთ. ცუდ გუნებაზე ვიყავით ორივე და დარდები არაყში ჩავახრჩვეთ.

– ოფისში ამოიტანეთ სასმელი? გიგი, რამდენჯერ გითხარი...

– სტოპ! შეჩერდი! მადროვე სიტყვის თქმა! – ხელები თეატრალურად შემართა გიგიმ, – ოფისში წესიერად ვიქცეოდით. ქვემოთ, ბარში ჩავედით და იქ დავლიეთ. რას იზამ, ზოგჯერ ამის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ყოფა.

– შენ რაღა გჭირს? ან ლაშას... იმ პატიოსან კაცს მაინც დაანებეთ თავი, ოჯახი აქვს და პასუხისმგებლობა აკისრია.

– მე არ მაქვს პასუხისმგებლობა? როგორ გეკადრებათ, ბატონო ვახტანგ?! მე იმხელა პასუხისმგებლობას ვატარებ ზურგით და იმსიმძიმეს, წელშიც კი მოვიხარე. ნამდვილად არ ვიმსახურებ ასეთ საყვედურს. 

ვახომ ამოიოხრა:

– ეჰ, ლამის ქალებს დავეთანხმო იმაში, რომ კაცები საშინელი ეგოისტები ვართ.

– აპ, აპ, აპ... – ხელები გაასავსავა გიგიმ და პირი უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა, – არავითარი კაპიტულაცია! ისინი ღირსნი არ არიან! ქალები ასეთ საქციელს არ დაგვიფასებენ, იმედი არ გქონდეს.

– იმედი რა შუაშია? უბრალოდ, ჩვენ ბევრის უფლებას ვაძლევთ თავს და ანგარიშს არ ვუწევთ იმას, რას გრძნობენ ამ დროს ჩვენი ახლობელი ადამიანები.

– არ გინდა, ნუღარ გააგრძელებ. მამაკაცი, რომელსაც არ უყვარს საკუთარი თავი და არც ეგოისტია, ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს აღწევს. დაძაბულია, დაკომპლექსებული... ადამიანებთან, საპირისპირო სქესთან ურთიერთობა უჭირს... ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ცოტა ეგოიზმი, უბრალოდ, აუცილებელიც კია.

– შენც, ფსიქოლოგების გჯერა... გიგი, ახლა მთვრალი ხარ და აზრზე ვერ მოდიხარ, რამდენ სისულელეს ამბობ.

– არავითარ შემთხვევაში! მთვრალი რომ ვარ, იმიტომაც ვამბობ ჭეშმარიტებას და, თანაც, აბსოლუტურს. ეჰ, იმ სულელ ზუკას ვერ შევაგნებინე ვერაფერი... რა მაგარ შარში ვართ, რომ იცოდე! – გიგიმ ამოიოხრა და თვალები მრავალმნიშვნელოვნად გადაატრიალა. 

– მოიცა, რამე მოხდა? რა შარზე ლაპარაკობ?

– არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა. კიდევ ვყოყმანობ, იმიტომ, რომ ეს მარტო ჩემი საიდუმლო არ არის.

– ნუ გადამრიე, რა საიდუმლო? აბა, მოყევი, რა ხდება?

გიგი მოსაყოლად მოემზადა, რომ უცებ კარი გაიღო და ოთახში ზუკა შემოვიდა. ვახოს დანახვაზე შეცბა:

– შენც აქ ხარ? არ ვიცოდი...

– შემოდი, შემოდი... სწორედ შენზე ვლაპარაკობდით, – მიიპატიჟა ვახომ.

– დროულად იცი ხოლმე მოსვლა, – ჩაიცინა გიგიმ.

ზუკას ეწყინა:

– თუ ხელს გიშლი, წავალ.

– მოდი, კაცო, რას იბერები, გეხუმრე. ლუდს დალევ?

– არა. შენთან საქმე მაქვს. ოფისში გეძებდი და ვეღარ გიპოვე, მობილურიც გამორთული გქონდა.

– ჰო, გამოვრთეთ მე და ლაშამ. საუბარში აბეზარ ტიპებს ხელი რომ არ შეეშალათ.

– აბეზარი ტიპიც გავხდი? – ირონიულად გაიცინა ზუკამ, – შეკვეთა რატომ არ დაამთავრე? იძულებული ვიყავი, იმ ლევანისთვის მე თვითონ დამერეკა.

გიგი შეიჭმუხნა:

– ლევანს დაურეკე?

– ჰო, აბა, რა უნდა მექნა? მისმა მენეჯერმა თიკოსთან დარეკა – აინტერესებდა, რეკლამა მზად როდის იქნებაო. შენთვის, თურმე, ვერაფრით დაურეკავთ...

– შესაძლებელია. ხომ გითხარი, ტელეფონი გათიშული მქონდა-მეთქი.

– ჰოდა, ძლივს ვიპოვე იმ ლევანის ტელეფონი და დავურეკე.

– მერე?

– არაფერი. ჯერ არ მიპასუხა. ახლახან დამირეკა, ხვალ დილით გველოდება – აინტერესებს, რა გავაკეთეთ. რა გავაკეთეთ, გიგი?

გიგიმ თვალები მოჭუტა:

– მოიცა, დავფიქრდე... არაფერი... რა ვქნა, განწყობა არ მქონდა, რომ კრეატიულად მეაზროვნა.

ზუკა ვახოსკენ შებრუნდა:

– გესმის? სულ ასე მასხრობს და ნერვებს მიშლის. გამხეთქა გულზე, მეტი აღარ შემიძლია!

– ბიჭო, შენთან ლაპარაკი დღითი დღე შეუძლებელი ხდება. საერთოდ ვეღარ არჩევ, ვინ მტერია შენი, ვინ – მოყვარე...

– ჰმ, ვახო, უთხარი, შენთან ერთად აღიაროს, რას მერჩის და რა უნდა ჩემგან.

ვახომ ამოიოხრა:

– თქვენი ჩხუბი გაცილებით მძიმე მოსასმენია, როცა ისედაც არ ვარ დალხინებული.

– ვახო, დამიჯერე, ფსიქოლოგიური ტრავმა ფიზიკურ მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახება, – თემის შეცვლის შესაძლებლობამ აშკარად გაახარა გიგი.

– კარგი, რა... აბა, რა ვქნა, ვიცინო, როცა ასეთი გამოუვალი მდგომარეობა მაქვს?

– გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, – ეს აქსიომაა, – არ დანებდა გიგი.

– მაშინ, მითხარი, როგორ მოვიქცე.

– როგორ? – გიგიმ ნიკაპი მოისრისა, – მოვიფიქრე: ახლა ჩვენ ჩავსხდებით მანქანაში, ავიღებთ გიტარას და წავალთ შენს სახლთან. ქეთის ვუმღერებთ სერენადას და ეგრევე შეგირიგდება.

– შენ მართლა მაგარი მთვრალი ხარ, ხომ იცი. ეგ სისულელე რამ გათქმევინა? ქალისთვის სერენადები მაშინ არ მიმღერია, როცა შეყვარებულები ვიყავით. მეზობლებს თავს მასხრად ვერ ავაგდებინებ.

– მეზობლებს დარდობ? არ გინდა ცოლთან შერიგება? – გაუკვირდა გიგის, – მე პირიქით მეგონა!

ზუკამ გაოცებით შეხედა ვახოს:

– ცოლთან ნაჩხუბარი ხართ? დიდი ხანია?

– ჰო... თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რაც სახლიდან წამოვედი, ერთი დღე საუკუნედ მეჩვენება, ძალიან დიდი ხანია.

– სახლიდან ხართ წამოსული? – რატომღაც თქვენობით მიმართა ზუკამ, – მერე?!

– რა მერე?! იმიტომაც ვარ იძულებული, ამ არაადეკვატური კაცის მთვრალ სიფათს ვუყურო, – ვახო წამოხტა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.

– სულელი ვარ, სულელი!.. უნდა მცოდნოდა, რომ ამ რეჟიმში დიდხანს ვერ გავქაჩავდი. ქეთის ჩხუბის ატანა მირჩევნია ასეთ გაურკვეველ მდგომარეობას.

– მდაა... – ჩაილაპარაკა გიგიმ, – არ მომწონს ეს ამბავი. ბოლოს და ბოლოს, როგორი მეგობრები ვართ? ამდენს ვლაპარაკობთ მამაკაცურ მეგობრობაზე, რეალურად კი არაფერს ვაკეთებთ. მარტო ფეხბურთის ბილეთების შეძენაში უნდა ვეხმარებოდეთ ერთმანეთს?

– კიდევ, დალევაში, – მხარი აუბა ზუკამ, – მით უმეტეს, შენ რომ მეგობრობა იცი...

– მე კარგი მეგობრობა ვიცი, შე უბედურო, მაგრამ, შენ ვერ შეგაგნებინე ვერაფერი.

– თუ მეგობარი ხარ, აქ ვარ და პირდაპირ გეკითხები: რა გინდოდა ჩემი ლიზასგან?

ვახოს თვალები გაუფართოვდა.

– ლიზას ეჩალიჩებოდი, ბიჭო? გიგი, შენ გეკითხები!

– რა სისულელეა! ღმერთმა დამიფაროს! არ მიცნობ? ის ქალი ამისი არც არის. ქმარი ჰყავს და მასთან ერთად აპირებს ცხოვრებას ღრმა სიბერემდე.

– ნაბიჭვარო! – იფეთქა ზუკამ და სანამ ვახო რამეს გააკეთებდა, გიგის მივარდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გამეტებით ურტყამდა მუშტებს. გიგი წინააღმდეგობას არ უწევდა, მხოლოდ მძიმედ ქშინავდა და ხელისგულით იწმენდდა გახეთქილი ტუჩიდან გამოჟონილ სისხლს, მის გამოხედვაში კი სიბრალული ჩანდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3