ქურდული ცხოვრება
ზურას გაეცინა და კაკაბაძეს მიუგო:
– ბატონო პროფესორო, პირიქით, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ერთ სუფრასთან ჯდომა. სანამ ჩემი პატარა მეგობრები თქვენ მიერ მოტანილ პრავიზიას სუფრაზე მოიტანენ, დაბრძანდით. მით უმეტეს, რომ თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. კარგია, რომ ანზორიც ჩვენთან ერთადაა.
მიუხედავად იმისა, რომ ზურა ქართველიშვილს უმაღლესები არ ჰქონდა დამთავრებული და რიტორიკასა და ლოგიკაში სპეციალური ცოდნა არ ჰქონდა მიღებული, ის მშვენიერი ორატორი იყო, თანმიმდევრული, ჩამოყალიბებული ლაპარაკი იცოდა და ყველა წრის ადამიანს მისთვის გასაგებ ენაზე ელაპარაკებოდა. პროფესორმა ანზორა რომ დაინახა, უხერხულად გაეღიმა და თავი დაუკრა, მან კი ჩვენთან ერთად სამზარეულოში გადაინაცვლა და კაკაბაძის მოტანილი პროდუქტებისა და ღვინის ამოლაგებას შევუდექით. ჩვენ ბერძენაც გვეხმარებოდა. სასტუმრო ოთახში ზურა და პროფესორი დარჩნენ და დაბალ ხმაზე საუბრობდნენ. ხოლო, როდესაც სუფრა გაიშალა, ყველანი მას მივუსხედით და ჭიქები ღვინით შევავსეთ, კაკაბაძე ფეხზე წამოდგა და, ჯერ ბერძენას ოჯახი დალოცა, მეორე ჭიქით კი ზურას სადღეგრძელო დალია და ისეთი საზეიმო და ლამაზი სიტყვა წარმოთქვა, იფიქრებდით, მერაბ კაკაბაძე კანონიერ ქურდზე კი არა, ღვაწლმოსილ ეროვნულ მოღვაწეზე ლაპარაკობსო.
პროფესორი თამადად არავის დაუნიშნავს, მან თავად იტვირთა ეს მისია და ისე ლამაზად წაიყვანა სუფრა და ასევე ლამაზად და ღირსეულად დაასრულა, როგორც ეს მისი დონის ადამიანს შეეფერებოდა. კაკაბაძე და ანზორა ერთად წავიდნენ. ერთი კვირის შემდეგ კი ანზორა „გეპეიში“ აღადგინეს, რა თქმა უნდა, პროფესორის ძალისხმევით და ის ახლა სახელგანთქმული ქართველი მეცნიერია, რუსეთში მუშაობს და, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სფეროებში ვმოღვაწეობთ, ჩემთან და ყბედალოსთან ძველებურად მეგობრობს.
ქეიფი რომ დასრულდა და პროფესორი და ანზორა წავიდნენ, ზურამ თქვა:
– რა დაუნდობელია ეს ცხოვრება. რატომ უნდა ჩავარდნილიყო ასეთ დღეში ეს ბიჭი? მაგრამ, ღმერთმა გადმოხედა. პროფესორი შემპირდა, რომ ინსტიტუტში აღადგენს და უპატრონებს. თქვენც მიაქციეთ ყურადღება. წამალზე იყო შემჯდარი და ასე იოლი არაა მისი მიტოვება. საცოდავი. ამხელა ტრაგედია გადაიტანა და კიდევ კარგ ჭკუაზეა.
ზურასთვის მიცემული პირობა ანზორას არასდროს დაურღვევია. წამალი საბოლოოდ გადააგდო, წუმპიდან ამოვიდა და კაცი გახდა. ზურა რომ გარდაიცვალა, ანზორა მაშინ მოსკოვში ცხოვრობდა და სახელოვანი ადამიანი იყო. ის ისე დასტიროდა ზურას, როგორც საკუთარ მამას.
– გახსოვს, კობრა, რა დღეში ვიყავი, როდესაც პირველად შევხვდი ზურას? – მითხრა თვალცრემლიანმა ანზორამ, – ის რომ არა, დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი და ჩემი ძვლებიც აღარ იარსებებდნენ.
– მახსოვს, – ვერც მე ვიკავებდი ცრემლებს და თვალწინ დამიდგა ბნელი, ჭუჭყიანი სადარბაზოს კიბეებზე მჯდარი, გაძვალტყავებული ანზორა, რომელსაც ფეხებთან ლიმონათის ნახევრად დაცლილი ბოთლი ედგა, ერთ ხელში ძეხვი ეჭირა, მეორეში პური და ორი დღის მშიერი შეექცეოდა მათ.
ანზორას გაუმართლა: ზურას ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო, შეიძლება, საბოლოოდ დაეღუპა, ზურამ კი უფსკრულში გადაჩეხას გადაარჩინა, სწორ გზაზე დააყენა და კაცად აქცია.
ყოველთვის ვცდილობდი, ზურას მაგალითისთვის მიმებაძა და თუ პიროვნება და გარემოება იძლეოდა ამის საშუალებას, მისთვის ხელი გამეწოდებინა.
ერთხელ რუსთავის სტროგაჩებში ვიხდიდი სასჯელს. ქურდი ჯერ კიდევ არ ვიყავი, მაგრამ, კარგი ავტორიტეტით ვსარგებლობდი, ჩემს სიტყვას სერიოზული ხალხი უწევდა ანგარიშს. ერთ დღეს ზონაში ოციოდე წლის ბიჭი შემოიყვანეს, რომელსაც რვაწლიანი სროკი ჰქონდა მისჯილი ადამიანის დანით დაჭრისთვის. ბიჭს მერაბი ერქვა, თბილისელი იყო და უბრალო, პატიოსანი მშობლები ჰყავდა. სწორედ ამიტომ აჰკიდეს იმ ბიჭს ამხელა სროკი, რომ, ვერც ფული გადაუხადეს მილიციას და არც სათანადო ნაცნობები ჰყავდათ, რომ მათი შვილისთვის მიეხედათ.
– სახლში მივდიოდი ჩემთვის, როცა ის ახვარი წინ გადამიდგა და სპიჩკა მომთხოვა. რომ არ მქონდა, ჯერ ამიშარდა, შემაგინა და შემდეგ ჩხუბი დამიწყო. მუშტი რომ ვგლიჯე და ძირს დავაგდე, დანა გამიშალა და საკუთარ დანაზევე წამოვაგე, – მომიყვა მერაბმა, – „ძაღლებმა“ მაყუთი მომთხოვეს და მითხრეს, პირობითი სასჯელით გამოგაძვრენთო. ჩემი მშობლები კი უბრალო ადამიანები არიან, ხელფასზე ცხოვრობენ და ოცი ათასი მანეთი სადა აქვთ?!
– ადვოკატმა მაინც ვერაფერი იჩალიჩა? – ვკითხე ბიჭს, მან კი მითხრა:
– სწორედ ადვოკატის პირით შემომითვალეს „ძაღლებმა“, მაყუთი მოიტანეო. ის ნაბოზარი მეუბნებოდა, ბინა გაყიდე და ფული გადაიხადეო. მე კი გინებით გავაგდე. თურმე, ჩემი მშობლებისთვისაც იგივე უთქვამს და ისინი თანახმა იყვნენ, რომ ბინა გაეყიდათ. ეს რომ გავიგე, ჩემებს დავემუქრე, თავს მოვიკლავ-მეთქი და ბინის გაყიდვა გადაიფიქრეს.
მერაბს რომ კეთილსინდისიერი ადვოკატი ჰყოლოდა და გამომძიებელიც პატიოსნად მოქცეულიყო, გაასამართლებდნენ და გაუშვებდნენ. მას კი ფული მოსთხოვეს, მაგრამ, რომ ვერ მიიღეს, სრულიად უკანონოდ, მაქსიმალური სასჯელი მისცეს და, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირეს. თვითონ ბიჭი საკმაოდ წესიერი, მაგრამ, გამოუცდელი იყო და ძალიან დიდი რისკის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან, არც შავი სამყაროს წევრი იყო და არც ნაცნობები ჰყავდა იქ. ასეთ კაცს კი ციხეში ყოველთვის გამოუჩნდება მტერი, რომელიც მის დაჩაგვრასა და დამონებას მოისურვებს და ამას საკმაოდ აპრობირებული ხერხით განახორციელებს, ისე, რომ ობიექტი ვერაფერს მიხვდება, ხოლო, როცა მიხვდება, უკვე გვიან იქნება. მართალია, მერაბი არც უტვინო გახლდათ და არც იოლი დასაჩაგრავი, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, გამოუცდელი. თანაც, შევნიშნე, რომ პატიმართა ერთ ჯგუფს ის უკვე მიზანში ჰყავდა ამოღებული და ან უნდა „გაეპარსათ“, ან – გაეფუჭებინათ, „გაპარსვაში“ ფულის გამოძალვა იგულისხმებოდა, გაფუჭებაში კი – ღირსების აყრა, ფუფლოში გადაგდება... პატიმართა ეს ჯგუფი გამოუცდელ პატიმრებს სხვადასხვა ყომარში, ძირითადად კარტის თამაშში, ითრევდა, ფულს უგებდა და თუკი წაგებული თანხას ვერ აბარებდა, მას ძალიან ცუდ დღეში აგდებდნენ და არარაობად აქცევდნენ. ამ ჯგუფს ყაჩაღი-რეციდივისტი, მეტსახელად „გოგრა“ მეთაურობდა. ის ნებისმიერ სისაძაგლეზე იყო წამსვლელი. ერთხელ, თურმე, ერთ წაგებულ პატიმარს თავანის ჩაბარების სანაცვლოდ მის დასთან ინტიმური კავშირის დამყარება შესთავაზა, წაგებულმა კი თავი ჩამოიხრჩო და ამგვარად დაასრულა სიცოცხლე. ეს ამბავი ზონაში ჩემს მიყვანამდე მოხდა. ყველამ იცოდა, მაგრამ, გოგრასთვის პასუხი არავის მოუთხოვია. ადმინისტრაციას ის წილს უხდიდა და აბა, ხელს ვინ ახლებდა! პატიმრებიდან კი აბა, ვინ ჩაიგდებდა ფუფლოს გამო თავს შარში?! მით უმეტეს, რომ ფიზიკურ შეხებას ადგილი არ ჰქონია და ყველაფერი მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მოხდა. ქურდებს ან მაგარ, გამოცდილ პატიმარს, რა თქმა უნდა, შეეძლო გოგრას „წამოკიდება“, მაგრამ, ზედმეტ ხმაურს ყველა ერიდებოდა.
ერთ დღეს გოგრამ და მისმა ორმა პაძელნიკმა მერაბი დაიმარტოხელეს და თხუთმეტიოდე წუთი ელაპარაკნენ. ბიჭი მათ რომ დაშორდა, ჩემთან ვიხმე და ვკითხე:
– რა უნდოდა გოგრას?
– ისეთი არაფერი, დობრად მებაზრებოდნენ და ჩემი ამბავი აინტერესებდათ. ყველაფერი რომ მოვუყევი, ძალიან განიცადეს და მითანაგრძნეს, – მითხრა მერაბმა, რაზეც მივუგე:
– მაგათ შენ სულ ფეხებზე ჰკიდიხარ, გოგრა ძველი ნაბოზარია და გაბოლებს. ჯერ დაგიახლოვდება, შემდეგ კი ყომარს შემოგთავაზებს. თუ ჩაგითრია, დიდ მაყუთს მოგიგებენ და რომ ვერ ჩააბარო, ფუფლოს აიკიდებ. ფუფლოობას კი სიკვდილი ჯობია.
– ყომარზე რომ არაფერი უთქვამთ? – მითხრა მერაბმა.
– ხომ გითხარი, გაბოლებს-მეთქი. ჯერ შეგიჩვევს და ყურადღებას მოგიდუნებს, შემდეგ კი გაყომარებს და, როგორც უკვე გითხარი... ამიტომ, ფრთხილად იყავი, – ვუთხარი მერაბს.
– კარგი. დიდი მადლობელი ვარ და გავითვალისწინებ, – გამიღიმა მერაბმა, თვალი ჩამიკრა და დაამატა: კობრა, შენთან ერთი სათხოვარი მაქვს.
– რა სათხოვარი?
– კობრა, აქ მე რვა წელი უნდა ვიჯდე და გადავწყვიტე, ბოლომდე ამ გზას გავყვე.
მერაბის სიტყვებზე გულმა რეჩხი მიყო და ვკითხე:
– რა გზას, რას გულისხმობ?
– პრისტუპნიკულ გზას და, გთხოვ, ამაში დამეხმარო. არ შეგარცხვენ, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენ მეტყვი.
– მერაბ, ძმაო, შეიძლება, არც კი უნდა გეუბნებოდე ამას, მაგრამ, პრისტუპნიკობას ნამდვილად არ გირჩევ, ჯობია, სხვა გზა აირჩიო.
– კარგი, რა, რა სხვა გზა. რვა წელი რომ ციხეში იჯდება კაცი, ის სხვა გზაზე დადგომას შეძლებს? – ხელი ჩაიქნია ბიჭმა.
– ძნელია, მართალი ხარ, მაგრამ, უნდა შეძლო; თანაც, შანსია, რომ აქედან ძალიან მალე გახვიდე, – ვუთხარი მერაბს, რადგან, თავში ერთმა აზრმა გამიელვა.
– ჩემს დასამშვიდებლად ამბობ, ხომ? რვა წელზე ადრე აქედან, აბა, ვინ გამიშვებს?
– სულაც არა. აბა, ერთი კარგად მითხარი, ვინაა ის კაცი, ვინც შენ მიაჭერი? – ვუთხარი მერაბს, – რა თქმა უნდა, ნაბოზარია, მაგრამ, ყველაფერი ცვეტში გამაგებინე.
– ვინ არის და, ვაკელი ცეხავიკია. ყველა გიულას ეძახის.
– მე მგონი, ვიცი ეგ გიულა, – ვუთხარი მერაბს, – პათოლოგია. როცა დალევს, ვერავის ცნობს. ასი პროცენტით ვერ შეგპირდები, მაგრამ, ყველაფერს ვიღონებ, რომ სწორედ გიულამ გაგიყვანოს აქედან.
– როგორ? – გაუკვირდა მერაბს.
– როგორ და, მაყუთით. ყველაფერი მაგის ბრალი იყო და უნდა ვაიძულოთ, რომ, როგორც ჩაასმევინა შენი თავი, ისევე გაათავისუფლებინოს.
– მერე მაგას ვინ იზამს, ჩემთვის ვინ შეიწუხებს თავს? – ხელი ჩაიქნია მერაბმა, – თანაც, ეს საქმე უფულოდ არ გამოვა.
– მერედა, ფულის მეტი რა აქვს გიულას? ხალხს კი ვიპოვით. არიან ადამიანები, ვინც გიულას ამის გაკეთებას აიძულებენ. მაგრამ, ერთი პირობით: იცოდე, რომ პრისტუპნიკობაზე არც იფიქრო. კარგი?
– კარგი, – ამოიოხრა მერაბმა და ნაღვლიანად გაეღიმა.
მე, რა თქმა უნდა, თავისუფლად შემეძლო მერაბის თხოვნის შესრულება და მისი დაყენება პრისტუპნიკულ გზაზე, მაგრამ, სინდისმა არ გამიშვა, რადგან, ის ოცი წლისაც არ იყო და არც სამაგისო მიდრეკილება გააჩნდა, არც გამოცდილება და, თუ დახმარება იყო, ჯობდა, ციხიდან გასვლაში დავხმარებოდი, ვიდრე ციხეში ჯდომაში. ამ საქმეს ქურდი სჭირდებოდა და ზურაზე უკეთესად ვინ მოაგვარებდა, მაგრამ იმ პერიოდში ის სროკზე იყო, ეტაპით რუსეთში გაუშვეს და, რადგან მისი ზუსტი ადგილსამყოფელი არ ვიცოდი, ჯერჯერობით ხმასაც ვერ მივაწვდენდი. სამ დღეში ბერძენას უნდა მოვენახულებინე და გავიფიქრე, რომ მისი დახმარებით მომეგვარებინა მერაბის საქმე. მეორე დღეს ისე მოხდა, რომ მთელი დღე ქურდების ბარაკში გავატარე და მერაბი არ მინახავს. საღამოს კი, ქურდებისგან რომ გამოვდიოდი, კარში მერაბსა და გოგრას შევეჩეხე მისი პაძელნიკებითურთ. მერაბს სახეზე ფერი არ ედო, გოგრასა და მის შაიკას კი სახეებზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდათ.
– კობრას გაუმარჯოს! – მომესალმა გოგრა.
– გამარჯობა, – მივუგე გოგრას, თვალი შევავლე ფერწასულ და ენაჩავარდნილ მერაბს და ვკითხე: ხომ მშვიდობაა?
– კი, ძმაო, მშვიდობაა, – მითხრა გოგრამ, – აი, ჩვენი ძმა მიგვყავს ქურდებთან, რომ სწორი სიტყვა უთხრან, რადგან ჩვენი არ სჯერა და ერთი ამბავი გვაქვს გასაიასნებელი.
გოგრას სიტყვებიდან მივხვდი, რომ მერაბი წამოიკიდეს და კინაღამ გული გამისკდა, მაგრამ, არ შევიმჩნიე და ვთქვი:
– ერთი წუთით მოიცადეთ. შევალ და გავიგებ, თუ სცალიათ. მარტო ქურდებს შორის იყო საბაზრო და მეც ამიტომ გამოვედი.
მე ბარაკში შევედი, მალევე გამოვედი და კამპანია ქურდულ ბარაკში შევიპატიჟე. იქ ხუთი ქურდი იმყოფებოდა, რომლებსაც გოგრამ უთხრა:
– ამ ბიჭმა ჩემთან ათი ათასი მანეთი წააგო და ამბობს, არ წამიგიაო. კამათელს ვაგორებდით. პირველმა მე გავაგორე, მანამდე კი ვუთხარი, მეტ-ნაკლებზე ვიყომაროთ, ერთი ათი ათასიანი ფოსტა-მეთქი. მე ბეშ-ოთხი დავსვი, მაგან კი – ფანჯი-სე და, რომ ვუთხარი, წააგე და ათი ათასი უნდა ჩამაბარო-მეთქი, იქვე ატკაზი დამირტყა.
– მე არც კი ვიცოდი, თუ ფულზე ვთამაშობდი და კამათლები უბრალოდ გადავყარე, ესაა და ეს. რომ მცოდნოდა, ფულზე მეთამაშებოდა, რა თქმა უნდა, უარს ვიტყოდი, – ალალად თქვა მერაბმა, ქურდმა კი, რომლის სახელსაც შეგნებულად არ ვამხელ, მერაბს უთხრა:
– მაშინ, ჯერ გაგეგო, რაში იყო საქმე და კამათლებისთვის მერე მოგეკიდა ხელი. მაგრამ, სიტყვა რომ ითქვა და ზარიც გაგორდა, ყომარი შედგა და თავანი უნდა ჩაბარდეს, – უთხრა ქურდმა მერაბს და გოგრას ჰკითხა:
– ფოსტა რამდენია?
– ათი ათასი მანეთი, – თვითკმაყოფილი სახით მიუგო ქურდს გოგრამ.
მე ისე მიცემდა გული, ლამის ამომივარდა, მაგრამ, ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და თვალით ვანიშნე მერაბს, გაჩუმებულიყო, რადგან, აშკარა იყო, რომ ქურდთან შეკამათებას აპირებდა. ამას კი არანაირი აზრი არ ჰქონდა და ამით მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდებოდა. ქურდმა, რა თქმა უნდა, მშვენივრად იცოდა, რომ მერაბი წამოიკიდეს და, რომ მოენდომებინა, „არიოლ-რეშკას“ ააგდებინებდა და მერაბის თავანს ამგვარად გაარასხოდებინებდა გოგრას. ის კი სულ სხვაგვარად მოიქცა და მერაბს უთხრა:
– გოგრა მართალია და თავანი უნდა მიიღოს. მას შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ფოსტა და ვალდებული ხარ, ჩააბარო, მაგრამ, იმედია, შეღავათს გაგიწევს და ჩაბარების ვადას ორი კვირის შემდეგ დაგინიშნავს.
ქურდმა გოგრას ჰკითხა:
– რას იტყვი, გოგრა, აცლი თავანს ორი კვირა?
– რაზეა ბაზარი, რა თქმა უნდა,, ვაცლი, – თქვა გოგრამ და მერაბს მიუბრუნდა:
– ორი კვირის მერე ათი ათასი მანეთი უნდა მივიღო. ზუსტად ორი კვირის შემდეგ, ღამის თორმეტ საათამდე გაქვს დრო.
ქურდების ბარაკიდან ყველანი ერთად გამოვედით და ჩვენ–ჩვენი ბარაკებისკენ გავემართეთ. მერაბი ჩემს ბარაკში ცხოვროდა, ჩემ გვერდით იწვა და დანა პირს არ უხსნიდა. ჩვენ უხმოდ მივედით საწოლებამდე და მას ერთადერთი ფრაზა ვუთხარი:
– ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი მშვიდად დაიძინე და ნურაფერზე ინერვიულებ.
მერაბი დაწვა და მართლაც ძალიან მალე ჩაეძინა, მე კი ძილი არ მეკარებოდა. ერთი მხრივ, ქურდის უღირს საქციელზე ვფიქრობდი და მზად ვიყავი, მისთვის კისერი მომეგრიხა, მეორე მხრივ კი, იმაზე, თუ როგორ აღმეკვეთა გოგრასა და მისი შაიკის ბესპრეძელი. თითქმის გათენებული იყო, როდესაც ჩამეძინა და ბერძენას ხმამ გამომაღვიძა, რომელიც თავზე წამომადგა და მითხრა:
– ადექი, კობრა, ქვეყანა აშენდა!
– მოხვედი, ბერძენ? ასე ადრე აქ რამ მოგიყვანა? – ვთქვი მე, ავდექი და ძმაკაცს გადავეხვიე, მან კი მითხრა:
– რაღა ადრეა, შუადღეს გადასცდა უკვე.
– ვაა, რამდენი მძინებია, – ვთქვი მე, ცარიელი ბარაკი შევათვალიერე და ბერძენას ვკითხე:
– ბერძენ, ზურას ადგილსამყოფელი ხომ არ გაგიგია?
– როსტოვშია, გუშინ მომივიდა ქსივა.
– როსტოვიდან ორი კვირის წინ არ გაუშვეს ეტაპით?
– ისევ როსტოვში დააბრუნეს. არც ერთმა ზონამ არ მიიღო, ამიტომ, შეიძლება, საქართველოში დააბრუნონ და, მაშინ, პირდაპირ აქ ჩამოიყვანენ.
ბერძენას სიტყვებმა ისე გამახარა, რომ სიხარული ვერ დავმალე, მუშტი შევმართე და კბილებში გამოვცარი:
– ზურა თუ აქ შემოვიდა, ბევრის დედა ატირდება.
– რატომ? არ იტყვი, რა ხდება?
ბერძენას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და დავამატე:
– ქურდია ახლა ის? გოგრა და მისი ნაბოზარი ბანდა ასე ჩათლახურად მოექცნენ ამ ბიჭს, იმ ქურდმა კი მხარი აუბა და ასეთ დღეში ჩააგდეს. ბერძენ, ამ ბიჭის თავანი უნდა ჩავაბაროთ და სასწრაფოდ რამეა მოსაფიქრებელი. ვადა ცამეტ დღეში იწურება.
– მაყუთი არის, ზეგ მე თვითონ ჩამოვიტან.
– ეს ერთი, – ვთქვი მე, – ამ ნაბოზარ გოგრას უნდა მოვუყომაროთ და ერთი რამ მოვიფიქრე.
– რა მოიფიქრე?
– ფიუნესა უნდა გადმოვიყვანოთ აქ და გოგრას ის მოუყომარებს, – ვუთხარი ბერძენას, რომელსაც ფიუნესას სახელის ხსენებაზე ხარხარი აუტყდა და მითხრა:
– ასიანს ბაზრობ. სწორედ ის მოაგვარებს ამ საქმეს.
ფიუნესა ერთი სოლოლაკები აფერისტი იყო, რომელსაც ეს მეტსახელი ფრანგი კომიკოსის პატივსაცემად შეარქვეს, რადგან, ძალიან ჰგავდა მას და იმ პერიოდში ერთწლიან სასჯელს იხდიდა წულუკიძის კოლონიაში. საქართველოში ის თითქმის არ ჩალიჩობდა, ძირითადად ბაქოსა და შუა აზიის რესპუბლიკებში მოღვაწეობდა. ფიუნესა იგროკი იყო და შულერობაში ბადალი არ ჰყავდა. თუმცა, ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა ეს და მათ შორის ვიყავით მე და ბერძენა. ფიუნესა ამას საგულდაგულოდ მალავდა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, კარტის სათამაშოდ არავინ დაუჯდებოდა. სწორედ მისი მეშვეობით გვინდოდა გოგრას გაფარჩაკება. ბერძენას ჩემი გეგმა რომ გავუზიარე, მითხრა:
– პრინციპში, ღირსია, მაგ ნაბოზარს ამგვარად თუ გააჩერებ. თანახმა ვარ, ხვალვე დავუკავშირდები ფიუნესას და, მგონი, უარს არ გვეტყვის.
– არა, რა უარს. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, მაგ საცოდავს შუაში გაგლეჯდნენ როსტოველი ბანდიტები, – ღიმილით ვუთხარი ბერძენას.
საქმე ის იყო, რომ, ერთხელ მე და ბერძენას ყბედალო დაგვიკავშირდა და ერთი აფერისტის მოძებნაში დახმარება გვთხოვა. როდესაც მისი გარეგნობა აგვიწერა, მაშინვე მივხვდით, რომ ფიუნესას ეძებდნენ და ბერძენამ ჰკითხა:
– რა დააშავა?
– რა და, ვითომ წამლის ბარიგა იყო, როსტოველ ბანდიტებს თხუთმეტი ათასი მანეთი გამოართვა და მოტყდა. ისინი კი არასდროს აპატიებენ მას ამ საქციელს და, ცოცხალს ან მკვდარს მიწიდან ამოიღებენ.
– ყბედალო, მაყუთი რომ დავაბრუნოთ, არ შეეშვებიან? – ვკითხე ყბედალოს.
– იცნობთ იმ აფერისტს?
– როგორ არ ვიცნობთ. სოლოლაკელია და ფიუნესას ეძახიან. საქართველოში არ ჩალიჩობს, ძირითადად, ბაქოსა და შუა აზიაშია და იმათ წეწავს, – ვუთხარი ყბედალოს, – ცოდოა, იქნებ ვუშველოთ.
– კარგი. შევეცდები.
ყბედალომ როსტოველი ბანდიტები დაარწმუნა, რომ ფიუნესასთვის არაფერი დაეშავებინათ და მხოლოდ იმ პირობით დაითანხმა ისინი, თუკი ფიუნესას როსტოვში ჩაუყვანდა მათ და ახლოს გააცნობდა.
ფიუნესას რომ ეს ყველაფერი ვუთხარით, ფულის დაბრუნებაზე კრინტიც კი არ დაუძრავს, მაგრამ, როსტოვში გამგზავრების შეეშინდა და აცრემლებულმა გვითხრა:
– მღუპავთ, ძმებო? მე რომ როსტოვში ჩავიდე, იქიდან ცოცხალი ვერ დავბრუნდები. აი, ფული, წაიღეთ, მე კი იქ ნუ წამიყვანთ.
მე და ბერძენას დიდი ჯაფა დაგვჭირდა ფიუნესას დასარწმუნებლად, მაგრამ, მაინც ჩავიყვანეთ როსტოვში და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა, როდესაც, ორდღიანი გრიალის შემდეგ, ფიუნესას მიერ გადაგდებულმა როსტოველმა ბანდიტებმა დიდი პატივით გამოგვაცილეს.
– მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩი, – იმეორებდა ფიუნესა გზაში, – სულ იმას ვფიქრობდი, ახლა მომკლავენ-მეთქი და იმათ კი ხელი არ მახლეს, პირიქით, პატივი გვცეს. მადლობელი ვარ თქვენი, ძმებო, დიდი მადლობელი და მადლობელი ვარ თქვენი ძმა ყბედალოსი.
მას მერე ფიუნესა კარგა ხანს არ ჩამოსულა საქართველოში. თბილისში რომ დაბრუნდა, ერთ-ერთი რაიკომის მდივნის მძღოლს ათი ათასი მანეთი გამოართვა და მანქანას შეჰპირდა, თუმცა, როცა „სკვაზნოით“ აპირებდა მოტყდომას, სრულიად შემთხვევით უბნის ინსპექტორმა გააჩერა, გაჩხრიკა და ათი ათასი რომ უპოვა, განყოფილებაში წაიყვანა. ფიუნესა იძულებული გახდა, რაიკომის მძღოლის ვინაობა დაესახელებინა და მძღოლს ფული დაუბრუნეს, ფიუნესას კი ერთი წელი მიუსაჯეს და წულუკიძეში გაუშვეს.
– არა, ძმაო, გადაგდებებზე დათარსული ვარ. მაყუთს კი ვართმევ კლიენტებს, მაგრამ ვეღარ ვირგებ ხოლმე, – იმეორებდა ფიუნესა.
ბერძენამ, როგორც შემპირდა, ფიუნესას ჩააკითხა, დაებაზრა, რუსთავის სტროგაჩებში გადასვლაზე დაითანხმა, ორი კვირის შემდეგ კი ის უკვე ჩვენს ზონაში იმყოფებოდა და გოგრასთან სათამაშო სიტუაციას ქმნიდა. მართლაც, რამდენიმე დღეში, ქურდების თანდასწრებით, ზონაში დიდი თამაში გაიმართა და გოგრასა და მისი პაძელნიკების გასაოცრად, ფიუნესამ მათ სამოცდაათი ათასი მანეთი მოუგო კარტში.
– ორ კვირაში მაყუთს ველოდები, – უთხრა ფიუნესამ გოგრას. შემდეგ წამოდგა, ქურდებს გამოემშვიდობა და დასაძინებლად წავიდა.
ამ შემთხვევამდე ათი დღით ადრე კი მერაბმა ბერძენას შემოგზავნილი ათი ათასი მანეთი ჩააბარა გოგრას, საიდანაც გოგრას მხოლოდ ათასი ერგო, ცხრა კი ქურდებმა წაიღეს და კარგადაც შეირგეს. ისინი მსგავსს ელოდნენ ფიუნესასგანაც და, ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩააბარებდა თავანს გოგრა და მისი შაიკა, თუმცა მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. გოგრას თავანის ჩაბარებამდე ხუთი დღით ადრე ზონაში ზურა მოიყვანეს. მან, რა თქმა უნდა, იცოდა, იქ რომ ვიმყოფებოდი და, როგორც კი ზონაში შემოდგა ფეხი, მე მომიკითხა, ყველას დასანახავად გადამეხვია და ქურდებს მას მერე დაელაპარაკა, რაც კარგა ხანს ვისაუბრეთ, ისინი სმენაზე, გასუსულები იდგნენ და მოთმინებით ელოდნენ ზურას განკარგულებას.
– როგორ ხართ, ძმებო, ხომ მშვიდობაა ზონაში, რას გაჩუმებულხართ? – უთხრა ზურამ კოლეგებს, ყველას სათითაოდ მიესალმა და დაამატა: ზედმეტი ხომ არაფერი ხდება, ხომ ყველა და ყველაფერი თავის ადგილზეა და ბესპრეძელს ხომ არ ჰქონია ადგილი?
ზურამ ჩემგან უკვე იცოდა მერაბის ამბავი, ქურდის უღირსი საქციელის შესახებ და არც ის დამიმალავს, როგორ წამოვაკიდებინეთ ფიუნესას გოგრა და ეს შეკითხვა განგებ დასვა, ქურდებმა კი ერთხმად მიუგეს:
– არა, ზურა-ჯან, ყველაფერი რიგზეა. წამოდი, დაისვენე, შენთვის კოიკა და თეთრეული მზადაა.
ზურამ მე თან მიახლა და ქურდებს გამოუცხადა:
– კობრა თქვენი ძმაა და სულ მალე ეს ოფიციალურად დადასტურდება. მაქსიმუმ ორ კვირაში სხოდკას შევკრებ და ამ საკითხს გადავწყვეტთ. დღეიდან კი ის აქ იცხოვრებს.
– რაზეა ბაზარი, ზურა-ჯან, – ნაძალადევად გაეღიმა იმ ქურდს, რომელმაც გოგრას არასწორი საქციელი გაამართლა და, რადგან ზურამ მის კოიკაზე მიმითითა, მან საკუთარი რეკვიზიტები სხვაგან გადაიტანა და მითხრა:
– ეს ადგილი შენია, კობრა, ძმაო! შეგიძლია, დაიკავო.
ზურა თავის კოიკაზე წამოწვა და როდესაც ქურდები გარეთ გაიკრიფნენ, მან მითხრა:
– ერთი წესიერად გამაგებინე, რა გიულაო?
მე დაწვრილებით მოვუყევი ზურას მერაბის ისტორია და ბოლოს დავამატე:
– ისეთი გულგატეხილი იყო ეს ბიჭი, რომ მთხოვა, პრისტუპნი გზაზე დადგომაში დამეხმარეო, მაგრამ, სულ სხვა ჩამოსხმაა. წესიერი, პატიოსანი ბავშვია, ჩვენთან რა ესაქმება და უარი ვუთხარი.
– ჩვენ რა, უპატიოსნოები ვართ, შე მამაძაღლო? – ღიმილით მითხრა ზურამ. მე კი მივუგე:
– არა, რა, ცოდოა ასეთი ცხოვრებისთვის. მართალია, გიულა დაჭრა, მაგრამ, ის თავისივე დანაზე წამოაგო და ტყუილად გასროკეს. ვფიქრობ, სწორედ გიულამ უნდა გამოიყვანოს მერაბი ციხიდან. მაყუთის მეტი რა აქვს, გადაიხდის და გაიყვანოს.
– ასიანს ბაზრობ. მაგ გიულას ვიცნობ. ვეტყვი და გააკეთებს, შენ და ბერძენა კი – საღოლ! კარგი ქენით, რომ მაგ ბიჭის თავანი ჩააბარეთ. გოგრას კი, იმ ბოზს, ტრაკში პანღური არ ასცდება.
საბოლოოდ, ყველაფერი სამართლიანად დალაგდა: გოგრამ და მისმა შაიკამ თავანი ვერ ჩააბარეს, ერთბაშად ოთხმა კაცმა ფუფლო გააკატავა და ამის გამო ჯერ ყურებში მოხვდათ და, რადგან საქათმეში წასვლაზე უარი განაცხადეს, მაგრად გაილახნენ და ისინი ძალით მიათრიეს იქ, სადაც გამწარებული „ქათმები“ ელოდნენ და ახალმიყვანილებს ისინი გაათმაგებული ენერგიით შეეგებნენ...
გოგრასა და მისი შაიკის გაქათმების მეორე დღეს ჩემთან ფიუნესა მოვიდა, შიშით მიიხედ-მოიხედა და მითხრა:
– კობრა, ძმაო, მგონი, ვიშოკები.
– იშოკები? მაინც, რა გჭირს?
– რა და, გოგრა და მისი პაძელნიკები მელანდება ყველგან, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სადმე მომიხელთებენ და ყელს გამომჭრიან.
– ნუ გეშინია, ფიუნეს, ფეხებსაც ვერ მოგჭამენ. ქათმები აქ ვერაფერს გავნებენ, – დავაიმედე ფიუნესა, მან კი ეჭვით გააქნია თავი და მითხრა:
– აქ, შეიძლება, ვერაფერი დამიშავოს, მაგრამ, სვაბოდაზე რომ სადმე მომიხელთოს, კარგ დღეში არ ჩამაგდებს. ამიტომ, აქედან რომ გავალ, შორს უნდა წავიდე, რათა გოგრა ვერ მომწვდეს.
– შე დალოცვილო, როსტოველი ბანდიტები გადააგდე და იმათი არ შეგშინებია და ოთხი ქათამი გიხეთქავს გულს?
– როსტოველებს რომ დავეჭირე, ბოლო-ბოლო, მომკლავდნენ, გოგრა კი უარესს მიზამს.
– ვერ გიზამს, ნუ გეშინია, – გავუმეორე ფიუნესას, რომელიც სროკიდან გათავისუფლებისთანავე მართლაც გაქრა საქართველოდან და, ალბათ, სადღაც შორს დაიმალა...
ორიოდე თვის შემდეგ გიულამ მერაბი სროკიდან გაათავისუფლებინა მილიციას, რადგან დიდი ფული გადაუხადა მათ, მანამდე კი ის ზურამ დაიბარა ზონაში, ელაპარაკა და ფულის გადახდაზე დაითანხმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში