რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჯიპ გრანდ ჩეროკი”, 4.0 ძრავით, 2000 წლის. ამ ავტომობილის პლუსები და მინუსები მაინტერესებს. ასევე, გადაცემათა კოლოფის გვერდით აქვს მეორე ბერკეტი, რომელსაც ზემოდან აწერია ასოები. იქნებ განმიმარტოთ ამ ასოების მნიშვნელობა?
პასუხი: „გრანდ ჩეროკის” პლუსია, რომ ძრავის ნომინალური სიმძლავრე დაბალ ბრუნებზეც კი მაღალია. შესაბამისად, მას შეუძლია, სხვადასხვა დაბრკოლება ინერციის გარეშე გადალახოს. ამ თვისების გამო მას შეუძლია, ასევე საკმაოდ აგრესიულად და სხარტად დაიძრას ადგილიდან. რაც შეეხება მინუსებს, „ჩეროკი” მკვეთრ მანევრებში საკმაოდ სუსტია. ხშირად გამოდის მწყობრიდან სხვადასხვა წვრილმანი თუ მსხვილმანი დეტალი. მოიხმარს საკმაოდ ბევრ საწვავს და თუ ძალიან უსწორმასწორი გზაზე კარგად გრძნობს თავს, სუსტია უმნიშვნელო უსწორმასწორობასთან ბრძოლაში. ანუ, თუნდაც საშუალო სიჩქარით სიარულის დროს, ოდნავ უსწორმასწორო ზედაპირზე გადასვლისას, ავტომობილი იწყებს ძაგძაგს და თითქმის უმართავი ხდება. რაც შეეხება, გადამრთველებს, რომელიც სიჩქარეების გადამრთველის გვერდითაა, მასზე დატანილი წარწერები ნიშნავს შემდეგს: როდესაც ბერკეტი სულ წინ არის მიწეული (2H), ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი მხოლოდ ერთ ღერძს იყენებს გადაადგილებისთვის, შესაბამისად, გაცილებით ეკონომიურია, ნაკლებად ცვეთს მბრუნავ დეტალებს. მაგრამ უგზოობის დროს დიდია ალბათობა, დაბუქსავდეს. ერთი პოზიციით ქვემოთ (4H), იმის ნიშანია, რომ ავტომობილი ოთხივე წამყვანის რეჟიმზე გადავიდა ანუ ორივე ღერძი მოქმედებაში მოვიდა. ამ პოზიციაში სიარული მიზანშეწონილი არ არის კარგი გზის პირობებში, რადგან დამატებით ცვეთს მბრუნავ დეტალებს და მეტი სიმძლავრის მოთხოვნის გამო, უფრო მეტ საწვავს მოიხმარს. მაგრამ, რა თქმა უნდა, უგზოობის დროს გაცილებით კარგად გრძნობს თავს. ალბათობა იმისა, რომ ავტომობილი დაბუქსავდება, ძალიან მცირეა. კიდევ ერთი პოზიციით ქვემოთ (N), არის აბსოლუტური ნეიტრალი. მიუხედავად იმისა, ავტომობილს სიჩქარეში ჩააგდებთ თუ არა, ის არ დაიძვრება. კიდევ ერთი პოზიციით ქვემოთ – (4L) ავტომობილი ოთხივე წამყვანია, თან შენელებული და გაორმაგებულად გაძლიერებული. არსებობს „ჩეროკის” ვერსიები, სადაც ორ წამყვანსა და ნეიტრალს შორის კიდევ ერთი პოზიციაა დამატებული, ეგრეთ წოდებული „ოთხი ოთხზე”. ამ პოზიციაში წინა და უკანა ღერძს – ორივეს ნაწილობრივ იყენებს, იმის მიხედვით, თუ რომელი სჭირდება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, გადამრთველ ბერკეტთან უნდა ეწეროს: 4 part time. ასევე არსებობს ვერსია, რომელსაც ორწამყვანად გადაქცევა არ შეუძლია და მხოლოდ სამი პოზიცია აქვს. წინ ყოველთვის ოთხივე წამყვანია, შუაში ნეიტრალი, უკან ოთხივე წამყვანი, თან გაძლიერებული.
კითხვა: მყავს „სუბარუ ფორესტერი”. კომპიუტერზე შევაერთებინე და დიაგნოსტიკაზე მიჩვენა, რომ დეტონაციის სენსორი მწყობრიდანაა გამოსული. სად დგას ეს დეტონაციის სენსორი, რას აკეთებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი შეცვლა? ხელსაწყოების დაფაზე არც ერთი ნიშანი არ ინთება და ავტომობილიც ჩვეულებრივად დადის.
პასუხი: დეტონაციის სენსორი, ეს არის მოწყობილობა, რომელიც კომპიუტერს ინფორმაციას აწვდის, რამდენად სუფთად ხდება წვა ავტომობილის ძრავაში. ამის მიხედვით, კომპიუტერი განსაზღვრავს, რა დოზით მიაწოდოს საწვავი ძრავას და რა რეჟიმით შეცვალოს ნაპერწკლის მიწოდება. ანუ, საწვავის ხარისხიდან გამომდინარე, კომპიუტერი ცდილობს, მიიღოს მაქსიმალური ეფექტი და ძრავაში არ მოხდეს დეტონაცია, რაც ძრავის დეტალების დაზიანებას იწვევს. უკეთ აღქმისთვის, თუ რა არის დეტონაცია – ეს არის წკრიალის ხმა. რასაც ცუდი საწვავის ჩასხმისას, „კლაპნების ხმას” ვუწოდებთ. ზემოჩამოთვლილიდან გამომდინარე, ავტომობილი სრულად, ან ნაწილობრივ ავარიულ რეჟიმში იმუშავებს. შესაბამისად, როგორც მინიმუმ, უფრო მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე მოიხმარდა. ანუ, ამ სენსორის გამოცვლა კარგი იქნებოდა. რაც შეეხება იმას, თუ სად არის განთავსებული – სენსორი ძრავას ქვედა ნაწილის უკანა მხარესაა. ის უბრალოდ ერთი ჭანჭიკითაა („ბოლტით”) მიმაგრებული ძრავას ქვედა ნაწილზე. მისი მოხსნის დროს არც წყალი დაიღვრება და არც ზეთი. ამიტომ, ეს არ გაგიჭირდებათ.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სიარვი”, 1997 წლის გამოშვება, ამერიკული. დამიზიანდა, ეგრეთ წოდებული, „კრესტავინა” და ამის გამო, მთხოვენ, მთელი ღერძის შეცვლას. აუცილებელია თუ არა ეს?
პასუხი: ვინაიდან „ჰონდა სიარვის” „კრესტავინა” ცალკე დეტალად არ იყიდება, მოგიწევთ მისი მთლიანი გამოცვლა. ამის მიზეზია ის, რომ „კრესტავინას” არაზუსტი, არაიდეალური ჩასმის შემთხვევაში ავტომობილი იძიგძიგებს. ამიტომ „ჰონდა” თავს იზღვევს და ცალკე ამ დეტალს არ უშვებს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, 2.0, „გედეი” ძრავით, რომელიც ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს, დაახლოებით, 10 ლიტრს 60 კილომეტრზე. კომპიუტერზე შემოწმებამ არანაირი პრობლემა არ აჩვენა. „ბენზონასოსი” და ყველა სხვა დანარჩენი დეტალი ისე მუშაობს, როგორც საჭიროა. ხელოსნებმა მითხრეს და შევცვალე სანთლები, ჰაერის ფილტრი და არაფერმა არ უშველა. აღსანიშნავია, რომ გაწევაც უჭირს, განსაკუთრებით აღმართზე. 100 კილომეტრ-საათში სიჩქარეზე 3 000 ბრუნზე აწევაც კი უჭირს. რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი?
პასუხი: ეს „მიცუბიშის გედეი” სისტემის სტანდარტული პრობლემაა, მისი მუდმივი თავის ტკივილი, რომლის მოგვარებაც საქართველოში თითქმის შეუძლებელია. მაგრამ, რომ გამოვრიცხოთ თვითონ „გედეი” სისტემის დეფექტი, გადაამოწმებინეთ ძრავა. კერძოდ, ზუსტად ზის თუ არა ძრავაზე, ეგრეთ წოდებული, „მეტკები”. ანუ, ყველა „შკივი” არის თუ არა იმ პოზიციაში, სადაც უნდა იყოს.