ვინ გაძარცვა მოსკოვის „ცუმი“ და როგორ გაიტანა იქიდან 5 მილიონი მანეთი
პუბლიკაციის ზოგიერთი მონაწილის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ზესაიდუმლო სკოლა
ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე გასაიდუმლოებული სტრუქტურა „კაგებე“ იყო, თუმცა, 1962 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული „ჩანერგვის“ ზესაიდუმლო სკოლა, სადაც მილიციის საიდუმლო აგენტებს ამზადებდნენ. მათი მოვალეობა იყო, სხვადასხვა დანაშაულებრივ სტრუქტურაში ჩანერგვა და ხელმძღვანელობის ბრძანების შესრულება. ეს სკოლა „კაგებეს“ სტრუქტურებზე მეტად გასაიდუმლოებული იყო და მის შესახებ საზოგადოებისთვის მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდა ცნობილი.
ჩანერგვის სკოლაში პედაგოგთა უმრავლესობას ყოფილი ბოროტმოქმედები შეადგენდნენ. ისინი კურსანტებს საფუძვლიანად ასწავლიდნენ შავი სამყაროს ტრადიციებს, ჩვევებსა და ადათ-წესებს. სკოლა მკაცრად იზოლირებული იყო და იქ შესვლა და იქიდან გამოსვლა უმკაცრესად კონტროლდებოდა. ამ დაწესებულებას პოლკოვნიკი გურამ მელაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც თითქმის შეუზღუდავი ბიუჯეტი გააჩნდა. როგორც თანამედროვე ექსპერტები აცხადებენ, ამ უწყებას მთელ მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა. მაშინდელი აგენტების ნაწილი დღესაც ცოცხალია, ზოგიერთი მათგანი კი კვლავ რუსეთის ხელისუფლებაზე მუშაობს.
ჩანერგვის სკოლა 24 წლის ნატალია იოსებიძემ 1973 წელს დაამთავრა და პირადად ასრულებდა მაშინდელი მინისტრის, ნიკოლაი შჩოლოკოვის დავალებებს, რომელსაც ჰქონდა გრიფი. ზესაიდუმლო ოპერაციას ეწოდებოდა „შავი მტრედი“. ამ ოპერაციის ზოგიერთი დეტალი დღემდე გასაიდუმლოებული ან ბინდით მოცულია და სიმართლის ტყუილისგან გარჩევა იოლი საქმე არ არის.
შადრინის დაჯგუფება
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდა კატეგორიულად უარყოფდა საბჭოთა კავშირში ორგანიზებული დანაშაულის არსებობას, ამ უზარმაზარ ქვეყანაში საკმაოდ მძლავრი კრიმინალური დაჯგუფებები არსებობდა. ერთ-ერთი მათგანი იყო სტეპან შადრინის ბანდა, რომელიც მოსკოვში მოქმედებდა და შეიარაღებული ძარცვით იყო დაკავებული. ეს ბანდა იმდენად დახვეწილად და კვალიფიციურად მოქმედებდა, რომ მილიცია მის კვალზე გასვლას ვერ ახერხებდა, რადგან, მათზე ძალიან მწირი ინფორმაცია გააჩნდათ. მათი მოღვაწეობის ნიშანდობლივი ფაქტი ის იყო, რომ შადრინის ბანდიტები უსისხლოდ მუშაობდნენ. ისინი შენიღბულები მოქმედებდნენ, კარგად იყვნენ ინფორმირებულები და ისევე სწრაფად უჩინარდებოდნენ, როგორც ჩნდებოდნენ. თავად სტეპან შადრინი კი, შეიძლება ითქვას, მითიური პიროვნება იყო, რადგან, მილიცია მას სახეზე არ იცნობდა. ვინმე პავლე კოტოვისგან მხოლოდ ის იცოდნენ, რომ კვალიფიციურ მძარცველთა ბანდას სტეპან შადრინი მეთაურობდა. პავლე კოტოვი ეგრეთ წოდებული საქმის მიმცემი, „ნაკოლშჩიკი“ იყო და ცნობილი იუველირის, მაქსიმ ოლეინიკის გაძარცვის საქმეზე იხდიდა სასჯელს. ოლეინიკი სწორედ შადრინის ბანდამ გაძარცვა, კოტოვზე კი ოლეინიკმა მიუთითა მილიციას და, „ნაკოლშჩიკი“ რომ დააკავეს, აღიარა, რომ ოლეინიკზე მან ვინმე ოლეგ სომოვს მისცა „ნაკოლი“ და სომოვისგანვე შეიტყო სტეპან შადრინის შესახებ. სომოვის ძებნამ არანაირი შედეგი არ გამოიღო, რადგან, მისი ზუსტი კოორდინატები მილიციას არ გააჩნდა და კვალი დაიკარგა.
პავლე კოტოვს ცხრა წელი ჰქონდა მისჯილი, ბუტირკის ციხეში იჯდა. დაპატიმრებიდან უკვე ექვსი თვე იყო გასული, ძარცვები კი კვლავ გრძელდებოდა. ამიტომ მილიციამ მრავალსვლიანი კომბინაცია დაგეგმა, რომ როგორმე შადრინის კვალზე გასულიყვნენ და მოუხელთებელი მძარცველები ხელში ჩაეგდოთ. ამ საქმით პირადად მინისტრი შჩოლოკოვი იყო დაინტერესებული, ოპერაციას კი პოლკოვნიკი ზაიცევი კურირებდა.
გაქცევა
პოლკოვნიკი ანტონ ზაიცევი ოპერაციების დაგეგმვის „ასად“ ითვლებოდა. მან დაწვრილებით შეისწავლა პავლე კოტოვის პიროვნება და ამის მიხედვით დაგეგმა ოპერაცია „შავი მტრედი“. კოტოვის ყველაზე დიდი სისუსტე იყო ლამაზი ქალები და, ამიტომ, ამ ოპერაციაში ზაიცევმა მთავარი როლი ქალს დააკისრა. სწორედ ამ მიზნით გამოიძახა მან თავის კაბინეტში ჩანერგვის სკოლის კურსდამთავრებული, უმცროსი ლეიტენანტი ნატალია იოსებიძე და საგულდაგულო ინსტრუქტაჟი ჩაუტარა.
გეგმის მიხედვით, ბუტირკის ციხის პატიმარი პავლე კოტოვი საეტაპო მანქანით 101-ე კილომეტრზე მდებარე კოლონიაში გადაჰყავდათ. როგორც კი მანქანა მოსკოვს გასცდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მოსკოვში ჩავარდა. პატიმარმა მანქანიდან გამოაღწია. ტრასაზე ავიდა და შემხვედრი მანქანა გააჩერა, რომელსაც მოკლეკაბიანი ქალი მართავდა. მიუხედავად იმისა, რომ კოტოვს ამის დრო არ ჰქონდა, მან მაინც მიაქცია ყურადღება ახალგაზრდა გოგონას ლამაზ ფეხებს და კომპლიმენტი უთხრა.
– მოსკოვში მიდიხართ? – ჰკითხა გოგონამ კოტოვს.
– წამიყვანთ?
– თუ გაწყობთ, კი.
– თუ მაწყობს?
– დიახ. მანქანა მოპარულია. თუმცა, არც თქვენ უნდა იყოთ ანგელოზი. თუკი თქვენი ჩაცმულობით ვიმსჯელებთ, გაქცეული პატიმარი უნდა იყოთ.
– მასეა. წავედით, – უთხრა გოგონას კოტოვმა და თვალი ჩაუკრა მას. მძღოლმა კი ადგილიდან მოწყვიტა მანქანა და მოსკოვისკენ გააქანა.
მძღოლი გოგონა ნატალია იოსებიძე იყო, რომელიც კოტოვს ანა სემიონოვად გაეცნო. იმავე საღამოს კოტოვი ანასთან გადავიდა, რომ დამალულიყო, თუმცა, მან უარი უთხრა ინტიმურ კავშირზე და შეუბღვირა:
– მე მანქანების გამტაცებელი ვარ და არა ბოზი. უბრალოდ, ჩალიჩი მევასება და ყველაზე რისკიან საქმეზეც კი ვარ წამსვლელი. იცოდე, ქალწული ვარ და, თუ ხელებს დაიგრძელებ და ჩემს შეურაცხყოფას შეეცდები, ხელებსაც მოგაჭრი და სხვა რამესაც!
– კარგი, კარგი, დამშვიდდი, – ორივე ხელი ასწია კოტოვმა, – გასაგებია.
გამოცდა
პავლე კოტოვი ათლეტური აღნაგობის, 35 წლის სიმპათიური მამაკაცი იყო და ქალებს ძალიან მოსწონდათ. ანას ის თვალში მოუვიდა, თუმცა, მასთან რომანის გაბმას არ აპირებდა და, ხელმძღვანელობის დავალებით, სტეპან შადრინის ბანდაზე გასვლას ცდილობდა, თუ, რა თქმა უნდა, კოტოვს კავშირი ჰქონდა მათთან. ერთთვიანი ერთობლივი თანაცხოვრების შემდეგ კოტოვმა გოგონას უთხრა:
– გახსოვს, რომ მითხარი, ნებისმიერ რისკიან საქმეზე წავალო?
– მახსოვს.
– ჰოდა, ერთი საქმეა გასაკეთებელი და მძღოლი მჭირდება. წამოხვალ?
– რა თქმა უნდა, წამოვალ. რა საქმეა?
– ინკასატორი უნდა შევაყენო, ფულით სვსე ჩანთა წავართვა და უნდა გავიქცეთ. გაწყობს?
– რა თქმა უნდა, მაწყობს, ბევრნი ვიქნებით?
– მხოლოდ ჩვენ ორნი.
– ჩვენ ორნი?
– ჰო. რა, გეშინია?
– არა, მაწყობს.
– კარგი, მე წავედი. საღამოს მოვალ და დეტალებზე დავილაპარაკოთ, – უთხრა კოტოვმა ანას და დაემშვიდობა.
როგორც კი კოტოვი წავიდა, ანამ, იგივე ნატალია იოსებიძემ, ანტონ ზაიცევს დაურეკა, ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ჰკითხა:
– როგორ მოვიქცე, რას მირჩევთ?
– ვფიქრობ, რომ გცდის. რასაც გეტყვის, გააკეთე. ჩვენ იქვე ვიქნებით და თვალყურს გადევნებთ, – მიუგო ზაიცევმა იოსებიძეს.
სამი დღის მერე, მოსკოვში, მალაია ბრონნაიას კუთხეში მდებარე გასტრონომიდან გამოსულ ინკასატორს შეიარაღებული კოტოვი გადაუდგა წინ, პისტოლეტი მიუშვირა, ფულით სავსე ჩანთა წაართვა და გაიქცა. მძარცველი მოპარულ „ჟიგულიში“ ჩაჯდა, რომელსაც ანა მართავდა და წყვილი იქაურობას გაეცალა. სახლში რომ მივიდნენ და ინკასატორის ჩანთა გახსნეს, იქ 16 ათასი მანეთი აღმოჩნდა.
– კარგი კუშია, – უთხრა ანამ კოტოვს, მან კი მიუგო:
– სულ მალე ბევრად მეტს ვიშოვით. შენ კი, ყოჩაღ, გამოცდა წარმატებით ჩააბარე.
გრანდიოზული ძარცვა
ანა და კოტოვი უკვე ოთხი თვე ცხოვრობდნენ ერთად. ამ დროის განმავლობაში კი შადრინის ბანდა ძარცვებს განაგრძობდა და მილიცია ძველებურად უძლური იყო მათ მიმართ. შჩოლოკოვს პოლიტბიურო სთხოვდა ბანდის აყვანას, მინისტრი კი პოლკოვნიკ ზაიცევს სთხოვდა პასუხს, თუმცა, კოტოვს არაფერი ეტყობოდა, რომ შადრინის ბანდასთან რამე კავშირი ჰქონდა და, ამიტომ, მისი ციხეში დაბრუნება გადაწყვიტეს. ზაიცევის ხალხს ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი ჰქონდა დაწესებული კოტოვზე. ერთ დღეს, როცა ის სახლიდან გავიდა, ზაიცევმა ანას დაურეკა და უთხრა:
– ნატა, ოპერაციას ვწყვეტთ. ოთხი თვე გავიდა და წინსვლა არაა. როგორც ჩანს, მას მართლაც არანაირი კავშირი არ აქვს შადრინის ბანდასთან და კოტოვს ციხეში ვაბრუნებთ.
– მოითმინეთ, ამხანაგო პოლკოვნიკო. კოტოვმა გასვლის წინ მითხრა, დიდ საქმეს ვამზადებო და, უნდა დაველოდოთ.
– კეთილი. კიდევ ოცდაოთხ საათს გაძლევ და, თუ წინსვლა არ იქნება, კოტოვს ციხეში ვაბრუნებთ.
– კარგი, შევთანხმდით, ამხანაგო პოლკოვნიკო!
კოტოვი შუადღეზე დაბრუნდა, ნატას გაუღიმა და უთხრა:
– როგორ ხარ, ანუშკა, მზად ხარ გრანდიოზული საქმისთვის?
– მე ყოველთვის მზად ვარ.
– მაშინ, ახლავე წავედით.
ისინი ხუთი წუთის მერე გამოვიდნენ სახლიდან, „ვოლგაში“ ჩასხდნენ, რომლის საჭესაც ამჯერად კოტოვი მიუჯდა და ანასთვის უცნობი მიმართულებით წავიდნენ. კოტოვმა ორსაათნახევარი იარა მოსკოვის ქუჩებსა და შესახვევებში, შემდეგ მანქანა მეტრო „ოქტიაბრსკაიასთან“ გააჩერა, ისინი მიწისქვეშა ტრანსპორტში ჩასაჯდომად ჩავიდნენ და მოთვალთვალეებმა მათი კვალი დაკარგეს. როდესაც წყვილი ძველ არბატზე ამოვიდა, იქ ტაქსიში ჩასხდნენ, სოკოლკნიკებში მივიდნენ და მალე ერთ-ერთ ბინაში ამოყვეს თავი, კოტოვმა გოგონას გაუღიმა და უთხრა:
– ესეც ასე. „ცუმის“ გრანდიოზული ძარცვა განხორციელდა და ახლა შეგვიძლია, ჩვენი ურთიერთობებიც გავარკვიოთ.
სტეპან შადრინი, იგივე...
„ცუმის“, იგივე მოსკოვის ცენტრალური უნივერმაღის ძარცვამ უზადოდ ჩაიარა, ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე: რვა შეიარაღებულმა მძარცველმა ინკასატორებს 5 მილიონ 300 ათასი მანეთი წაართვა და მიიმალა. სწორედ იმ დროს იმყოფებოდნენ სოკოლნიკის კონსპირაციულ ბინაში კოტოვი და ანა და კოტოვმა გოგონას უთხრა:
– თუ არ ვცდები, შენ ნატალია გქვია და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობ, ხომ?
– რას ბოდავ, პაველ, – თქვა გოგონამ, კოტოვმა კი მაგნიტოფონის კასეტა ჩაურთო მას, რომელზეც პოლკოვნიკთან ტელეფონით საუბარი იყო ჩაწერილი და უთხრა:
– სახლიდან რომ გავდიოდი, მინი-დიქტოფონს ვტოვებდი ხოლმე ჩართულს და, საერთოდაც, თავიდანვე მივხვდი, რომ ჩემი გაქცევა მოწყობილი იყო და შენ კი შემოგდებული აგენტი იყავი. მე ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ შემეძლო შენგან ათესვა, მაგრამ, შემიყვარდი და აირჩიე: ან ჩემთან ერთად წამოხვალ და ბედნიერად ვიცხოვრებთ, ან მარტო წავალ.
იმ დღეს, 1973 წლის 29 სექტემბერს, მთელი მოსკოვის მილიცია „ცუმის“ მძარცველებს ეძებდა, მხოლოდ მეორე დღეს მოიკითხეს ნატალია იოსებიძე, რომელიც უკვალოდ გაქრა კოტოვთან ერთად.
სტეპან შადრინი იგივე პავლე კოტოვი აღმოჩნდა, სინამდვილეში კი ნატალია იოსებიძის რჩეული 36 წლის გაიოზ ლორთქიფანიძე იყო, რომელიც ადრე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა, შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა, კარგად ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება შექმნა და დიდი ფულიც იშოვა.
ეგრეთ წოდებული შადრინის ბანდის ერთი წევრიც კი ვერ მოიხელთა მილიციამ, ოპერაცია „შავი მტრედის“ ჩავარდნას კი პოლკოვნიკი ზაიცევის კარიერა შეეწირა.
გაიოზი და ნატალია კი 1996 წელს გამოჩნდნენ ავსტრალიაში, სადაც ისინი მსხვილი ბიზნესით იყვნენ დაკავებულები.