ღორის ჩაშუშული
საჭირო ინგრედიენტები: 1 კილოგრამი ღორის რბილი ხორცი, 1 თავი ხახვი, 200 გრამი ქამა სოკო, 20-30 გრამი პურის ქერქი, კარაქი და ზეთი – შესაწვავად. ოხრახუში, მარილი, ახლადდაფქული შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხორცი გარეცხეთ და კარგად შეაშრეთ. მთლიანი ნაჭერი ღრმად ჩაჭერით შუაში (1,5-2 სანტიმეტრი სიღრმის). შეეცადეთ, ჭრილი შუაში იყოს. შედარებით ნაკლები სიღრმის ჩანაჭრები აქეთ-იქითაც გააკეთეთ, ანუ, საბოლოოდ უნდა მიიღოთ ტევადი „ჯიბე“, რომელშიც საკმაო რაოდენობის სატენი ჩაეტევა. ხორცის ნაჭერს გარედანაც და „ჯიბეშიც“ კარგად წაუსვით მარილი და შავი პილპილი.
ცალკე მოამზადეთ სატენი: მწვანილი და ხახვი დაჭერით ძალიან წვრილად, სოკო – მომცრო კუბიკებად. გაცხელებულ ტაფაზე კარაქსა და ცოტა ზეთში მოშუშეთ ხახვი, უყავით ძალიან ცოტა მარილი. ხახვი გადმოიღეთ თასში (ცხიმის გარეშე). იმავე ტაფაზე, ძლიერ ცეცხლზე მოხრაკეთ სოკო, სანამ მთელი სითხე ჩაშრება. დაუმატეთ ცოტა კარაქი, დაუკელით ცეცხლს და შებრაწეთ შეწითლებამდე, თან ურიეთ. ჩააყარეთ ხახვი, უყავით ცოტა მარილი და შავი პილპილი, დაუმატეთ წვრილად დაქუცმაცებული პურის ქერქი, ოხრახუში და კიდევ ამოურიეთ. ეს ფარში მთლიანად მოათავსეთ ხორცის „ჯიბეში“. ზემოდან მოაყარეთ კარაქის ნაჭრები. შეკარით „ჯიბე“ ხის წვრილი ჩხირებით ისე, რომ, ჰაერის სამოძრაოდ ღრიჭოები დარჩეს. ხორცის ნაჭერი მოათავსეთ გამოსაცხობ ტაფაზე, ტაფა კარგად შეფუთეთ ფოლგაში და აცხვეთ 180-200 გრადუს ტემპერატურაზე, დაახლოებით 60 წუთის განმავლობაში. 10-15 წუთის შემდეგ ფოლგა მოხსენით, რომ ხორცი დაიბრაწოს. მზა კერძი დაჭერით 1,5 სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად.