რა გაიბა ლანა ღოღობერიძესა და ფრენსის ფორდ კოპოლას შორის და როგორ დაშორდნენ ერთმანეთს ლანა ღოღობერიძე და რეზო თაბუკაშვილი
„ასე გავიგე ადრეულ ბავშვობაში, რომ ცხოვრებაში სულ რაღაცას კარგავ, უფრო ხშირად – სამუდამოდ. იმ დროიდან თან მსდევს ფრაზა: „ცხოვრება დანაკარგების ჯაჭვია.“ ბევრად უფრო გვიან მივხვდი, რომ ის შენაძენების ჯაჭვიც არის და რომ ამ შენაძენების გამოა ასეთი განუმეორებელი ცხოვრების გემო...” ჩვენს ჟურნალში უამრავი ცნობილი ადამიანის საოჯახო ალბომი გადაგითვალიერებიათ, თვითოეულ მათგანს თავისებურად საინტერესო ისტორიები ახლავს, რომელთა წაკითხვაც, დარწმუნებული ვარ, ყოველთვის სიამოვნებას გგვრით. ამჯერად ლანა ღოღობერიძის დღიურს გადაგიშლით. ქალბატონ ლანას 13 ოქტომბერს 85 წელი შეუსრულდა და ვარსკვლავი გაუხსნეს. დღეს გიამბობთ სიყვარულის ისტორიას რეზო თაბუკაშვილთან, შემდგომში – მომავალ მეუღლესთან, ლადო ალექსი-მესხიშვილთან და სხვა ეპიზოდებს რეჟისორის ცხოვრებიდან.
„1942 წლის ზაფხულია. მე პატარა ცემის პიონერთა ბანაკში ვარ, ვზივარ მდელოზე და კუკუშკას ველოდები. ველოდები ერთი დღე, ორი დღე, ხუთი დღეე... მაშინ 13 წლის ვიყავი და ველოდებოდი ჩემზე ერთი წლით უფროს რეზო თაბუკაშვილს, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, მართლაც ჩამოვიდა და ჩვენ მთელი დღეები დავდიოდით ტყეში, ავდიოდით მთის წვერზე, ვისხედით მდინარის პირას და ვლაპარაკობდით... ვლაპარაკობდით ყველაფერზე, გარდა ჩვენი გრძნობებისა, ვინაიდან, მაშინ, ბავშვის ასეთი მშვენიერი მიამიტობის გამო, ვერც რეზო ხვდებოდა, რომ ჩემი ფარული ოცნებების ობიექტი იყო და, მე ხომ საერთოდ ვერ წარმომედგინა, რომ მისი ლექსები რამენაირად მე მეხებოდა. ეს მოხდა მერე, როცა თბილისში ჩამოვედით. იმ დღეს სკოლაში არ წავსულვარ. რაღაც გაურკვევლად ვგრძნობდი თავს, ლოგინში ვიწექი, ვერც ვკითხულობდი, ვერც ვერაფერზე ვფიქრობდი და, უცებ, მოვიდა რეზო, გვერდით დამიჯდა და საბანზე თავისი ხელით დაწერილი ლექსები დამიყარა, საერთო სათაურით – „ისევ შენ.“ მე ფრთხილად ავიღე ფურცლები და კითხვა დავიწყე... წავიკითხე და ისე ავტირდი, თითქოს რაღაც დიდი უბედურება დამატყდა თავს. ბოლოს სიტყვების გარჩევაც კი გამიჭირდა. რეზოს ვერ ვუყურებდი. მე ამდენს გეუბნები, შენ რამე მაინც მიპასუხეო, – მითხრა ჩუმად. ის უჯრა გახსენი და ფურცლები ამოიღე-მეთქი, – ძლივს ამოვილუღლუღე. რეზო უჯრას მივარდა, გახსნა, უცებ იპოვა ის ფურცლები, ამოიღო და კითხვა დაიწყო... რეზო, რა თქმა უნდა, მაშინვე მიხვდა, ვის ეკუთვნოდა ის პაპიროსის ნამწვავები, რადგან, სწორედ აქ, ჩემი სახლის რკინის აივანზე, საათობით ვისხედით ხოლმე ყოველ საღამოს რეზო და მე – და ის, მარად მღელვარე, პაპიროსს პაპიროსზე ექაჩებოდა... რეზო 16 წლის იყო, როცა მოსკოვში წავიდა საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სასწავლებლად და, ეს, რა თქმა უნდა, დასასრულის დასაწყისი იყო. დაშორებისკენ ორივე ჩვენი გზით მივდიოდით; რეზო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (ჩვენთან შედარებით) ბრწყინვალე ცხოვრებაში ჩაერთო და თავისი დახვეწილი და, რატომღაც, სევდის მომგვრელი გარეგნობით, თავისი ნიჭიერებით, ტემპერამენტით, მჭევრმეტყველებით, მაშინვე მიიპყრო რუსი ქალების ყურადღება. ეს კი თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ მე, ჩემი პროვინციული გულუბრყვილობითა და მიდრეკილებებით, სრულებით აღარ შევესიტყვებოდი მის ახალ წარმოდგენებს ცხოვრებაზე, თუმცა, ერთ-ერთი ბოლო წერილი, რომელიც რეზომ მომწერა მოსკოვიდან, ასეთი იყო: „დღეს მე ვუთხარი ჩემს თავს ის, რაც შტრაუსმა თქვა თავის ქორწილში, სადღეგრძელოში. თუ გაიხსენებ, კარგია.” მე, ცხადია, მშვენივრად მახსოვდა, რა თქვა შტრაუსმა პოლდის ფილმში „დიდი ვალსი”... ახლა, ცხადია, მეცინება, მაგრამ, მაშინ აბსოლუტური სერიოზულობით აღვიქვი რეზოს შემობრუნება ჩემი ღარიბი ქოხისკენ, რომელსაც, სხვათა შორის, მთლად ქოხიც არ ეთქმოდა, ვინაიდან, ის რაჟდენ ხუციშვილის მაღალჭერიანი და დიდფანჯრებიანი ბინა იყო. მაგრამ, ამ ვითომ შემობრუნების მიუხედავად, ჩვენი დაშორების გარდაუვალობა მაინც ფარფატებდა ჰაერში და ყველაფერი მისი აუცილებლობით იყო გამსჭვალული... ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, ეს „მშვიდობით“, უკვე ნათქვამი იყო. ჩვენ ცალ-ცალკე, სხვადასხვა გზით შევუდექით ცხოვრებას და, როგორც ჩანს, ესეც ბედისწერით იყო განსაზღვრული, ვინაიდან, სულ ცოტა ხნის მერე რეზოს შეხვდა ქართული მშვენიერების სიმბოლო – მედეა ჯაფარიძე, რომელთანაც მთელი სიცოცხლე გაატარა, მე კი – ლადო მესხიშვილი...
...1953 წელი. ლიძავაში ვართ დედაჩემი, მე, ჩვენი ახლობლები. ვცხოვრობთ ზღვისპირა ტყეში, თეთრ, ორსართულიან სახლში. მე თაგორს ვთარგმნი, თაგორს, რომელიც ლადომ აღმომაჩენინა. ჩამოდის ლადო. ამბობს, რომ აქეთ საქმე ჰქონდა, რომ ისე გამოიარა; დედა სევდიანად უყურებს, მას არაფრით არ ვემეტები ჩემზე 13 წლით უფროს, ცოლშვილიან, ბობოქარი წარსულით დამძიმებულ კაცთან ამ რთული და დრამატული ურთიერთობისთვის, მაგრამ, არაფერს ამბობს, ვინაიდან, ხედავს ჩემს ბედნიერებას და, თვალებიდან აშკარად მომზირალი ნაღველის მიუხედავად, ვერ მეწინააღმდეგება, ლადოს აივანზე სთავაზობს ადგილს დასაძინებლად და იწყება რაღაც ზღაპრული ცხოვრება. „ისე“ ჩამოსული ლადო უსასრულოდ რჩება ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში, მე უსასრულოდ აღვიქვამ იმ რამდენიმე კვირას. ჩვენ მთელი დღეები ვცურავთ თავდაუზოგავად ან ვსხედვართ ზღვისპირა ტყეში, ან, სანაპიროზე, ნახევრად ზღვაში. მე ვთარგმნი, ვინაიდან, ხელშეკრულება მაქვს შესასრულებელი. ლადო ყოველ ახლად ნათარგმნ სტრიქონს კითხულობს და, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ჩვენ ერთად ვთარგმნით თაგორს ინგლისურიდან (რომელიც ლადომ არ იცის)... ეს სიტყვები მხოლოდ ჩვენ – მე და მას გვეკუთვნის... ხშირად ლიძავისგან ხუთი კილომეტრით დაშორებულ ოქროსფერქვიშიან პლაჟზე მივცურავთ. ის ველური, უკაცრიელი სანაპირო ჩვენს ნამდვილ სამფლობელოდ იქცა. იქ გვავიწყდებოდა, რომ მარტო არ ვიყავით ამქვეყნად, რომ ძალიან ჩქარა უნდა გათავებულიყო ეს ჩვენი დიდი მოპარული განმარტოება და თბილისის მტრულ გარემოში აღმოვჩენილიყავით... ბოლოს და ბოლოს, ლადო მაინც წავიდა და მე, მარტო დარჩენილი, ვწერდი... მერე ისევ თბილისში შევხვდით ერთმანეთს. იქ, ჩემი მეგობრების გარდა, სულ რამდენიმე ოჯახი არსებობდა, სადაც მიგვესვლებოდა ერთად. მათ შორის ერთი, ყველაზე მიმზიდველი და სასიამოვნო იყო ნინო რამიშვილის სახლი ბარნოვის ქუჩაზე. იქ ხშირად სოლიკო ვირსალაძეც გვხვდებოდა. ისინი ახალგაზრდობიდან მეგობრობდნენ, ეს სამი უაღესად საინტერესო და ნიჭიერი ადამიანი: მარად აჟიტირებული და აქტიური ლადო, სკეპტიკურად მომღიმარი სოლიკო და დახვეწილი და უკიდურესად ელეგანტური, მუდამ ჩალმიანი, ქართულ ცეკვას შეწირული ნინო... ლადო ნინოს ცეკვას ჰბაძავდა – წამოხტებოდა და დიდი გატაცებით აკეთებდა „ჯეირანის“ ილეთებს, ნინო სიცილით კვდებოდა, სოლიკო სერიოზულად უკრავდა ტაშს და ნინოს „ბისზე“ იწვევდა... მე აღფრთოვანებით შევცქეროდი ამ უფროსი და სახელმოხვეჭილი ადამიანების გართობას... მაგრამ, რეალობა უფრო და უფრო ძლიერად იჭრებოდა ჩვენს ურთიერთობაში და თანდათან ისე საშინლად დამძიმდა ყველაფერი ირგვლივ, რომ არსებობა შეუძლებელი გახდა და ჩვენ მივიღეთ უაღრესად გონივრული გადაწყვეტილება – სამუდამოდ დავშორებოდით ერთმანეთს. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო გამაოგნებელი?.. უცებ სიცოცხლე კარგავს ყოველგვარ აზრს, საშინელი სიცარიელე გეუფლება, არავინ და არაფერი არ გაინტერესებს… ვერ ვპოულობდი ნუგეშს ვერც ჩემს შიგნით და ვერც ჩემს გარეთ. ვიყავი გამომშრალი, როგორც წვიმას მოწყურებული მიწა. მერე, მხოლოდ იმის გამო, რომ სრული უძრაობისთვის თავი დამეღწია, გადავწყვიტე ბაკურიანში წასვლა, მარტო, ლადოსა და მეგობრების გარეშე. ჩვენი დაშორების მომენტში ლადომ ბაკურიანი მე დამითმო, ანუ, ფიცი დადო, რომ არ ჩამოვიდოდა... და აი, მეორე თუ მესამე დღეს, უსაზღვრო სევდით შეპყრობილი, მოვსრიალებ ტრასაზე და, უცებ, მესმის ისეთი მშობლიური შეძახილი, შეძახილი კი არა, ყვირილი, რომელიც ფარავს ყველა სხვა ხმას... სულს ვეღარ ვითქვამ, მუხლების წინ გაწევის ნაცვლად, ფეხი მიშეშდება და ვვარდები ზუსტად იქ, სადაც დგას ლადო, თავის მუდმივ შავ ანორაკაში გამოწყობილი, დგას და დაჟინებული მზერით შემომცქერის. მე კარგა ხანს ვწევარ უღონოდ, მიწაზე გართხმული; ლადო მიახლოვდება, თავის მძლავრ ხელებს შემომხვევს, ადგომაში მეხმარება და... უცებ, სიცილი უტყდება... დავბრუნდით თბილისში... ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი საბედისწერო ჟამი დადგა. პროფესიული თვალსაზრისით, გარეგნულად, თითქოს ყველაფერი აწყობილი და დალაგებული მქონდა: წარჩინებით დავამთავრე ასპირანტურა, დასაცავად წარვადგინე დისერტაცია უიტმენის ლექსის ბუნების შესახებ, მთელი წელი დიდი გატაცებით ვკითხულობდი ლექციებს ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც ბევრი ომგამოვლილი და ჩემზე უფროსი სტუდენტი მყავდა. იმ წლიდან თბილისის უნივერსიტეტში უნდა დამეწყო დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ზოგადი კურსისა და მეცხრამეტე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის სპეცკურსის კითხვა... და, აი, დადგა წამი, როცა ბევრი ფიქრისა და წვალების შედეგად, აღარ შევეპუე არავის და არაფერს და მივიღე გადაწყვეტილება, შევსულიყავი მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე – გადაწყვეტილება, რომელსაც ძირფესვიანად უნდა შეეცვალა ჩემი ცხოვრება. ასე წავედი მოსკოვში, „ვგიკში,“ ბედის საცდელად და ეს იყო ლადოსთან უკვე აღარ ვიცი, მერამდენე – სამუდამოდ დაშორება.
...ზუსტად არ მახსოვს, რომელ წელს, მოსკოვის ერთ-ერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე, შევხვდით ფრენსის ფორდ კოპოლას – ის მაშინ უკვე მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი იყო. მთელი საღამო ვისხედით რესტორანში ელდარ შენგელაია, კოპოლა და მე. კოპოლას ერთი ქართული ფილმი ჰქონდა ნანახი, ზუსტად არც კი ახსოვდა, რომელი, ის კი ახსოვდა, რომ ფილმი ძალიან მოეწონა; გარდა ამისა, თავისი ნაცნობებისგან, რომლებიც იყვნენ საქართველოში, იცოდა, რომ საქართელო მხიარული და მიმზიდველი ქვეყანაა და დიდი სურვილი ჰქონდა, ფესტივალის მერე ჩვენთან ჩამოსულიყო. სამწუხაროდ, მისი ეს სურვილი ვერ განხორციელდა, ვინაიდან, სახკინოსა თუ უფრო მაღალ ინსტანციებს საკუთარი მოსაზრება ჰქონდათ, ვისთვის უნდა მიეცათ ვიზა რომელიმე რესპუბლიკაში წასასვლელად და ვისთვის – არა. კოპოლა საქართველოში არ გამოუშვეს, მაგრამ, მაშინ ჩვენ ეს ჯერ არ ვიცოდით და გულუბრყვილოდ ვაწყობდით გეგმებს, სად წავიყვანდით ჩვენს სტუმარს და რას ვაჩვენებდით... იმ საღამოს ჩვენსა და ამ სულ სხვა სამყაროდან მოსულ ამერიკელ რეჟისორს შორის გაიბა ის, რასაც, შეიძლება, კინემატოგრაფიული მეგობრობა ეწოდოს... მას მერე კიდევ ერთხელ შევხვდი კოპოლას ამერიკაში, ნიუ-იორკის ფესტივალზე – ეს უკვე „პერესტროიკის“ ხანა იყო – და მე გამიკვირდა, როგორ აინტერესებდა მას ყველაფერი, რაც ჩვენთან ხდებოდა. ბოლოს სიცილით მითხრა: მე თქვენი „პერესტროიკის“ დიდად არ მჯერა, მაგრამ, იქნებ მას ის შედეგი მაინც მოჰყვეს, რომ მე საქართველოში გამომიშვანო.