ცივი ამინდი შაკიკის პროვოცირებას იწვევს
ცივი ამინდი შაკიკის პროვოცირებას იწვევს
შაკიკი მეტად თავისებური დაავადებაა და ბევრ ფაქტორს უკავშირდება, კერძოდ, ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას, პერიფერიული სისხლძარღვების მოშლას. ხშირად ეს დაავადება საფეთქლის არტერიის ანთებას მოსდევს. მედიცინაში არსებობს, აგრეთვე, ეგრეთ წოდებული კისრის შაკიკიც, რომლის მიზეზიც ისევ სისხლძარღვების პათოლოგია ხდება. გამოყოფენ ბირთვულ და პერიფერიულ შაკიკებსაც, ეს უკანასკნელი კი პერიფერიული სისხლძარღვების შეკუმშვას ან გაფართოებას უკავშირდება.
ბირთვული შაკიკი შეიძლება გამოიწვიოს ნერვის დაზიანებამ. ამ დაავადებას მკვეთრად გამორჩეული კლინიკური სურათი აქვს. ეს გახლავთ პერიოდული შეტევითი ხასიათის ნევრალგიური ტკივილი, რომელიც განსაზღვრულ დროს იწყება, განსაზღვრულ დროს მთავრდება და ისე უკვალოდ ქრება, თითქოს არც ყოფილა. შეტევის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ ტკივილი პიკს აღწევს და ისეთი ძლიერი ხდება, თუ გაგრძელდა, შეიძლება, შოკიც გამოიწვიოს.
შაკიკის დროს ტკივილი სახის მხოლოდ ერთ ნახევარზე ვრცელდება. ყველაზე ხშირია თვალბუდისა და შუბლ-საფეთქლის ტკივილი. ამ დროს პირში ჩნდება ლითონის გემო, უარესდება მხედველობა, თუმცა შეტევის გავლის შემდეგ მხედველობა აღდგება. ტკივილის შეტევა, შესაძლოა, რამდენიმე საათის განმავლობაში ბევრჯერ განმეორდეს.
ზოგიერთ ადამიანს შაკიკი მხოლოდ ცივ დღეებში ემართება, ზოგს კი ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში სტანჯავს. მისგან სრული განკურნება არ ხდება, თუმცა, მედიკამენტური მკურნალობა მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს.
შაკიკმა რომ არ შეგაწუხოთ, ნუ გახვალთ სიცივეში თავდაბანილი, სველი თმით. თუ ამ დაავადების მიმართ მიდრეკილება გაქვთ, არ იაროთ ქუჩაში თავდაუხურავი, თბილ ოთახში კი არ იჯდეთ ქუდით. მოვლითი ტკივილის დროს შუბლის არე მჭიდროდ გაიკარით ხილაბანდით, საფეთქლების არე კი თითებით დაიზილეთ.
თუ სიცხემ აგიწიათ, წამლის დალევის სანაცვლოდ, ხალხურ მედიცინას მიმართეთ
ცივ ამინდში ხშირია სხეულის ტემპერატურის მკვეთრი აწევა. ნუ იჩქარებთ სიცხის დამწევი პრეპარატების მიღებას. ხალხური მედიცინიდან რეკომენდებულია შემდეგი უებარი და ეფექტური საშუალებები:
*შეურიეთ ერთმანეთს 20 გრამი ცაცხვის ყვავილი და 20 გრამი გამხმარი ჟოლო. დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 10 წუთით, შემდეგ გადაწურეთ და სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად. შეგიძლიათ, გამხმარი ჟოლოს ნაცვლად ჟოლოს მურაბაც გამოიყენოთ.
*100 გრამი შავი ბოლოკი და 100 გრამი სტაფილო გახეხეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი ნაზავი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
*ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 50 გრამი ხახვი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი. აურიეთ კარგად და მიიღეთ თითო სადილის კოვზით, ნახევარ საათში ერთხელ.
*1 ცალ სტაფილოს წვენს შეურიეთ ამავე რაოდენობის თაფლი. მიიღეთ ერთი ან ორი კოვზი, დღეში 3-ჯერ. თუ ტემპერატურა მაინც არ იკლებს, ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურები:
*დაიზილეთ სხეული ძმარში გაზავებული წყლით, შუბლზე კი ძმრიან ხსნარში დასველებული და კარგად გაწურული ტილო დაიდეთ (2 სადილის კოვზი ძმარი გახსენით ნახევარ ლიტრ წყალში).
*2 სადილის კოვზ ცხელ რძეს შეურიეთ 2 სადილის კოვზი კონიაკი და დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ.
*1 სადილის კოვზ ჟოლოს მურაბას შეურიეთ 1 სადილის კოვზი კონიაკი ან არაყი, ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი გრილი წყალი და დალიეთ ყლუპ-ყლუპად. ორი საათის შემდეგ პროცედურა გაიმეორეთ.
აქვე გეტყვით, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხალხურ რეცეპტებს უკუჩვენება არ გააჩნია.
რა დაავადებაა ართროზი და როდის ვითარდება ის
ართროზი ძვლებში მიმდინარე დისტროფიული პროცესების შედეგია. მის განვითარებას ხელს უწყობს სახსრის კაფსულასა და იოგებში არსებული ცვლილებებიც, რასაც მარილებისა და შარდმჟავას დალექვა იწვევს. ამის გამო, ძნელდება ხრტილის კვება და ის თანდათანობით იშლება. ჯანმრთელ სახსარში ცვეთისა და აღდგენის პროცესები, როგორც წესი, დაბალანსებულია, დაავადებულში კი ხრტილის ქსოვილის ცვეთა არ კომპენსირდება, შედეგად, ხრტილი თხელდება და ხდება არათანაბარი. მის შიგნით წარმოიქმნება კალციუმის კრისტალები, რომლებიც მოძრაობისას აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს ტკივილს.
ართროზი უმეტესად 50 წლის ასაკის შემდეგ ვითარდება. მისი კლინიკური სურათი ასეთა: ღამით იწყება სახსრების ტკივილი. სახსარი ტკაცუნობს, დილით კი ადამიანი შებოჭილად გრძნობს თავს.
ართროზი სისტემური დაავადებაა. ამ დროს ზიანდება ყველა სახსარი და ხრტილი, ამიტომ, საჭიროა არა ადგილობრივი თერაპია, რომელიც ერთი რომელიმე სახსრისკენ არის მიმართული, არამედ, ზოგადი მკურნალობა, რომელიც ანთებას მთელ ორგანიზმში მოხსნის.
ართროზის დროს ორგანიზმმა აუცილებლად უნდა მიიღოს ტუტოვანი საკვები (ერთ წილ მჟავა-პროდუქტზე ორი წილი ტუტოვანი უნდა მოდიოდეს). მჟავა-პროდუქტებია: ხორცი, რაფინირებული და თერმულად დამუშავებული საკვები, რომელიც ნაკლებად შეიცავს მინერალურ და ტუტე მარილებს.
ტუტოვანი საკვებია: თხის რძე, ხბოს უხორცო ძვლის ბულიონი, კომბოსტოს წვენი, ნიახური, ტყის კენკრა, თაფლი.
სანელებლები აუცილებელი საკვები დანამატია მამაკაცებისთვის
გარდა იმისა, რომ სანელებლები კერძს განუმეორებელ და მაგიურ გემოს აძლევს, ის აუცილებელი საკვები დანამატია მამაკაცებისთვის.
ქინძი კარგი საშუალებაა მამაკაცის სექსუალური პრობლემების მოსაწესრიგებლად. ის ამაღლებს სექსუალურ პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გააქტიურებას.
მიხაკ-დარიჩინი სანელებელთა შორის ყველაზე ძლიერია სექსუალურობის ასამაღლებლად. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი გადამეტებული მიღება სახიფათოა, რადგან, შესაძლებელია, გამოიწვიოს სექსუალური აგრესია და აგზნება.
მუსკატის კაკალიც სასიკეთო ძვრებს იწვევს მამაკაცის ორგანიზმში, თუმცა, მისი გადამეტება საპირისპირო შედეგს იძლევა, კერძოდ, ადუნებს ორგანიზმს და იწვევს ჰალუცინაციებს.
ვანილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძლიერი სქესის წარმომადგენელთა სექსუალურ ცხოვრებაში. მამაკაცი მისი მიღების შემდეგ განსაკუთრებით აქტიური პარტნიორია. ამიტომ, ვინც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს, მას ნაკლებად შეექმნება სექსში პრობლემები.
გულის არითმიის, შეკრულობისა და უძილობის დასამარცხებლად ხშირად სვით ცხელი წყალი
სიცივეში ყოფნისას, დაახლოებით 40 მილილიტრი ალკოჰოლის მიღების დროს ადამიანი სითბოს შეიგრძნობს და ეს შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრია კიდურებში. ალკოჰოლის მიღების შედეგად, მაღალი არტერიული წნევით დაავადებულებიც უკეთ გრძნობენ თავს, რადგან, ამ დროს სისხლის გადანაწილება უმჯობესდება, რაც კაპილარების გაფართოების ხარჯზე ხდება. ანალოგიური ეფექტით ხასიათდება ცხელი წყლის რამდენიმე ყლუპიც. მართალია, ის უფრო ნაკლები ხანგრძლივობისაა, მაგრამ, შეგიძლიათ, რამდენიმეჯერ დალიოთ. მით უმეტეს, რომ ეს არანაირ ზიანს არ მოგაყენებთ. თუ ამ პროცედურას მუდმივად გაიმეორებთ, ეს ნაწლავების გააქტიურებასა და შარდის ბუშტის ტონუსის მომატებასაც გამოიწვევს. ამ გზით მიღებული ცხელი წყლით ჭარბი წონისგანაც ადვილად გათავისუფლდებით.
ასევე, ცხელი წყლით ადვილად შეძლებთ გულის არითმიის, ტკივილის, ქოშინის, შეკრულობისა და უძილობის დამარცხებას. მისი რეგულარული მიღება ორგანიზმს ენერგიას ჰმატებს და საერთო მდგომარეობის ნორმალიზების საფუძველი ხდება.
ასე რომ, გადაადუღეთ ონკანის წყალი, შემდეგ შეაგრილეთ და ისევ გააცხელეთ. დალიეთ ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, 4-5 ყლუპი – ეს ორგანიზმში უვარგისი ნივთიერებების დაგროვებას უშლის ხელს და ჯანმრთელობის გაკაჟება-შენარჩუნებაშიც გვეხმარება ზამთრის ცივ სეზონზე.
მანდარინი კუჭის წამალია, ხურმა კი – თვალების
მანდარინი სასიამოვნო, ნატურალური „წამალია“. მისი მიღება ჭამის შემდეგ კუჭს სიმძიმის შეგრძნებისგან ათავისუფლებს. ის C ვიტამინის წყაროა, ამიტომ, მისი ჭამა აუცილებელია იმუნიტეტის გასაძლიერებლად გაციებისა და გრიპის პერიოდში. ის აუმჯობესებს ადამიანის გუნება-განწყობასაც.
მანდარინის ზომიერად მიღება ადამიანს დეპრესიისგან ათავისუფლებს და ადვილად უმკლავდება ზამთრით გამოწვეულ აპათიას. ამ ციტრუსს არაფრით ჩამოუვარდება ხურმაც.
მწიფე ხურმას არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს. მასში ბევრია ნახშირწყალი, კერძოდ, გლუკოზა და ფრუქტოზა. ადამიანს მთელი დღის განმავლობაში კარგი განწყობა ეუფლება, როცა ხურმას მიირთმევს. 1 ცალ საშუალო ზომის ხურმაში 80 კილოკალორიაა, ვიტამინების შემცველობით კი ეს ხილი ოდნავ ჩამოუვარდება მანდარინს. სამაგიეროდ, მასში ბევრია ბეტა-კაროტინი, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას და ანელებს სიბერის პროცესს. გარდა ამისა, ხურმა დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებსა და კალიუმს. ამიტომ, დღეში ორი ცალი ხურმის მიღება სავსებით საკმარისია.
ხურმაში, აგრეთვე, დიდი რაოდენობითაა მაგნიუმი. ეს ელემენტი ამაღლებს კუნთების ტონუსს, მისი მარილები კი ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ხურმა კარგად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროს კი ეს ხილი შეუცვლელია, რადგან, დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.