ექიმის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, გულში ჩადგმულ სტენტს ვადა რომ გაუვა, მერე რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს პაციენტი? ემუქრება თუ არა მის სიცოცხლეს საფრთხე?
პასუხი: სტენტს შეუძლია, გემსახუროთ ათეული წლები თუ დაიცავთ ექიმის რჩევა-დარიგებებს.
კითხვა: რა დაავადებაა ვპვ-ს სინდრომი?
პასუხი: ვპვ-ს სინდრომი, ანუ wolf-parkinson-uait-ის სინდრომი არის – გულში დამატებითი გამტარი გზის არსებობა, რაც ხშირად ტაქიკარდიას იწვევს.
კითხვა: სამი კვირაა, ყოველდღე ვსვამ ვაშლის ახალგამოწურულ ერთ ჭიქა წვენს, საზიანოა მისი ასეთი სიხშირით მიღება? რამდენიმე დღის წინ მქონდა თავბრუხვევა და გულისრევის შეგრძნება. შეიძლება, ამის გამომწვევი მიზეზი იყოს ვაშლის წვენი?
პასუხი: თავისთავად, ვაშლის წვენი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. მაგრამ, თუ მსგავსი მოვლენები გაგრძელდა, შეწყვიტეთ მისი ასეთი ინტენსივობით მიღება და დააკვირდით შედეგებს. თუ გაგიარათ, მაშასადამე, ვაშლის წვენმა გაგიღიზიანათ კუჭი და შემდგომში ის შედარებით უფრო ფრთხილად მიირთვით.
კითხვა: მაინტერესებს, ძუძუთი კვებაზე უარყოფით ზეგავლენას ხომ არ მოახდენს მშობიარობიდან 40 დღის შემდეგ ტრენაჟორებსა და აუზზე სიარული?
პასუხი: მშობიარობიდან 2-3 თვის შემდეგ ქალი ფიზიოლოგიურად მზად არის ვარჯიშისთვის. თავდაპირველად, შეასრულეთ მარტივი ვარჯიშები. მოგვიანებით, შეგიძლიათ, დატვირთვა გაზარდოთ.
კითხვა: ვარ 20 წლის გოგო. ბოლო 6 თვის განმავლობაში სახეზე თმიანობა მომემატა. ტანზე არ მომმატებია. შეიძლება, რომ ეს ჰორმონების ბრალი იყოს? ციკლი წესრიგში მაქვს ყოველთვის.
პასუხი: არ არის გამორიცხული, ეს ყოველივე ჰორმონული დისბალანსის შედეგი იყოს, მაგრამ საქართველოს სამხრეთული მდებარეობის გათვალისწინებით, ჩვენთან თმიანობა საკმაოდ ხშირია ჰორმონული დარღვევის გარეშეც. გამოკვლევისთვის მიმართეთ გინეკოლოგს ან ენდოკრინოლოგს.