ხატების საოცარი გამოჩინება-განახლება
ძველ კურსკში ძველთაგანვე იდიდებოდა კორენის უდაბნოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. 1383 წელს ვიღაც თათარმა, რომელიც ამ მიწიდან გაიქცა, ხატი ორ ნაწილად გააპო. რუსი ჟამთააღმწერელი წერს, რომ მისი ნაწილები მრავალი თვის შემდეგ აღმოაჩინეს და, როდესაც ისინი ერთმანეთს მიადეს, სასწაულებრივად შეერთდა.
... 1840 წელს ხერსონის გუბერნიის ოლვიოპოლის ოლქში, სოფელ ნოვოივანოვსკში მემამულე კასპეროვას სახლში მოულოდნელად გაბრწყინდა და განახლდა ძველი და დროისაგან დაბინდული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი (მანამდე მასზე გაჭირვებით განირჩეოდა ნაკვთები). ეს მოხდა მაშინ, როდესაც კასპეროვა, ხატის პატრონი, მის წინაშე ლოცულობდა. შემდგომში ეს ხატი სასწაულთმოქმედად აღიარეს და ოდესის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს.
... 1885 წელს ნიჟეგოროდის გუბერნიის არზამასის ოლქის სერაფიმო-პონეტაევის დედათა მონასტერში განახლდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. ეს მოხდა 14 მაისს, საღამოს 9 საათზე, იღუმენიის სამყოფელ სენაკში. ღვთისმშობლის გამოსახულება უფრო ცოცხალი და ნათელი გახდა.
ასე რომ, ძველი და დაბინდული ხატები ნათლდებიან, საღებავები სიმკვეთრეს იძენენ, გამოსახულებებზე თავისთავად მთელდება დაზიანებები და ბზარები – სწორედ ეს არის სასწაულებრივი განახლება.
1920-იან წლებში რუსეთში ამის მსგავსი მრავალი შემთხვევა ხდება და ახლდება არა მხოლოდ ხატები და ფრესკები, არამედ, წმიდა ჭურჭელი, ჯვრები, საეკლესიო ნივთები, მაგრამ, ამ დროს ყველაზე გასაოცარი სასწაული იყო გუმბათების გაბრწყინება.
ამის მსგავსი ერთ-ერთი პირველი შემთხვევა აღინიშნა 1923 წლის 29 ივნისს, პრიმორიეში, ვლადივოსტოკის ეპარქიაში.
„ლიტურღიის დასასრულსა და წმიდა ნაწილების მიღების დროს სამადლობელ ლოცვებს ვკითხულობდი, – გვიამბობს ტაძრის წინამძღვარი, – ჩემთან, ტაძარში შემოდის კაზაკი ივან სიმონის ძე პონიავკინი, მორწმუნე ადამიანი, მართლმადიდებლობის მკაცრი დამცველი და მეუბნება, რომ ჩვენს ტაძარზე ჯვრები და გუმბათები გაბრწყინდა და ბევრი ხალხია შეკრებილი. იგი კი იდგა და უყურებდა ამას. ერთი ჯვარი ყველას თვალწინ განახლდა, სულ კი ხუთი იყო. ზოგიერთ ადგილას გუმბათებიც კი გაბრწყინდა, რომელზეც მწვანე საღებავი გათეთრებული იყო.
1925 წლის ივნისის დასასრულს ბლაგოვეშჩენსკში რამდენიმე სახლში მოხდა ხატების გაბრწყინება. ამ სასწაულმა ფეხზე დააყენა ქალაქის მცხოვრებნი. 28 ივნისს ქალაქში მთელი დღის განმავლობაში რეკავდნენ ზარებს. კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ, უამრავი ადამიანის თვალწინ, წმიდა ნიკოლოზის ტაძრის გუმბათზე ჯვრები გაბრწყინდა. ამ დროს ნიკოლსკის ქუჩაზე გამოჩნდა ქალაქის ერთი აქტიური კომუნისტი. იგი კასრზე ახტა და ხმამაღლა ადანაშაულებდა ეკლესიის მსახურებს შარლატანობაში, მაგრამ, მისი სიტყვა მოულოდნელად შეწყვიტა ხმამაღალმა ხმაურმა: სწორედ ბოლშევიკის წინ, გაბრწყინება დაიწყო წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატმა, რომელიც ტაძრის ჭიშკარზე იყო გამოსახული. ორატორი გაჩუმდა, უყურებდა თავის წინ არსებულ გამოსახულებას, შემდეგ სახე შეეცვალა, კასრიდან ჩამოხტა და ხალხში მიიმალა. ყველა ხედავდა, რომ ხატზე დადებული მტვერი ხელუხლებელი დარჩა, ხატი და შესამოსელი კი ახალივით გამოიყურებოდა. უხილავმა ხელმა განაახლა წმიდა ხატი ისე, რომ არც კი შეეხო მსუბუქ მტვერს, რომელიც მასზე იდო.
მალე წმიდა ნიკოლოზის კიდევ ერთი ხატი განახლდა კარიბჭეზე, ამჯერად უკვე სხვა ქუჩაზე. წმიდა ნიკოლოზის ტაძარში უამრავი ხალხი მიდიოდა, აღესრულებოდა კურნებები. ერთმა გოგონამ, რომელსაც თვალები სტკიოდა, ტაძარში კაზანცევების ოჯახიდან მობრძანებულ მაცხოვრის ხატს თაყვანი სცა და მხედველობა სრულიად დაუბრუნდა.
ხელისუფლებამ არ იცოდა, როგორ შეეჩერებინა რელიგიური აღმავლობა, რა ზომები მიეღო ამისთვის და მათ ქალაქში დაპატიმრებები დაიწყეს.
განახლების სასწაულები ჩვენს დროშიც აღესრულება, თუმცა, არცთუ ისე დიდია, როგორც 1920-იან წლებში, მაგრამ, მართლაც რომ გასაოცარი მოვლენებია დაკავშირებული პეტერბურგში მაცხოვრის გამოცხადების ტაძართან, რომელიც გუტუევის კუნძულზე მდებარეობს (დვინის ქუჩა ¹2).
1935 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დაკეტა. ტაძარში მოაწყვეს საწყობი. ფრესკებს საღებავი გადაუსვეს. ტაძარში საპნის სახარში მოაწყვეს, რომელმაც ეკლესია მალე ისე შემურა, რომ შიგნიდან და გარედან მთლად გაშავდა. დაბრუნებულ ტაძარში პირველი ლიტურღია 1992 წლის 2 თებერვალს ჩატარდა და, აი, სულ მალე კედლებზე გამოსახულებებმა „გამოჟონა“. პირველად განახლდა ფრესკა „მაცხოვრის საუბარი ტაძარში“ და „მოციქულ თომას მიერ გვერდის განხილვა“.
ტაძარი მოინახულეს ძეგლთა დაცვის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა. ისინი მკაცრად ადანაშაულებდნენ ტაძრის მამებს იმაში, თითქოს მათ „კედლები წყლით ჩამორეცხეს,“ მაგრამ, მალე დაინახეს, რომ ფრესკები განახლდა ისეთ ადგილებშიც, სადაც რთული სპეციალური მოწყობილობის გარეშე შეუძლებელი იყო მიდგომა. ისინი იძულებული იყვნენ, მხრები აეჩეჩათ. ფრესკები კი განახლებას განაგრძობდნენ!
რაც შეეხება ტაძარში მომსვლელებსა და ყველა სხვას, ვინც იქ მუშაობდა, სასწაულში ეჭვი არავის ეპარებოდა. „ღმერთი გვეხმარება და ამოწმებს, რომ ჩვენი შრომა ღვთის სადიდებლადაა“, – ამბობდა არქიტექტორი სერგეი ივანეს ძე უჩურუსკაევი.
1992-1994 წლებში განახლება კედლებზე ქვემოდან ზემოთ გაგრძელდა. „საიდუმლო სერობა“ საკურთხეველში სრულებით დაბინდული იყო, მაგრამ, 1994 წელს მაცხოვრის გამოსახულება გაბრწყინდა. 1998 წლის მარტში ტაძარში კიდევ ერთი სასწაული მოხდა: მაცხოვრის შობის ხატი განახლდა.