პატერიკები
ღმერთი ეხმარება მორჩილთ ვნების დამარცხებაში
ერთხელ ვიღაც მოგზაური სავანეში მივიდა და ბერობა გადაწყვიტა. მას ჩვილი ბავშვი ჰყავდა. როდესაც პატარა გაიზარდა და ყმაწვილკაცობის ასაკს მიაღწია, ბოროტმა ძალამ შეუტია და მოსვენებას აკარგვინებდა. ბიჭმა მამას მიმართა: ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა დავუბრუნდე, ხორციელი ვნების მოთოკვა აღარ შემიძლიაო. მამამ დააწყნარა შვილი. რამდენიმე ხნის შემდეგ ყმაწვილმა კვლავ შესჩივლა: „გამიშვი, ძალა აღარ მყოფნის ვნების დასამორჩილებლად“. მამამ მიუგო: „მომისმინე. ორმოცი პური და პალმის ტოტები წაიღე, 40 დღე უდაბნოში დასახლდი და იყოს ნება ღვთისა“. შვილი მამას დაემორჩილა: უდაბნოში წავიდა, დრო შრომით გაჰყავდა, პალმის ტოტებისგან კალათებს წნავდა და მშრალი პურით იკვებებოდა. ოცი დღის შემდეგ დაინახა, რომ, რაღაც ეშმაკეული მოჩვენება უახლოვდებოდა. იგი შორიახლოს გაჩერდა. ეთიოპიელ ქალს წააგავდა, საკმაოდ შეუხედავი იყო და მყრალი სუნი ასდიოდა. ყმაწვილი ახლოს არ იკარებდა შორდებოდა და დაღწევას ცდილობდა. ამყრალებულმა არსებამ კი მას მიმართა: „მე ის ვარ, რაც ადამიანებს ასე მომხიბვლელი და ტკბილი ჰგონიათ. შენი მორჩილებისა და ღვაწლის გამო, ღმერთმა შენთან საცდუნებლად არ მომიშვა, სამაგიეროდ, დაგანახვა, როგორიცა ვარ“. ყმაწვილი უფალს ადიდებდა და ჰმადლობდა. შემდეგ მამასთან დაბრუნდა და უთხრა: „აღარ მინდა აქედან წასვლა, რადგან, ჩვენებით უფალმა ეშმაკი და მისი სიმყრალე წარმომიდგინა“. მამისათვის უკვე ყველაფერი ცხადი იყო და შვილს მიუგო: „ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და უდაბნოში 40 დღე დარჩენილიყავი, უფრო მეტს დაინახავდი და გაიგებდი“.
ალექსანდრიის პატრიარქის, იოანე მოწყალეს ცხოვრებიდან
ერთხელ ერთმა დიდგვაროვანმა შემთხვევით წმიდანის საწოლი იხილა, რომელსაც მხოლოდ თხელი საბანი ეხურა. შეწუხებულმა პატრიარქს 30 ფუნტის ღირებულების საბანი გაუგზავნა. წმიდანმა არ შეურაცხყო იგი და ერთი ღამით საბანი დაიხურა, თუმცა ეს ფუფუნება ძლიერ აწუხებდა. მეორე დღესვე მან საბანი გასაყიდად გაატანა. დიდგვაროვანმა გასაყიდად გამოტანილი საბანი რომ ნახა, იყიდა და ისევ პატრიარქს დაუბრუნა. ასე განმეორდა მრავალგზის. ამგვარად, წმიდა იოანემ დიდგვაროვნისგან უამრავი ოქრო შეიძინა, რომელიც გლახაკებს დაურიგა.
ჩაწერილია არქიმანდრიტ
დიმიტრი ტელიანიდის
მონათხრობის მიხედვით