როგორ ატარებდნენ დროს აბანოში თბილისელი ქალები და როგორ დაახასიათა თბილისის აბანოს მექისე პუშკინმა
აბანოს განსაკუთრებული ადგილი უკავია თბილისის ისტორიაში. თბილისურ აბანოებს არაერთი საინტერესო ისტორია უკავშირდება, რომლებსაც იოსებ გრიშაშვილმა თავის წიგნში – „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” – ცალკე თავი დაუთმო. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ნაწყვეტებს ძველი თბილისის მეხოტბის ნაშრომიდან.
თბილისური აბანო
„წინათ აბანო მსურველთათვის ყოველთვის ღია იყო; არც ბანაობის დრო იყო შეზღუდული; ხალხს გათენებამდე შეეძლო შიგ ყოფნა. აბანო, ზოგჯერ, სოფლიდან ჩამოსულ გლეხისათვის სასტუმროს დანიშნულებასაც ასრულებდა: საქონელს ბაკში მირეკავდა, თვითონ კი, განბანილ-განსპეტაკებულს, ორ შაურად მთელ ღამეს არხეინად ეძინა აბანოში. რასაკვირველია, ზამთარში ეს იაფფასიანი თავშესაფარი უფრო სასიამოვნო ხდებოდა. ქალებს საბანაოდ კვირაში რამდენიმე დღე ჰქონდათ დათმობოლი. ერთ დღეს რომ ქალები ბანაობდნენ, მეორე დღეს – კაცები. ეს ის დრო იყო, როცა აუზების ნაცვლად კლდე იყო ამოღრმავებული, აბანოში კი მაშხალები ენთო. ძველად ქალ-ვაჟნი აბანოში ერთად არ დადიოდნენ, პირიქით, ქალები ცდილობდნენ, რომ მათი აბანოში გამგზავრება კაცის თვალს არ დაენახა. ამიტომ იყო, რომ აბანოში წამსვლელი ქალები დილა-ადრიანად, სისხამზე მიდიოდნენ და საღამოთი ბინდისას ბრუნდებოდნენ.
ქალები აბანოში მარტო საბანაოდ არ მიდიოდნენ, თან სარეცხიც უნდა წაეღოთ. აბანოში ყოველთვის ალიაქოთი იყო. ადგილებისთვის ატყდებოდა ჩხუბი, დავიდარაბა; ჩხუბობდნენ ტოლჩებით, ქობინებით, ერთმანეთს ბუწუწებს აგლეჯდნენ, იწყევლებოდნენ, არ ივიწყებდნენ წინაპრებსაც: მკვდრებს საფლავიდან თხრიდნენ, ცოცხლებს ქოქოლას აყრიდნენ. ქალების საერთო აბანოდ მხოლოდ ეგრეთ წოდებული „ციხის აბანო“ ითვლებოდა და, არსად არ იყო ისეთი უწესობა, სივიწროვე და სიბინძურე, როგორც იქ. ძველად, ტფილისში სადმე ჩხუბი და ყაყანი თუ ატყდებოდა, იტყოდნენ: ხოჯას აბანოაო?! ამ „ციხის აბანოს“ უწოდებდნენ, აგრეთვე, საჭურის ხოჯა აღა-მაჰმად-ხანის აბანოს. თბილისის აღების დროს, ეს ხოჯა შევიდა ამ აბანოში, „გაუკვირდა სიკეთე ტფილისისა, მოეწონა წყალნი წმინდანი ყოველითურთ, აღუმღვრეველნი და მარგებელნი”, მაგრამ, სენისგან, რომ ვერ განიკურნა, გაბრაზდა და ბრძანება გასცა, აბანოებიც ძირიანად დაენგრიათ.“
აბანოში ქალები მთელი დღით რჩებოდნენ, იქვე საუზმობდნენ და სადილობდნენ კიდეც. მზრუნველი ქმარი თავის ცოლს აბანოში უგზავნიდა სადილს: განსაკუთრებით ამ დღისთვის შეკვეთილ ფურნის თავას ან ქაფქოთანით ბუღლამას. აბანოში მთელი დღე მიდიოდა ჩაის სმა: იდგა უშველებელი სამოვარი და მის გარშემო მთელი დღე ჩაით ლოთაობდნენ. ქალებსაც კი ჰყავდათ თავიანთი აშუღი – გერაგერმიშაანთ უსინათლო მაია, რომელიც თავისი სიმღერით ართობდა დასაპნილ და ინადადებულ ქალთა მარაქას. აბანო იყო ტფილისელი ქალებისთვის კლუბიც და თეატრიც. ქალს ახალი ტანსაცმელი უეჭველად აბანოში უნდა ჩაეცვა. რასაკვირველია, მაჭანკალა ქალები არც აბანოში ივიწყებდნენ თავიანთ პროფესიას და ბევრი ლამაზი ქალის ბედი გაადწყვეტილა აბანოში, ბევრის სანდომიანი „ქალი და რძალი” გაბედნიერებულა და ბევრი ფიზიკური ნაკლიც აღმოსჩენია გატიტვლებულ ქალს.
ყოველი ყარაჩოხელი ქეიფის შემდეგ გამოსაფხიზლებლად უეჭველად აბანოში უნდა წასულიყო. ზურნა მიაცილებდა აბანოს კარამდე და მექისენი ძმაბიჭურად ეგებებოდნენ. აბანოში ქეიფი უძველესი ჩვეულება იყო, მაგალითად, „შაჰნამეს” პროზაულ ვერსიაში აბანოში ქორწილის გაგრძელებაა აღწერილი. მოგზაური ტურნეფორი თბილისურ აბანოებზე წერდა: „აბანოები თბილისის მოქალაქეთათვის ერთადერთ გასართობს წარმოადგენს”. აღმოსავლური ხალხის ყოფა-ცხოვრებაში აბანოს დიდი ადგილი ეჭირა. ძველი ხალხი, ვიდრე აბანოში არ განიბანებოდა, ოჯახის წინაშე ვერ წარდგებოდა. სიძესაც ქორწილის ღამეს ამფსონები აბანოში წაიყვანდნენ და განბანდნენ. აბანოში ქეიფს განსაკუთრებული გემო ჰქონდა და თბილისის არაერთი აბანო ქცეულა „დიონისეს ტაძრად“. ხშირად მომხდარა, რომ ეს მოქეიფენი შუაგულ ზამთარში სანაძლეოზე აბანოდან ტიტლიკანები გამოსულან და რომელიმე მიკიტნის დუქანში ღვინის სმა გაუგრძელებიათ.
ყოველი მგზავრი, თბილისის ყოველი სტუმარი, საიდანაც არ უნდა ყოფილიყო მოსული, რა საშური საქმეც არ უნდა ჰქონოდა, თავის წმინდა მოვალეობად მიაჩნდა, რომ თბილისის აბანოებიც ენახულა და განბანილიყო მის მადლიან კამკამა წყალში. თბილისური აბანოები, სხვათა შორის, იმითაცაა შესანიშნავი, რომ, ისეთი მექისენი, როგორებიც აქ არიან, სხვაგან ძნელად მოიძებნებიან. ტფილისში სტუმრად მყოფი პუშკინი სიამოვნებით იგონებდა იმ უცხვირო მექისე ჰასანას, რომლის შესახებაც პოეტი თავისებური ირონიით დასძენდა: უცხვირობა ხელს არ უშლიდა, რომ თავისი მოვალეობა პირნათლად შეესრულებინაო. პუშკინი ტრადიციული „მაჩალკის” უარსაყოფად, თავისიანებს უთითებდა ჩვენს ქისაზე და ამბობდა: ქისა რუსულ აბანოებში უეჭველად უნდა შემოვიღოთ, ეს იქნება ჩვენი ახალი აღმოჩენაო.
უცნაური და საინტერესოა, რომ უკვე ნახსენები პუშკინი და თბილისში ასევე სტუმრად მყოფი ალექსანდრე დიუმა აბანოში სამშაბათ დღეს ყოფილან, სამშაბათი კი ქალთა დღედ ითვლებოდა. უცნაურია, რომ თბილისის ქალები, რომლებიც აბანოში გამგზავრებისას თავის დასამალავად ათასნაირ ხრიკს მიმართავდნენ, ისე გათამამდნენ, რომ უცხო კაცის დანახვაზე არც ერთი არ წაეტანა ფუთას და „არც ერთმა არ შეაჩერა ტანისხდა”. დიუმა იხსენებდა: უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა გასეირნებამ აბანოში ქალებს შორის არავითარი აღშფოთება არ გამოიწვია; მხოლოდ ორი თუ სამი ქალი, საუბედუროდ ბებრები, მოგვერიდნენ და სახეზე ზეწრები აიფარესო.
აბანო ყარაჩოხელთათვის ბოჰემის ის შემადგენელი ნაწილი გახლდათ, ურომლისოდაც ქეიფი ქეიფად არ მიაჩნდათ. ამიტომ იყო, რომ მათი ქეიფი, ბაღებში დაწყებული, უეჭველად აბანოთი მთავრდებოდა.“