კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას განიცდის მამაკაცი ღალატისას და როდის არის ის გაორებული

ადამიანები ერთად ცხოვრებას იწყებენ სურვილით, თავი იგრძნონ კარგად, კომფორტულად, დაცულად; გრძნობდნენ, რომ მათზე ზრუნავენ და მძიმე წუთებში ყოველთვის გამოჩნდება მხარდამჭერი, ისე, რომ არსად წასვლა არ იქნება საჭირო, ანუ... სიყვარული აუცილებლად უნდა გასცე და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცხოვრება სიხარულით სავსე. ფსიქოლოგების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემები წყვილების ურთიერთობაში მაშინ იწყება, როცა ჩნდება სიყვარულის დეფიციტი. ფაქტია, რომ, თუ ადამიანი გიყვარს, მას ყველაფერს აპატიებ და, ვერ ხედავ, ან, უბრალოდ, არ ხედავ მის ნაკლოვანებებს.

 

სერგი (39 წლის): ცუდი ტონია ჩემი მხრიდან ამ ყველაფერზე ლაპარაკი. მამაკაცი უფრო უნდა დუმდეს, ვიდრე ენას ატლიკინებდეს, მაგრამ აგიხსნით, რატომ გადავწყვიტე, მომეყოლა ჩემი ცხოვრების ერთი მთავარი ეპიზოდის შესახებ. ქალები მუდმივად ცდილობენ, ყოველთვის და ყველაფერში მამაკაცები დაადანაშაულონ. ღალატია?! – რა თქმა უნდა, კაცის ბრალია. ჩვენ გამოვყავართ უგულო, უსინდისო, დაუნახავ და უმადურ არსებებად. არადა, არ არის ასე.

– ფაქტია, რომ მამაკაცების, ქმრების უმრავლესობა „გაგულავებას“ კანონზომიერად მიიჩნევს, თითქოს მეძავთან წასვლა ღალატი არ იყოს. 

– ვერ დაგეთანხმებით, რომ კაცების უმრავლესობა გარყვნილია და უსინდისო, მეძავებზე, „ნაშებზე“ გადაყოლილი და ოჯახი მხოლოდ თავშესაფრად გვჭირდება, ცოლი კი – მოსამსახურედ. საზიზღარი სტერეოტიპია, რომელიც უნდა დაიმსხვრეს. ამისი გაკეთება აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ჯანსაღი ურთიერთობები გვქონდეს და, თუ, ბოლოს და ბოლოს, გვაქვს სურვილი, ვიპოვოთ ბედნიერება. ჩვეულებრივი კაცი ვარ, არაფრით გამორჩეული და განსაკუთრებული. შემიყვარდა და ცოლად შევირთე. მაშინ დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ის იყო ჩემი ცხოვრების ქალი.

– თუმცა, გავიდა დრო და მაინც უღალატეთ...

– ასე მარტივად არ არის საქმე. რატომ ცდილობთ, ისე შეფუთოთ ჩვენი საუბარი, რომ მაინც მონსტრად გამომიყვანოთ?! აბსოლუტურად გულწრფელად გელაპარაკებით, არ ვცდილობ, მოგატყუოთ და არც ვთამაშობ. ვერ შევგუებივარ იმ აზრს, რომ ოჯახი დავანგრიე. ხომ ხედავთ, არ ვამბობ – დამენგრა-მეთქი. ჩემი ინიციატივით დავანგრიე და ამ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე. ერთი წუთითაც არ ვიტყვი, რომ ვიღაცამ მაიძულა, ან, არ გავაცნობიერე, რას ვაკეთებდი. შვილი მყავს პირველი ქორწინებიდან და, როგორი მონდომებულიც არ უნდა ვიყო, მე ისეთი მამა ვერ ვიქნები, როგორიც ვიქნებოდი, ისევ ერთ ოჯახად რომ გვეცხოვრა – ესეც სრულად მაქვს გაცნობიერებული. ვწუხვარ, რომ ჩემს შვილს ბევრი დავაკელი, მაგრამ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და გმირად ვერ ვივარგე.

– ანუ, ნანობთ, რომ ცოლს უღალატეთ და ოჯახი დაანგიეთ?

– არა, არ ვნანობ, თუმცა, კარგი იქნებოდა, თავიდანვე მეპოვა ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარი და ბავშვისთვის სტრესი არ მიმეყენებინა – აი, ამის თქმა მინდა. მინდა, კარგად გამიგოთ – არ ვაყენებ შეურაცხყოფას ჩემს ყოფილ მეუღლეს. შესანიშნავი ადამიანია და თავისი ცხოვრება აქვს. თუ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგეთ, ეს არავის ბრალი არ არის. ჩვენი რეალობაა ასეთი.

 – ყველა კაცი ასე ამბობს, რომ არავის ბრალია, ცოლს რომ უღალატა. ამან ერთგვარი ალიბის სახე მიიღო.

 – მესმის, რატომაც ლაპარაკობთ ასე – განაწყენებული ქალების გავლენის ქვეშ ხართ. სხვათა შორის, მათაც ვუგებ. ძნელია, როცა ადამიანი გიყვარს და გტოვებს. მაგრამ, იქნებ, ჩემს მდგომარეობაშიც შეხვიდეთ? სიყვარული არ გვეკითხება, როდის მოვიდეს, მით უფრო, რომ, ის, რაც ამ ქალის მიმართ მაქვს, სიყვარულზე გაცილებით მეტია.

– სიყვარულისთვის მზად უნდა იყო, რომ „დაგემართოს“; გახსნილი უნდა დახვდე მას. ანუ, თქვენ გყავდათ ცოლი, მაგრამ, მზად იყავით ახალი სიყვარულისთვის და ეძებდით მას. ასეა?

– უნდა დაგეთანხმოთ? ალბათ, ასე იყო. შეიძლება, მეგონა, რომ ცოლი მიყვარდა და თავს ვიტყუებდი. ცუდია, ამას რომ ვამბობ. წარმომიდგენია, რა შთაბეჭდილება დაგრჩებათ ჩემზე, მაგრამ, ადამიანები ვართ და ყველას შეიძლება, ასეთი რაღაც დაემართოს.

– უკაცრავად, ამას რომ გეკითხებით, მაგრამ რამდენი წლის დაოჯახდით?

– ვხვდები, რატომაც მეკითხებით. ანუ, ვიყავი თუ არა ჩამოყალიბებული ადამიანი, ხომ? ფიქრობთ, შეცდომას მარტო ოცი წლის ბიჭი უშვებს? მართალია, მე 24 წლის ვიყავი, მაგრამ, ოჯახს სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდე. უბრალოდ, სიყვარულიც ცვდება და ზოგჯერ კვდება კიდეც.

– თქვენს ცოლს რომ დამართნოდა იგივე – გაქცეულიყო სხვა კაცთან და ასეთივე არგუმენტები მოეტანა თავის გასამართლებლად, რას იტყოდით?

– უცნაურ მდგომარეობაში მაყენებთ. რა უნდა მეთქვა? ნამდვილად არ გამიხარდებოდა.

 – „არ გამიხარდებოდა“ – რბილად ნათქვამია.

– აბა, რა გინდათ, ვთქვა, რომ სკანდალს მოვუწყობდი და კარს ჩავუკეტავდი, ოღონდ ჩემგან არ წასულიყო? გულწრფელად გეუბნებით, ამაზე საერთოდ არ მიფიქრია.

– უზნეო, უწესო ქალის იარლიყს არ მიაწებებდით?

– მე არაფერს არ „მივაწებებდი“, შეუგნებელ კაცად არ მიმაჩნია თავი, მაგრამ, რას იფიქრებდა მასზე საზოგადოება, ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ. ისედაც საკმაოდ უხერხულად ვგრძნობ თავს. ეს მამაკაცისთვის შეუფერებელი თემაა და, იძულებული რომ არ გავმხდარიყავი, საერთოდ არ ამოვიღებდი ხმას.

– იძულებული რამ გაგხადათ? ცოლმა ვერ გაიგო თქვენი კეთილშობილური ზრახვები?

– რატომ ასე ირონიულად?! თუ ფიქრობთ, რომ მე კომფორტულად ვგრძნობ თავს ასეთ ვითარებაში, ცდებით. მოღალატე კაცი არ ვარ. დავიფიცებ, რომ თხუთმეტი წელი პატიოსანი და ერთგული ქმარი ვიყავი, თუმცა, საცდური საკმარისზე მეტი იყო და „მომენტიც“ არაერთხელ ჩამვარდნია ხელში. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი „მაგარი ტიპობა“ დავამტკიცო, უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ. ჩემმა ცოლმა ხომ იცის, როგორი ქმარი ვიყავი. რატომ არ შეუძლია, გამიგოს, მაპატიოს და ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ჩემთან?!

– საყვარელიც გინდათ და ცოლიც – მეგობრის სტატუსით?

– მე მინდა ნორმალური ურთიერთობები შვილთან და იმ ქალთან, რომლის გვერდითაც თხუთმეტი წელი გავატარე. მართლა კარგი ოჯახი გვქონდა, მაგრამ, მოხდა მოსახდენი და რა ვქნა? უარი ვთქვა ბედნიერებაზე?! უარი ვთქვა ჩემს ჭეშმარიტ მეორე ნახევარზე?! რატომ? როგორც კი დავინახე, მაშინვე ვიგრძენი, რომ მთელი ცხოვრება მას ველოდებოდი.

– საინტერესოა, ასეთ რაღაცას როგორ გრძნობენ?

– მეც მიკვირდა და ველოდი თქვენგან ასეთ შეკითხვას. იცით, როგორ მიყვარს? მზად ვარ, მისი ყველა სურვილი და მოთხოვნა დავაკმაყოფილო, ყველა კაპრიზი ავუსრულო; ისიც ჩემს ყველა ნაფიქრს ერთი გამოხედვით გრძნობს. ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებულები. მე პატიოსნად ვუთხარი ჩემს ცოლს, რაც მჭირდა და, სახლიდან რომ წამოვედი, მერე დავიწყე ახალი ურთიერთობა სრულფასოვნად.

– მიხვედით ცოლთან და უთხარით, სხვა ქალი შემიყვარდაო?

– დიახ. თქვენ, შეიძლება, არ გჯერათ, მაგრამ, მართლა ასე იყო. მანამდე რამდენჯერმე შევხვდი ჩემს სიყვარულს და მისთვის არ დამიმალავს, რომ ოჯახი მყავდა. ორგული, გაქნილი და გარყვნილი კაცები ასე პატიოსნად არ თამაშობენ. ჩემზე კარგად იცით, როგორც იქცევიან. ჩემი მეორე მეუღლე თქვენი პროფესიის არის და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, მაგრამ, ჩემთვის დრო ყოველთვის რჩება. იცით, როგორ ვებრძოდი თავს, რომ არ შემყვარებოდა?! ისიც არ შემეძლო, რომ საერთოდ არ მენახა. თავიდან შევთანხმდით, რომ მხოლოდ მეგობრები ვყოფილიყავით. ვიხლიჩებოდი შუაზე ჩემს ცოლსა და მას შორის. საკუთარ თავთან ბრძოლა ურთულესი და უმძიმესი იყო. ყველაფერი გადავიტანე, არაფერი ამცდენია – სკანდალი, ისტერიკა. ჩემი ყოფილი ცოლი ორი თვის განმავლობაში სრულიად შეურაცხადი იყო... სახლიდან საკუთარი ტანსაცმლის მეტი არაფერი წამომიღია. სახლიც დავუტოვე და მანქანაც... კიდევ ერთი სამსახური ვიშოვე, რომ მეტი შემოსავალი მქონოდა და ყოფილ ცოლსა და ჩემს შვილს არაფერი მოჰკლებოდათ. არ ვტყუი და გული მტკივა, რომ ეს ყველაფერი წყალში მეყრება. არ არის ჩემთვის სულერთი, რას ილაპარაკებენ ჩემს პიროვნებაზე. არ ვარ უსინდისო და, არ მინდა, ჩემს შვილს უთხრან, რომ, მე – ეგოისტმა, ვიღაც ქალისადმი ლტოლვას გადავაყოლე მისი და ოჯახის ინტერესები.

– თქვენი ყოფილი ცოლი ეუბნება ამას?

– არ ვიცი, ვინ ეუბნება, მაგრამ, ფაქტია, რომ მე მისთვის ავტორიტეტი არ ვარ. შემიყვარდა, ძალიან შემიყვარდა და მხოლოდ ამიტომ ვარ ნაძირალა?! მჭირდება, გვერდით მყავდეს და მუდმივად ვგრძნობდე მის სიახლოვეს. მთელი თხუთმეტი წელი მყავდა ცოლი, მაგრამ, მასთან არ მიგრძნია ის სიახლოვე, ის სულიერი თუ ფიზიკური ერთიანობა, რასაც ახლა განვიცდი. ერთი საათი ვერ ვჩერდები მის გარეშე. ვხვდები, რა მაკლდა და რისი დეფიციტი მქონდა. მარტო ცოლის ყოლა არაფერს ნიშნავს, თუ ის შენი მეორე ნახევარიც არ იქნება. „მეორე ნახევარი“ – ეს ხომ უბრალოდ გამოთქმა არ არის! ამას მაშინ მივხვდი, როცა ჩემი ერთადერთი და შეუდარებელი გავიცანი.

– იქნებ, ცდებით და ამჯერადაც თავს იტყუებთ?

– არა, არ ვიტყუებ თავს. ჩემი ცოლის მიმართ ასეთი გრძნობა, ასეთი ლტოლვა და ერთიანობა არასდროს მქონია. არ ვაჭარბებ და არ ვცდილობ, თავი უცოდველად მოგაჩვენოთ, ეს არაფერში მჭირდება. უბრალოდ, არ მინდა, მლანძღავდნენ და იმ მამაკაცებთან მაიგივებდნენ, „ჯოხზე წამოცმულ კაბაზეც“ რომ მუხლები უკანკალებთ და კბილები უკაწკაწებთ. მოვიდა სიყვარული, რომლის წინაშეც უძლური აღმოვჩნდი და წამოვედი ოჯახიდან. ვნებას არ ავყოლივარ. არ ავმჩამტებულვარ, თუმცა, თავი კი დავკარგე – ამას ვაღიარებ და არც მრცხვენია და არც მეთაკილება. სხვათა შორის, აცუნცრუკებული, უწესო და ვნებას აყოლილი მამაკაცები ოჯახებს არ ტოვებენ და არც პირდაპირ ეუბნებიან ცოლს, სხვა შემიყვარდაო.

– ანუ, თქვენ გქონდათ სიყვარულის დეფიციტი ცოლთან თხუთმეტწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში?

– ასე გამოვიდა. გულწრფელად ვწუხვარ, მაგრამ, არჩევნის საშუალება რომ მქონდეს, მაინც არაფერს შევცვლიდი.

 

скачать dle 11.3