ინტიმური საუბრები
ეშმაკის მოგზავნილი ნაძირალა ძლივს მოვიშორეთ თავიდან
მყავდა შეყვარებული, რომელიც უწესიერესი ბიჭი იყო, მაგრამ მეზობელმა ერთხელ ძალით გააკეთებინა ნარკოტიკი, რადგან ის თვითონ იყო ნარკომანი და შურდა ვანიკოს წესიერება, თანაც, ვანო შეძლებული ოჯახიდან იყო და მისი განარკომანებით ფულის „მუდმივ წყაროს“ გაიჩენდა. იმ ბოროტმა სულმა მიაღწია მიზანს (სხვათა შორის, ჩემი შეყვარებულის გარდა სხვაც ბევრი გადააცდინა გზიდან) და ბევრი ბიჭი გახვია შარსა და უბედურებაში. საშინლად გამწარებული ვარ მასზე, მაგრამ, ხანდახან მეცოდება კიდეც, რადგან, ერთი უპატრონო და უბედური არსება იყო – დედამისი ცალკე „დაგულაობდა“, მამამისი – ცალკე და ბავშვისთვის არც ერთს არ ეცალა, ხან ერთ ბებიას მიუგდებდნენ, ხან – მეორეს, ისინი კი, სიძისა თუ რძლის ჯიბრით, სახლიდან ხშირად აგდებდნენ ან ერთმანეთს ავალდებულებდნენ ბავშვის მოვლას. მოკლედ, ასეთი ყოფის გამო, ბიჭი გაბოროტდა და თვითონაც წავიდა ხელიდან და სხვებიც ჩაითრია.
ვანიკოს მშობლებმა რომ გაიგეს, რაც სჭირდა მათ შვილს, ჯერ აქ უმკურნალეს, შემდეგ კი უცხოეთში წაიყვანეს – უბანს და ქალაქს მოაშორეს. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა – ორი წლის შემდეგ ვანო აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული დაბრუნდა თბილისში. მალე ჩვენ დავქორწინდით და შვილებიც შეგვეძინა. ძალიან ბედნიერები ვიყავით, მსაგრამ, ის ნაძირალა ისევ გამოჩნდა, ისევ მოინდომა ჩემი ქმრის შეცდენა და, ვერაფერს რომ ვერ გახდა, ფულის გამოძალვა დაიწყო: ხან, ვითომ, სამკურნალოდ სჭირდებოდა თანხა, ხან რას იგონებდა და ხან – რას. ვანიკოსაც ეცოდებოდა და ხშირად აძლევდა ხოლმე ფულს, მაგრამ, იმ არაკაცმა თანდათან აუწია მაზანდას და ბოლოს შანტაჟიც დაიწყო. ჩემს ქმარს კი ვერ გავაგებინეთ, რომ ასეთ არაკაცთან სიბრალული არ გამოადგებოდა და ამაზე კინაღამ სერიოზულად ვიჩხუბეთ. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ეს ყველაფერი ჩემს სიძეს (დის ქმარს) ვუამბე, რომელიც პროკურატურაში მუშაობს (მანამდე არავის არაფერს ვეუბნებოდი, რადგან, ვანოსგან მქონდა აკრძალული). იმანაც, მიხედა ამ საქმეს და გაირკვა, რომ ამ საშინელ არაკაცს უამრავი დანაშაული ჰქონია ჩადენილი, მათ შორის ძარცვა და ადამიანის გატაცება გამოსასყიდის მოთხოვნით. ჰოდა, მიაბრძანეს, სადაც საჭიროა. მოგვიანებით მეზობლებისგან გავიგე, დედამისს უთქვამს, იმან გაიხაროს, ვინც ჩემი შვილისგან ქვეყანა მოასვენაო. ან, ამისთანა დედას რა უნდა ელაპარაკო – ვითომ თავისი ბრალი არ არის, რომ მისი შვილი ასეთი გახდა. იმ ქალისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ კი ნამდვილად დავისვენეთ. თანაც, მარტო ჩვენზე კი არა, თურმე სხვებზეც იყო შეჩენილი და ათასგვარ სიბინძურეს სჩადიოდა, მაგრამ, კარგა ხანს ვერავის ვეღარაფერს დაუშავებს.
გვანცა, 29 წლის.