ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა სახის პროცედურებია გასავლელი იმისთვის, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა პირმა მიიღოს ნებართვა პრობაციის სამსახურისაგან უცხოეთში გასამგზავრებლად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ უცხოეთში გამგზავრების შესახებ მსჯავრდებულის წერილობით განცხადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს პრობაციის ბიუროს უფროსი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსთან წერილობითი შეთანხმებით. პრობაციის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება მსჯავრდებულს ეცნობება წერილობით, პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. წერილობით განცხადებას პრობაციის ბიუროს უფროსი განიხილავს დაჩქარებული წესით, 2 სამუშაო დღის ვადაში, მსჯავრდებულის მიერ დაჩქარებული მომსახურების საფასურის – 200 ლარის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩარიცხვის საფუძველზე. უცხოეთში გამგზავრების შესახებ მსჯავრდებულისათვის უარის თქმის შემთხვევაში დაჩქარებული მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება.
კითხვა: გთხოვთ მაცნობოთ რა თანხაა განსაზღვრული კანონით გადასახდელად იმ შემთხვევაში, როდესაც პირობით მსჯავრდებული პირი ტოვებს ქვეყნის საზღვრებს და მიემგზავრება უცხოეთში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მსჯავრდებულს უცხოეთში გამგზავრების შემთხვევაში ეკისრება საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა შემდეგი ოდენობით: ერთ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 600 ლარი; ერთიდან სამ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 1 200 ლარი; სამიდან ექვს თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2 000 ლარი; ექვსიდან ცხრა თვემდე ვადით გამგზავრებისას – 2 700 ლარი; ცხრიდან თორმეტ თვემდე ვადით გამგზავრებისას – 3 400 ლარი.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირებისთვის დაკისრებული რომელი სახის ვალდებულებების აღსრულებას უზრუნველყოფს პრობაციის სამსახური?
პასუხი: გაცნობებთ, რომ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტების აღსრულებას: სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ; სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ; სასჯელის სახით თავისუფლების შეზღუდვის შესახებ; პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ; სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ (ორსული ქალისათვის – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე). დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება აგრეთვე განრიდების სუბიექტის მიერ ნაკისრი საზოგადოებისთვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება.
კითხვა: ვარ პირობით მსჯავრდებული პირი ნარკოტიკების მოხმარებისთვის და ყოველ კვირას დავდივარ პრობაციაში. არასდროს დამირღვევია რეჟიმი, მაგრამ, ჩემთვის მოულოდნელად, პრობაციის ოფიცერმა მომთხოვა ნარკოტიკების მოხმარებაზე შემოწმება. გთხოვთ, მაცნობოთ აქვს თუ არა პრობაციის ოფიცერს ამის უფლება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს პერიოდულად ან გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს შესაბამისი ნარკოლოგიური შემოწმების 5 სამუშაო დღის განმავლობაში გავლა და სათანადო დასკვნის წარმოდგენა. თუ მსჯავრდებულს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გარდა მსჯავრდებულის მიერ ამ ნივთიერების სამკურნალო მიზნით მოხმარებისა, პრობაციის ბიურო ვალდებულია, ეს ფაქტი აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
კითხვა: მართალია, პრობაციაში გამოვცხადდი დროულად, მაგრამ, ვიყავი ოდნავ ნასვამ მდგომარეობაში. რეჟიმი არასდროს დამირღვევია, მაგრამ, იმის გამო, რომ მცირედ მქონდა ალკოჰოლი მიღებული, ჩემ მიმართ განხორციელდა სანქციები და დამიმძიმდა რეჟიმი. გთხოვთ, მაცნობოთ, აქვს თუ არა პრობაციის სამსახურს ამის უფლება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ მსჯავრდებული პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, არ ემორჩილება პრობაციის ოფიცრის კანონიერ მოთხოვნას ან არაკორექტულად იქცევა, პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია, პრობაციის ბიუროს უფროსთან შეთანხმებით, მსჯავრდებული გადაიყვანოს განსაკუთრებულ რეჟიმზე, რაც გულისხმობს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას მსჯავრდებულის არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში, კვირაში არაუმეტეს სამჯერ გამოცხადების ვალდებულებას.