სერიული მანიაკები
დევი დევიძე წყვეტილად ლაპარაკობდა. დროდადრო ჩერდებოდა. კედელზე ერთ წერტილს ჩააშტერდებოდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო და შემდეგ ისევ განაგრძობდა ლაპარაკს.
– ნონას პირველად ჩემი ძმის სახელოსნოში შევხვდი. გამიკვირდა სკოლის მოსწავლის მასთან ნახვა. რამაზი ყოველთვის გაურბოდა ახალგაზრდა გოგონებთან ურთიერთობას. მაგრამ, მან ამიხსნა, რომ ის მხოლოდ მოდელი იყო. გოგონა ძალიან მომეწონა – კონტაქტური იყო, მხიარული. მალე გამოვნახეთ საერთო ენა. იმ საღამოს მე და რამაზმა სახლამდეც მივაცილეთ. შემდეგ რამდენჯერმე კიდევ შევხვდი მას რამაზის სახელოსნოში. მასთან უფრო დაახლოება მსურდა. სახელოსნოს გარეთ ვთავაზობდი შეხვედრას, მაგრამ უდროობას იმიზეზებდა და უარით მპასუხობდა. ეს ძალიან მაღიზიანებდა. არ მახსოვს, რომ რომელიმე გოგოს უარი ეთქვას ჩემთან შეხვედრაზე...
– რატომ? – მოულოდნელად ჰკითხა ანამ.
– რა ვიცი... – მხრები აიჩეჩა დევიმ, – უბრალოდ ძალიან სიმპათიური ვარ. გოგონებს მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა.
– ყველა სიკეთესთან ერთად, ნარცისიზმითაც ყოფილხარ დაავადებული, – ცივი ირონიით ჩაილაპარაკა ანამ.
– რა არის ნარცისიზმი? – გაუბედავად ჰკითხა დევიმ.
– ის, რაც შენ გჭირს! – მოკლედ მოსჭრა ანამ.
– რა მოხდა იმ დღეს? თუ ნონა უარს გეუბნებოდა შეხვედრაზე, როგორ აღმოჩნდა შენთან ერთად თბილისის ზღვაზე? – გამოკითხვა განაგრძო მირიანმა.
– იმ დღეს რამაზის სახლში ვიყავი. თორმეტი საათი იქნებოდა, ვიღაცამ დაურეკა და აცნობა, რომ მისი მეგობარი გურჯაანში ავარიაში მოჰყვა და საავადმყოფოში იმყოფებოდა. რამაზი რამდენიმე ნაცნობს დაუკავშირდა. ცოტა ხანში ისინი მის სახლში მოგროვდნენ. ითათბირეს და გურჯაანში გაემგზავრნენ. წასვლის წინ რამაზმა სახლში დარჩენა მთხოვა...
– რისთვის? – ჰკითხა მირიანმა.
– სამუშაოდ საღებავების პარტია ჰქონდა შეკვეთილი, რომელიც შუადღისთვის უნდა მოეტანათ. საღებავები ორი საათისთვის მოიტანეს. მე უწყისზე მოვაწერე ხელი და საღებავები სახელოსნოში დავაბინავე.
– გასაგებია, – თქვა მირიანმა, – დავუბრუნდეთ ნონას. როგორ შეხვდი გოგონას?
– თვითონ დარეკა.
– შენ დაგირეკა?
– არა, – თავი გაიქნია დევიმ, – სიჩქარეში რამაზს მობილური ტელეფონი სახელოსნოში დარჩა. როდესაც საღებავებს თაროებზე ვანაწილებდი, დარეკა ნონამ. ის და რამაზი შეხვედრაზე ყოფილან შეთანხმებული და ნონას აინტერესებდა, ეცალა თუ არა რამაზს.
– რა უპასუხე? – ჰკითხა მირიანმა.
– ნონა ვერ მიხვდა, მე რომ მელაპარაკებოდა. იმ დღეს არაფერი მქონდა დაგეგმილი. გადავწყვიტე, ორიოდე საათი მასთან გამეტარებინა. ნონამ მითხრა, ამჟამად მეტრო „დელისთან“ ვარო. მე ვთხოვე, დამლოდებოდა.
– და მასთან შესახვედრად რამაზის მანქანით წახვედი?
– დიახ... ვგრძნობდი, რომ რამაზის სახელით საუბარს არ მომიწონებდა და ჩემთან აღარ დარჩებოდა. ჩემს ძმას კი ნათქვამი ჰქონდა, რომ მას ძალიან მოსწონდა მანქანით სეირნობა. ამიტომაც შეხვედრაზე მანქანით წავედი... – დევიმ შუბლი მოისრისა და ლაპარაკი განაგრძო, – ნონა მეტრო „დელისთან“ იდგა. მანქანა შორიდანვე შენიშნა. ხელი დამიქნია და მანქანისკენ წამოვიდა. როდესაც საჭესთან მე შემნიშნა, გაოცებული შედგა. მე მანქანიდან გადმოვედი და მივესალმე.
– სად არის რამაზი? – მკითხა მან.
მე ავუხსენი, რომ რამაზს გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და მასთან შეხვედრა თავად მთხოვა.
– რამაზმა ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა? – გაუკვირდა ნონას.
– რამაზს თბილისიდან გასვლა დასჭირდა. რადგან შეთანხმებულები იყავით, მანქანა მომცა და შენთან გამომგზავნა. თან მთხოვა, რომ მართვის გაკვეთილი ჩაგიტარო, – ვუპასუხე მე.
– საჭესთან დამსვამ? – თვალები გაუბრწყნდა ნონას.
– რამაზი ხომ გსვამდა საჭესთან? – ვკითხე მე.
– მსვამდა, – თავი დამიქნია ნონამ.
– მაშინ რა გიკვირს? მეც დაგსვამ, მაგრამ ქალაქში არა. პოლიციამ თუ დაგვიჭირა, რამაზს მოზრდილ ჯარიმის ააკრავენ და შემდეგ ვერც ერთი ვერ გადავურჩებით, – ვიხუმრე მე... ამის შემდეგ ნონას აღარაფერი უკითხავს. მშვიდად ჩაჯდა მანქანაში.
– როგორ და სად შეხვდი აბულაძეს და როგორ მოხვდით თბილისის ზღვაზე? – ჰკითხა მირიანმა.
– მანქანის მართვის სასწავლებლად ყველაზე მოხერხებული ადგილი თბილისის ზღვაზე მეგულებოდა. იქ სპეციალური, მონიშნული მოედანია მოწყობილი, მოსახვევებით, და შესაჩერებელი ადგილებით. გადავწყვიტე იქ წავსულიყავით. თანაც, რამაზს ნონა იქ რამდენჯერმე ჰყავდა მიყვანილი. ნონა სიხარულით დამეთანხმა, როცა ავუხსენი, თუ სად ვაპირებდი მის წაყვანას. გზად ზურა შემხვდა...
– ერთი წუთით, – შეაწყვეტინა მირიანმა, – დააზუსტე, საიდან იცნობ აბულაძეს და კონკრეტულად სად შეგხვდა?
– ჩემი თანაკურსელია. ორი წელია, ვმეგობრობთ. ზურა ტექნიკურ უნივერსიტეტთან შემხვდა. მან პირველმა შემამჩნია, თორემ არ შევჩერდებოდი. მარტოს მინდოდა ნონასთან ყოფნა. როდესაც ზურამ შეიტყო სადაც მივდიოდით, თავადაც მოისურვა ჩვენთან ერთად წამოსვლა. არ მესიამოვნა, მაგრამ უარი მაინც არ ვუთხარი. არ ღირდა ასეთი წვრილმანისთვის მისი განაწყენება. გადავწყვიტე, რომ უკან დაბრუნებისას ნონას რომელიმე კაფეში დავპატიჟებდი, სადაც მასთან საუბარს შევძლებდი. გზად ზურაბმა მთხოვა, დიდუბეში, მის სახლში შეგვევლო, რაღაცის დატოვება სურდა. მე ასეც მოვიქეცი და საბურთალოდან დიდუბისკენ გავაგრძელე გზა. მალე მის სახლთან ვიყავით. ზურამ მე და ნონა შინ შეგვიპატიჟა. მაგრამ ნონამ უარი თქვა. მაშინ ზურამ მე მთხოვა მასთან ასვლა. მე დავეთანხმე. ნონა მანქანაში დარჩა. ზურას ბინაში დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავატარე. მთელი ამ დროის განმავლობაში ის ნონას შესახებ მეკითხებოდა. აინტერესებდა ვინ იყო, საიდან ვიცნობდი და რა ურთიერთობა მქონდა მასთან.
– კონკრეტულად რა გაინტერესებს? – ვკითხე მე.
– როგორი გოგოა? ისეთი ხომ არაა? – თვალი ჩამიკრა ზურამ.
– არა. რამაზის მოდელია. თან დიდი უკარებაა. ვერაფრით დავითანხმე შეხვედრაზე. მანქანები უყვარს და დღეს იმიტომაც გამომყვა, – ვუპასუხე მე.
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, მე რომ ვცადო? – მკითხა ზურამ.
– შენს ქალებს მიხედე. ამასთან მე თვითონ გავარკვევ ურთიერთობას, – გავბრაზდი მე.
– შენ იცი. ისე კი შანსი რომ გქონოდა, საქმეს აქამდე მოაგვარებდი! – გაიცინა ზურამ... – ამ დროს ეზოდან ყვირილი, უფრო სწორად, ლანძღვა-გინება მოისმა. მე და ზურამ ფანჯრიდან გადავიხედეთ. ნანახმა შოკში ჩამაგდო. რამაზის მანქანა ზურას მეზობლის ავტომობილს იყო დაჯახებული. ნონა იქვე იდგა. მანქანის პატრონი კი გააფთრებული გაჰყვიროდა. ჩვენ მაშინვე მოვშორდით ფანჯარას და სირბილით დავეშვით ეზოში. მომხდარი იქ გავარკვიეთ. თურმე რამაზის მანქანა მეზობლის ავტომობილს გავლის საშუალებას არ აძლევდა. ნონამ მანქანის წინ გაწევა მოინდომა. მაგრამ საჭე გაექცა და მეზობლის მანქანას გვერდზე გაეხახუნა. ორივე მანქანა დაზიანდა – კარებებზე თვალში საცემი ნაფხაჭნები ჩანდა. ზურამ მაშინვე გვერდზე გაიყვანა მეზობელი და მის დამშვიდებას შეუდგა. მე კი ნონას ვტაცე ხელი, სადარბაზოში შევიყვანე და... – დევი გაჩუმდა და იატაკს ჩააჩერდა.
– და... – ჩაურთო მირიანმა.
– ძალიან გაბრაზებული ვიყავი. შემიძლია ვთქვა, რომ თავს კონტროლს ვეღარ ვუწევდი. რამაზი ძალიან გაბრაზდებოდა, მანქანას ასეთ მდგომარეობაში რომ ნახავდა და მომავალში ახლოსაც აღარ მიმაკარებდა. მხოლოდ მანქანაშიც არ იყო საქმე. ის განსაკუთრებით ვერ იტანს ტყუილს. მენდო და სახლისა და მანქანის გასაღებები დამიტოვა. მე კი... სიმართლის თქმაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო. იმას, რომ ნონამ დააზიანა მანქანა, ვერასოდეს ვეტყოდი. თუმცა, ჩემთვის მანქანის დაუკითხავად წაყვანაც დანაშაული იყო.
– რა მოხდა სადარბაზოში? – ჰკითხა მირიანმა.
– ისეთი გაბრაზებული ვიყავი, რომ ყველაფერი არც კი დამამახსოვრდა. მხრებში ხელები ვტაცე... ვანჯღრევდი და ვუყვიროდი. მგონი, შევაგინე კიდეც.
– ხომ არ დაარტყი?
– არა, – სწრაფად თქვა დევიმ, – ხელი არ დამირტყამს. მაგრამ ის ყვირილიც საკმარისი იყო. ნონა ძალიან შეშინდა. გაფართოებული თვალებით მიყურებდა და ხმას არ იღებდა.... ცოტა ხნის შემდეგ სადარბაზოში ზურა შემოვიდა. მე თავი გავანებე ნონას და მას მივუბრუნდი.
– მოკლედ რომ ვთქვა, საქმე ასეა. მეზობელი დავაშოშმინე, მაგრამ მანქანის გაკეთებას ითხოვს, – მითხრა მან.
– რა დროს მისი მანქანაა. რამაზი დღეს საღამოს თუ არა, ხვალ შუადღემდე მაინც დაბრუნდება. მანქანას ასეთ მდგომარეობაში ვერ დავახვედრებ, – ვუპასუხე მე.
– ოო... ეს უკვე პრობლემაა... ფული გაქვს? – მკითხა ზურამ.
– ას ლარამდე მექნება, – ჯიბეები მოვიჩხრიკე მე.
– ორმოცი ლარი მე მაქვს. ლოტკინზე ნაცნობი ხელოსანი მყავს. ფული თუ არ გვეყო, დაგვაცდის. ავიდეთ. ჯერ შენი საქმე მოვაგვაროთ. მეზობლის მანქანას მერე მივხედავთ, – შემომთავაზა ზურამ... – მე მაშინვე დავეთანხმე. მანქანა სერიოზულად არ იყო დაზიანებული. მძღოლის მხარეს, კარსა და ფრთაზე გრძელ ზოლებად ჰქონდა ამძვრალი საღებავი. მეთუნუქის ჩარევა არც კი სჭირდებოდა. მხოლოდ ზედაპირის მომზადება და შეღებვა ეყოფოდა. რამაზი ვერასდროს შეიტყობდა მომხდარის შესახებ. იმ მომენტში ეს საუკეთესო გამოსავლად მეჩვენებოდა... – საუბრის დროს ნონა ჩვენს გვერდით იდგა და ყურადღებით გვისმენდა. მანქანაში ჩასხდომა რომ დავაპირეთ, მან წასვლა სცადა, მაგრამ მე ამის საშუალება არ მივეცი, – განაგრძობდა დევი.
– რატომ? – დაინტერესდა მირიანი, – რა საჭირო იყო, მისი სახელოსნოში წაყვანა?
– მინდოდა, საკუთარი თვალით ენახა თუ რა მდგომარეობაში ჩამაყენა. თანაც, მასთან მოლაპარაკება იყო საჭირო, რომ ენისთვის კბილი დაეჭირა და რამაზისთვის არ ეთქვა მომხდარის შესახებ, – უპასუხა დევიმ, – მაგრამ ნონამ წინააღმდეგობა გამიწია. დაჟინებული იმეორებდა, რომ აუცილებლად უნდა წასულიყო, რადგან მალე დედა მოიკითხავდა და ძებნას დაუწყებდა. რა თქმა უნდა, ის ჩემს მოტყუებას ცდილობდა. ეს შემთხვევა რომ არ მომხდარიყო, ის სრულიად მშვიდად გამომყვებოდა თბილისის ზღვაზე და საერთოდ არ გაიხსენებდა დედას. ამით გაღიზიანებულმა, ნონას მკლავში ვწვდი, ძალით ჩავსვი მანქანაში და მობილური ტელეფონიც წავართვი, რათა ვინმესთვის არ დაერეკა.
– შეაკეთეთ მანქანა? – ჰკითხა მირიანმა.
– შევაკეთეთ, მაგრამ ღამით.
– რატომ? რამ შეგიშალათ ხელი?
– ზურას ნაცნობი ხელოსანი დაკავებული აღმოჩნდა. სასწრაფო შეკვეთა ჰქონდა მიღებული. თანაც, მანქანის პატრონიც იქ იყო. ასე რომ, ჩვენთვის ვერ მოიცლიდა. ზურა დიდი ხანი ეხვეწა – აუხსნა, რომ დაზიანებულ მანქანას სახლში ვერ მივიყვანდი. საბოლოოდ, ის მაინც დავითანხმეთ, მაგრამ ჩვენს მანქანას მხოლოდ მაშინ მოკიდებდა ხელს, როცა შეკვეთას დაასრულებდა. ამისთვის კი მას საღამოს შვიდ საათამდე უნდა ემუშავა. მხოლოდ ამის შემდეგ მოიცლიდა ჩვენთვის.
– ეს რომელ საათზე ხდებოდა? – ჰკითხა მირიანმა.
– დაახლოებით ოთხი საათისთვის, – უპასუხა დევიმ.
– სად წახვედით შემდეგ?
– საღამოს შვიდ საათამდე სახელოსნოში არაფერი გვესაქმებოდა. იქიდან გამოვედით და თბილისის ზღვისკენ გადავინაცვლეთ, – თქვა დევიმ.
– ვის ეკუთვნოდა ეს იდეა?
– ზურას... კარგი ამინდია. ზღვაზე გადავიდეთო.
– რა მოხდა შემდეგ? – ჰკითხა მირიანმა, როგორც კი დევი გაჩუმდა.
– ზურამ თავისკენ შეაბრუნა ნონა და უთხრა: ხედავ რა შარში გაგვხვიე. როგორ გგონია, ხელოსანს ვინ უნდა გადაუხადოს ფულიო... ნონამ მზერა აარიდა. შესანიშნავად ხვდებოდა, რასაც გულისხმობდა ზურა, მაგრამ არ უნდოდა ამაზე საუბარი. ზურა არ მოეშვა. ისევ და ისევ უმეორებდა კითხვას. საბოლოოდ, ნონა მაინც მოტყდა და თქვა, რომ დედას სთხოვდა ხელოსნისთვის მისაცემ ფულს.
– არ გვინდა ახლა დედიკოები და ბებიკოები, – გაეცინა ზურას, – გადასახდელი იმან უნდა გადაიხადოს, ვინც მანქანა დაამტვრია!
– მე ფული არ მაქვს, – გაუბედავად ჩაილაპარაკა ნონამ.
– ვიცი, მაგრამ სხვანაირადაც შეგვიძლია ამ საქმის მოგვარება, – გაიცინა ზურამ და ნონას ლოყაზე მოეფერა...
ნონას არაფერი უთქვამს. უბრალოდ მოიბუზა და მის ხელს გაერიდა.
– ხედავ, როგორ გაიტრუნა. არც ისეთი ანგელოზია, როგორც შენ გგონია. დარწმუნებული ვარ, მისთვის არც პირველი იქნება და მით უმეტეს არც უკანასკნელი, – გადმომილაპარაკა ზურამ და ამასთან ერთად ხელით მიმანიშნა მიმართულება, – იქ შეუხვიე. მყუდრო ადგილია.
მე ასეც მოვიქეცი. მანქანა გზატკეცილიდან გადავიყვანე და ზღვისკენ დავეშვი. მალე ხშირ ბუჩქნარში აღმოვჩნდით. ირგვლივ არავინ მოჩანდა. მხოლოდ საპირისპირო ნაპირზე რამდენიმე მამაკაცი თევზაობდა. მაგრამ ასეთ მანძილზე ისინი ვერც კი შეამჩნევდნენ ბუჩქებში მიმალულ მანქანას. ზურამ ნონა მანქანიდან გადმოიყვანა. ის ისე იყო შეშინებული, ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა. გაფართოებული თვალებით გვიყურებდა და ნელ-ნელა უკან იხევდა. ზურამ გონს მოსვლა არ აცალა. მკლავში სწვდა, ბუჩქნარის სიღრმეში შეათრია და მე დამიძახა: შენი მოყვანილია და თუ გინდა პირველობას დაგითმობო!.. – თქვა დევიმ და ისევ იატაკს ჩააჩერდა, – არა... არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი. გთხოვთ, თავი გამანებეთ...
– მართლა?! – გაღიზიანდა გიორგი, – შენი აზრით, ვინ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, შენ თუ ნონა?! იქნებ ის გეხვეწებოდათ: თავი არ გამანებოთო!
– არ შემიძლია, – უღონოდ ჩაილაპარაკა დევიმ.
– კარგი.... დეტალებს არ ჩავუღრმავდებით. უბრალოდ მიპასუხე. გააუპატიურე თუ არა ნონა? – ჰკითხა მირიანმა.
– ჰო... – მძიმედ ჩაილაპარაკა დევიმ, – გავაუპატიურე.
– შენმა მეგობარმა?
დევიმ გაუბედავად გახედა ანას, რომელიც მოღრუბლული უსმენდა და შემდეგ თქვა:
– მანაც გააუპატიურა.
– ესე იგი, შენს შემდეგ? – ჰკითხა მირიანმა.
– დიახ, – დაუდასტურა დევიმ.
– არ შემიძლია ამის მოსმენა. გარეთ გავალ! – მღელვარედ თქვა ანამ. ადგა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
მირიანმა ჩაფიქრებული მზერით გააცილა და ისევ დევის მიუბრუნდა:
– რომელმა სცემეთ ნონას?
– ეს ცემა არ იყო. ერთი ორჯერ წამოვარტყი. სხვანაირად ვერ გავაჩერე. ჩემთვის სახის დაკაწვრას ცდილობდა.
– უჰ, შენი!.. – კბილები გაახრჭიალა გიორგიმ და სკამიდან წამოიწია.
დევი სწრფად გადაიხარა და ადვოკატს მიეკრა, რომელიც გვერდზე ეჯდა.
– მშვიდად! – მირიანმა შეძახილით შეაჩერა გიორგი და შემდეგ დერეფანში გასვლა სთხოვა, სადაც უკვე იმყოფებოდა ანა.
გიორგიმ ბრაზით აღსავსე მზერა ესროლა მობუზულ დევის. მერე შებრუნდა, დერეფანში გავიდა, ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და სიგარეტი მოიმარჯვა. ანა გვერდით მიუჯდა და ჰკითხა:
– შენც ვერ გაუძელი?
– არა. მირიანმა გამომაგდო.
– სერიოზულად დავფიქრდი, სწორი არჩევანი გავაკეთე თუ – არა, – ჩაილაპარაკა ანამ.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა გიორგიმ.
– ყოველივე ამასთან შეგუება შეუძლებელია. არა მგონია, ოდესმე დამავიწყდეს ეს საქმე. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, მუდამ მემახსოვრება, რომ ამქვეყნად ასეთი ნაძირლები არსებობენ, – ამოიოხრა ანამ.
– არ დაგავიწყდება. ასეთ საქმეს არასოდეს შევხვედრივარ და არც მსმენია, – დაეთახმა გიორგი და დასამშვიდებლად მხარზე მოხვია ხელი.
ამასობაში კაბინეტში დევის დაკითხვა გრძელდებოდა.
– როდესაც ამ საქმეზე მიდიოდით, იმაზე თუ დაფიქრდით, რომ ნონა პოლიციას მიმართავდა? – თქვა მირიანმა.
– ზურამ დამარწმუნა, რომ მაგ გოგოს მე მოველაპარაკებიო. ყველანი ერთნაირები არიან. თავიდან წაიტირებენ, შემდეგ გაიტრუნებიან. ამაში ორი-სამი დღის შემდეგ თავად დარწმუნდები, როდესაც თვითონ მოგაკითხავსო.
– საინტერესო თეორიაა, – ადვოკატს გახედა მირიანმა, – შენ რას იტყვი?
ერეკლეს არაფერი უთქვამს. მხოლოდ უკმაყოფილოდ გაიქნია თავი.
– ნონა რატომ მიატოვეთ თბილისის ზღვაზე? – განაგრძო მირიანმა.
– არ მიგვიტოვებია, – ყრუდ ჩაილაპარაკა დევიმ.
– არ მიგიტოვებიათ?! – გაუკვირდა მირიანს, – მაშინ როგორ აღმოჩნდა ის მარტო?
– ნონა ვიღაც ტიპებმა წაგვართვეს, – უპასუხა დევიმ.
– რას ნიშნავს, წაგვართვეს?! – ბრაზი მოერია მირიანს, – რაიმე ნივთზე ლაპარაკობ თუ ცოცხალ ადამიანზე?!
– რა ვქნა. ასე იყო, – მზერა აარიდა დევიმ.
– დაწვრილებით მომიყევი, რა მოხდა იქ?
– ზურა ნონასთან ერთად დარჩა ბუჩქებში. მე მანქანასთან დავბრუნდი. მოულოდნელად ოთხი ტიპი მომადგა.
– მოიცადე. ვინ იყვნენ, როგორ გამოიყურებოდნენ?
– უსიამოვნო ტიპები იყვნენ. ასაკით ოცდაოთხი-ოცდახუთი წლისანი. ასეთებს ნებისმიერი უბნის ბირჟაზე შეხვდები. ნაღდად დაბოლილები იყვნენ. თვალები ჩაწითლებული ჰქონდათ. აგრესიულად იქცეოდნენ.
– ესე იგი, წარმოდგენა არა გაქვს ვინ იყვნენ ისინი? – ჰკითხა მირიანმა.
– არა, – თავი გაიქნია დევიმ.
– რაიმე ხომ არ დაგამახსოვრდა? მაგალითად, რომელიმეს სახელი, ან რაიმე განსაკუთრებული ნიშანი.
– ჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ. ჯინსები და მაისურები ეცვათ და... – დევი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ სწრაფად დაამატა, – ერთს მარჯვენა ლოყაზე მოზრდილი, მუქი შინდისფერი ხალი ჰქონდა.
– რა ფორმის და რა ზომის?
დევი კალამს გადასწვდა, ფურცელზე შეჭყლეტილი ელიფსი შემოხაზა და მერე თქვა:
– ასეთი იყო. თითქმის მთლიანად უფარავდა ყვრიმალს.
– როგორ წაგართვეს ნონა? – გამოკითხვა განაგრძო მირიანმა.
– თავიდან გამოკითხვა დამიწყეს: როგორ მოხვდით აქ?.. ვინ არის ის ქალიო?.. მე ვთხოვე, თავი გაენებებინათ ჩვენთვის. მაგრამ, ერთ-ერთმა მათგანმა დანა მოიმარჯვა და ჩემსკენ წამოვიდა. მე უკან დავიხიე. ამასობაში ჩვენი ხმა ზურას მისწვდა. მან ნონას თავი მიანება და ჩვენსკენ წამოვიდა, მაგრამ როგორც კი ერთ-ერთი მათგანის ხელში დანა შენიშნა, მანქანისკენ გაიქცა. თან მიყვიროდა: დროზე დავახვიოთო! მე არ მინდოდა ნონას დატოვება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ოთხ კაცთან ვერაფერს გავაწყობდი. თანაც, მათ დანები ჰქონდათ და როგორც ვატყობდი, უკან დახევას არ აპირებდნენ. რომ გავჯიუტებულიყავი, შეიძლება რამე დაეშავებინათ ჩვენთვის.
– ესე იგი, უბრალოდ გაიქეცით!
– გავიქეცით... მანქანაში ჩავსხედით და სასწრაფოდ მოვშორდით იქაურობას.
მირიანმა უკმაყოფილოდ გაიქნია თავი და შემდეგ ჰკითხა:
– რომელი საათი იქნებოდა?
– დაახლოებით ექვსი.
– სად წახვედით იქიდან?
– სახელოსნოში. ხელოსანმა ხომ შვიდი საათისთვის დაგვიბარა.
– სახელოსნოში?! – მოიღრუბლა მირიანი, – ესე იგი, იმ დროს შენთვის მანქანა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნონა?!
– ხომ გითხარით. ისინი ოთხნი იყვნენ და დანებიც ჰქონდათ, – მოიბუზა დევი, – მათთან ვერაფერს გავაწყობდით.
– შეგეძლო პოლიციაში დაგერეკა.
– როგორ უნდა დამერეკა პოლიციაში? პოლიცია ხომ ჩვენც დაგვაპატიმრებდა.
– უკეთეს გამოსავლად უმწეო გოგონას მოძალადეებთან დატოვება ჩათვალე?! – ცივად თქვა მირიანმა.
დევიმ თვალი აარიდა და თავი ჩახარა.
– ყოველივე ამის შემდეგ, მანქანა შეაკეთე და მშვიდად წახვედი სახლში?
დევიმ უხმოდ დაუქნია თავი.
– და საერთოდ არ დაინტერესებულხარ, რა შეემთხვა ნონას?!
– მაინტერესებდა. ზურასაც სურდა მასთან დაკავშირება, მაგრამ ვერ გავბედეთ. შემდეგ კი... – დევიმ გაუბედავად შეხედა მირიანს და დაამატა, – შემდეგ კი ტელევიზიით მოვისმინე, რომ თბილისის ზღვაზე გოგონა აღმოაჩინეს. გადაცემისას მისი ვინაობის შესახებ არაფერი უთქვამთ, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ნონა იყო.
– ერთი რამ ამიხსენი. რისი მოლოდინი გქონდათ? ვერ ხვდებოდით, რომ შემთხვევის თაობაზე აუცილებლად აღიძვრებოდა სისხლის სამართლის საქმე. დაიწყებოდა გამოძიება და ადრე თუ გვიან, მაინც მოგიწევდათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა?!
– არ ვიცოდით, რა უნდა მოგვემოქმედებინა. ჩვენ საავადმყოფოშიც კი მივედით. იქ ზურას ნაცნობი მუშაობს. მისი დახმარებით შევიტყვეთ, რომ ნონა უგონოდ იყო.
– და იმედი გაგიჩნდათ, რომ ვეღარასოდეს მოეგებოდა გონს?!
დევიმ მზერა აარიდა და სახე ხელებში ჩარგო.
– შენმა ძმამ იცოდა მომხდარის შესახებ? – ჰკითხა მირიანმა.
– არა, – სახიდან ხელების მოუშორებლად უპასუხა დევიმ, – ამას ვერასოდეს გავუმხელდი.
– კარგი... დღეისთვის საკმარისია. მოგვიანებით, ისევ დაგკითხავ... ხომ ხვდები, რომ სახლში ვეღარ დაბრუნდები. დღესვე გადაგიყვანენ წინასწარი დაკავების საკანში. შემდეგ სასამართლო იმსჯელებს შენს მომავალზე, – თქვა მირიანმა და დაკითხვის ოქმი წასაკითხად და ხელის მოსაწერად ერეკლეს გაუწოდა.
მან ჩაფიქრებული სახით დახედა ოქმს. მერე კი მოულოდნელად ადგა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაბინეტიდან.
* * *
რამაზი და ოჯახის რამდენიმე ახლობელი პროკურატურის სიახლოვეს იდგნენ. ადვოკატის დანახვისას რამაზი ახლობლებს გამოეყო, ერეკლეს მიუახლოვდა და სწრაფად ჰკითხა:
– როგორაა საქმე?
– ცუდად... ძალიან ცუდად, – უპასუხა მან, – შენს ძმას ძალიან მძიმე ბრალდება უმტკიცდება.
– ნუ აჩქარდები. ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.
– დაკითხვაზე ჩემს გვერდით რომ ყოფილიყავი, სხვა თვალით შეხედავდი ყველაფერს. უეჭველია, რომ გოგონა შენმა ძმამ და მისმა მეგობარმა გააუპატიურეს. დევიმ საკმაოდ დეტალურად აღწერა მომხდარი.
– აიძულეს არა?! – ბრაზი მოერია რამაზს.
– ნუ ამლაშებ! – ცივად უპასუხა ერეკლემ, – მთელი ამ დროის განმავლობაში მის გვერდით ვიყავი. მართლაც გამაოცა მირიანის თავშეკავებამ. დევისთვის ერთხელაც არ მიუმართავს უდიერად. იძულებაზე ლაპარაკი კი საერთოდ ზედმეტია!
– კარგი. ვთქვათ მართლაც ასეა. რისი გაკეთება შეგვიძლია? – ჰკითხა რამაზმა.
– შეგვიძლია?! – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ერეკლემ.
– ჰო... აბა, ასე ხომ არ მივატოვებ ბავშვს. გულხელდაკრეფილი ხომ არ დაველოდები, როდის გაისტუმრებენ ციხეში ხუთი ან შვიდი წლით?!
– ილოცე, რომ მოსამართლე თხუთმეტ წელს მაინც დასჯერდეს!
– თხუთმეტს?! – დაიძაბა რამაზი.
– ჰო, თხუთმეტს. ეს მინიმუმია, რაც შეიძლება ასეთ საქმეზე მიუსაჯონ. მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე ოცწლიან პატიმრობას მიუსჯის! – უპასუხა ერეკლემ.
– სერიოზულად ამბობ ამას?
– სრულიად სერიოზულად. არასრულწლოვნის ჯგუფური გაუპატიურება... განსაცდელში მიტოვება, რასაც განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყა!..
– ამას არ დავუშვებ! – სწრაფად წამოისროლა რამაზმა, – ჩემი მხრივ ყველაფრით ამოგიდგები მხარში. ფულსაც დავხარჯავ და ხალხსაც ჩავრევ. შენ კი, როგორც ადვოკატმა...
– კმარა! – ცივად შეაწყვეტინა ერეკლემ, – ჩემი იმედი ნუ გექნება!
– რაა?! – გაოცებული მზერა მიაპყრო რამაზმა.
– იურიდიულად ამის უფლება არ მაქვს, მაგრამ ყველა საქმეს აქვს მორალური მხარე! მოკლედ რომ ვთქვა, ამ საქმეზე უარს ვამბობ, – ამ სიტყვებთან ერთად ერეკლემ ჩანთიდან რამაზთან დადებული ხელშეკრულება ამოიღო, ფურცელი წვრილად დახია, იქვე, სანაგვეში ჩაყარა და დაამატა, – შეგიძლია მიჩივლო, რომ ვალდებულების შესრულებაზე უარს ვამბობ!
– დაფიქრდი, რას აკეთებ?! – შეუღრინა რამაზმა.
– დავფიქრდი... კარგად დავფიქრდი!.. მე ორი არასრულწლოვანი გოგონას მამა ვარ და მიმაჩნია, რომ შენი ძმის ადგილი ციხეშია! კარგად დაიმახსოვრე ეს, ახვარო!.. და კიდევ ერთი. იმ ფულს, რომელიც გადამიხადე, დღესვე დავაბრუნებ შენს ანგარიშზე! – სწრაფად დაასრულა ერეკლემ. შემდეგ კი თანამოსაუბრეს ზურგი შეაქცია და სწრაფი ნაბიჯით წავიდა მანქანისკენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში