კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

იქვე, რუსთავის სტროგაჩებში მოხდა ჩემი ქურდად კურთხევაც. როგორც ზურამ თქვა, ერთ დღეს მან ოცი ქურდი შეკრიბა ზონაში, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან სპეციალურად ამისთვის ჩამოვიდნენ და ერთხმად დამიჭირეს მხარი.

– ამ წუთიდან უკვე ოფიციალურად ხარ ჩვენი ძმა. გილოცავ, ქურდი ხარ! – მითხრა ზურამ და გადამეხვია.

სხვებთან ერთად ქურდობა ფიუნესამ და მერაბმაც მომილოცეს. მერაბი ზონიდან სვაბოდაზე რომ გადიოდა, თვალცრემლიანი გადამეხვია და მითხრა:

– ყველაფრისთვის მადლობელი ვარ შენი, კობრა, ძმაო. შენ რომ არა, ახლა მკვდარი ვიქნებოდი. გოგრასავით საქათმემდე არ მივიყვანდი საქმეს და თავს მოვიკლავდი. მე შენი ვალი მაქვს და, ვეცდები, გადავიხადო.

– ჩვენ ყველას, მათ შორის შენც, ღმერთის ვალი გვაქვს და ვეცადოთ, მას გადავუხადოთ ეს ვალი. აბა, შენ იცი, კარგად იყავი, – მივუგე მერაბს.

როგორც ჩანს, მერაბს ჭკუაში დაუჯდა ჩემი სიტყვები, ღვთისმსახური გახდა და დღესდღეობით ის ერთ-ერთი უმაღლესი სასულიერო პირია. სხვათა შორის, ეკლესიის წიაღს წარსულში ავტორიტეტულმა ბევრმა კრიმინალმა მიაკითხა, მანტიით შეიმოსა და კარგი მოძღვარი გახდა. მათ შორის არიან ქურდებიც, უფრო სწორად, ყოფილი ქურდები, რადგან, ჩვენი კანონების თანახმად, თუკი ქურდი სხვა სფეროში იწყებს მოღვაწეობას, ის, ავტომატურად ხდება არაქურდი... არაქურდობა სულაც არ ნიშნავს ცუდკაცობას. გააჩნია, რის გამო გადადის ქურდი არაქურდის სტატუსში. თუკი ქურდი პოლიციას შეეკრა, რა თქმა უნდა, მისი არაქურდობა მინუსის ნიშანია და ის ყველაზე მკაცრად დაისჯება, ხოლო, თუკი ქურდი ღვთისმსახურების გზაზე შედგება, მისი არაქურდობა პლუსის ნიშანია და ყოფილი კოლეგების მხრიდან ძველებურად დაფასებული იქნება.

არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთში მაღალი რანგის, ასაკოვანი სასულიერო პირი გარდაიცვალა, რომელიც უდიდესი პატივით დაკრძალეს. იმ პიროვნების რანგსა და სახელს შეგნებულად არ ვიტყვი და მხოლოდ მის მეტსახელს გავამხელ, რომელსაც ის წარსულში ატარებდა. წარსულში კი ეს პიროვნება უაღრესად ავტორიტეტული ქურდი იყო და „მარატს“ ეძახდნენ. მარატი მედვეჟატნიკი იყო, თანაც, ნეპმანური წრთობის და, უმკაცრესად იცავდა ქურდულ კანონებს. მას არანაირი კერძო საკუთრება არ გააჩნდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, არც სახლ-კარი და, ცოლ-შვილიც არ ჰყავდა. მარატი სოლიდური შემოსავლიდან თავისთვის მხოლოდ იმდენ ფულს იტოვებდა, რაც უფილტრო სიგარეტის, სალის, შავი პურისა და არყის საყიდლად ეყოფოდა. დანარჩენი ფულის ლომის წილს ის ქურდულ ობშჩიაკში რიცხავდა. აგრეთვე, ეხმარებოდა გაჭირვებულებს და უპატრონო, ქუჩის ბავშვებს. მარატს, ისევე, როგორც ყველა მის კოლეგას, რა თქმა უნდა, ჰყავდა ქალი. შავი სამყაროს წარმომადგენელთა უმრავლესობის ქალები ამავე სამყაროს წევრები არიან. მარატის ქალი კი, ულამაზესი რიტა, პროფესორის ერთადერთი ქალიშვილი იყო. რიტა მარატმა მორიგ სროკზე წასვლამდე ექვსი თვით ადრე გაიცნო და ინტიმური ურთიერთობა დაამყარა მასთან. ოთხი წლის შემდეგ, ციხიდან რომ გათავისუფლდა, რიტა მოიკითხა და შეიტყო, რომ ვაჟი ჰყავდა. მთელი უბედურება კი იმაში მდგომარეობდა, რომ დედა-შვილს რაღაც ავადმყოფობა სჭირდა და ორივე საწოლს იყო მიჯაჭვული. ექიმების თქმით, რიტას მდგომარეობა უიმედო იყო, ბავშვს კი მცირე, მაგრამ, მაინც ჰქონდა გადარჩენის შანსი. შვილსა და შვილიშვილს თავად ქვრივი პროფესორი პატრონობდა, რომელსაც მომვლელი ჰყავდა დაქირავებული. ერთ დღეს მარატი პროფესორის ბინას მიადგა ცოლ-შვილის მოსანახულებლად და, მიუხედავად იმისა, რომ პროფესორს მისი სახლში შეშვება არ უნდოდა, ის მაინც შევიდა.

– რა გესაქმებათ აქ, რატომ მოხვედით? – უთხრა მარატს პროფესორმა, რომელიც სწორედ მას ადანაშაულებდა თავისი ქალიშვილისა და შვილიშვილის უბედურებაში.

– ჩემი ცოლ-შვილის სანახავად, – მოკლედ მოუჭრა მარატმა პროფესორს, რომელმაც მას უთხრა:

– ქურდს ცოლ-შვილი არ ჰყავს. კანონით არ ეკუთვნის, შენ კი კანონიერი ქურდი ხარ.

 პროფესორის სიტყვებზე მარატს ჩაეცინა და მიუგო:

– ღმერთი ყველა კანონზე მაღლა დგას და მის საჩუქარზე უარის თქმა არ შეიძლება. სწორედ ღმერთმა მაჩუქა ცოლ-შვილი და მათ სანახავად მოვედი.

პროფესორი განზე გადგა, მარატი გაატარა და ჩაილაპარაკა:

– ღმერთი რომ გწამდეს და გწყალობდეს, ეს საცოდავები ასეთ დღეში არ იქნებოდნენ...

მარატმა კარგად გაიგონა პროფესორის სიტყვები, თუმცა, პასუხი არ გაუცია და რიტასა და ვაჟის სანახავად შევიდა საძინებელში. მარატი ყოველდღე აკითხავდა ლოგინს მიჯაჭვულ ცოლ-შვილს და უვლიდა მათ, მაგრამ, ერთი თვის შემდეგ რიტა გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან მარატს გაუღიმა და უთხრა. 

– გადაარჩინე შენი შვილი. ღმერთს შეევედრე, რომ ფეხზე დააყენოს ის და მისი სხეული და სული წამებისგან იხსნას.

რიტას მალე პროფესორიც თან მიჰყვა, რომელმაც ქალიშვილის სიკვდილს ვერ გაუძლო. ისიც მარატს ჩააკვდა ხელში.

– ყველაფერი მიპატიებია შენთვის. ერთს გთხოვ: რიტას საფლავს მიხედე და ღმერთი იწამე. იწამე, რომ შენი შვილი იხსნას წამებისგან, ფეხზე დააყენოს და გაახაროს...

მარატის ციხიდან გამოსვლიდან ორი თვე იყო გასული და მან უკვე ორი ადამიანი მიაბარა მიწას. ამ ხნის განმავლობაში მას ჭიანჭველისთვისაც კი არ დაუბიჯებია ფეხი და გულში სულ ლოცულობდა და ღმერთს შვილის გადარჩენას სთხოვდა. როდესაც პროფესორის ორმოცმა ჩაიარა, მარატი ერთი დღით ერთ ცნობილ მამათა მონასტერს ეწვია, მის წინამძღოლს თავისი ამბავი მოუყვა და უთხრა:

– რას მირჩევ, მამაო, რა ვიღონო, რომ ჩემი შვილი გადარჩეს?

– ღმერთს მორჩილების აღთქმა მიეცი და თუკი შეასრულებ, შენი შვილი სრულიად გამოჯანმრთელდება, – მიუგო მარატს მამათა მონასტრის წინამძღოლმა.

მარატმა იქვე დაუდო ღმერთს აღთქმა და მოსკოვში გაემგზავრა. ორი კვირის შემდეგ კი მონასტერში ავადმყოფ შვილთან ერთად დაბრუნდა და განცალკევებულ სენაკში დასახლდა მასთან ერთად. ზუსტად ერთი წლის თავზე კი სასწაული მოხდა და მარატის ხუთი წლის ვაჟი ფეხზე დადგა, გამოჯანმრთელდა და ნორმალურად ვითარდებოდა როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად და, რა თქმა უნდა, სულიერადაც. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი საშუალო სკოლაში სწავლობდა, ის მაინც მონასტერში ცხოვრობდა და სკოლის დასრულებამდე იქ დარჩა. ხოლო, როდესაც უმაღლესში ჩაბარების დრომ მოაწია, მარატმა შვილს უთხრა:

– ღვთის მადლით, კარგად ხარ და, დროა, რომ ეს მადლი ხალხში გაიტანო. ნუ იჩქარებ უკან დაბრუნებას. წადი, ისწავლე, ხალხში გადი და, თუკი გული ისევ აქეთ გამოგიწევს, დაბრუნდი. აბა, შენ იცი, მშვიდობით გევლოს!

ის შვილს გადაეხვია, დალოცა, ჯვარი გამოსახა და მოსკოვში გაისტუმრა, მოკლე ხანში კი ბერად აღიკვეცა, რადგან, ასეთი აღთქმა ჰქონდა ღმერთისთვის მიცემული და ყველაფერი ზუსტად შეასრულა. ბერობაში მარატი ძალიან გაძლიერდა რწმენაში. მასზე დიდი მადლი გადავიდა და მასთან უამრავი ადამიანი დადიოდა აღსარების ჩასაბარებლად და მისგან მადლის მისაღებად. ერთხელს მარატთან ოცდახუთიოდე წლის ულამაზესი გოგონა მივიდა, ხელზე ემთხვია და უთხრა:

– აღსარება მინდა ჩაგაბაროთ, მამაო და მრუშობისთვის წინასწარ გთხოვოთ შენდობა და პატიება.

მარატმა ყურადღებით შეათვალიერა გოგონა, რომელსაც, უნაკლო სილამაზის მიუხედავად, ძალიან მოკრძალებული გარეგნობა ჰქონდა და არც ფსიქიკურ ავადმყოფს ჰგავდა, ამიტომ ჰკითხა:

– კარგად ვერ გავიგე შენი სიტყვების აზრი, შვილო ჩემო. მრუშს არ ჰგავხარ და, რას ნიშნავს მრუშობისთვის წინასწარ შენდობის თხოვნა? რა, ახლა აპირებ ამ ცოდვების ჩადენას?

– დიახ, მამაო, თქვენ მართალს ბრძანებთ, სწორედ ახლა ვაპირებ ამ ცოდვის ჩადენას და აღსარებისთვის და პატიებისთვის გეახელით, თუ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჩემი პატიება.

მარატმა გოგონა ცალკე ოთახში შეიყვანა, სკამზე დასვა და უთხრა:

– რა გქვია, შვილო?

– რიტა, მამაო.

რიტას ხსენებაზე მარატს საწოლს მიჯაჭვული პროფესორის ქალიშვილი დაუდგა თვალწინ, გოგონას კი უთხრა:

– ალბათ, მარგარიტა.

– დიახ, მამაო.

– ჰოდა, მარგარიტა, ახლა მშვიდად და თანამმდევრულად მომიყევი, რაშია საქმე და გამოსავალიც ერთად მოვძებნოთ, კარგი?

– დიახ, მამაო, – გოგონამ მარატს გაუღიმა და თქვა, – მე და ჩემი ძმა, რომანი, ტყუპები ვართ, ოცდახუთ-ოცდახუთი წლის. ის ცოტა ემოციური ადამიანია და დალევაც უყვარს, ხოლო, როცა დალევს, ყოველთვის ხიფათში ეხვევა. ამას წინათ, მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბი ატყდა და დანით ერთი მამაკაცი მოკლეს. ჩემი ძმაც იქ იყო, თუმცა, ამ საქმეში არანაირი დანაშაული არ მიუძღვის – ჩხუბის დროს მას, მაგიდის ქვეშ ეძინა, რადგან, უგონოდ იყო მთვრალი. მაგრამ, ამ საქმის გამომძიებელს აქვს დანა, რომელზეც ჩემი ძმის თითების ანაბეჭდები და მოკლულის სისხლია. საკმარისია, ის საქმეში ჩაიდოს, რომ რომანს დააპატიმრებენ და, თუ დახვრეტას გადაურჩა, თხუთმეტი წლით ჩასვამენ ციხეში, მას კი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა...

– და, ამ საქმის გამომძიებელი გაშანტაჟებთ და მრუშობისკენ გიბიძგებთ, ხომ? – უთხრა მარატმა რიტას.

– დიახ, მამაო.

– რატომ?

– ეს ძველი ისტორიაა, მამაო. მაგ გამომძიებელს ბავშვობიდან ვუყვარვარ და, რას არ აკეთებდა, რომ მეც შემყვარებოდა, მაგრამ, ვერ შევძელი.

– თუ საიდუმლო არაა, რატომ?

– იმიტომ, მამაო, რომ მამამისი ჯალათი იყო, უამრავი ადამიანის სისხლში აქვს ხელები გასვრილი, ძალიან ცოდვილია და, მის შვილს რომ ცოლად გავყოლოდი, მამამისის ცოდვები ჩემს შვილებზეც გადმოვიდოდა. თანაც, მე სხვა ადამიანი მიყვარს და ამიტომ ვუთხარი უარი.

– ცოდვებს მონანიება უნდა, თუმცა, შეიძლება, ამანაც ვერ უშველოს, – თქვა მამაომ, – შემდეგ, შვილო? განაგრძე, მარგარიტა.

– სამი წელი მოსვენებული ვიყავი, მამაო, რადგან ეს კაცი სხვა ქალაქში მუშაობდა. შარშან კი მოსკოვში დაბრუნდა, ისევ ცოლობას მთხოვდა და ისე მომაბეზრა თავი, რომ ვუყვირე: ჯალათის შვილო! მე შენი ცოლი არასოდეს გავხდები და თავი დამანებე-მეთქი.

ის შეცბა და მცირე ხნით დადუმდა, შემდეგ, სახეზე უზომო ზიზღი აღებეჭდა და ცინიკურად მითხრა:

– მორჩა ჩემი შენდამი სიყვარული. ამ წამიდან მძულხარ და გახსოვდეს, რომ ჩემზე დიდი მტერი არ გეყოლება. მიფრთხილდი, ძუკნავ. მოვა დრო და ისე გიხმარ, როგორც უკანასკნელ ქუჩის ქალს.

ამ ათი დღის წინ კი ეს შემთხვევა მოხდა რესტორანში და მან ჩემს მთვრალ ძმას, რომელსაც მაგიდის ქვეშ ეძინა, ხელში დანა დააჭერინა, რომ მასზე თითების ანაბეჭდი დაეტოვებინა, მეორე დღეს კი დამიმარტოხელა, ყველაფერი მომიყვა და ცინიკურად მითხრა:–

– გარწმუნებ, შენს ძმას დახვრეტენ, შენ კი, ძუკნავ, მთელი ცხოვრება დაიტანჯები. თუმცა, არსებობს გამოსავალი: როცა შენი ხმარებით ვიჯერებ გულს, შენს ძმას მხოლოდ მერე შევიწყალებ.

– მე თანახმა ვარ, – იქვე ვუთხარი მას და ვკითხე, – როდის?

– ხვალ საღამოს. ჩემთან სახლში მოხვალ, – მითხრა იმ ნაძირალამ და წავიდა.

მე აზრადაც არ მქონია იმ ნაძირლის ცხოველური ვნებების დაკმაყოფილება და მისი მოკვლა გადავწყვიტე. სახლიდან ალესილი ხანჯალი წამოვიღე, ქამარში გავირჭვე და, დაგეგმილი მქონდა, რომ, როგორც კი მის სახლში შევიდოდი და კარს მივხურავდი, ალესილი ხანჯალი მისთვის მუცელში მეტაკებინა და ამეჩეხა. თუმცა, როგორც ჩანს, მან ეს გაითვალისწინა და, შევედი თუ არა მის ბინაში, მოულოდნელად გამჩხრიკა და ხანჯალი წამართვა. შემდეგ რამდენჯერმე გამაწნა სილა, ბოლოს კი თმაში ჩამავლო ხელი, თავის კაბინეტში მდგარ ცეცხლგამძლე სეიფთან მიმათრია, დაბეჭდილ ცელოფანში ჩადებული დანა მაჩვენა და მითხრა:

– რაო, ძუკნავ, იფიქრე, მოვკლავ და ყველაფერს ერთად მოვაგვარებო?! არ გამოგივა. ახლა წადი და, გასაჟიმად რომ იქნები მზად, დამირეკე და მოდი. მერე კი მე ვიცი, რასაც ვიზამ. 

ბოდიშს გიხდით, მამაო, ასეთ სიტყვებს რომ ვამბობ, მაგრამ, ყველაფერი ზუსტად ასე იყო. დღეს საღამოს უნდა მივიდე მასთან, ამიტომ წინასწარ ვინანიებ ყოველივეს და შენდობას გთხოვთ.

მარატმა ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ რიტას წინ შედგა და ჰკითხა:

– რომელ საათზე უნდა მიხვიდე მასთან?

– საღამოს ათზე, მანამდე ის სამსახურშია.

– მარტო ცხოვრობს?

– დიახ.

– კარგი. ათიოდე წუთში ერთად გავიდეთ. აქ დამელოდე, – უთხრა მარატმა რიტას და ოთახიდან გარეთ გავიდა, მომლოდინე ხალხს დიდი ბოდიში მოუხადა და მეორე დღისთვის დაიბარა, შემდეგ თავის სენაკში შევიდა, ჯვრები მოიხსნა, ანაფორა გაიხადა, უბრალო, სამოქალაქო სამოსით შეიმოსა, ოთახში დაბრუნდა და რიტას უთხრა:

– წამომყევი.

მარატმა და რიტამ ტრასაზე მანქანა გააჩერეს და მოსკოვისკენ აიღეს გეზი, საღამოს შვიდი საათისთვის კი გამომძიებლის სახლს მიადგნენ.

– აი, ამ სადარბაზოში ცხოვრობს, მეხუთე სართულზე, – უთხრა მარატს გაოცებულმა გოგონამ, რადგან, აზრზე ვერ მოვიდა, რას აპირებდა მამაო.

– მეტროს შესასვლელში დამელოდე, მაქსიმუმ ნახევარ საათში მოვალ, – უთხრა მარატმა რიტას, გოგონა რომ წავიდა, თვითონ გამომძიებლის სადარბაზოში შევიდა.

მარატი ნახევარი საათის შემდეგ მივიდა მეტროსთან, სადაც მას რიტა ელოდებოდა და უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა, შვილო, ის უკვე ვეღარ გაიძულებს მრუშობას, მშვიდად იყავი. შენს ძმას კი უთხარი, რომ აღარ ილოთოს და შარებში აღარ გაეხვიოს.

– მამაო, როგორ მოაგვარეთ ეს საქმე?

– იმ ნაძირლის ბინაში შევაღწიე, სეიფი გავხსენი, დანა გამოვიღე და გადავაგდე, – მშვიდად მიუგო მარატმა რიტას, პირჯვარი გადაწერა და გაისტუმრა.

შანტაჟისტი, ნაძირალა გამომძიებელი სხვა მხრიდანაც შეახურეს და სამუდამოდ ააღებინეს ხელი რიტას დაშანტაჟებაზე. მარატმა ეს ისტორია მონასტრის წინამძღვარს უამბო, მოინანია, შენდობა სთხოვა და მიტევებაც უმალვე მიიღო. შანტაჟისტი გამომძიებლის უფროსი კი მონასტრის წინამძღვრის ძმა აღმოჩნდა. მან, ძმის თხოვნით, თავის ხელქვეითს პროფილაქტიკური საუბარი ჩაუტარა და, რბილად რომ ვთქვათ, დააოკა. რიტა მარატის შვილის შეყვარებული აღმოჩნდა და სულ მალე ცოლად გაჰყვა მას. გოგონამ ტყუპი ვაჟები გააჩინა და ისინი პირადად ბაბუამ, მარატმა მონათლა.

მარატის ისტორია მხოლოდ ერთი შეხედვითაა გამონაკლისი, სინამდვილეში კი ადასტურებს იმ წესს, რომ სიკეთე უმაღლესი, ღვთიური სუბსტანციაა და იურიდიულ ჩარჩოებს საგრძნობლად სცდება. იურიდიულად და, თუნდაც, ქრისტიანული მორალით, მარატის საქციელი ქურდობა იყო, რომელიც, იურიდიული კანონით დასჯადი ქმედებაა, ქრისტიანულად კი, მინიმუმ, დასაგმობი. მაგრამ, იმის წარმოდგენაც კი საშინელებაა, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, მარატს სეიფიდან დანა რომ არ აეღო... ამიტომ, ამ შემთხვევაში მარატის საქციელი არა ქურდობა, არამედ, უმაღლესი ზნეობისა და თავგანწირვის გამოვლენა იყო, რაც დაუფასდა კიდეც და, დღესდღეობით მის სახელს დიდი მოწიწებითა და სიყვარულით მოიხსენიებენ.

მარატი, რა თქმა უნდა, ღვთის რჩეულია და, უფლის ნება იყო, რომ მას ამ სტატუსისთვის სწორედ, ქურდული ცხოვრების გავლით მიეღწია. ამით მე იმისი თქმა კი არ მინდა, რომ ადამიანის ზნეობრივი განწმენდა, კათარზისი, მაინცდამაინც ქურდულ ცხოვრებაზე გადის, თუმცა, რაც უფრო გამოცდილი და იდეურია ქურდი, მით უფრო ახლოს დგას ზნეობასთან, ვიდრე ნებისმიერი სხვა მისი კოლეგა, უბრალოდ, შავი ან რიგითი ადამიანი. ნებისმიერი ტიპის საპყრობილე, რაც არ უნდა მსუბუქი რეჟიმის იყოს ის, დახურული სისტემაა. დახურულ სისტემაში კი, ერთი მხრივ, უამრავი შეზღუდვაა, რაც, ასევე, უამრავ ცდუნებას აღძრავს პატიმარში. მეორე მხრივ კი, უამრავი თვალი გაკვირდება, რომლებიც ოდნავ გადაცდომასაც კი არ გაპატიებენ და სასტიკად დაგსჯიან. ასეთ სისტემაში რომ გაძლო და, თანაც, ღირსეული ადგილი დაიკავო, ფსიქოფიზიკური მდგრადობის გარდა, ზნეობრიობაა საჭირო და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებ საკუთარი პიროვნული „მეს“ შენარჩუნებას. აღარაფერს ვამბობ მკაცრი რეჟიმისა თუ განსაკუთრებული სიმკაცრის მქონე დაწესებულებებზე, სადაც სულიერ-ფიზიკური ასკეტიზმი თუ გადაგატანინებს იქაურ ჯოჯოხეთურ ყოფას. ასეთ ადგილებში არა მარტო ნებისმიერი სიტყვა უნდა აკონტროლო, არამედ, ყოველი მოძრაობა, ყველაზე ელემენტარულიც კი და, შეიძლება, ამანაც ვერ გიშველოს კატასტროფისგან. წარმოიდგინეთ პატარა საკანი, სადაც ოცი წყვილი მგლური თვალი გაკვირდება და ყოველ წამს მზად არიან, რომ კბილებით დაგგლიჯონ. ასეთ გარემოში სულ რომ არაფერი შეგეშალოს, თუ, რა თქმა უნდა, ცნობილი და ავტორიტეტული არ ხარ, შეიძლება, შენმავე სასიამოვნო გარეგნობამ ითამაშოს საბედისწერო როლი. საქმე ისაა, რომ დიდსროკიანი, რეციდივისტი პატიმრების გარკვეული ნაწილი მამათმავლობას არ თაკილობს და, რადგან საპყრობილეში ქალის დეფიციტია, თავის სქესობრივ მოთხოვნილებას მამაკაცთან ამყარებს. პარტნიორს კი ახალბედა, ახალგაზრდა და კარგი გარეგნობის პატიმრებში ეძებს და მის დაყოლიებას სხვადასხვა ხერხით ცდილობს. არაერთი ახალბედა, ლამაზი ყმაწვილი გაუფუჭებიათ ეგრეთ წოდებულ „ლახმაჩებს“, რომლებიც ჯერ რამეში გამოიჭერდნენ „ობიექტს“, შემდეგ კი სქესობრივ ურთიერთობას დაამყარებდნენ მასთან...

ერთხელ, საპყრობილის რეჟიმის დარღვევისთვის ეტაპით მაგადანის ერთ-ერთ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გამიშვეს, სადაც თავზეხელაღებული კრიმინალები იხდიდნენ სასჯელს და, შეიძლება ითქვას, რომ ანარქია სუფევდა, რადგან, არც წითელი პალაჟენია იყო იქ, არც შავი და, რომ იტყვიან, ყველა თავისას უბერავდა... მე ერთი წელი მქონდა დარჩენილი გათავისუფლებამდე. იქ ერთადერთი ქურდი ვიყავი და, მიუხედავად იმისა, რომ ზონის მობინადრეთა ოთხმოცი პროცენტი ბეზპრეძელშჩიკი იყო, ვერავინ მეხებოდა. მე ზონაში ქურდული პალაჟენიის დაყენება გადავწყვიტე და ძალიან ფრთხილად შევუდექი ჩემი მიზნის განხორციელებას. ნელ-ნელა, თანმიმდევრულად ვიკრებდი ჩემ ირგვლივ პატიმრებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერი მასა მყოლოდა და ურჩები თავის ადგილებზე დაგვესვა. თითქმის ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ, ხუთასკაციანი ზონის სამოცი პროცენტი გადმოვიბირე და რიცხობრივი უპირატესობა მივიღე, მაგრამ, ჩემი ოპონენტებიც შეიკრიბნენ, ანარქიიდან ორგანიზებულ ძალად ჩამოყალიბდნენ და საკმაოდ ძლიერი ბანაკი შექმნეს. ჩემს მოწინააღმდეგეებს ვინმე „რქიანი“ ედგა სათავეში, რომელიც ყაჩაღი-რეციდივისტი იყო, მეოთხე სასჯელს იხდიდა და თხუთმეტწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. რქიანს ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, ავტორიტეტებს არ ცნობდა და ნებისმიერ რამეზე იყო წამსვლელი; არც საკუთარ თავს ზოგავდა, არც სხვას და საკუთარ ჭიას ახარებდა. ერთ დღეს ზონაში ოცდახუთიოდე წლის, ძალიან სიმპათიური ბიჭი შემოიყვანეს, რომელიც ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, მაგრამ, ციხეში დარღვევები ჰქონდა და ჩვენთან უკრეს თავი. ბიჭს ლონია ერქვა და, ეტყობოდა, რომ ძალიან გამოუცდელი იყო, თუმცა, ყველას ისე აჩვენებდა თავს, თითქოს გამობრძმედილი „შავი“ იყო, მაგრამ, ამას ვინ „ჭამდა“. რქიანმა ლონიას ეგრევე დაადგა თვალი და, როგორც შევატყვე, მისი გაუპატიურება ჩაიფიქრა. ლონია კი ამბობდა, ქურდობა მინდაო და, რადგან ზონაში ერთადერთი ქურდი ვიყავი, საქმის კურსში სწორედ მე ჩამაყენა.

– ეს არც ისე იოლი საქმეა, მით უმეტეს – აქ. იცოდე, ჯოჯოხეთის გავლა მოგიწევს, – გავაფრთხილე ლონია, რომელიც, თავისი გარეგნობით ჰოლივუდში უფრო გამოდგებოდა, ვიდრე კრიმინალურ სამყაროში.

– მერე, რა პრობლემაა, გავივლი ამ ჯოჯოხეთს, – უდარდელად მომიგო ლონიამ, – რადგან გადავწყვიტე, უკან აღარ დავიხევ.

ჩვენი საუბარი პირისპირ, ერთი ერთზე შედგა. ამიტომ, ლონიას ვუთხარი:

– რასაც გეტყვი, კარგად დაიხსომე: ნუ ავარდები და ძალიან მშვიდად და დაკვირვებულად იმოქმედე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ გიშველის, მათ შორის, ვერც მე.

– გისმენთ.

– ლონია, ძმაო, შენ ისეთი გარეგნობა გაქვს, რომ მსახიობი უნდა იყო და არა ქურდი...

– ყველა ამას მეუბნება, მე კი ქურდობა მინდა, – სიტყვა გამაწყვეტინა ბიჭმა და გამიღიმა, მე კი ხელით გავაჩერე და ვუთხარი:

– ნუ მაწყვეტინებ და ბოლომდე მომისმინე. შენ ჯერ არავინ გიცნობს და ძალიან გამოუცდელი ხარ, თან, ისეთ საშინელ ადგილას მოხვდი, სადაც ეს ყველაფერი დამღუპველია, რასაც შენი არტისტული გარეგნობაც ემატება, ამიტომ, უმცირესი შეცდომის დაშვების უფლებაც კი არ გაქვს და მთელი შენი რესურსები უნდა მოიკრიბო. საქმე კი ისაა, რომ რქიანმა თვალი დაგადგა და შენს გაფუჭებაზე ჩალიჩობს.

– გაფუჭებაზე? – ვერ მიხვდა ლონია.

– პირდაპირ გეტყვი: გარეგნულად მოეწონე და შენი გაუპატიურება უნდა.

– გაუპატიურება?! – წამოხტა წამოწითლებული ლონია.

– დაჯექი და მშვიდად მომისმინე: რქიანი დიდსროკიანია და ძალიან გამოცდილი. გარეგნულად, მართალია, არ ამჟღავნებს, მაგრამ, ბეზპრეძელშიკია. მას დასაკარგი არაფერი აქვს და ყველანაირად შეეცდება, რომ გაგაფუჭოს.

– ვნახოთ, ვინ ვის გააფუჭებს. ერთი რამე მაკადროს და მერე მე ვიცი, თავს მოვაჭრი.

– თავს მოაჭრი და, დარჩები სამუდამოდ აქ. ან მისი პაძელნიკები მოგიღებენ ბოლოს, ან, თუ მათ გადაურჩი და დახვრეტაც აგცდა, თხუთმეტწლიანი სროკი გარანტირებული გაქვს.

– აბა, რა ვქნა?

– რა და, ჭკუით უნდა მოვუყომაროთ და, შეიძლება, თვითონ ჩავაგდოთ ისეთ დღეში, რასაც შენ გიპირებს.

– ეგ როგორ?

– როგორ და, ჭკუით, ლონია, ჭკუით.

– ჭკუით იყოს, რა უნდა გავაკეთო?

ლონია მართლაც ნიჭიერი მსახიობი აღმოჩნდა და ისე დაიჭირა თავი, თითქოს რქიანის მხარეზე იყო და მის ბანაკს მიემხრო. ამით მან მისი ნდობა მოიპოვა და დროებით გადააფიქრებინა თავისი ბილწი ჩანაფიქრი, პარალელურად კი ორმოს უთხრიდა რქიანს. ერთ მშვენიერ დღეს, მათი ობშჩიაკის ფული გაქრა, რომელიც სწორედ რქიანს ებარა. როდესაც რქიანის პაძელნიკებმა თანხა მოიკითხეს და რქიანმა ფული ვერ წარმოადგინა, მას ჯერ საქმე გაურჩიეს და გაამტყუნეს, შემდეგ კი კოლექტიურად გააუპატიურეს და ბოლოს საქათმეში შეაგდეს...

– რქიანის გულაობა დასრულდა, – მითხრა ლონიამ, როდესაც რქიანს საქათმისკენ მიათრევდნენ მისივე პაძელნიკები, – რა მაგრად იყო მომჯდარი ტახტზე და, სულ რაღაც ცხრაასი მანეთის გამო გამოუყვანეს წირვა.

– ფული სადაა? – ვკითხე ლონიას.

– ახლავე გაიჩითება, – მითხრა მან და რქიანის ყოფილი ბარაკისკენ მიმანიშნა, რომლის სახურავიდანაც ხვეული გადმოვარდა, ჰაერში გაიხსნა, იქიდან წვრილი ფულები გადმოიყარა და ზონაში მოეფინა.

– აი, ამ ქათამს სად დაუმალავს ჩვენი ობშჩიაკი! – აყვირდნენ რქიანის ყოფილი პაძელნიკები, ცოცხალ-მკვდარი რქიანი იქვე დააგდეს და ფულების ასაკრეფად გამობრუნდნენ.

– ეს როგორ მოახერხე? – ვკითხე ლონიას, მან კი ჰოლივუდურად გაიღიმა და მითხრა:

– ბავშვობიდანვე ჩხირკედელა ვიყავი და მექანიკური სათამაშოების დაშლა მიყვარდა, თუმცა, ისევ ვაწყობდი მათ. ეს ტრიუკი კი რეზინითა და ორი პატარა ლურსმნით კეთდება, მთავარია, მექანიზმმა არ გიმტყუნოს.

– ამ შემთხვევაში არ გიმტყუნა, – თვალი ჩავუკარი ლონიას. მან კი მითხრა:

– არც სხვა დროს მიმტყუნებს.

რქიანის განეიტრალებით ნახევარი საქმე გაკეთებული იყო, მეორე ნახევარი კი მე შევასრულე და, სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ, ზონა ქურდულ ყაიდაზე გადავიდა...

ეს პატარა კომბინაცია, ერთი შეხედვით, შეიძლება, უზნეობადაც კი ჩანდეს, მაგრამ, უფრო დიდი უბედურება მოხდებოდა, რქიანს რომ ძალაუფლება დარჩენოდა: ჯერ ერთი, ბევრი სისხლი დაიღვრებოდა და, მეორეც, ზონაში უზნეობა გამრავლდებოდა. ამიტომ ვარჩიეთ ერთი უზნეო ადამიანის გაწირვა და ამ გზით დავამყარეთ წესრიგი... ეს ისტორია, რა თქმა უნდა, მარატის ისტორიასთან ახლოც ვერ მოვა, მაგრამ, თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ რა რთული და დაუნდობელია კრიმინალური სამყარო და რა ელოდება ყველა იმ ურჩსა და ბეზპრეძელშჩიკს, ვინც ქურდების წინააღმდეგ წავა და ჩვენს გატკეპვნას მოინდომებს...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3