ფლორის სამყაროში
კითხვა: ჩემს დელფინიუმს ფოთლები და ყვავილები დასცვივდა. იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეს მცენარე ორწლიანია, ამიტომ, ყვავილობის შემდეგ მას სცვივა ფოთოლიც და ყვავილიც და ეს არ არის საშიში. დილფინიუმს პირველ წელს ადრე უვითარდება საყვავილე და ამიტომ ადრევე იწყებს ფოთლის ცვენასა და ყვავილობის დამთავრებას. ის კარგად უძლებს ყინვებსაც და სიცხეებსაც, ამიტომ, შეგიძლიათ, დატოვოთ გარეთ როგორც ქოთანში, ასევე, ღია გრუნტში. მეორე წელს, ეს მცენარე შედარებით გვიან იწყებს აღმოცენებას, ასწრებს ყვავილობას და, ასევე, თესლის დატოვებას – ეს ჩვეულებრივი ბიოპროცესია. თუ დელფინიუმი გარეთ არის, მაშინ მას ესაჭიროება მხოლოდ კვირაში ერთხელ მორწყვა, რადგან, დამატებით წყალს ნიადაგიდან იღებს, ხოლო, თუ მცენარე არის ქოთნის პირობებში, მაშინ, სასურველია, მორწყათ კვირაში ორჯერ. მას უხვი ყვავილობა აქვს. ის ითესება ადრე გაზაფხულზე და აღმოცენება იწყება მესამე-მეხუთე დღეს. ახალაღმოცენებულ მცენარეს არ სჭირდება მალევე გადარგვა. გადარგვა ხდება მესამე კვირის ნახევარში, როდესაც მცენარე მოძლიერებულია და ღერო გაუხეშებული აქვს.
კითხვა: როგორ მოვუარო პასიფლორას და როდის შეიძლება მისი დათესვა?
პასუხი: ამ მცენარის მრავალი ჯიში არსებობს და, შესაბამისად, ის დიდი ოჯახის წარმომადგენელია. ითესება ადრე გაზაფხულზე, თუმცა, შეიძლება გვიან შემოდგომითაც დათესოთ, ეს ხდება მაშინ, როდესაც მცენარე იზრდება სითბოში და მისი ზამთრის ტემპერატურაა 18-20 გრადუსი სითბო. არსებობს ისეთი სახეობები, რომლებიც პირდაპირ ნიადაგშივე ითესება და ყინვებსაც საკმაოდ კარგად უძლებს. ეს მცენარე ძალიან ლამაზია და ძალიან მოხდენილია იმისთვის, რომ გაუშვათ როგორც ღობეებზე, ისე დიდ ქოთანში ან აივნებზე. პასიფლორა უხვად მოყვავილეა და, ამასთანავე, ადვილი მოსავლელია. მისი ნაყოფიდან აკეთებენ უგემრიელეს ჯემებსა და ცოცხალ ნაყენებს. სამკურნალოდაც გამოიყენება – როგორც მაღალი სიცხის დამწევად, ისე ანთებების ჩასაქრობად. შეგიძლიათ, ამ მცენარის ნაყოფი ადგილზევე მიირთვათ, ის ძალიან სასარგებლოა. პასიფლორა ზაფხულში სიცხეების დროს ყოველ მეორე დღეს ირწყვება, ხოლო ზამთარში – კვირაში ერთხელ. ის მარადმწვანეა და აქვს უამრავი ფერის ყვავილი – ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და სხვა.
კითხვა: როგორ მოვუარო ბუგენველეას ზამთარში და არის თუ არა ის ყინვაგამძლე მცენარე?
პასუხი: საერთოდ, ბუგენველეა ტროპიკული მცენარეა, მისი სამშობლო ცენტრალური ამერიკა და მისი მიმდებარე ტროპიკული ტყეებია. ის ვერ უძლებს ვერანაირ ყინვას და ვერც ორპირ ქარს, პრეტენზიულ მცენარედ ითვლება და, ამიტომ, კარგი იქნება, თუ შეაჩვევთ საქართველოს კლიმატს და ამყოფებთ ცოტა სიგრილეში, მაგალითად, პლუს 13-16 გრადუსზე. ასეთ დროს მცენარე ეჩვევა სიცივეს და უძლებს დაბალ ტემპერატურას. გაითვალისწინეთ, რომ ის ყვავის უხვად და ყვავილობა აქვს თითქმის მონაცვლეობით: პირველი ყვავილობისა და მეორე ყვავილობის ინტერვალი დაახლოებით ორი კვირაა. ბუგენველა ამრავლობს კალმითაც და თესლითაც და ეს პროცესი ორანჟერეაში ხდება. აქვს სამი ფერის ყვავილი: თეთრი, მუქი წითელი და ვარდისფერი, რომლებიც ერთად ძალიან ლამაზია. ზაფხულში დადგით გარეთ, რომ კარგად გაიზარდოს. მას მავნებლები არ უჩნდება.