რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მინდა, შევიძინო ამერიკული „ვოლვოს“ „ჯიპი“, „იქს ცე 90,” 2003-2005 წლების გამოშვება. მაინტერესებს, ვარგისია თუ არა ის საქართველოს პირობებისთვის (ქართული გზებისთვის)? გთხოვთ, დამიხასიათოთ ეს „ჯიპი“ და მირჩიოთ რა ტიპისა და მოცულობის ძრავით ჯობია მისი შეძენა – 2.5; 2.9 თუ 3.2?
პასუხი: „ვოლვოს” ამ „ჯიპებს“, ამ ძრავებით, სხვადასხვა ქვეყანაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება აქვს. შესაბამისად, გააჩნია, თუ რა პირობებში უნდა მოვიხმაროთ ის – ქალაქში, უგზოობაში და სხვა სიტუაციებში. ზოგადად, ქართული რეალობისთვის, მით უმეტეს, თუ ბენზინის წვა მაინცდამაინც არ გვაშინებს, 3.2-იანი ძრავით აღჭურვილი „იქს ცე 90” ჯობია, მარტივი, სტანდარტული მიზეზის გამო – რაც უფრო მაღალი კუბატურისაა ძრავი, მით უფრო თავისუფლად ახერხებს ის დაბალი ბრუნებიდან სიმძლავრის ამოღებას და, შესაბამისად, აღმართ-დაღმართებზე ძალდატანების გარეშე მუშაობს. ამით მის ძრავას რესურსიც მეტი აქვს, მანევრი არ გვაღიზიანებს და არ გვძაბავს. ამ ძრავით აღჭურვილი „ჯიპის“ მართვა კომფორტული და სასიამოვნოა. თუ საწვავის წვა თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაშინ, ჯობია, დაბალი კუბატურის ძრავაზე გააკეთოთ არჩევანი. თვითონ „ჯიპი“ საკმაოდ მომხიბვლელია, კომფორტულია და მისი ერგონომიკა განსაკუთრებით კარგად არის მორგებული ნებისმიერი ტიპის მძღოლზე. სავალი ნაწილიც საკმაოდ გამძლე აქვს, მაგრამ, ადრე თუ გვიან, თუ რამე პრობლემები შეგვექმნა (რაც გარდაუვალია), საკმაოდ ჭირს ამ ავტომობილის ცალკეული დეტალების შეძენა და, თანაც, ამ კლასის „ჯიპებთან“ შედარებით, ძვირია.
კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „სატურნი ვუო”, 2.2 ძრავით, მართვის ავტომატური კოლოფით. მაინტერესებს, გამომადგება თუ არა ჩვენს პირობებში, რამდენად გამძლეა ეს ავტომობილი და რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები?
პასუხი: „სატურნი ვუო” საინტერესო არჩევანია, რადგან, ეს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და არასტანდარტული ავტომობილია. თავისი საკუთარი დეტალი ამ მოდელს არ გააჩნია, ის მთლიანად სხვა მარკის ავტომობილების დეტალებით არის აწყობილი. პრინციპში, ცუდ დეტალებს არ იყენებენ, შესაბამისად, არც მალფუჭებადია, მაგრამ, საქართველოში ეშმაკიც ვერ მიხვდება, რისი რა ნაწილი აქვს. საჭიროების შემთხვევაში, ან ძალიან განათლებული ხელოსანი უნდა იპოვოთ, ან თავად უნდა გაეცნოთ ავტომობილის „აგებულებას” საფუძვლიანად იმ საჭიროების მიხედვით, რომელიც, ადრე თუ გვიან, თქვენს ავტომობილს დაუდგება. არსებობს ამ მოდელის სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ, თქვენი არჩევანი 2.2-იანი ეკოტეკის ძრავით არის აღჭურვილი და 143 ცხენის ძალას ავითარებს, რაც სრულიად სამყოფია ამ ტიპის ავტომობილის კომფორტული გადაადგილებისთვის. რთულია, რამე კონკრეტულზე ვისაუბროთ, ვინაიდან, ეს ავტომობილი, 2002 წელს, მისი დაბადებიდან მოყოლებული, წელიწადში ორჯერ მაინც იცვლიდა შემადგენელ ნაწილებს; უფრო გასაგებად რომ ავხსნა, ხან ერთი მოდელის ძრავასა და სიჩქარეთა კოლოფს იყენებდა და ხან მეორე მოდელის სავალ ნაწილს. ამ ავტომობილის შეძენა, ალბათ, მაშინ შეიძლება, როდესაც ის ძალიან იაფი ღირს იმავე კლასის მოდელებთან შედარებით.
კითხვა: მინდა, შევიძინო 2000 წლის შემდეგ გამოშვებული ავტომობილი, მართვის მექანიკური კოლოფით, წინა წამყვანი თვლებით და ეკონომიური. „ოპელის” გარდა, ამ მონაცემების გათვალისწინებით ვერაფერი მოვიფიქრე. იქნებ, მირჩიოთ რამე სხვა მოდელი, კლირენსი ძალიან დაბალი რომ არ ჰქონდეს. ასევე, მაინტერესებს თქვენი აზრი ორ მოდელზე: დიზელისძრავიან „ცე” კლასის „მერსედესზე:” და „ბეემვეს”, ეგრეთ წოდებულ „ტროიკაზე”, ასევე, დიზელზე მომუშავეზე. რომელი უფრო ეკონომიურია და რომელი ღირს ნაკლები?
პასუხი: თქვენ მიერ ნახსენები ავტომობილებიდან ორივე უკანა წამყვანია, შესაბამისად, თავიდანვე გამოირიცხა იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რაც თავად ჩამოთვალეთ. მაგრამ, მოკლედ მაინც განვიხილოთ: „ბეემვე ტროიკა” და „ცე“ კლასის „მერსედესი“ ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ საწვავის მოხმარების ეკონომიურობაში. განსხვავება ისაა, რომ „ბეემვე” უფრო მოდურია, თუ სადმე „გასაპრანჭ“ ადგილებში გიწევთ სიარული. მაგრამ, „მერსედესი” გაცილებით უფრო ამტანია, თუ ბევრი სიარული გიწევთ, მით უმეტეს, გზის ცუდ საფარიან მონაკვეთებში. რაც შეეხება წინა წამყვანებს, აქ არჩევანი საკმაოდ დიდია, დაწყებული გერმანიითა და „ფოლკსვაგენ გოლფით” და დამთავრებული იაპონიითა და „ჰონდა სივიკით”. კლირენსი დაახლოებით ყველას თანაბარი აქვს, თუ სპეციალურად სპორტული კომპლექტაციით არ არის აწყობილი თავიდანვე. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, ძნელფუჭებადი იყოს და, თან, ეკონომიური, რაშიც „ჰონდა სივიკს” ვერც ერთი კონკურენტი ვერ ჯობნის. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ამ კლასში გადის „აუდი ა3” და მასში უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს, თანაც, მის სალონში გარე ხმაური ნაკლებად შემოდის და უფრო რბილია. „აუდი ა3” არსებობს დიზელისძრავიანი, რომელიც ზედმიწევნით ეკონომიურია.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში ეკლიფსი” 1997 წლის გამოშვება, 2.0-ძრავიანი, მართვის ავტომატური კოლოფით. ხელსაწყოთა დაფაზე ანთებს ჩეკს. ავტომობილი მყავდა დიაგნოსტიკაზე „თეგეტა მოტორსში”, „მიცუბიშის“ ცენტრში, ასევე, რამდენიმე ხელოსანთან, მაგრამ, ვერავინ შევიდა მანქანის კომპიუტერში (კომპიუტერის ხედვის ზონა მთავრდება უსაფრთხოების ბალიშების დანახვით და მორჩა, სხვა ფუნქციებში ვერ შედიან). გავაკეთებინე ეგრეთ წოდებული „პრაზვონკა”, თუმცა, უშედეგოდ. აკუმულატორის კლემის ჩახსნისას ჩეკი ქრება; შემდეგ, ბენზინზე მუშაობის დროს, დაახლოებით 30-40 კილომეტრის გავლის შემდეგ, ჩეკი ისევ ინთება, გაზის შემთხვევაში კი – დაქოქვისთანავე. ავტომობილში დაყენებულია მეოთხე თაობის გაზის აპარატურა, მანქანა დადის იდეალურად, თუმცა. ქალაქში 30 კილომეტრის გავლის შემდეგ შესამჩნევად კარგავს გაწევას, სანამ ძრავა არ გაცივდება. ასე აკეთებს გაზზეც და ბენზინზეც. გამოცვლილია ფილტრები, სიჩქარეთა კოლოფის ზეთი და „სანთლები”. იქნებ, მირჩიოთ, როგორ მოვიქცე ან სად მივიდე, რომ როგორმე დავადგინო ჩეკის ანთებისა და გაწევის შემცირების მიზეზი?
პასუხი: ძალიან ბევრს მოსწონს „მიცუბიშის” ეს მოდელი, მაგრამ, არ ყიდულობენ სწორედ ასეთი მიზეზების გამო. ძალიან რთულია, საქართველოში მიგასწავლოთ ვინმე, ვინც ამ პრობლემის არსს ჩასწვდება. გამოცდილებითა და ზეპირი ვარაუდით, რადგან ტემპერატურის ცვალებადობაზე ასე რეაგირებს, დაზიანებული იქნება სენსორი, რომელიც ტემპერატურის ცვლილების შესახებ ინფორმაციას აწვდის კომპიუტერს. ამის შემოწმება რთული არ არის: შეიძლება ცალკეული სენსორის მოხსნა და გადამოწმება სპეციალური ტესტერით, ან, უბრალოდ გამორიცხვის მეთოდის გამოყენება, ახალი სენსორის დაყენება და ისე გასინჯვა. ამის გაკეთება ყველა ხელოსანს ეზარება, რადგან, ამაში ორი-სამი დღე ან მეტი უნდა დახარჯოს და მისი შრომის ანაზღაურება მინიმალური იქნება, რა შეიძლება, რომ სენსორის გამოცვლაში მოგთხოვონ. მოსინჯეთ კეკელიძის ქუჩაზე არსებული ელექტრომოწყობილობების შემკეთებელი სალონები, იქნებ, იქ უფრო გაერკვიონ პრობლემის მიზეზში.