კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ეხატებოდა გულზე ედუარდ შევარდნაძეს საბჭოთა სათამაშო იმპერიის მამა, მეტსახელად „გრაფი“

გასული საუკუნის სამოციან წლებში, მას მერე, რაც ხელისუფლებაში ლეონიდ ბრეჟნევი მოვიდა, საბჭოთა კავშირში იატაკქვეშა სათამაშო ბიზნესმა დაიწყო განვითარება და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიდგა ფესვები. ამ არალეგალურ საქმიანობას, ფანტასტიკური შემოსავალი მოჰქონდა მისი მესვეურებისთვის, ხოლო წილები საბჭოთა მმართველი ელიტის მაღალ ეშელონებში ნაწილდებოდა. მთელი ამ გრანდიოზული იმპერიის ფუძემდებელი თბილისელი სიმონ ჩხაიძე იყო, რომელმაც თავისი მოღვაწეობა თაღლითობით დაიწყო...

დასაწყისი

თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის დამთავრების შემდეგ, 17 წლის სიმონ ჩხაიძე მოსკოვში, თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად გაემგზავრა. საბოლოოდ კი, საცირკო-საესტრადო სასწავლებელში მოეწყო, რომელიც 1960 წელს დაამთავრა. სიმონი პროფესიით ილუზიონისტი იყო და მოსკოვშივე, „ცვეტნოი ბულვარზე“ მდებარე ცირკში გაანაწილეს სამუშაოდ. ის საკმაოდ ნიჭიერი არტისტი გახლდათ და ორიგინალურ საცირკო ნომრებს იგონებდა. მიუხედავად ამისა, ძველმა არტისტებმა მას გასაქანი არ მისცეს და ერთწლიანი უნაყოფო მუშაობის შემდეგ, სიმონმა სამსახური დატოვა. ამგვარად, 22 წლის ნიჭიერი ქართველი ილუზიონისტი ქუჩაში აღმოჩნდა. თბილისში დაბრუნება შერცხვა. მოსკოვში ცხოვრება კი იაფი არ ღირდა. უსახსროდ დარჩენილი ყმაწვილი ბინის ქირას ვერ იხდიდა და გადაწყვიტა, კრიმინალისთვის მოეკიდა ხელი. გული ჰქონდა აცრუებული და მიაჩნდა, რომ პატიოსანი შრომით კარგად ვერ იცხოვრებდა. სიმონ ჩხაიძემ ჯიბგირობას მიჰყო ხელი და პირველი სამი საქმიდან ას ორმოცდაათი მანეთი შეუვიდა, რითაც ბინის ქირაც გადაიხადა და საჭმლისთვისაც ეყო. მეოთხე საქმეზე კი მას „ობიექტმა“ მეტროში „ჩაავლო“, ხელი მაგრად მოუჭირა ხელზე და უთხრა:

– წამომყევი და ვილაპარაკოთ. ნუ გეშინია, მილიციას არ ჩაგაბარებ.

ეს შეხვედრა ისტორიული აღმოჩნდა, რადგან „ობიექტი“ თავად კოტე ერისთავი იყო – ცნობილი თაღლითი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „მარკიზის“ მეტსახელით იცნობდნენ. ის ახალი გამოსული იყო ციხიდან და სიმონის ამბავი რომ შეიტყო, პარტნიორობა შესთავაზა.

– მე უფრო შემოქმედებით საქმიანობას გთავაზობ, თუ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნები. კლიენტების ჯიბეების პარსვა, რა თქმა უნდა, დიდი ხელოვნებაა, მაგრამ აფიორა სულ სხვაა, – უთხრა მარკიზმა სიმონს და თანხმობაც მალე მიიღო.

მეორე დღესვე სიმონ ჩხაიძე კოტე ერისთავთან გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც ძველ არბატზე, სამოთახიან ბინაში მარტო ცხოვრობდა. მარკიზი სიმონზე 25 წლით უფროსი იყო და მდიდარ, კრიმინალურ გამოცდილებასთან ერთად, ძალიან ერუდირებული და განათლებული ადამიანი გახლდათ. წყვილმა საკმაოდ წარმატებული კრიმინალური საქმიანობა გააჩაღა და ორი წლის განმავლობაში თხუთმეტამდე თაღლითობა ჩაიდინა. მათი ჩატარებული იყო, ეგრეთ წოდებული, „ავრორას საქმე“, როცა ერთ უზბეკ იატაკქვეშა მილიონერს 60 ათას მანეთად მიჰყიდეს კრეისერი „ავრორა“. უზბეკი კი მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ გააცურეს, როცა „ავრორაზე“ ავიდა და გემის ადმინისტრაციას თავისი უფლებები წარუდგინა...

1963 წელს მარკიზი ინფარქტით გარდაიცვალა და 24 წლის სიმონი კვლავ მარტო დარჩა. თუმცა მარკიზმა მას ბინა უანდერძა და ის ძველ არბატზე, სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. მართალია, სიმონ ჩხაიძეს თაღლითობის ორწლიანი გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ მარტო მუშაობას სხვა საქმიანობა არჩია და რადგან პროფესიით ილუზიონისტი იყო და კარტით მანიპულირება უმაღლეს დონეზე შეეძლო, „იგროკობას“ (კარტის თამაშს) მიჰყო ხელი...

„გრაფი“

1964 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირში ხელისუფლება შეიცვალა და ქვეყანას ლეონიდ ბრეჟნევი ჩაუდგა სათავეში. ამ ცვლილებას მეტი თავისუფლება მოჰყვა. კრიმინალური ბიზნესი გაფართოვდა და მყარი საფუძველი ჩაეყარა მომავალ, მსხვილ კრიმინალურ-ორგანიზებულ დაჯგუფებებს. იმ პერიოდისთვის სიმონ ჩხაიძე უკვე გამოცდილი „იგროკი“ იყო და მთელ საბჭოეთში ბადალი არ ჰყავდა. ის წარმატებით „პარსავდა“ ფულიან მოთამაშეებს, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ახალგაზრდა მოთამაშე პროფესიონალი ილუზიონისტი იყო და მას ვერასდროს აჯობებდნენ. სიმონი ძალიან დაუახლოვდა ქურდულ სამყაროს, „ობშჩიაკში“ გარკვეული წილიც შეჰქონდა და მას „გრაფი“ შეარქვეს. 1967 წელს 28 წლის სიმონ ჩხაიძემ ერთ-ერთ უცხოურ ფილმში კაზინო ნახა და გაუჩნდა იდეა, ანალოგიური დაწესებულება საბჭოთა კავშირშიც გაეხსნა. სულ რაღაც 6 თვის შემდეგ, 1967 წლის მიწურულს, მოსკოვში, ძველ არბატზე, იმ სამოთახიანი ბინის სარდაფში, სადაც „გრაფი“ ცხოვრობდა, პირველი არალეგალური კაზინო გაიხსნა. 100 კვადრატული მეტრი ფართის ოთახში იდგა რულეტკა და კარტის სათამაშო მაგიდა. კლიენტები, არალეგალურ კაზინოში სიმონის ბინიდან ჩადიოდნენ. წიგნების კარადაში მას საიდუმლო კიბე ჰქონდა გაკეთებული. რულეტკა სიმონმა თბილისში, 31-ე საავიაციო ქარხანაში დაამზადებინა და მასში ათას ოთხასი მანეთი გადაიხადა. სიმონ ჩხაიძეს საკმაოდ გავლენიანი მფარველები ჰყავდა, რომლებიც იმავდროულად, მისი კაზინოს რეგულარული კლიენტებიც იყვნენ. იქ იკრიბებოდნენ ცნობილი მსახიობები, დიპლომატები, პარტიული და მილიციის მაღალჩინოსნები და კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტები. 1970 წლისთვის, გრაფის კაზინოს არალეგალურმა შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში მილიონ 600 ათასი მანეთი შეადგინა, რაც იმ პერიოდისთვის ფანტასტიკური თანხა იყო და აქედან გრაფს მილიონი რჩებოდა...

გაწბილებული „კაგებე“

1971 წლის 10 მაისს, საღამოს 9 საათზე, გრაფის ბინაში სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ოცი მამაკაცი შეიჭრა. მათ კარი შეამტვრიეს და სიმონ ჩხაიძეს პირდაპირ საძინებელში შეუვარდნენ. იმ დროს გრაფი ძალიან ცნობილ საბჭოთა მსახიობ ქალთან სექსით იყო დაკავებული და წყვილი შიშველი მოიხელთეს.

– ვინ ხართ და რაშია საქმე? – ჰკითხა ჩხაიძემ დაუპატიჟებელ სტუმრებს.

– პოლკოვნიკი იური კობანოვი კომიტეტიდან, – დამცინავად მიუგო ცხვირგასიებულმა მამაკაცმა გრაფს, თან „კაგებეს“ წიგნაკი დაანახვა, – აბა, ჩქარა, კაზინოში ჩაგვიყვანე.

სიმონ ჩხაიძე ისედაც მიხვდა, რომ კაგებეშნიკები კაზინოს გამო შეუვარდნენ სახლში და ეს ამბავი გაუგებრობად მიიჩნია. მას ძალიან გავლენიანი მფარველები ჰყავდა და წესით, ის არ უნდა შეეწუხებინათ. ამიტომ, დაუპატიჟებელ სტუმრებს გაუღიმა და მშვიდად უთხრა:

– მეგობრებო, ვფიქრობ, მისამართი შეგეშალათ.

– ბრიყვო! ჩვენ პირადად ანდროპოვის ბრძანებას ვასრულებთ და აბა, ჩქარა, კაზინო გვანახვე, თორემ ამ ბინას ნაფოტებად ვაქცევთ.

გრაფი პირველი დაეშვა ქვევით, მას დანარჩენებიც მიჰყვნენ და გაჩახჩახებულ იატაკქვეშა კაზინოში რომ ჩავიდნენ, კაგებეშნიკების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. იქ შეკრებილი 25 ადამიანიდან ორი ქურდი იყო, ერთი – მილიციის გენერალი, დანარჩენი 22 კი საბჭოთა კულტურის ცნობილი მოღვაწე... მათ შორის იყვნენ ვლადიმირ ვისოცკი და მარინა ვლადი, მომღერალი იოსებ კობზონი, ბალერინა მაია პლისეცკაია და მისი მეუღლე, კომპოზიტორი როდიონ შჩედრინი... „კომიტეტჩიკები“ საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, მაგრამ ყველაზე მეტად მათ ახალგაზრდა, მილიციის ლამაზი გენერლის იქ ყოფნა აშინებდათ. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ლამაზი გენერალი თავად იური ჩურბანოვი იყო, ლეონიდ ბრეჟნევის სიძე, გალიას მეუღლე...

– აქედან გაეთრიეთ, თქვე ნაბიჭვრებო და ანდროპოვს გადაეცით, რომ მეტად ცხვირი აღარ ჩაყოს იქ, სადაც არ შეიძლება! – უღრიალა ჩურბანოვმა შეშინებულ კაგებეშნიკებს და კინწისკვრით გაყარა იატაკქვეშა კაზინოდან.

ერთი საათიც არ იყო გასული, რომ „კაგებედან“ გამოგზავნილმა ხელოსანმა გრაფს ახალი კარი დაუმონტაჟა ბინაში...

სათამაშო იმპერია

1975 წლისთვის საბჭოთა კავშირში ორმოცდაათზე მეტი მსხვილი, იატაკქვეშა კაზინო მოქმედებდა და მათი მთავარი მოწილე 36 წლის, სიმპათიური, უცოლშვილო სიმონ ჩხაიძე იყო, მეტსახელად გრაფი. ის, რა თქმა უნდა, ძლიერი მფარველების გარეშე ნამდვილად ვერ შექმნიდა კაზინოების ქსელს და სათამაშო იმპერიას. მაგრამ, მას ამ საქმეში განსაკუთრებული ტალანტი და უდიდესი ორგანიზატორული ნიჭი აღმოაჩნდა. სახუმარო საქმე ხომ არ იყო, რომ მას პირადად გენერალური მდივნის ქალიშვილი, გალინა ბრეჟნევა და მისი მეუღლე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იური ჩურბანოვი მფარველობდნენ. მართალია, ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ, რომ გრაფი გალინა ბრეჟნევას ერთ-ერთი საყვარელი იყოო, რადგან გალინას სისუსტე ლამაზი მამაკაცები გახლდათ და სიმონ ჩხაიძე ასეთ კატეგორიას ეკუთვნოდა. თუმცა, ნიჭის გარეშე გრაფს მხოლოდ გალინას საყვარლობა ვერ უშველიდა.

1976 წელს, როდესაც თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა საბჭოთა კავშირის თასი აიღეს და ფინალში ერევნის „არარატი“ დაამარცხეს, გრაფმა გრანდიოზული ბანკეტი მოაწყო რესტორან „არაგვში“, ხოლო ფეხბურთელები უხვად დააჯილდოვა. სიმონ ჩხაიძე, საბჭოეთის ერთ-ერთი უმდიდრესი იატაკქვეშა მილიონერი გახლდათ, მაგრამ თავისი ძუნწი კოლეგებისგან განსხვავებით, ფულის ხარჯვა არ ენანებოდა და როგორც ცნობილ ადამიანებს უწევდა სპონსორობას, ასევე ღარიბებსაც ეხმარებოდა. გრაფს არც თავისი სამშობლო ავიწყდებოდა და მართალია, ედუარდ შევარდნაძეს ის გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ ის ხელშეუხებელი იყო. ჩხაიძეს თბილისში რამდენიმე სოციალური პროექტი აქვს განხორციელებული და რესტავრაცია გაუკეთა ოცამდე ეკლესიას. დაეხმარა მრავალ ხელმოკლე ოჯახს და ერთ-ერთ ძალიან ცნობილ, მსოფლიო დონის ქართველ მოღვაწეს, რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია, სწორედ მან გაუკვალა გზა...

1982 წლის მიწურულს გარდაიცვალა ლეონიდ ბრეჟნევი და გრაფის კარიერამ დაღმასვლა დაიწყო. 1983 წელს ის არალეგალური საქმიანობისთვის 3 წლით ციხეში ჩასვეს. თუმცა, გორბაჩოვმა ის ციხიდან გამოუშვა და გრაფმა უკვე ლეგალური სათამაშო ბიზნესის განვითარებას მიჰყო ხელი. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს, სიმონ ჩხაიძეზე ორი თავდასხმა განხორციელდა, მაგრამ ორივე უშედეგო გახლდათ. თუმცა, მან რუსეთში გაჩერება აღარ ისურვა და ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, ამჟამად კი ახალ ზელანდიაში ცხოვრობს მეუღლესთან და შვილთან ერთად. გრაფი 74 წლისაა და კვლავაც ფორმაშია.

 

скачать dle 11.3