როგორ მოვუაროთ წამწამებს
ყველა ქალის ოცნებაა, ჰქონდეს გრძელი და ხშირი წამწამები, რომელიც მზერას იდუმალებასა და ვნებიანობას ანიჭებს. ამისთვის კი მხოლოდ სურვილი არ კმარა, საჭიროა წამწამების მოვლა.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ზედა ქუთუთოებზე საშუალოდ 90-160 წამწამის ღერია განთავსებული და მათი სიგრძე 8-12 მილიმეტრია; ქვედა ქუთუთოზე კი 75-80 წამწამია, რომელთა სიგრძე 6-დან 8 მილიმეტრამდე მერყეობს.
მოუვლელობის შემთხვევაში, შესაძლოა, წამწამებმა ცვენა დაიწყოს, ან, ეგრეთ წოდებული „ბოლოჭამიები“ გაუჩნდეს. ეს რომ არ მოხდეს, დაიცავით მათი მოვლის წესები.
ყოველდღიური გაწმენდა
ყოველ საღამოს, დაძინების წინ, აუცილებლად გაიკეთეთ თვალების დემაკიაჟი – მოიშორეთ ტუში და „ჩრდილები“ და გაიწმინდეთ ქუთუთოები. ამისთვის გამოიყენეთ: მიცელარული წყალი, სპეციალური ლოსიონი და კოსმეტიკური რძე. ამის შემდეგ დაიბანეთ პირი გვირილის ნაყენით, წამწამები კი გაიწმინდეთ შავი ჩაის მსუბუქ ნაყენში დასველებული ბამის ტამპონით – ეს პროცედურა ამაგრებს წამწამების ძირებს.
იმისთვის, რომ წამწამები იყოს აბრეშუმივით მაგარი და ბზინვარე, დილა-საღამოს დაივარცხნეთ სპეციალური პატარა ჯაგრისით (შეგიძლიათ, გამოიყენოთ ტუშის წასასმელი უხმარი ფუნჯი). დავარცხნის წინ კი ფუნჯი ჩააწეთ აბუსალათინის, ვარდის ან ზეითუნის ზეთში. რეგულარული დავარცხნა ხელს უწყობს წამწამების სწრაფ ზრდას.
წამწამები ხშირი და ფუმფულა გახდება, თუ სისტემატურად გაიკეთებთ კომპრესებს ბალახების ნაყენებისგან. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კალენდულა, შავი ჩაი და ღიღილო: ჩააწეთ ბამბის ტამპონები ამ მცენარეების ნაყენში და დაიდეთ დახუჭულ თვალებზე 15-20 წუთის განმავლობაში (ამ პერიოდში წამოწოლილი უნდა იყოთ). შეგიძლიათ, გაიკეთოთ მხოლოდ ღიღილოს ნაყენის კომპლექსი, რეგულარულად, კვირაში ერთხელ.
რაც შეეხება ხელოვნურ წამწამებს, მართალია, ის, გარკვეულწილად, „მაშველი რგოლის“ ფუნქციასაც ასრულებს ხოლმე, მაგრამ, ძალიანაც ნუ გაგიტაცებთ, რადგან, საკმაოდ სერიოზული უკუჩვენებები აქვს. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც, ზოგადად, აწუხებს ალერგია, ბლეფარიტი ან ქუთუთოების სხვა დაავადებები, გაძლიერებული ცრემლდენა, თვალების ქავილი და ასე შემდეგ.
გაინტერესებთ, არსებობს თუ არა წამწამების ზრდის დაჩქარების საშუალებები? დიახ, თურმე არსებობს კიდევ ერთი საშუალება – ეს არის სპეციალური გელები, რომლებიც მზადდება ხორბლის, თხილის, კაკლის ან ნუშის ექსტრაქტზე.
ამ უნიკალური საშუალების მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ 28-დღიანი კურსის ჩატარების შემდეგ წამწამების სიგრძე 2 მილიმეტრით იზრდება.