კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საიდუმლო მოლაპარაკება შეიძლება, ჰქონოდათ სტალინსა და ბერიას „მეგრელ ნაციონალთა საქმის“ ძიებისას

იოსებ სტალინის ხელში განუსაზღვრელი ძალაუფლების თავმოყრა და საბჭოთა კავშირის ყველა წარმატების მისდამი მიწერა ძალზე აღიზიანებდა საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ნაწილს. რუსი ინტელიგენცია ძალზე განიცდიდა, რომ ზესახელმწიფოს სათავეში იდგა არა რუსი, არამედ ქართველი, რომელიც იმაზე გაცილებით დიდ ძალაუფლებას ფლობდა, ვიდრე ბოლო რომანოვი იმპერატორები. სტალინისადმი ზიზღმა კულმინაციას მიაღწია მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეპრესიების დროს. ამ პერიოდს შევეხებით ჩვენს სტატიაში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით. 

დოკუმენტურად მთლად დადასტურებული არ არის, მაგრამ, ზოგიერთ წყაროს თუ ვერწმუნებით, საბჭოთა პოლიტიკური ელიტის ნაწილი სტალინის გადაყენებასა და მისი უფრო ლოიალური პოლიტიკური ლიდერით შეცვლასაც კი გეგმავდა. ცხადია, სტალინი, გრძნობდა ყოველივე ამას და შესაძლო კონკურენტებსა და მათ მხარდამჭერებს, დიდი დაუნდობლობით უსწორდებოდა. სტალინმა უწყოდა, რომ მონას შეუძლია სამსახური, მაგრამ არ შეუძლია ერთგულება. ბელადმა ისიც კარგად იცოდა, რომ მლიქვნელობა დაჩოქილი აგრესიაა და მლიქვნელი ერთ დროს შეიძლება, საშიშ ადამიანადაც იქცეს. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე, დაასჯევინა სიკვდილით სტალინმა დიდი რეპრესიების ორი გამოჩენილი ორგანიზატორი: საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები (მინისტრები) – ჰენრიხ იაგოდა და ნიკოლაი ეჟოვი, ხოლო 1938 წელს ამ თანამდებობაზე ლავრენტი ბერია დანიშნა. ლავრენტი ბერიამ სპეცსამსახურებში დიდი წმენდა ჩაატარა და ხელმძღვანელ თანამდებობებზე თბილისიდან გადაყვანილი მისი ერთგული თანამებრძოლები (სერგო გოგლიძე, ბოგდან ქობულოვი, ვლადიმერ დეკანოზოვი და სხვები) დანიშნა. ამის შემდეგ, ზიზღი სტალინისა და ბერიასადმი დღითიდღე იზრდებოდა, მაგრამ მათი ხელისუფლებიდან ჩამოცილების მცდელობა, დღის წესრიგიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ მოხსნა. რუსები მიხვდნენ, რომ ამ დიდი განსაცდელისაგან სტალინის გარეშე თავს ვერ დაიხსნიდნენ.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ვითარება შეიცვალა. საბჭოთა პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამიერიდან ფონს სტალინისა და ბერიას გარეშეც გავიდოდნენ. ძალიან ფრთხილად, კონსპირაციის ყველა წესის დაცვით დაიწყო სტალინისა და ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რუსებმა გადაწყვიტეს, ჯერ ბერია მოეცილებინათ თავიდან.  ყველა კარგად გრძნობდა, რომ სტალინი დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა და თუ მას ლავრენტი ბერია შეცვლიდა, რუსებს კიდევ დიდხანს მოუხდებოდათ კრემლში ქართველების ბატონობის ატანა. ამის დაშვება კი პოლიტიკური და სამხედრო ელიტის დიდ ნაწილს (ნიკიტა ხრუშჩოვი, ლაზარ კაგანოვიჩს, ნიკოლაი ბულგანინს, გიორგი ჟუკოვს და სხვებს) არასგზით არ სურდა. გადაწყდა ლავრენტი ბერიას გზიდან ჩამოცილება. ეს ადვილი საქმე არ იყო. უპირველესი ამოცანა გახლდათ, სტალინის დარწმუნება ბერიას მოღალატეობაში, რადგან სტალინის ნებართვის გარეშე, ბერიას ხელს ვერავინ ახლებდა. მაინც რა ბრალი უნდა დაედოთ ლავრენტი ბერიასათვის, რომელსაც მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი ავტორიტეტი შესძინა და იმჟამად ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა? საბჭოთა პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილმა, რომელსაც ნიკიტა ხრუშჩოვი ედგა სათავეში, ძალზე ვერაგული გეგმა მოიფიქრა. ბერიასთვის ბრალი უნდა დაედოთ „მეგრელ ნაციონალისტთა” მფარველობასა და წაქეზებაში. გეგმის რეალიზების გზაც ეშმაკურად მოიფიქრეს. ინფორმაცია ბერიას მეგრელ ნაციონალისტთა მფარველობის თაობაზე, მოსკოვში თბილისიდან უნდა შესულიყო და ისე ყოფილიყო შედგენილი, სტალინი მის ჭეშმარიტებაში არ დაეჭვებულიყო. სხვა უკეთეს რამეს ბერიას დასამხობად რუსები ვერ მოიფიქრებდნენ. 

ბერიას წინააღმდეგ შეთქმულების წარმატებით განხორციელბაში მთავარი როლი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უნდა ეთამაშა. სწორედ იქიდან უნდა წასულიყო ინფორმაცია მოსკოვში მეგრელ ნაციონალისტთა თაობაზე. ეს კი შეუძლებელი იყო, რადგან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, ბერიას ერთგული, ავქსენტი რაფავა გახლათ. ნიკიტა ხრუშჩოვმა და მისმა ჯგუფმა მოახერხეს, ბერიას ნების წინააღმდეგ, მინისტრობიდან ავქსენტი რაფავას გათავისუფლება და მის ადგილას ნიკოლოზ რუხაძის დანიშვნა. ნიკოლოზ რუხაძე თავიდანვე გახლდათ საქმის კურსში, რომ ბერიას წინააღმდეგ მეგრელ ნაციონალისტთა საქმე უნდა შეეთხზა. რუხაძის კანდიდატურა შემთხვევით არ შერჩეულა, მას ბერია ეზიზღებოდა და პიროვნულადაც დაინტერესებული იყო მისი დამხობით. ამიტომაც შეუდგა რუხაძე გაორმაგებული ენერგიით მოსკოვიდან მიღებული დავალების შესრულებას.

 1951 წლის ნოემბრიდან, ნიკოლოზ რუხაძის მეთაურობით, დაიწყო „მეგრელ ნაციონალიტთა საქმის“ შეთხზვა. მისი პირველი მსხვერპლი გახდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი – მიხეილ ბარამია. დააპატიმრეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი - ავქსენტი რაფავა, საქართველოს მთავარი პროკურორი - ვლადიმერ შონია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პეტრე შარია და სამეგრელოს რეგიონის ბევრი თანამდებობის პირი. აპატიმრებდნენ მეგრული წარმოშობის თანამდებობის პირებს თბილისში ბათუმსა და სხვაგან, თუკი თავის დროზე ისინი ლავრენტი ბერიას მიერ იყვნენ დანიშნულნი. საგამოძიებო მასალებში ჩნდება, აშკარად შეთხზული ცნობები „მეგრელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის“ არსებობის შესახებ. 

ნიკოლოზ რუხაძე საიდუმლო მოხსენებებს უშუალოდ სტალინს უგზავნიდა. თავად რუხაძე ხვდებოდა, რომ ცეცხლს ეთამაშებოდა და ამიტომაც იყო, რომ სტალინისადმი დაწერილი მოხსენების მანქანაზე გადაბეჭდილ ტექსტში, გვარების ადგილს მემანქანეს ატოვებინებდა და შემდეგ თავისი ხელით ავსებდა მათ. ასე რომ, რუხაძის მოხსენებით ბარათში ჩამოთვლილი პირების ვინაობა იცოდა ორმა ადამიანმა თავად ნიკოლოზ რუხაძემ და იოსებ სტალინმა. 

მეტად საინტერესოა საკითხი – გრძნობდა, თუ არა სტალინი, რომ „მეგრელ ნაციონალისტთა საქმე“ თავიდან ბოლომდე შეთხზული იყო და ის ბერიას დამხობას ისახავდა მიზნად? ენდობოდა, თუ არა სტალინი ნიკოლოზ რუხაძეს? ერთი რამ ცხადია, საქართველოში უამრავი ადამიანი დააპატიმრეს, სასტიკად აწამებდნენ მათ ციხეში, გამოძიების მასალები უკვე ათეულ ტომებს ითვლიდა, მაგრამ მოსკოვში ეს საქმე გახმაურებული არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ თბილისში გამოძიების პროცესში დაგროვილ ათეულობით ტომში ლავრენტი ბერიას გვარი არსად ფიგურირებდა. ძალზე საინტერესოა ისიც, რომ სტალინს ბერიასთან „მეგრელ ნაციონალისტთა საქმის“ ძიების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც კი, არავითარი საუბარი არ ჰქონია. სტალინი რაღაცას ელოდა, გადაწყვეტილებას არ იღებდა, თუმცა, თბილისში მიმდინარე გამოძიებით დიდად იყო დაინტერესებული. არც ლავრენტი ბერია ჩქარობდა. მიუხედავად იმისა, რომ საქრათველოში ბერიას უერთგულესი თანამდებობის პირები დააპატიმრეს, ამ უკანასკნელს თავი ისე ეჭირა, თითქოს არაფერი ხდებოდა. ლავრენტი ბერია იმთავითვე მიხვდა, რომ „მეგრელ ნაციონალისტთა საქმე“ მის დასამხობად იყო გამოგონილი. ბერია რომ საქმის ძიების მსვლელობით დაინტერესებულიყო, ან დაპატიმრებულთაგან რომელიმე პიროვნების დაცვა ეცადა, ის არაპირდაპირ დაადასტურებდა თავის კავშირს მეგრელ ნაციონალისტებთან. ასეთ შეცდომას კი ლავრენტი ბერია არ დაუშვებდა. დუმდა სტალინი – დუმდა ბერიაც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სტალინს დიდად არ სჯეროდა არც მეგრელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის არსებობა და არც მეგრელ ნაციონალისტებთან ლავრენტი ბერიას კავშირისა. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ „მეგრელ ნაციონალისტთა საქმის“ ძიება ჯერ კიდევ დამთავრებული არ იყო, როცა სტალინმა ერთ-ერთი ოფიციალური გამოსვლისას, ყველას აგრძნობინა, რომ არ სჯეროდა ბერიას ამ საქმეში მონაწილეობის. იქნებ, სტალინის ეს ღია და პირდაპირი განცხადება იმ ადამიანების გასაგონად იყო ნათქვამი, ბერიას წინააღმდეგ „მეგრელ ნაციონალისტთა საქმე“ რომ ააგორეს. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ასეთი კატეგორიული განცხადებისა, სტალინს „მეგრელ ნაციონალისტთა საქმის“ ძიების შეწყვეტის ბრძანება არ გაუცია, პირიქით დაპატიმრებები კვლავ მიმდინარეობდა. ბელადის პოზიციის გასარკვევად, ძალზე მნიშვნელოვანია, შემდეგი ფაქტი: 1952 წლის ივლისში თანამდებობიდან გაათავისუფლეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, „მეგრელ ნაციონალისტთა საქმის“ მთავარი შემთხზველი ნიკოლოზ რუხაძე. ვისი დამსახურება იყო ეს – იოსებ სტალინის მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება, თუ სტალინისა და ბერიას საიდუმოლო მოლაპარაკების შედეგი? ერთი რამ ცხადია, სტალინი რუხაძეს აღარ ენდობოდა და ამიტომ გაწირა ის. რუხაძე თბილისიდან მოსკოვში, ლეფორტოვოს ციხეში გადაიყვანეს. დაიწყო მისი საქმის გამოძიება. 3 წლის განმავლობაში რუხაძე თავის მართლებას ცდილობდა, თუმცა მისი არავის სჯეროდა. ლავრენტი ბერიას ნიკოლოზ რუხაძის სასწრაფოდ დახვრეტა ხელს არ აძლევდა, რადგან მას უნდა დაესახელებინა ბერიას წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორები. რუხაძემ კარგად იცოდა, როგორც კი ამ ინფორმაციას გასცემდა, მას მაშინვე დახვრეტდნენ. სტალინიც არ ჩქარობდა რუხაძის დახვრეტას. ეტყობა, მასაც ბევრი კითხვა გაუჩნდა „მეგრელ ნაციონალისტთა საქმის“ ძიების პროცესთან დაკავშირებით. ნიკოლოზ რუხაძეს ბედმა გაუღიმა. მან ციხეში მყოფმა შეიტყო, ჯერ სტალინის გარდაცვალების, შემდეგ ბერიას დახვრეტის ამბავი. თუმცა, ბედმა გაუღიმა მხოლოდ დროებით. რუხაძე იმ ადამიანებმა (ხრუშჩოვმა და მისმა თანამოაზრეებმა) გაწირეს, რომლებმაც მას ბერიას წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მთავარი როლის შესრულება დააკისრეს. 1955 წელს ის გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯეს.

სტალინის გარდაცვალებამ და ბერიას მკვლელობამ „მეგრელ ნაციონალისტთა საქმეში“ ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში დროებით ზავი ჩამოვარდა. სტალინის სიკვდილმა ხელისუფლებისთვის მებრძოლები გარკვეულ დრომდე შეარიგა.              

 

скачать dle 11.3