რა უნდა გაითვალისწინოთ ქორწილის დღეს, რომ თქვენს რჩეულთან ერთად სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად იცხოვროთ
ქორწინება ყველა ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ხოლო, თუ ამის შემდეგ წყვილის ცხოვრება იდილიურად წარიმართა, ეს გამართლებული ქორწინებაა. ეზოთერიკაში, არსებობს წესები, რომლებიც ყველა ნეფე-პატარძალმა უნდა დაიცვას, რათა მათ შემდგომში შესაძლო უსიამოვნებებს აარიდონ თავი. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნაზი ამბობს, ქორწინება მხოლოდ ზეცაში არ წყდება; ამასთან დაკავშირებული არაერთი წესი არსებობს, რომელთა დაცვაც ბედნიერი ქორწინების გარანტია, ხოლო, რაც შეეხება ორსულობას, ამ დროს ქალს განსაკუთრებული ყურადღება ჰმართებს, რათა დაიცვას როგორც საკუთარი, ისე თავისი მომავალი შვილის ჯანმრთელობა გარშემო მყოფების ავი თვალისა და გათვალვისგან. ასე რომ, თუ ქორწილის დღეს დაიცავთ ამ ელემენტარულ წესებს და გაითვალისწინებთ ქვემოთ მოყვანილ რჩვებს, მაშინ მომავალში ბედნიერი ცხოვრება გარანტირებული გექნებათ.
ნაზი: ყველა ადამიანის ცნობიერებაში ქორწილის დღე ყველაზე ლამაზ და ბედნიერ დღედ რჩება. ბევრმა, ალბათ, არც კი იცის, რომ არსებობს უძველესი დროიდან შემორჩენილი და გავრცელებული წესები და რჩევები, რომლებიც ბედნიერი თანაცხოვრებისთვისაა საჭირო და მათი დაცვა სწორედ ქორწილის დღიდან იწყება. ამიტომ, თუ გსურთ, თქვენს რჩეულ და საყვარელ ადამიანთან სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერად იცხოვროთ და იოლად აიცილოთ პრობლემები, გირჩევთ, ეს წესები გაითვალისწინოთ. რაც შეეხება წესებს, რომლებიც ქორწილის დღეს უნდა დაიცვას შეყვარებულმა წყვილმა, ოდითგანვე არსებობდა და მას ბევრ ქვეყანაში დღესაც ზედმიწევნით იცავენ. სწორედ ამ წესებს რომ იცავდნენ ჩვენი წინაპრები, ამიტომაც ცხოვრობდნენ მშვიდად და შეხმატკბილებლად სიცოცხლის ბოლომდე. ახლა კი, გადაიხდიან ქორწილს და მეორე ან მესამე დღეს შორდებიან. არადა, თუ გიყვარს და ასეთ საპასუხისმგებლო ნაბიჯს დგამ, ოჯახს ქმნი, ხარჯს წევ და ახლობლებს ეპატიჟები, რომ შენი ბედნიერება გაიზიარონ, მაშინ რა ხდება? რა, ასე მალე მთავრდება სიყვარული და აღფრთოვანება?! ამაზე არავინ ფიქრობს და ეს ძალიან სამწუხაროა. ერთი ხელის მოსმით შექმნილ-დანგრეული ოჯახები ხომ ტრაგედიაა და, თუ ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შეგვიძლია, რატომ არ უნდა გავანდოთ და გავუზიაროთ წინაპრების გამოცდილება ახალგაზრდებს?!
– იმასაც ხომ ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ცრურწმენებია, ადამიანი გადაწყვეტილებას თავად იღებს და ამაში იღბალი არაფერ შუაშიაო?
– დიახ, გეთანხმებით, ზოგი იმასაც ამბობს, ეს ცრურწმენებია და თუ ადამიანი რამეს გადაწყვეტს, მას ვერანაირი რიტუალი და ნაცადი ხერხი ვერ შეაჩერებსო. დამერწმუნეთ, ცდება, ვინც ასე ფიქრობს. თქვენ ცრურწმენა დაუძახეთ და, სწორედ ეს ცრურწმენები თამაშობს გარკვეულ როლს იღბლიან და ბედნიერ ქორწინებაში. მაგალითად, ქორწინებამდეც და მის შემდეგაც, არ შეიძლება; საქორწინო ბეჭედი სხვა ადამიანმა მოირგოს თითზე; არც მისი თხოვება-გაჩუქება შეიძლება. არც ის ბეჭედი უნდა აჩუქოს დედამთილმა რძალს, რომელსაც თავად ატარებს. მოკლედ, უბრალო დამთხვევა არ არსებობს, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს და, არ არის გამორიცხული, სხვისი ნატარები ბეჭედი, სავალალო შედეგის მომტანი აღმოჩნდეს. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ: თავისი საქორწინო თუ ნიშნობის ბეჭედი არავის არც აჩუქოს და არც ათხოვოს.
– ასევე, გამიგია, რომ ყველაზე ადვილი ახალდაქორწინებულების გათვალვა სწორედ ქორწილის დღესაა. ამაზე რას გვეტყვით?
– ქორწილის დღეს ყველა ნეფე-პატარძალს უყურებს და, შესაძლოა, ამ დროს ერთმა ავმა მზერამ ან შურიანმა შეხედვამ ისინი გათვალოს. ამისგან თავის დასაცავად, ქორწილის დღეს, ნეფემაც და პატარძალმაც, ქინძისთავით გიშრის ქვა უნდა დაიმაგრონ თვალშისაცემ ადგილას – ასე მარტივად ხდება თავდაცვა და ეს ყველა ახალდაქორწინებულმა წყვილმა უნდა გაითვალისწინოს. როდესაც პატარძალი თავისი ბინიდან გადის, აუცილებლად უნდა გადაკოცნოს მშობლები, რათა მომავალში ისინი თავისი ბედნიერებით გაახაროს; ჯვრისწერამდე ან ხელის მოწერამდე კი პატარძალმა აუცილებლად ახალ სარკეში უნდა ჩაიხედოს, შემდეგ კი სარკე საძინებელში, საწოლის ქვეშ დადოს – ეს მისი მეუღლესთან ერთად ბედნიერების, იდილიური და ჰარმონიული ცხოვრების გარანტია. კარგია, თუ ჯვრისწერის და ხელის მოწერის შემდეგ, ახალდაქორწინებულები ერთდროულად ჩაიხედავენ დედამთილის ნაჩუქარ სარკეში და გაიღიმებენ – ეს ბედნიერებისა და მომავალი მშვიდი ცხოვრების გარანტიაა. ასევე, არ შეიძლება, სხვამ აიღოს ხელში საქორწინო თაიგული, სანამ მას სტუმრებს გადაუგდებს, რაც ხდება ქორწილის ბოლოს, მანამდე კი პატარძალმა თაიგული აუცილებლად უნდა დაიცვას სხვისი შეხებისგან.
– მაგრამ, თუ ეს ვერ მოახერხა?
– მაშინ, შესაძლოა, ახალშეუღლებულები პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ან მათ შორის მესამე პირი ჩადგეს. აქვე გეტყვით, რომ, თუ თაიგული სიძის ნაყიდია, ის პატარძალმა არ უნდა ისროლოს ზურგსუკან, მას მხოლოდ მეჯვარის ნაყიდი თაიგულის გადაგდების უფლება აქვს.
თუ სიძის ნაყიდი თაიგული ისროლა პატარძალმა ზურგსუკან, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ისინი მალევე დაშორდნენ.
– ამ დღეს ყველა ცდილობს, ნეფე-პატარძალთან ერთად გადაიღოს ფოტო. ამ მხრივ რა უნდა გავითვალისწინოთ?
– არ ვარგა, როცა ნეფე-პატარძლის შუაში დგებიან და ფოტოს ასე იღებენ, რადგან, ესეც, შესაძლო დაშორების ნიშნად ითვლება.
– საქორწილო ტორტიც ახალდაქორწინებულებმა უნდა დაჭრან და პირველი ნაჭერი თავად მიირთვან?
– საქორწილო ტორტი აუცილებლად პატარძალმა უნდა დაჭრას, ხოლო დანაზე სიძესაც უნდა ჰქონდეს ხელი მოკიდებული. პირველი ნაჭერიც ერთი თეფშიდან უნდა ჭამონ, უფრო სწორად, პატარძალმა სიძეს თავისი ხელით უნდა აჭამოს ტორტის პირველი ლუკმა, სიძემ კი – პატარძალს. პირველ ღამეს კი ახალდაქორწინებულებს ლოგინი გათხოვილმა, ბედნიერმა და შვილიანმა ქალმა უნდა გაუშალოს. ასე რომ, გირჩევთ, არ დაარღვიოთ ეს უძველესი ტრადიციები და თქვენს საკეთილდღეოდ გამოიყენოთ.
– ქალბატონო ნაზი, ამბობენ, განსაკუთრებული ყურადღება ორსულმა ქალმა უნდა გამოიჩინოს, რომ ავმა მზერამ მისი მომავალი შვილი არ დააზარალოსო. მაინც, როგორ უნდა დაიცვას თავი მომავალმა დედამ ამ პერიოდში?
– ორსული ქალი ძალიან ადვილად იღებს თვალს და, შეიძლება, ისე გაითვალოს, რომ მომავალი შვილის ჯანმრთელობაზე აისახოს ეს ყოველივე. ამიტომ, ორსულმა ქალმა აუცილებლად უნდა ატაროს ქინძისთავზე დაბნეული გიშრის ქვა. ოღონდ, ისეთ ადგილას უნდა დაიმაგროს ტანსაცმელზე, რომ ადამიანის მზერა ადვილად მოხვდეს. თუ ის გაიბზარა, აუცილებლად უნდა გადააგდოს და ახლით შეცვალოს. ეს გიშრის ქვა მშობიარობის დროსაც უნდა ჰქონდეს თან და მანამდე ატაროს, სანამ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე ეყოლება. ასევე, არ უნდა დატოვოს თავისი ტანსაცმელი ღამით გარეთ, თოკზე გაფენილი და არც თავისი ორსულობის ტანისამოსი ათხოვოს ვინმეს. არც წინასწარ ვარგა მომავალი ბავშვისთვის შენაძენების გაკეთება; უმჯობესია, მის დაბადებას დაელოდოთ და მერე იყიდოთ. ეს, რასაკვირველია, დედას ეხება, თორემ, ახლობლებს ნებისმიერი რამის ყიდვა შეუძლიათ.