ვარჯიშის თვითნებურად დაწყება არ შიძლება
თრომბოფლებიტი გენეტიკური დაავადებაა
თუ რომელიმე ახლობელი დაავადებული იყო თრომბოფლებიტით, ანუ ვენების ანთებით, რასაც თან სდევს თრომბების გაჩენა, რისკი არსებობს, რომ ის თქვენც გადმოგეცემათ. მშობლების გენი სისხლის შენადედის წარმოქმნის ალბათობას ზრდის. ყველაზე ხშირად ამ სნეულებით ავადდებიან ორალური კონტრაცეპტივების გამომყენებლები, ჯდომითი წესის მოყვარული ადამიანები და მწეველები. თუ გსურთ, თავი დაიზღვიოთ, აუცილებელია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები კონტრაცეპტივის სხვა საშუალებებით შეცვალოთ, მოწევას კი თავი დაანებოთ. კარგი ეფექტი აქვს ფიტოპრეპარატებს, კერძოდ, მწვანე ჩაის, ნიორს, ბილობას ექსტრაქტს. აღნიშნული გენეტიკის ქალებს ორსულობის პერიოდში გართულების რისკი აქვთ. ამიტომ, თქვენი მიდრეკილების შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ ექიმ-გინეკოლოგს.
ტვინში სისხლის მიმოქცევის მკვეთრი დარღვევა, ანუ ინსულტი, რასაც თან სდევს უეცარი გულის წასვლა და დამბლა, ხშირად დაკავშირებულია ათეროსკლეროზთან და მაღალ არტერიულ წნევასთან. ამიტომ, თუ თქვენს წინაპარს აწუხებდა ეს დაავადება, დიდი შანსია, თქვენც დაავადდეთ. ინსულტის საუკეთესო პროფილაქტიკაა ცხოვრების ჯანსაღი წესი. ნუ მოწევთ სიგარეტს, რადგანაც მოწევა ინსულტის რისკს ზრდის. ასევე, მოერიდეთ ალკოჰოლიანი სასმელების მიღებას. ყურადღება მიაქციეთ სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას, ჭამეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, სოიის პროდუქტები.
ორგანიზმის პირველივე სიგნალებს ყურადღება მიაქციეთ. ხშირად ისინჯეთ პულსი, გაიკეთეთ ელექტროკარდიოგრამა. დაიცავით უცხიმო ან დაბალი ცხიმების შემცველი პროდუქტების დიეტა. აუცილებლად მიირთვით ფორთოხალი, ბადრიჯანი, გოგრა, კამა, გარგარი, ცირცელი, ვაშლი და სვით მწვანე ჩაი. ასევე, აუცილებელი და სასარგებლოა ფიტოესტროგენებითა და სხვა მცენარეული ჰორმონებით მდიდარი სუნელების გამოყენება კერძებში.
დააკვირდით ფრჩხილის ფერს
ადამიანის ფრჩხილის ფერი, ფორმა და სისქე ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესზეა დამოკიდებული:
ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ნეიროდერმიტი, ფრჩხილის ზრდა ნელდება.
ფრჩხილის გაყოფა, აქერცვლა და ზედაპირზე ოვალური რელიეფური ხაზების გაჩენა ანთებითი და ინფექციური დაავადების შესაძლო არსებობაზე მიუთითებს. ასევე, სავარაუდოდ, დარღვეულია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქცია. ასეთივე ნიშნებია დამახასიათებელი კანის ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ფსორიაზი, რომლის დროსაც ფრჩხილებზე წერტილოვანი ჩაღრმავებები აღინიშნება.
ფრჩხილის ფერი, შესაძლოა, შეიცვალოს შაქრიანი დიაბეტის, სისხლძარღვებში მინერალების შემცველობის ცვლილების, გულისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სისხლის დაავადებებისას ფრჩხილები მოლურჯო, ხოლო ღვიძლის დაავადების შემთხვევაში – მოყვითალო ფერს იძენს.
ეგზემით დაავადებულ ადამიანს თანდათან ეცვლება ფრჩხილის ფერი. ის კარგავს ბზინვარებას და სქელდება. ასეთივე სიმპტომები შეინიშნება სოკოვანი დაავადებების დროსაც. თავიდან ფრჩხილის კუთხეებში ჩნდება მოყვითალო ხაზები, შემდეგ მთელი ფრჩხილი ნელ-ნელა სქელდება და ჩნდება ღრმულები. ამ დროს ფრჩხილი იწყებს დეფორმირებას და ხდება ხორკლიანი და არა გლუვი.
ბრინჯის ფაფის საუზმეზე ჭამით გაიუმჯობესეთ დღის განწყობა
დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ჭამთ საუზმეზე. კარგია, თუ დილით ბრინჯის ფაფას მიირთმევთ, ის მდიდარია სახამებლით, რომელიც ორგანიზმს საკვების უკეთ გადამუშავებაში ეხმარება. ასევე, აქვს თვისება, გამოიმუშაოს სეროტონინი, რომელიც აუმჯობესებს განწყობას. სეროტონინის გამომუშავების შემდეგ გამოიყოფა ძილის ჰორმონი, რასაც, ასევე, ხელს უწყობს შემდეგი პროდუქტები: ბანანი, პური, მაკარონი, ხახვი, ნიორი, თბილი რძე და ასე შემდეგ. თუ ამ პროდუქტებს ერთ ფინჯან ყავასაც მიაყოლებთ, თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
ფიზიკური აქტივობა და სპორტი ენერგიის გამოცლასა და დაღლას იწვევს, მაგრამ ძილს მაინც არ მოგგვრით. დაძინებამდე სამი საათით ადრე უარი თქვით ყველანაირ ვარჯიშზე. ასევე, ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად და ძილის წინ არ იფიქროთ საქმეებზე.
საღამოს საათებში ნუ შეჭამთ შემწვარ ხორცს, სოსისსა და შებოლილ პროდუქტებს, რადგან ეს საკვები კუჭ-ნაწლავის გადატვირთვას იწვევს და ღამით მშვიდი და ნორმალური ძილის საშუალებას არ მოგცემთ. ძილის წინ ნურც შოკოლადს, ყავას, ჩაისა და ტკბილ, გაზიან სასმელს მიირთმევთ. ეს პროდუქტები კოფეინს შეიცავს, რაც ორგანიზმის აგზნებას იწვევს.
რატომ უნდა ჭამოთ ხშირად თევზი
თევზი შეიცავს იოდს, ფოსფორს, ფტორს, A და D ვიტამინებს. მიკროელემენტი ფოსფორი ადამიანის თავის ქალის შემადგენლობაში შედის და უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებასა და მთლიანად ადამიანის ჩამოყალიბებაში.
ასევე, მეტად სასარგებლო და საჭირო მიკროელემენტია ფტორი. მისი დეფიციტი იწვევს კარიესს და ძვლის ქსოვილის დაშლას. ეს ნივთიერება ადამიანს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან იცავს. აგრეთვე, ის აუცილებელია ორგანიზმში ნახშირწყლების სწორი ცვლისთვის.
როგორც აღვნიშნეთ, თევზი შეიცავს A და D ვიტამინებს. ვიტამინი A აუცილებელია კარგი და მახვილი მხედველობის შესანარჩუნებლად. ასევე, კანისა და ლორწოვანი გარსისთვის.
ვიტამინი D კი, რომელსაც, შეიცავს თევზის ქონი და შავი ხიზილალა, ბავშვებს რაქიტისგან იცავს, სასარგებლოა და საჭირო მოზარდებისთვისაც.
აუცილებლად გაარკვიეთ კვებითი ტოქსიკოინფექციის რომელ სახესთან გაქვთ საქმე
კვებითი ტოქსიკოინფექციები დაკავშირებულია სხვადასხვა ბაქტერიით დაბინძურებული საკვები პროდუქტების მიღებასთან. კლინიკურად ამ დაავადებებს კუჭ-ნაწლავის მწვავე აშლილობისა და ორგანიზმის მოშხამვის მოვლენები ახასიათებს. კვებით ინტოქსიკაციებს სხვადასხვა ბაქტერია იწვევს, კერძოდ, სტაფილოკოკი, პროტეუსი, ფსევდომონასი, კლოსტრიდები, პარაჰემილიზური ვიბრიონი, B ჯგუფის სტრეპტოენტეროკოკი და ასე შემდეგ. ეს მიკრობები პარაზიტობენ როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ნაწლავებში, გამოიმუშავებენ ძლიერ შხამს, ახასიათებთ გარემოში გამძლეობა და სიცოცხლის ხანგრძლივად შენარჩუნების უნარი.
ინფექციის წყაროა დაავადებული ან ბაქტერიის მატარებელი ადამიანი ან ცხოველი. ბაქტერიები გამოიყოფა ნაწლავიდან განავალთან ერთად, ცხვირ-ხახის გამონადენიდან, კანიდან. ინფექციის გადაცემა ხდება დაბინძურებული წყლით და საკვები პროდუქტით, ასევე, საოჯახო ნივთებითაც. დაავადების ფარული პერიოდი ნახევარი საათიდან ექვს საათამდეა.
დაავადებას ახასიათებს მწვავე და მძიმე დასაწყისი, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, მუცელში, ხშირი ფაღარათი. სიმძიმის მიხედვით გამოხატულია ტემპერატურული რეაქცია, ძლიერი სისუსტე, თავბრუ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების ნიშნები. ამ დროს ზიანდება ნერვული სისტემა და საჭმლის მომნელებელი ორგანოები. წყლისა და მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვა ორგანიზმის გამოშრობასა და კრუნჩხვას იწვევს. მკურნალობის სწორად წარმართვისთვის, სასწრაფოდ უნდა გაარკვიოთ კვებითი ტოქსიკოინფექციის რომელ სახესთან გაქვთ საქმე.
კვებითი ტოქსიკოინფექციაზე ეჭვის მიტანისთანვე, სასწრაფოდ წყლით ან სოდიანი ხსნარით ამოირეცხეთ კუჭი, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, მოერიდეთ ძნელად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. დაიცავით წოლითი რეჟიმი. მძიმე შემთხვევებში კი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა, საჭირო გახდეს თქვენი სტაციონარული მკურნალობა.
ვარჯიშის თვითნებურად დაწყება არ შიძლება
თუ ადამიანს რაიმე ორგანო აწუხებს, ექიმის რეკომენდაციის გარეშე სპორტის რომელიმე სახეობით თვითნებურად დაკავება არ არის რეკომენდებული. ამას, შესაძლოა, შეუქცევადი პროცესები მოჰყვეს. სწორად უნდა შეარჩიოთ მხოლოდ თქვენთვის მისაღები ვარჯიშის სახეობა, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ.
აერობიკის დროს ძირითადი დატვირთვა მსხვილ კუნთებსა და მყესებზე მოდის. 40 წლის შემდეგ, აერობიკით აქტიური გატაცება რეკომენდებული არ არის, ამ შემთხვევაში მსუბუქი ვარჯიშით უნდა შემოიფარგლოთ და დატვირთვა თანდათან გაზარდოთ. თუ აერობიკის ვარჯიშების შესრულებას წონაში დაკლების მიზნით იწყებთ, არაფერი მიირთვათ ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში.
სასურველ შედეგს კვირაში სამჯერადი ვარჯიშით, დაახლოებით 6 თვის შემდეგ მიაღწევთ. აერობიკას თავი უნდა აარიდოთ, თუ ხართ ორსულად, გაწუხებთ ოსტეოქონდროზი ან ოსტეოპოროზი.
15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის შეიპინგი არ არის სასურველი. მართალია, ვარჯიშის დროს სიმსუქნე ქრება, მაგრამ, როგორც კი მოზარდი თავს დაანებებს შეიპინგს, ზუსტად იმ ადგილებში გასუქდება, რომლის გახდომაც უნდოდა. 50 წლის ასაკის შემდეგ კი შეიპინგი ორგანიზმისთვის დიდი დატვირთვაა. ვინც შეიპინგს მისდევს, მათთვის არ არის რეკომენდებული ვარჯიშამდე 5 საათით ადრე და ასევე 5 საათის შემდეგ მიიღონ ცხოველური ცილები. აგრეთვე, არაფერი არ უნდა ჭამოთ შეიპინგამდე ორი საათით ადრე. სასურველი შედეგის მისაღწევად კი დაახლოებით სამიდან ხუთ თვემდე დაგჭირდებათ.
შეიპინგის დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ. ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გამოარკვიეთ თქვენი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.
ტრენაჟორებით შეგიძლიათ, სხვადასხვა ჯგუფის კუნთები ავარჯიშოთ და გაწვრთნათ. 15 წლამდე ასაკში ტრენაჟორებზე ვარჯიში არ არის სასურველი.
კუნთებს მხოლოდ ტრენაჟორებზე ვარჯიშით ვერ გაიმაგრებთ, საჭიროა ცილებით მდიდარი საკვების მიღებაც. ვინც ტრენაჟორებზე ვარჯიშობს, მას პირადმა მწვრთნელმა უნდა შეუდგინოს ინდივიდუალური დიეტა. ასევე, კონკრეტული ადამიანებისთვის ინდივიდუალურია ვარჯიშის შედეგები.