რისთვის დასაჯა სიკვდილით სულთანმა სელიმმა საკუთარი მამა, 6 ძმა და 10 ბიძაშვილი
უკვე კარგა ხანია, რაც საქართველოს მოსახლეობა თურქული სერიალის – „დიდებული საუკუნის” (ზოგიერთი ვერსიით – „ბრწინვალე საუკუნის”) გმირების ცხოვრებას ყოველდღიურად ადევნებს თვალს. პირადად ჩემი ყურადღება ამ სერიალმა თავდაპირველად იმით მიიპყრო, რომ ანონსში აღნიშნავენ, ფილმის შექმნის იდეა ისტორიული სინამდვილიდან მომდინარეობსო. დავინტერესდი, რეალურად როგორ ვითარდებოდა მოვლენები მეთექვსმეტე საუკუნეში ოსმალეთში სულეიმან პირველის კარზე და რამდენად რეალური ამბები და პერსონაჟები ჰყავთ გამოყვანილი პოპულარულ სერიალში. ამ თემაზე ჩვენს რესპონდენტთან, ისტორიკოს მირიან მახარაძესთან ერთად ვისაუბრებთ.
მირიან მახარაძე: სულეიმან პირველის მმართველობის პერიოდი ყველაზე ბრწყინვალე საუკუნედ ითვლება ოსმალეთის ისტორიაში. ოსმალებმა მას „კანონმდებელი“ უწოდეს, ხოლო ევროპელებმა – „ბრწყინვალე“. მისი სულთნობა 1520 წლიდან 1566 წლამდე გაგრძელდა. მისი დამსახურებაა, რომ სულეიმანის თანამედროვე ოსმალეთი სამ კონტინენტზე გადაიჭიმა. მეტსაც გეტყვით: სულ ცოტა დააკლდა, რომ მთელი დასავლეთ ევროპა ოსმალების ბატონობის ქვეშ აღმოჩენილიყო. 1529 წელს სულეიმანმა ვენასაც კი შემოარტყა ალყა, თუმცა, ავსტრიის დღევანდელი დედაქალაქი დარჩა ის ბოლო უკიდურესი წერტილი ევროპაში, რომელსაც ოსმალები ვერ დაეუფლნენ.
– რა დამოკიდებულება ჰქონდა სულეიმან პირველის თანამედროვე ოსმალეთს საქართველოსთან?
– მართალია, სულეიმანის მიზანი ევროპის დაპყრობა იყო, მაგრამ, აღმოსავლეთში წარმოქმნილმა სეფიანთა ირანმა ის იძულებული გახადა, მზერა აღმოსავლეთისკენაც მიეპყრო და სწორედ ამ ჭრილში მოექცა საქართველოც. სულეიმანის პირველი შეტევა ქართულ ტერიტორიებზე განხორციელდა 1549 წელს, როდესაც მან სამცხის ციხეები აიღო. ქართველები სულეიმან პირველს დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. მაგალითისთვის მოგიყვანთ ერთ ფაქტს, როდესაც 130 აქლემზე დატვირთული მთელი ოსმალური ჯარებისთვის განკუთვნლი სურსათ-სანოვაგე ქართველებმა ჩაიგდეს ხელში, რამაც, ფაქტობრივად, ოსმალთა ჯარის შიმშილი გამოიწვია და რამაც ლამის შეაჩერა ირანის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები. სულეიმანი ისე განრისხდა ამის გამო, რომ ბრძანება გასცა, მთელი საქართველო დაეპყროთ და ურწმუნო ქართველები სიკვდილით დაესაჯათ, თუმცა, ამ ბრძანების აღსრულებას მოახლოებულმა ზამთარმა შეუშალა ხელი. ქართველები ყოველთვის ლავირების პოლიტიკას აწარმოებდნენ სეფიანთა ირანსა და ოსმალთა შორის. მაგრამ, ამასიის ზავის შესათანხმებლად ჩასულმა შაჰ-თამაზის ელჩმა სულეიმანს შესთავაზა, მუსლიმები ერთმანეთთან დამეგობრებულიყვნენ და ერთად გაელაშქრათ ურწმუნო ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც წინააღმდეგობას უწვედნენ და ზიანს აყენებდნენ ალაჰის დროშის ქვეშ მებრძოლ რაინდებს. მართლაც, ამ ზავის პირობებით, ოსმალებმა და ირანელებმა 1555 წელს საქართველო შუაზე გაიყვეს. თუმცა, ვერც ოსმალებმა და ვერც ირანელებმა საქართველოს ტერიტორიის მთლიანი ანექსია ვერ მოახერხეს.
– რაც შეეხება სულეიმანის პირად ცხოვრებასა და ხასიათს?
– სულეიმანი ბუნებით პროგრესული ადამიანი იყო. იგი არ ექცეოდა იმ პერიოდში მიღებულ მუსლიმურ ჩარჩოებში. ერთი მხრივ, ის იყო პოეტებისა და მხატვრების შემწყნარებელი და თვითონაც წერდა ლექსებს. სულეიმანი არ აღიარებდა ისლამისთვის დამახასიათებელ მხოლოდ ორნამენტულ მხატვრობას, პირიქით, იგი ხელს უწყობდა მხატვრებს დაეხატათ ადამიანის პორტრეტები, ფიგურები და, მეტსაც გეტყვით – ბიბლიური სცენებიც კი. მეორე მხრივ, სულეიმანი იყო მრისხანე პიროვნება, რაც მას, ალბათ, მამისგან გამოჰყვა მემკვიდრეობით. ოსმალებმაც კი, მამამისს მეტსახელად „იავუზი,“ ანუ, „მრისხანე“ შეარქვეს, რადგან, ტახტის ხელში ჩასაგდებად მან მოაკვლევინა თავისი მამა, 6 ძმა და 10 ბიძაშვილი. დავუბრუნდეთ სულეიმან პირველს: ის უსაზღვრო მრისხანებით შიშის ზარს სცემდა თავის გარემოცვას. მან სიკვდილით დასაჯა ისეთი დიდვეზირი, როგორიც იყო იბრაჰიმ ფაშა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმ ჰაშას წყალობით მიაღწია არაერთ გამარჯვებას როგორც ევროპაში, ისე აღმოსავლეთში. უფრო მეტიც: მან სიკვდილით დასაჯა თავისი შვილები – ბაიზაეთი და მუსტაფა.
– ჩვენი მკითხველები კარგად იცნობენ იბრაჰიმ ფაშას, სულეიმანის უფროს ვაჟს – მუსტაფასა და ჰიურემ ხათუნს და მის შვილებს. რას გვაუწყებს მათ შესახებ ისტორიული წყაროები?
– სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამ ფილმს ვერ ვადევნებ თვალს და, არ ვიცი, მისი სცენარი როგორ ვითარდება; სამაგიეროდ, ისტორიული სინამდვილიდან ჩანს, რომ მაკედონიელი, ბავშვობაში მონად გაყიდული იბრაჰიმ ფაშა, ჯერ კიდევ უფლისწულ სულეიმანის კარზე იზრდებოდა და მის ძმადნაფიცად ითვლებოდა. იყო პერიოდი, როდესაც ისინი მართლა ძმობას უწევდნენ ერთმანეთს და იბრაჰიმი მომავალი სულთნის სიცოცხლეზე ერთგვარ პასუხისმგებლობას იღებდა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ სულეიმანის გასულთნებისთანავე იბრაჰიმი ოსმალეთის დიდვეზირი გახდა. რამდენიმე სერიის შემდეგ ფილმში ნაჩვენებია, რომ ბრძოლის დროს ოსმალეთის მთავარსარდალი სულთანია, თუმცა, ისტორიულად, ჯერ კიდევ მეჰმედ მეორის პერიოდიდან, სულთანი ჩამოშორებული იყო მთავარსარდლობას და ამ როლს დიდვეზირი ასრულებდა. ასე რომ, ყველა ის წარმატება, რაც ოსმალებმა მეთექვსმეტე საუკუნის 20-30-იან წლების დასაწყისში მოიპოვეს, იბრაჰიმის დამსახურებაა. სწორედ მისი გავლენის გაძლიერებას შეუშინდა სულეიმანი და ამიტომაც დასაჯა სიკვილით, რაც ოსმალეთის იმპერიაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
– რაც შეეხება ჰიურემ ხათუნს, მის შესახებ რა არის ცნობილი?
– ისტორიული წყაროების მიხედვით, ჰიურემი, ქრისტიანობაში როკსალანად წოდებული, დუნაისპირეთიდან მოიტაცეს სტამბულის მონათა ბაზარში გასაყიდად. მისმა სილამაზემ მოხიბლა სასახლის ერთ-ერთი შავი საჭურისი და ქალი სასახლეში, სულთნის ჰარამხანაში წაიყვანა. აღსანიშნავია, რომ ისლამის კონონმდებლობით მართლმორწმუნე მუსლიმანს მხოლოდ ოთხი კანონიერი ცოლის ყოლა შეუძლია. ამ კანონებს, რა თქმა უნდა, ოსმალეთის სულთნებიც ემორჩილებოდნენ. ცოლის ინსტიტუტი სასახლეში განსხვავებული იყო. კანონიერი ცოლის ტიტულს მოიპოვებდა ის, ვინც სულთანს ვაჟს გაუჩენდა, პრივილეგირებულ ცოლებად ითვლებოდნენ ისინი, ვინც მეტ ტახტის მემკვიდრეს გაუჩენდნენ სულთანს, ხოლო ის, ვის შვილსაც მემკვიდრედ აღიარებდა სულთანი, პირველი ცოლის სტატუსს მიიღებდა.
– ეს ფილმიდანაც კარგად ჩანს.
– ჰიურემის სილამაზე თავიდანვე შეამჩნია სულიემანმა. ფაქტობრივად, ეს ძლიერი პიროვნება მთლიანად მოექცა ამ დუნაისპირელი მონა ქალის ხელში. არსებობს წყაროები, რომელთა მიხედვითაც, ჰიურემის მოსასვენებელი ოთახიდან კვირების განმავლობაში არ გამოდიოდა სულთანი. ფაქტობრივად, ძალაუფლებისთვის ბრძოლა ჯერ დაიწყო სულეიმანის ცოლებს შორის, რომელშიც ჰიურემ ხათუნმა გაიმარჯვა, ხოლო უკვე შემდეგ – დიდვეზირ იბრაჰიმსა და ჰიურემს შორის და აქაც ჰიურემის სასარგებლოდ დამთავრდა ყველაფერი. აღსანიშნავია, რომ შემდგომი ვეზირები ჰიურემს დიდ ანგარიშს უწევდნენ და მასთან ღია დაპირისპირებას ერიდებოდნენ. ფაქტია, რომ ამ პერიოდში მოხდა სულეიმანის ორი შვილის მკვლელობა. ჰიურემის შვილი, ბაიზაეთი, ისტორიული წყაროების მიხედვით, აჯანყების ბრალდებით, სიკვდილით დასაჯა მამამისმა, რისთვისაც შემდეგ, ზოგიერთი მონაცემით, ჰიურემმა შური იძია თავის მოწინააღმდეგეებზე და სულეიმანს ჩააგონა, რომ ფეოდალთა გარკვეული ჯგუფი, იანიჩართა კორპუსის დახმარებით აპირებს სულთნის განადგურებასა და მუსტაფას გამეფებას. ამან გამოიწვია სულიემანის პირველი შვილის – მუსტაფას სიკვდილით დასჯა. ფაქტობრივად, ჰიურემმა გზა გახსნა, რომ ტახტის მომავალი მემკვიდრე თავისი შვილი გამხდარიყო. ყოველივე ასეც დასრულდა და სულეიმანის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა სელიმ მეორე. სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, მხოლოდ დასკვნის სახით გეტყვით, რომ მთელი ოსმალეთის იმპერიის დაღმასვლას ოსმალ ისტორიკოსთა უმრავლესობა ჰიურემსა და მის ვაჟს – სელიმ მეორეს აბრალებს.
– ვალიდეს შესახებ რას წერენ ისტორიკოსები?
– ვალიდეს ინსტიტუტი შემოიფარგლებოდა ჰარამხანის ცხოვრებით. ის, ფაქტობრივად, ჰარამხანის გამგებლად ითვლებოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ, როგორც სულეიმანის დედა, ისევე, შემდგომში სხვა სულთნების დედებიც, ზედმეტად ერეოდნენ სახელმწიფოს საგარეო და საშინაო საქმეებში.
– სულეიმანის დედა ვინ იყო?
– ჯერ კიდევ 1510 წელს, სულეიმანის მამა, სელიმ პირველი, დაუპირისპირდა მამამისს – ბაიზაეთ მეორეს. ის იძულებული შეიქნა, დაეტოვებინა ოსმალეთის ტერიტორია და ყირიმში გაქცეულიყო. სადაც მან ყირიმის მმართველ გირეებს შეაფარა თავი. სწორედ აქ მოიყვანა მან გირეების გვარის წარმომადგენელი ცოლად. ამის სანაცვლოდ, ყირიმელმა ხანებმა მას ჯარით გაუწიეს დახმარება, რის შედეგადაც, სელიმმა შეძლო ტახტის დაუფლება. წამომავლობის შესახებ, ფაქტობრივად, მხოლოდ ეს ცნობები არსებობს ვალიდე ხათუნის შესახებ. ფაქტია, რომ ჰიურემის გაძლიერების შემდეგ ვალიდე სულთანი ერთგვარად კარგავს პოზიციებს. მისი ბევრი მცდელობის მიუხედავად, ამ დაპირისპირებაშიც ჰიურემ ხათუნმა მოიპოვა გამარჯვება და ვალიდე სულთანს ერთგვარი მოჩვენებითი პოზიციები შეუნარჩუნა ჰარამხანაში.
– ის თუ არის ისტორიულად ცნობილი – ჰქონდა თუ არა ცხოვრების რომელიმე ეპიზოდში ჰიურემს რომანი მხატვართან?
– საერთოდ, ისტორიული თხზულებები ქალთა ცხოვრების შესახებ არ იქმნებოდა, არის მხოლოდ გადმოცემები და ფაქტები. ფაქტია რომ ისტორიულ წყაროებში ჩვენ ვერ ვხვდებით სულთნის კარზე ვინმე ყირიმელ მხატვარ ლუკას. ჯერ კიდევ მეჰმედ მეორის პერიოდიდან მოყოლებული, სულთნის კარი იტალიელ მხატვრებს ანიჭებდა უპირატესობას და სწორედ ერთ-ერთმა იტალიელმა მხატვარმა შექმნა სულეიმანისა და ჰიურემ ხათუნის პორტრეტები. ასე რომ, რა იყო ჩაფიქრებული და რამდენად მართებულია ფილმში გადმოცემული სცენა, ჩემთვის ძნელი ამოსაცნობია. ის კია, რომ ისტორიამ დღემდე შემოგვინახა სულეიმან პირველისა და ჰიურემ ხათუნის პორტრეტები.