კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სთხოვეს ძმებ ნობელებს ქართველმა ებრაელებმა, ვისგან დანგრევას გადაურჩა ონის ულამაზესი სინაგოგა და სად ინახება ტყავზე დაწერილი ძველი ებრაული ხელნაწერები მოსეს ხუთწიგნეულისა

საქართველოში ოცდაერთი სინაგოგაა, მაგრამ, მათგან თავისი სიდიდითა და სილამაზით ონის ებრაელთა სინაგოგა გამოირჩევა, რომელიც ისტორიულად ცნობილი, იისფრად მოლივლივე ფაზისის მარცხენა სანაპიროზეა აგებული. ის განსაკუთრებით მომხიბვლელია ჩრდილო აღმოსავლეთის ფონზე. ამასაც, თურმე, თავის ახსნა აქვს: მსოფლიოს ყველა კუთხეში სინაგოგა იმ მიზნით შენდებოდა პირით აღმოსავლეთისკენ, რომ მლოცველის სახე იერუსალიმისკენ ყოფილიყო მიქცეული. ონის მუზეუმში, როგორც მუზეუმის თანამშრომელმა დავით ჯაფარიძემ გვითხრა, შემონახულია ორსაუკუნოვანი უნიკალური ხელნაწერები სეფერთორების, მოსეს ხუთწიგნეულისა, შესრულებული ტყავზე და თორები, მაგრამ ყველაზე ძველი ებრაული ხელნაწერი, საერთოდ რაც კი არსებობს, არის ლაილაშის ბიბლია, რომელიც მეათე საუკუნით თარიღდება. ებრაული წესის თანახმად, ძალიან დაძველებულ, გაცვეთილ რელიგიურ წიგნებს, თურმე, ებრაულ სასაფლაოზე, სპეციალურად ამოთხრილ სამარხში მარხავენ, რაც თვით ონელებისთვისაც ძალიან გასაკვირი და გაუგებარი ფაქტია. ამ რიტუალს რაბინები ესწრებიან. თვითონ ხელნაწერები კი, რაც ონში არსებობს, ყველა ძველებრაული (ივრითი) დამწერლობაა. პირველად და ექსკლუზიურად გთავაზობთ ინტერვიუს ონის ებრაელთა თემის თავჯდომარესთან, მიხეილ ხახიაშვილთან, რომელიც მრავალი წელია, სინაგოგასა და მუზეუმს ჰპატრონობს. მან ბევრი საინტერესო რამ გვიამბო.

 

– ონის სინაგოგა აშენდა 1895 წელს და შენდებოდა ოთხი წელი. მანამადე იყო პატარა სალოცავი, რომელიც 1991 წელს, ძლიერი მიწისძვრის დროს დაინგრა და აღარც აღდგენილა. ეს პროექტი ჩამოტანილია ვარშავიდან. ასეთი პროექტი, ოღონდ, კიდევ უფრო დიდი სალოცავი, ვარშავაში იყო, რომელიც სამამულო ომის პერიოდში დაინგრა. შენობის პროექტი ჩამოტანილია რაბინ ელია ამშიკაშვილის მიერ, რომელიც ჯერ მოსკოვში სწავლობდა, მერე კი ვარშავაში გააგზავნეს (ონის სინაგოგა ვარშავის სალოცავის ანალოგია). ამშიკაშვილი იმდენად კარგი მოსწავლე ყოფილა, თურმე, უთხოვიათ, ევროპაში დარჩენილიყო სამუშაოდ, მაგრამ, მას უარი უთქვამს: ისეთი მორწმუნე ხალხი მყავს საქართველოში, არ შემიძლია, მივატოვოო. მხოლოდ ერთი რამ გვაკლია ჩვენ, ქართველ ებრაელებს – სალოცავი არ გვაქვსო. მერე იქ ებრაელები დაკავშირებიან ერთმანეთს და იმათი დაფინანსებით აშენდა ეს სალოცავი. იმ დროისთვის ონში სულ 52 ოჯახი ცხოვრობდა. პურის ფული უჭირდა ხალხს, ქალამნებით დადიოდნენ და, ბუნებრივია, ამხელა სინაგოგას ვერ ააშენებდნენ – ამას ძალიან დიდი ფული სჭირდებოდა, თუმცა, ონელი ებრაელები მაინც უკანასკნელ კაპიკს დებდნენ, თურმე, რომ თავიანთი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ 

– რა სიანტერესოა, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში,  რაჭაში, უცხოელებმა ასეთი არაჩვეულებრივი ნაგებობა ააგეს. ვინ დააფინანსა ეს პროექტი, ალბათ, ძალიან ცნობილი პიროვნებებიც იყვნენ.  

– მათ შორის იყვნენ ძმები ნობელები, რომლებიც, იცით, ბაქოსა და ბათუმის ნავთობის ბიზნესში იყვნენ (ცნობისათვის: ნობელების გარდა, 1888 წლისთვის ბათუმში რიხნერის, როტშილდის, ძმები ხაჩატუროვების, მანთაშევის, საინოვის, საიათისა და სხვათა ქარხნები მოქმედებს – ავტორი). იმ დროისთვის კავკასიაში რკინიგზის მშენებლობა მიდიოდა, რაბინები მათ დაუკავშირდნენ და სთხოვეს. ასე გადაწყდა ამ პროექტის განხორციელება. ასაშენებლად დაიქირავეს ბერძენი მშენებლები. ოსტატ-ხელოსანთა რაოდენობა 20 კაცს შეადგენდა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ბერძენი შეეწირა კიდეც მის მშენებლობას – გადახურვის დროს გადმოვარდა    

– ბატონო მიხა, თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რა სამშენებლო მასალას იყენებდნენ მის ასაშენებლად, საიდან მოჰქონდათ და როგორ მოჰქონდათ საჭირო მასალები – მაშინ ხომ არ იყო ტექნიკა?     

– შავ, ფიზიკურ სამუშაოს ონელი ებრაელობა ასრულებდა. მშენებლობისთვის გამოყოფილი იყო ადგილობრივი მასალა – თეთრი კირქვა და უბრალო კლდის ქვა. დამუშავებულ ლოდებს 50-60 კილომეტრიდან, ამბროლაურიდან და საირმიდან, ხარებით ეზიდებოდნენ. ნაგებობაზე ჩუქურთმა ჭარბობს, რაც ებრაელებს ახასიათებთ. შესასვლელი თაღოვანია, გუმბათის თავზე ვარსკვლავია აღმართული, თაღის  თავზე კი მოთავსებულია მარმარილოს ფილა, რომელზეც ასეთი შინაარსის ძველებრაული წარწერაა: „შადაი რა საშიშია ეს ჭიშკარი, ადგილი ესე, ადგილი გამჩენისა. ადგილი განკუთვნილი წმინდანებისათვის, ურწმუნოთათვის არ არის ადგილი აქ. სახლი ღმერთისა ეს, წელიწადსა მეხუთესა, ჭიშკარი ცისა, ათას ექვსი თანა აშენებისას, შინა წელიწადსა, ასი ორმოცდა ცამეტი იმის გაჩენისა ქუეყვნისაგან...” ფასადის თავზე, აგრეთვე, შემოკლებით არის გადმოცემული მოსეს ათი მცნება – დეკალოგი. ჩვენი სინაგოგის გახსნას, თურმე, არნახულად დიდი რაოდენობის ხალხი ესწრებოდა. სინაგოგის კარის გახსნის უფლება დიდ ფასად გაიყიდა.  

– როგორც ვიცი, 20-იან წლებში, როცა კომუნისტებმა მისი დანგრევა განიზრახეს, მას სწორედ ამშიკაშვილი და მისი ოჯახი (არა მხოლოდ ისინი) იცავდნენ კბილებით – ისინი შიგნით შეიკეტნენ და რამდენიმე დღე არ გამოდიოდნენ.

 – ელია ამშიკაშვილისა და მოსე ბუზუკაშვილის რძლები ბავშვებიანად იქ გამოიკეტნენ. მათ სხვა ებრაელმა და ქართველმა ქალებმაც მიჰბაძეს – ჩვილი ბავშვებით ხელში ალყა შემოარტყეს შენობას და მათი ასეთი თავგანწირული რისკის ფასად გადარჩა ეს უმშვენიერესი სინაგოგა. მისი აშენების შემდეგ ხალხი გამრავლდა. სალოცავში აღარ ეტეოდნენ, იმდენი მლოცველი ჰყავდა – ეს შეასრულა იმ ჩვენმა სალოცავმა. ებრაელები სულ იმას ლოცულობდნენ, იერუსალიმს დავუბრუნდეთ და ჩვენს ქვეყანაში ვიყოთო და დაიწყო კიდეც 1972 წლიდან მათი წასვლა. 

– ბატონო მიხა, ვინ მოღვაწეობდნენ ადრე ცნობილი ებრაელებიდან სინაგოგაში? 

– სინაგოგაში მოღვაწეობდნენ ებრაელთა ჯამაათის თალმის-ხახმების ცნობილი სახეები: ხახამ ირმიაუ ხახიაშვილი, ხახამ ნამთალი ხახიაშვილი, ხახამ მიხეილ შიმშილაშვილი, ხახამ ელაო ხახიაშვილი, ხახამ მოშე (დიდი ხახამ მიშიკო ხახიაშვილი), ხახამ იოანა ბუზუკაშვილი, რომელიც გახლდათ ონის ებრაელთა სასულიერო ცხოვრების მეტად ორიგინალური და საინტერესო პიროვნება. თავის სარჩოს ის ხელოსნობით შოულობდა. ათეული საუკუნეების განმავლობაში, აქ, კავკასიის მთებს შორის მცხოვრები იაკობის ძენი, ორმოცი წლის წინათ დაწყებული ალიის წყალობით, დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყანასა და ხალხს და ონში ოცამდე ებრაელი დარჩა.             

– თორის რარიტეტულ, ანუ, იმ უძველეს ხელნაწერებზე  ვისაუბროთ, თქვენთან მუზეუმში რომ ინახება  

– ეს არის უნიკალური ხელნაწერები სეფერთორების, მოსეს ხუთწიგნეულის. მას არ აწერია, ვისი დაწერილია, როდის არის  დაწერილი. ასე რომ, ჩვენთან ინახება ტყავზე შესრულებული უძველესი სეფერთორები და თორები; ასევე, პერგამენტის ქაღალდზე დაწერილი, თუმცა, ისინი ისეთი ძველი არ არის. ბევრმა არ იცის, რას ნიშნავს თორა. თორა – ეს გახლავთ სამართლიანობის სიმბოლო. ის თავისუფლებას ასწავლიდა ჩაგრულ და ღარიბ ხალხს. იოსებ ფლავიუსს უწერია: დღემდე არც ერთ ქვეყანაში არ შეუქმიათ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ისე იზრუნებდა ადამიანთა კეთილდღეობაზე და ისე აღნიშნავდა მმართველთა მოვალეობას ხალხის წინაშე, როგორც ეს მოცემულია ებრაელი ხალხის კონსტიტუციურ წიგნში, განსაკუთრებით – ლევების წიგნშიო. თორის დიდ აზრობრივ სიღრმეზე მოგვითხრობს რაბი იეშუას გამოთქმა: „მთელი ზღვები რომ მელნად იქცნენ, მთელი ლერწმები – კალმებად, ცა – პერგამენტად და ყველა ადამიანი – მწერლად, მაინც ვერ შეძლებენ თორის სიბრძნის გადმოცემას.” თორა – ბიბლიის პირველი ხუთი წიგნია. მათ ავტორად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი; მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის – ისრაელის თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.                   

– ქურდებმა კარგად იციან იმ ყველაფრის ფასი, რაც ძვირფასია. მახსოვს, 90-იან წლებში, ტელევიზია, რადიო, პრესა – ყველა ლაპარაკობდა, რომ დაიკარგა ექვსი ცალი სეფერთორა ვერცხლის თაჯებით და, თუ არ ვცდები, შემდეგ ვიღაც ძმებმა, „მხედრიონელებმა,” გვარად ფრუიძეებმა, იპოვეს და დააბრუნეს ისინი. ამაზე რას გვეტყვით?   

– მოპარვის მცდელობა რამდენჯერაც გნებავთ, იმდენჯერ ყოფილა. „მხედრიონის”, კიტოვანის დროს, გატყდა სალოცავი და წაიღეს სეფერთორები, მაგრამ, ფოთში დააკავეს ქურდები და პოლიციამ უკან დაგვიბრუნა. ახლა კარგადაც არის დაცული და ასეთი რამეებიც აღარ ხდება. 

აღსანიშნავია, რომ ქართველებსა და ებრაელებს შორის ომი არასდროს ყოფილა. ამ ორი ერის თანამოძმეობა ოცდაექვს საუკუნეზე მეტს ითვლის. ჩვენ გვერდით, სწორედ ჩვენი თანამეგობრობის სიმბოლოდ, არსებობს სიწმინდის კელაპტარი – უნიკალური სინაგოგა და მუზეუმი, ხელოვნების ნამდვილი ნიმუში, რომელიც დღეს უფრო მეტად საჭიროებს მოვლა-პატრონობას და, რაოდენ დასანანია, რომ მას სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ                                

 

скачать dle 11.3