თბილისის რომელი სასახლიდან გაასვენეს იოსებ სტალინის დედა – კეკე და რომელი სასახლის ბაღშია გადაღებული მხატვრული ფილმი „ქეთო და კოტე”
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე თბილისის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. შენობას მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებში რამდენჯერმე შეეცვალა დანიშნულება და სახელწოდება. სწორედ ამ სასახლეში, ათწლეულების განმავლობაში წყდებოდა კავკასიის ბედი; 1918 წლის 26 მაისს სწორედ აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა და კიდევ უამრავი ისტორიული ფაქტია დაკავშირებული ამ სასახლესთან.
მეფისნაცვლის სასახლე
1802 წელს ამიერკავკასიის მთავარმართებლად დაინიშნა კარლ კნორინგი. საქართველოს სამეფოს ანექსია ახალი მომხდარი იყო და აუცილებელი გახდა ახალი სასახლის აშენება, სადაც განთავსდებოდა მთავარმართებლის კანცელარია. მთავარმართებლის რეზიდენციისთვის შეირჩა ქალაქგარეთ მდებარე ქართველ მეფეთა საგვარეულოს ყოფილი ვრცელი ბაღი, რომელიც თავად ორბელიანის საკუთრებას წარმოადგენდა. პირველი შენობა, სასწრაფოდ აგებული 1802 წელს, ქართველი კირითხუროების მიერ, სამხედრო ინჟინრების ხელმძღვანელობით, რამდენჯერმე გადაკეთდა. თბილისის 1802 წლის გეგმაზე მომავალი გოლოვინის (ამჟამინდელი რუსთაველის) გამზირის დასაწყისში ნაჩვენები იყო დიდი ზომის ადმინისტრაციული შენობა – „პრავიტელსტვენნიე მესტა”. ის შიდა ეზოს პერიმეტრზე მდგარი ორი კორპუსისგან შედგებოდა და რამდენიმე თვეში იყო აშენებული. 1818 წელს არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტით აშენდა მთავარმართებლის ახალი სასახლე, თუმცა არც ეს შენობა შემორჩა თანამედროვეობას. 1845 წელს, კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობის შემოღების შემდეგ, სასახლე როგორც მასშტაბით, ისე გარეგნულად, ვეღარ აკმაყოფილებდა მეფის თვითმპყრობელობის წარმომადგენელთა ამპარტავნულ მოთხოვნებს. რაც უფრო ძლიერ და მაღალ წრეს ეკუთვნოდნენ ისინი (კავკასიის მეფისნაცვლები ხშირად დიდი მთავრები იყვნენ), მით უფრო მეტი ბრწყინვალება უნდა ჰქონოდა მათ რეზიდენციასაც. 1845-1847 წლებში პეტერბურგელი არქიტექტორი - აკადემიკოსი ნიკოლოზ სემიონოვი აწარმოებდა სასახლის იერსახის შეცვლას. მის მიერ სასახლის საფუძვლიანი გადაკეთების შედეგად, გარეგნულმა ხედმა ოფიციალური კლასიციზმის სულისკვეთებისთვის სრულიად შესაფერისი ხაისათი მიიღო, კერძოდ: პორტიკი – დორიული ფრონტონით, მეორე სართულის გვერდით, ნიშებში – ჰერკულესისა და მინერვას სკულპტურული ფიგურები, რომელთა დანიშნულება იყო, ახალი ხელისუფლების ძალა და სიბრძნე გამოეხატათ. ამავე პერიოდში გაშენდა ბაღი ხეივნებით, ფანჩატურით, აიგო შადრევნებიანი აუზი. ბაღს „სასახლის ბაღი“ ეწოდა, რომელშიც მხოლოდ ვიწრო წრეს ჰქონდა შესვლის უფლება: დიდ დღესასწაულებზეც კი იქ მხოლოდ უმაღლესი წოდების, ჩინისა და შეძლების მოქალაქენი შედიოდნენ. ბაღის უკანა ნაწილი ეკვროდა ლაბორატორიულ (ამჟამინდელ ინგოროყვას) ქუჩას. 1858-1859 წლებში თბილისში მოღვაწე შვედი ხუროთმოძღვრის, ოტო იაკობ სიმონსონის მიერ განხორციელდა შენობის არასრული გადაკეთება. სიმონსონმა სასახლის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია დაიწყო 1865 წელს და დაასრულა 1869 წელს და სასახლემ მიიღო თავისი საბოლოო ფორმა. სიმონსონმა საგრძნობლად გაზარდა სემიონოვის მიერ აშენებული სასახლე და მას სრულიად ახლებური იერი მიანიჭა: კლასიცისტური ფასადი რენესანსული ელემენტებით, ჰარმონიულმა ერთობლიობამ შეცვალა. სასახლის გვერდითი ფრთები მკვეთრად წამოიწია წინ, ხოლო მთავარი ფასადის ცენტრალური ნაწილი – ოდნავ. ის დაამშვენა რენესანსული სტილის ორიარუსიანმა თაღედმა, რომლის პირველი სართული რუსტშია. მეორე სართულზე მოთავსდა დარბაზი საზეიმო მიღებისთვის და არქიტექტორმაც მოინდომა ამ სართულის განსაკუთრებული შემკობა ზოგიერთი მორთულობის საშუალებით. ნაგებობის მკაცრი და ოფიციალური ფასადების ფონზე, მიმზიდველი და საზეიმო გახდა ბაღისკენ მიმართული სამხრეთ ფასადი. მისი სილამაზე და სინატიფე ხაზგასმულია ცენტრში მოთავსებული მსუბუქი, წვრილი კოლონადით, ღია ვერანდა-ვესტიბიულით, რომელიც ელეგანტური რკინის სვეტების მქონე მორკალულმარშიანი ღია კიბე-აივნით არის მიმართული ბაღისკენ და საუკეთესოდ ეხამება ბაღის პეიზაჟს.
სასახლის ინტერიერი, მეცხრამეტე საუკუნის თბილისური სასახლეების ტრადიციისამებრ, კლასიცისტურ ოდრერთან ერთად (დიდ ფოიეში, მეფისნაცვლის მისაღებსა და კაბინეტებში), გვიანი ირანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მორთულობასაც შეიცავს. სასახლეში არის დიდი, თეთრი, სარკეებიანი დარბაზი.
1918 წლის 26 მაისს მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის თავზე საქართველოს ეროვნული დროშა აფრიალდა. ნოე ჟორდანიას მთავრობამ კავკასიის მეფისნაცვლის სასახლეში ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1921 წლის თებერვლიდან მეფისნაცვლის ყოფილ სასახლეში მუშაობდა რევკომი, ამიერკავკასიის ფედერაციული მთავრობა და ამას მოყვა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი: სტალინის დედა, კეკე გელაძე, გადმოიყვანეს გორიდან და დაასახლეს სასახლეში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ცნობილია, რომ კეკე უკმაყოფილი იყო და სულ ნაღვლობდა – რა მინდა აქ, გორი მირჩევნიაო. სიკვდილამდე დაახლოებით ბოლო ხუთი წელი მან სასახლეში გაატარა, საიდანაც 1937 წელს გაასვენეს და დაკრძალეს მთაწმინდის პანთეონში. ამის შემდგომ, ლავრენტი ბერიამ სასახლის შენობა გადასცა ბავშვებს. 1941 წლის 2 მაისს შენობა ხელახლა გაიხსნა, როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, რომელსაც 1959 წელს ბორის ძნელაძის სახელი მიენიჭა. ამჟამად შენობაში განთავსებულია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
სასახლე ფართოდ არის გამოყენებული ქართული მხატვრული ფილმის – „ქეთო და კოტეს” გადაღებების დროს, რასაც ადასტურებს სამახსოვრო მემორიალური დაფა.
მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნებიდან: გ. ხუციშვილი – „ჩემი თბილის-ქალაქი,” თბილისი, 1980; თ. კვირკველია – „ძველთბილისური დასახელებანი,” თბილისი, 1985.