კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ფიქრობს ღალატზე ზოგიერთი მამაკაცი და როგორ „ფუთავს“ ის საკუთარ საქციელს

მამაკაცებს ბევრ რამეზე განსაკუთრებული, ინდივიდუალური მოსაზრება აქვთ. კონკრეტულ მოვლენებსა და ფაქტებსაც კი, ისინი განსხვავებულად აფასებენ, მათთვის პრიორიტეტებიც და ფასეულობებიც განსხვავებულია. შეიძლება, ეს არც ისე ცუდია და საინტერესოც კია, თუმცა, არც ერთი ქალი არ ისურვებდა ყოფილიყო ექსპერიმენტების ობიექტი.

მამაკაცები ცდილობენ, დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე – ეს მათ ხასიათში აქვთ; ასევე, მუდმივად მოჰყავთ არგუმენტები, რომლებიც თავის გამართლების საშუალებას მისცემენ. ზოგჯერ კი ისინი ახალ, სრულიად განსხვავებულ ვერსიებსაც იგონებენ.

 

გიორგი (36 წლის): მახსოვს, ერთხელ, ერთი ჩემი მეგობარი მსუბუქად დავტუქსე ღალატისთვის, მან კი სრულიად სერიოზულად მიპასუხა: შენ რა გესმის, ასეთი „გადახვევები“ აძლიერებს ჩემს გრძნობას ცოლის მიმართ და ყოველი მორიგი ღალატის მერე უფრო მაგრად მიზიდავსო. დავცინე, ქაჯი და გოიმი ვეძახე... დღეს ვხვდები, რომ სიმართლის მარცვალი არის ამაში, თანაც, საკმაოდ მოზრდილი მარცვალი.

– ანუ, ახლა მის აზრს იზიარებთ?

– დიახ და, ვეცდები, დაგისაბუთოთ, რატომაც. საკმაოდ ადრე დავქორწინდი. ახლა მიმაჩნია, რომ ეს შეცდომა იყო. ქალების საამებლად ვიტყვით, რომ კაცი ძალიან დიდხანს არ არის ქორწინებისთვის მზად.

– მართლა? რატომ, ძნელად იზრდება?

– თქვენ ამას ცინიკურად ამბობთ, მაგრამ, კაცები გვიან აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას. სამწუხაროდ, ეს ისევ ქალების – დედების ბრალია: ძალიან დიდხანს ელოლიავებიან და კალთის ქვეშ მალავენ, ნიავმა არ დაუბეროსო. ვაღიარებ, რომ არც მე ვარ გამონაკლისი. დედაჩემს კი არ ვაბრალებ, ჩემი ცხოვრება ასე რომ წარიმართა. მინდა, კარგად გამიგოთ. უბრალოდ, მიზეზები გაცილებით ღრმად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან შემეცვალა მსოფლმხედველობა, ლამის მენტალობაც კი. დღეს ბევრ რამეს აბსოლუტურად სხვანაირად ვხედავ და დასკვნებიც სხვანაირი გამომაქვს. ბევრ რამეში ქალები მართლები არიან, როცა ჩვენ მოღალატეებს გვეძახიან, მაგრამ, მათაც აკლიათ ურთიერთობის გამოცდილება – ამ საკითხში ჩვენი დიდი უმრავლესობა დილეტანტია.

– ვერ გავიგე. ანუ, ის არ გვესმის, რომ ღალატი სასარგებლოა და ხელს არ გიწყობთ ამაში?!

– ეს ქალის პოზიციაა. პრინციპში, სხვას არც ველოდი. ალბათ, ჩემი ცოლიც ზუსტად ასე მეტყვის. იმიტომაც ვარ ჩუმად, ვერ ვიღებ ხმას და ძალიან განვიცდი ამას. მერჩივნა, თქმის საშუალება მოეცა – დავიცლებოდი და მორჩებოდა ჩემი წვალება.

– ეს თქვენთვის წვალებაა?

– დიახ. რატომ გგონიათ, რომ კაცი ღალატს არ განიცდის? ყველა კაცს, როგორი მექალთანეც არ უნდა იყოს ის, მაინც აწუხებს სინდისი.  ადრე კი შევირთე ცოლი, მაგრამ, მანამდე ორი წელი მიყვარდა და შორიდან შევცქეროდი. ძლივს მოვახერხე, გამეცნო და დავახლოებოდი. იცით, როგორ ვოცნებობდი მასზე?! ამიტომაც, აღარაფერს გავუწიე ანგარიში და, ჩემი მშობლებს აზრი, რომ მე ჯერ არ ვიყავი მზად ოჯახის შესაქმნელად, საერთოდ არ გავითვალისწინე. მეცინებოდა კიდეც ამაზე – რა მომზადება ცოლის მოყვანას უნდა-მეთქი.

– თუნდაც, საკუთარი ფინანსები, შემოსავალი ხომ იყო აუცილებელი?

– ამ მხრივ პრობლემა არ ყოფილა – ძალიან ახალგაზრდას მქონდა საკუთარი შემოსავალი. სამი წელი ყველაფერი იდეალურად იყო და ყოველდღე ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რა ბედნიერი ხარ-მეთქი. კაცებს არ გვახასიათებს ცოლით საჯაროდ და აშკარად აღფრთოვანება, თუმცა, მე არ ვერიდებოდი ამას და ცოლს ხშირად ვუმეორებდი, მიყვარხარ-მეთქი.

– მერე რა მოხდა? უცებ აღმოაჩინეთ, რომ აღარ გიყვარდათ?

– არა. ჩემი ცოლი მიყვარდა ყოველთვის, ახლაც ძალიან მიყვარს და მაშინაც მიყვარდა, როცა ვუღალატე. შეიძლება, ზედმეტად ცინიკურად ჟღერს, მაგრამ, გულწრფელი ვარ და არც ცინიზმისკენ მაქვს მიდრეკილება.

– ასეთი რამ შესაძლებელია?

– თურმე, შესაძლებელი ყოფილა. ჩემს ცოლთან და შვილთან ერთად ზაფხულის დასვენება დავგეგმე. დარწმუნებული ვიყავი, რომ დროს არაჩვეულებრივად გავატარებდით. მოუთმენლად ველოდებოდი გამგზავრების დღეს, მაგრამ, ჩემმა ცოლმა თქვა, რომ სამსახურიდან ვერ წამოვიდოდა – ახალი პროექტი ჩამაბარეს და ამ პროექტზეა დამოკიდებული ჩემი წარმატებული მომავალიო. გავბრაზდი. ბავშვმაც პროტესტი გამოთქვა. ცოლმა მითხრა – თქვენ წადით, რამდენიმე დღეში საქმეს მოვათავებ და მეც შემოგიერთდებითო. მართლა არ მინდოდა მის გარეშე წასვლა, მაგრამ, ბავშვს ხათრი ვერ გავუტეხე და წავედით.

– ანუ, საკურორტო რომანი?

– ამას რომანს ვერ დავარქმევ. არანაირი რომანი არ ყოფილა. ჩვეულებრივი, ერთჯერადი შეხვედრა იყო... სასტუმროში საკმაოდ ბევრი „ნაშოჩკა“ აღმოჩნდა, რომლებმაც ეგრევე მიზანში ამომიღეს, თითქოს საერთოდ არ ჰყავდათ კაცი ნანახი. შეიძლება, ეს, უბრალოდ, იმის ბრალი იყო, რომ მარტოხელა მამასავით ვუვლიდი ჩემს პატარა გოგოს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ, ინტერესი, შესაძლოა, ამით გამოვიწვიე. ერთი განსაკუთრებით თამამი აღმოჩნდა – რჩევებს მაძლევდა, რა უნდა წამესვა ბავშვისთვის კანზე, რომ არ დამწვარიყო... ერთი სიტყვით, მეტისმეტად იაქტიურა.

– მას გინდათ, თქვენი დანაშაული გადააბრალოთ?

– არავის არაფერს ვაბრალებ. იმას ვყვები, რაც იყო. კაცისთვის ცოტა ძნელია მუდმივად წამგებიან პოზიციაში ყოფნა. ჩვენ ხომ სულ დამნაშავეები ვართ. ერთი მითხარით, ქალები რატომ გვიწვევენ და მერე ჩვენ რატომ გვაწმენდენ ხელებს?! საკმაოდ დიდხანს ვებრძოდი შემაწუხებელ ფიქრებს და, საკუთარ თავსაც, სხვათა შორის... არც მკითხა, პირდაპირ შემომთავაზა, დამცავ კრემს შენც წაგისვამო. ვერ ვიტყვი, რომ დამაბრმავებელი სილამაზის გოგო იყო, მაგრამ, ეს სულაც არ ყოფილა მთავარი. ერთი საღამო გავუძელი, მეორე... მერე კი აშკარა პროვოკაციაზე წამოვიდა – ისე ღიად მთავაზობდა საკუთარ თავს, გავოგნდი. რა უნდა მექნა.

– უნდა გარიდებოდით...

– სათქმელად ადვილია. ცოლი რომ გვერდით მყოლოდა, გავერიდებოდი. ისიც მომერიდებოდა, ბოლოს და ბოლოს – ცოლი თავის ადგილს მიუჩენდა „აქტიურ ქალბატონებს“... მაგრამ, ძალიან დავიბენი.

– საინტერესოა. თქვენი თქმით, ცოლმა უნდა დაიცვას ქმრის პატიოსნება. ეს ნორმალურად მიგაჩნიათ?

– თემიდან ნუ გადამახვევინებთ, ძალიან გთხოვთ. აბსოლუტურად სხვა რამეზე ვლაპარაკობ. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ჩემი ცოლი რომ გვერდით მყოლოდა, საერთოდ არც არაფერი მოხდებოდა. ვერც ის გაბედავდა აშკარად ჩემთან ფლირტს და მეც გაცილებით თავდაჭერილი ვიქნებოდი.

– ანუ, „ავარდით“?

– თუკი ასე გინდათ, კი ბატონო, „ავვარდი“ – რა ვქნა, ვაღიარებ. კაცები არ ვართ გმირები – ეს ფაქტია. მით უმეტეს, როცა ქალები აშკარად ავლენენ ჩვენ მიმართ ინტერესს. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: ზღვა, ნახევრად შიშველი, გარუჯული სხეულები და თავშეუკავებელი ფლირტი – ვეღარ გავუძელი... გულახდილად გეტყვით, ასეთი აწყვეტილი და თავაშვებული ქალი მე არ მინახავს. მთელი ინიციატივა თავის ხელში აიღო. გეფიცებით, გამაოგნა... 

– აშკარად იმას აბრალებთ...

– იმის ბრალიც იყო, რა თქმა უნდა. მე მართლა არ გამომიჩენია არანაირი ინიციატივა, სანამ სიტუაცია უმართავი არ გახდა... დარწმუნებული ვარ, არ არსებობს კაცი, რომელიც ჩემს ადგილას ასეთ შემოთავაზებაზე უარს იტყოდა. დავლიეთ კოქტეილები... აშკარად მეხუტებოდა და მეგლასუნებოდა... კაცს ცოტა სჭირდება, გონება რომ გადაეკეტოს, მეც გადამეკეტა და იმ მომენტში გონებით არ ვმოქმედებდი. ახლა იმასაც ვაღიარებ, რომ სიახლის შეგრძნება უზომოდ სასიამოვნო აღმოჩნდა. მართალია, მერე ეს სიამოვნება სინდისის საშინელ ქენჯნად მექცა, მაგრამ, იმ წუთში ვაცნობიერებდი მხოლოდ იმას, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი.

– საინტერესოა, თქვენს ცოლს რომ ეგრძნო სხვასთან თავი კარგად რაღაც მომენტში, მერე კი სინდისს შეეწუხებინა, აპატიებდით და გაუგებდით?

– ო, ძალიან რთული და პროვოკაციული შეკითხვა დამისვით. არ ვიცი. კაცისთვის ძნელია ამის გაკეთება. ალბათ, ვაპატიებდი, თუ გულწრფელი იქნებოდა და თუ მისთვისაც შეცდომა იქნებოდა ეს ამბავი, როგორც ჩემს  შემთხვევაში.

– კი მაგრამ, როგორ გაარკვევდით ამას?

– გულით. გული არასოდეს ტყუვდება. მე იმ ქალის მარტო სახელი ვიცი, საერთოდ არაფერი მიკითხავს. თვითონაც მითხრა, რომ არაფერი აინტერესებდა ჩემ შესახებ – ჩემთვის ეს პატარა დოპინგიაო. არ მომეწონა, მაგრამ, რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ მას ჰქონდა უფლება, საკუთარ ცხოვრებას ისე მოჰქცეოდა, როგორც უნდოდა.

– ისე ლაპარაკობთ, აშკარად არ ნანობთ თქვენი ცხოვრების ამ ეპიზოდს.

– ვნანობ იმას, რომ ცოლს ვუღალატე და ახლა თამამად ვეღარ ვუყურებ თვალებში, მრცხვენია. მაგრამ, სამაგიეროდ, ისე დავაფასე, როგორც არასდროს. მიჯობს, ისე მოვიქცე, თითქოს არაფერი მომხდარა. ცოლი ამბობს, რომ შევიცვალე – უფრო ყურადღებიანი, ნაზი და მოსიყვარულე გავხდი. ინტიმური ურთიერთობაც ახლა გაცილებით უკეთ გვაქვს. ერთი სიტყვით, ღალატისგან პოზიტივიც მივიღე. ასე კი, ჭკვიანი კაცი არასოდეს დაწვება ნაცნობთან, არ მისცეს შემთხვევით გაცნობილ ქალს თავის ტელეფონის ნომრებსა და კოორდინატებს...

– თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ?

– არ ვიცი. ალბათ, არა, რადგან, იმ ქალს რომ ეთხოვა ჩემი კოორდინატები, სავარაუდოდ, მივცემდი. ხედავთ, როგორი გულახდილი ვარ? კიდევ იმის თქმა მინდა, რომ ცოლები გმირები არიან და, ჩვენ, კაცებმა, უნდა დავაფასოთ ისინი, მით უმეტეს, როცა დარწმუნებულები ვართ მათ ერთგულებაში.

 

скачать dle 11.3