კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

როგორ იპოვა მშობლები „გარდაცვლილმა“ შვილმა

რამდენიმე წლის წინ დეიდაჩემს ტრაგიკომიკური ამბავი შეემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სოლიდურ ასაკში არიან (ამჟამად დეიდა 50 წლისაა, მისი ქმარი კი – 52-ის), ბიძაჩემი ძალიან ეჭვიანი კაცია და ამის გამო საწყალ ქალს სიცოცხლე აქვს გამწარებული. მაგრამ, მაინც არ გაშორდა და სულ ცდილობდა, მისთვის ხასიათი შეეწყო. მათ ჰყავთ ერთადერთი ქალიშვილი, ნათია, რომელიც, მაშინ, როცა ეს ამბავი მოხდა, 22 წლის იყო და ქმარ-შვილთან ერთად ცალკე ცხოვრობდა.

ერთ დღეს, დეიდა ნათიასთან რომ იყო წასული, ვიღაცამ სახლის ტელეფონზე დარეკა და ყურმილი ბიძაჩემმა აიღო. მამაკაცის ხმამ დეიდაჩემი იკითხა. მისმა ქმარმა უპასუხა, სახლში არ არისო და განრისხებულმა ჰკითხა, ვინ ხარო. უცნობმა არაფერი უპასუხა, ისე დაუკიდა ყურმილი. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაემართებოდა ბიძაჩემს, ლამის დაანგრია იქაურობა. მერე კი ცოლს დაურეკა, ახლავე მოდი სახლშიო. ისიც მაშინვე მოვიდა და ქმარმა ერთი ამბავი დააწია – ვინ კაცები გირეკავენო. გაგიჟდა ქალი, ვერაფრით დაარწმუნა, რომ არ იცოდა, ვინ დარეკა. იგივე განმეორდა მეორე და მესამე დღესაც, ოღონდ, თითქოს ჯინაზე, არც ერთხელ არ იყო სახლში დეიდაჩემი და ყურმილს ყოველთვის მისი ქმარი იღებდა. ბოლოს რომ დარეკა, იმ ვიღაცამ, ბიძაჩემს უთხრა, დოდონას შვილი ვარო. გაგიჟდა კაცი, შეიშალა და მთელი ხმით იყვირა, თუ ვაჟკაცი ხარ, სახლში მოდი და მე დამელაპარაკეო. ისიც დათანხმდა, ოღონდ, ბიძაჩემს სთხოვა, თუ შეიძლება, ორივე სახლში დამხვდითო. დათქმულ დროს მოვიდა სულ მთლად ახალგაზრდა ბიჭი და გაოგნებულ ცოლ-ქმარს უთხრა, რომ მათი შვილი იყო, ნათიას ტყუპისცალი, რომელიც სამშობიაროდან ჩუმად გაუშვილებიათ, მშობლებისთვის კი უთქვამთ, გარდაიცვალაო. ბიძაჩემმა უთხრა, მე რატომ არ მითხარი ეს ყველაფერი ტელეფონში, დოდონას შვილი თუ ხარ, ესე იგი, ჩემი შვილიც ყოფილხარო. იმან უპასუხა, ხომ შეიძლებოდა, თქვენ დედაჩემის მეორე ქმარი ყოფილიყავით და, რა ვიცოდი, რა რეაქცია გექნებოდათო.

მოკლედ, დიდი ტირილის, ვნებათაღელვის, ეჭვებისა და გარკვევა-გამორკვევის შემდეგ, დადგინდა, რომ ის ბიჭი მართლაც ნათიას ტყუპისცალი ყოფილა (დნმ-ის ანალიზიც გაუკეთეს). ახლა დეიდაჩემი, ბიძაჩემი და ნათია უბედნიერესი ადამიანები არიან.

კატო, 24 წლის.

 

კაცების გრძნობების აღარ მჯერა

სკოლის პერიოდში მყავდა შეყვარებული და გადაწყვეტილი გვქონდა, ატესტატის აღებისთანავე დავქორწინებულიყავით. ჩვენი სიყვარულის შესახებ მთელმა რაიონმა იცოდა და ლამის წინასწარ გვილოცავდნენ, მაგრამ, დათოს მშობლებმა (და ჩემებმაც) გვითხრეს, ჯერ უმაღლესში ჩააბარეთ და მერე გადავიხადოთ ქორწილიო. ჩვენც, სხვა რა გზა გვქონდა, დავთანხმდით. იმ წელს ორივე მოვეწყვეთ უმაღლესში, მაგრამ, დათოს ბებია გარდაეცვალა და ქორწილი ერთი წლით გადავდეთ. ამასობაში კი, ისე მოხდა, რომ დათოს თავისი თანაკურსელი გოგო შეუყვარდა (როგორც მერე გავიგე, „შეყვარების“ მიზეზი ის იყო, რომ ის გოგო თბილისელი იყო, თანაც, დედისერთა და... მოკლედ, ალბათ, ყველაფერი გასაგებია). ეს ამბავი ძლივს გადავიტანე. ჩემს რაიონში ჩასვლაც კი მრცხვენოდა, რადგან, ყველამ გაიგო, როგორ მიმატოვა საქმრომ.

მეოთხე კურსზე რომ გადავედი, ლაბორატორიულს ერთი ახალგაზრდა ასპირანტი გვიტარებდა, რომელსაც შევუყვარდი და ცოლობა მთხოვა. სიმპათიური და წესიერი ახალგაზრდა კაცი იყო და მეც დავთანხმდი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ერთმანეთს შევეწყვეთ ხასიათებით და შემიყვარდა კიდეც, მაგრამ, ჩვენი შვილი 2 წლის რომ ხდებოდა, ქმარმა გამომიცხადა, სხვა შემიყვარდა, ჩემგან შვილს ელოდება და ასე უპატრონოდ ვერ მივატოვებ, უნდა გავშორდეთო. მოკლედ, ქმარმაც ძველი ნივთივით მომისროლა. მართალია, მატერიალურად მეხმარება და ბავშვსაც აქცევს ყურადღებას, მაგრამ, ეს ხომ არ არის ყველაფერი?!

ქმართან გაყრიდან გავიდა 5 წელი. მე საკმაოდ წარმატებული კარიერა ავაწყვე და თბილისში დავმკვიდრდი. გარეგნობითაც არა მიშავს რა და, შესაბამისად, ხელის მთხოვნელიც ბევრი მყავს (მიუხედავად იმისა, რომ შვილიანი ვარ). მაგრამ, იმდენი ღალატი ვიწვნიე, იმდენი ტკივილი მომაყენეს კაცებმა, რომ არავისი აღარ მჯერა, არც ერთი მამაკაცის. ამიტომ, აღარც ვაპირებ გათხოვებას. შეიძლება, ვიღაცამ მტკიცება დამიწყოს, ყველა ერთნაირი არ არისო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ერთნაირია ყველა კაცი, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა და, რა გარანტია მაქვს, რომ, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მე გადავიტანე ცხოვრებაში, მაინცდამაინც ის იშვიათი „ეგზემპლარი“ შემხვდება?!

ელენე, 28 წლის.

შვილების ნაცვლად ვეშაპები გამიზრდია

ამ წერილს მოხუცთა თავშესაფრიდან გწერთ (ერთ ნაცნობს გამოვატანე კონვერტი საფოსტო ყუთში ჩასაგდებად). ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს მოწერისგან, რადგან, არ მინდოდა ჩემი შვილების შერცხვენა, მაგრამ, უკვე ნახევარი წელია, არც ერთი არ მოსულა ჩემთან სანახავადაც კი, რამაც საბოლოოდ მატკინა გული. თუმცა, იმის შემდეგ რაღა უნდა მტკენოდა და რაღა უნდა მწყენოდა, რაც ჯერ ერთმანეთი კინაღამ დახოცეს იმის გამო, რომ არც ერთს არ უნდოდა, ერთი კვირა მოეხედა ჩემთვის (ვირუსული გრიპი შემეყარა და ფეხზე ვერ ვდგებოდი), მერე მომვლელი მომიჩინეს და იმისთვის ფულის გადახდაზეც იჩხუბეს; ბოლოს კი, ფეხზე რომ დავდექი, არც კი მკითხეს, ისე გამიყიდეს ის ოროთახიანი ბინა და ფაქტის წინაშე დამაყენეს. მეც აღარ მოვჭერი თავი ნოტარიუსთან და ბინის მყიდველთან და ყველაფერზე ისე მოვუწერე ხელი, თითქოს ამ საქმის ინიციატორი მე თვითონ ვიყავი. მათ კი, ბინის დაცლიდან მეორე დღესვე (ცხადია, ავეჯი და ნივთებიც გაინაწილეს, ჩემთვის არაფერი უკითხავთ და, თან, გვარიანადაც იჩხუბეს) წამომიყვანეს აქ და მაშინვე გაიქცნენ – სამსახრში გვაგვიანდებაო. მას მერე თვეში ან ორ თვეში ერთხელ მოდიოდნენ, ვითომ სანახავად და ისევ სასწრაფოდ გარბოდნენ, მერე კი თანდათან გაზარდეს შუალედები და, როგორც უკვე გითხარით, ექვსი თვეა, არ გამოჩენილან. მე კი მთელი ცხოვრება მაგათ შევალიე – მეუღლე ახალგაზრდას გარდამეცვალა და ცოლის შერთვაზე აღარც მიფიქრია, სულ მარტომ გავზარდე, მაგრამ ეტყობა, ცუდად გამიზრდია და ახია ჩემზე, რა დღეშიც ვარ. ჩემი ვაჟი და ქალიშვილი ერთმანეთს უთვლიან ყოველ ჩანგალს და კოვზს, რაც რომელიმესთვის მიმიცია და, წლებია, ამ თვლასა და ორთაბრძოლაში არიან, რაშიც, სამწუხაროდ, ჩემი რძალიც და სიძეც აქტიურად არიან ჩაბმულნი და, მოკლედ, აქვთ ერთი გნიასი და გაწევ-გამოწევა.

ამ წერილის მოწერა კი იმიტომ გადავწყვიტე, რომ, ვგრძნობ, დიდხანს ვეღარ გავატან და, მინდა, სიკვდილის წინ გავაფრთხილო (თუ უკვე გვიანი არ არის): გონს თუ არ მოვლენ, თვითონაც, ჩემსავით, მოხუცთა თავშესაფარში, უპატრონოდ დაასრულებენ სიცოცხლეს, რადგან, თავიანთ შვილებს სიხარბესა და უმადურობას აჩვევენ.

უფალს ვთხოვ, მიუტევოს მათ ასეთი საქციელი, მე კი, ალბათ, არ მომეტევება, ასეთი ვეშაპები რომ გავზარდე.

შალვა, 84 წლის.

скачать dle 11.3