თბილისის მეტროპოლიტენის რომელი დაუმთავრებელი სადგურით ინტერესდებიან დიგერები და რა ინფორმაციას ფლობენ ისინი მიწისქვეშა თბილისზე
ხელოვნური მიწისქვეშა ნაგებობების კვლევას, იგივე დიგერობას, ბუნებრივად წარმოქმნილი მღვიმეებისა და ღრმულების შემსწავლელ მეცნიერებასთან – სპალეოლოგიასთან, პრაქტიკულად, არაფერი აკავშირებს. დიგერები საკანალიზაციო კოლექტორებით, სადრენაჟო სისტემებით, მიტოვებული სამხედრო ობიექტებით, მეტროპოლიტენის გვირაბებითა და მიწისქვეშ მოქცეული მდინარეებით ინტერესდებიან, რაც საკმაო რისკთან დაკავშირებული გატაცებაა. დიგერობას საქართველოშიც ჰყავს მიმდევრები და გთავაზობთ ინტერვიუს 22 წლის დიგერთან რომა ხატოევთან, რომელსაც დიგერების სამყაროში „ფაბიანის” სახელით იცნობენ.
ფაბიანი: დაახლოებით ხუთი წლის წინ დავინტერესდი დიგერობით. პირველი ადგილი, სადაც ჩავედი, მეტროპოლიტენის გვირაბი იყო „სამედიცინო” – „დელისის” გადასარბენზე. საჰაერო „შახტა” იყო, დამცავი ჯებირი გატეხილი ჰქონდა და ბოლომდე ჩავედი. ეს იყო ჩემი პირველი ჩასვლა და მას შემდეგ დავინტერესდი ამ საქმით. საათობით დავდიოდი და ვეძებდი მეტროს საჰაეროებს, მიტოვებულ გვირაბებს, მეტროპოლიტენის დაუსრულებელ სადგურებს.
– როგორც ვიცი, თბილისში ძირითადად მეტროპოლიტენის გვირაბებითა და დაუსრულებელი მეტროსადგურებით ინტერესდებიან დიგერები. რა სიტუაციაა ამ მხრივ, მოგვიყევი დეტალურად.
– საინტერესო სადგურია მეტრო „უნივერსიტეტი”, რომელიც, პრაქტიკულად, დასრულების სტადიაშია: მზად არის ორივე გვირაბი, სასადგურე დარბაზი; იქ არის საინტერესო დიდი დარბაზი, რომელსაც, სავარაუდოდ, სამოქალაქო თავდაცვასთან უნდა ჰქონდეს კავშირი. რამდენჯერმე ვარ მანდ ნამყოფი და, შემიძლია, ვთქვა, რომ სადგურის მშენებლობის 85 პროცენტი შესრულებულია და მოპირკეთების სამუშაოებს მოითხოვს. დამტვრეულია ბაქანი, რომლის ხელახლა აგება იქნება საჭირო, სხვა მხრივ კი სადგური პრაქტიკულად მზად არის და, რატომ გაჭიანურდა ეს საქმე, გაუგებარია.
– სხვა მეტროსადგურების მიტოვებულ მშენებლობებზე რას იტყვი, რა ინფორმაცია გაქვს, თუ ხარ ჩასული?
– არსებობს „მეტრო ახმეტელი“ მეორე ამოსასვლელი, აშენებულია მთლიანად საესკალატორო დაღმართი, ქვედა ვესტიბიული. ეს არის დაახლოებით სასტუმრო „პიზას” მოპირდაპირე მხარეს. ასევე, „მარჯანიშვილის” მეტროს მეორე ამოსასვლელი, სადაც თოკის გარეშე ვერ ჩახვალ, ვარ მანდ ნამყოფი და შემიძლია ვთქვა, რომ ეგეც თითქმის დასრულებულია, თუმცა ამჟამად მშენებლობის გაგრძელების პერსპექტივა არ არსებობს. საერთოდ, სადგური „მარჯანიშვილი” უნიკალური მეთოდით არის აგებული – საესკალატორო დაღმართი აშენებულია ქვევიდან. სამშენებლო დანადგარის – კოპერის დადგმა მოედანზე ვერ მოხერხდა და, ამიტომაც, ამ უნიკალური მეთოდით აშენდა საესკალატორო ჩასასვლელი. მსგავსი მეთოდით, ჩემი ინფორმაციით, მეტროსადგური მხოლოდ ორ ქალაქშია აშენებული – თბილისსა და პეტერბურგში. საინტერესოა ასევე თბილისის მეტროპოლიტენის მესამე ხაზი, რომლის პროექტი განუხორციელებელი დარჩა. რამდენიმე ადგილას დაწყებული იყო სამუშაოები, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მშენებლობა შეჩერდა. მაგალითად, ვორონცოვის მოედანზე (ახლანდელ ზაარბრუკენის მოედანზე) სამუშაოები დალუქულია. ვორონცოვის მოედნის მეტროს ოთხესკალატორიანი ამოსასვლელი უნდა ჰქონოდა – პირველი საქართველოში (ყველგან სამი ესკალატორია). ასევე, დასრულებული იყო „რუსთაველიდან” სადგურ „რუსთაველი 2-ზე“ გადასასვლელი – დაახლოებით „იმელის” შენობის უკან უნდა ყოფილიყო სადგური; ასევე, მეტროს მშენებლობა იგეგმებოდა: ვაკეში, მრგვალ ბაღთან ან უნივერსიტეტთან, სადაც ამჟამად ტარას შევჩენკოს ძეგლია, დიდ დიღომში, ფარნავაზისა და მირიან მეფის გამზირებს შორის, სააკაძის მოედანზე, წერეთელზე – გამოფენასთან, დიღომში – მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაზისუბანში, საიდანაც უერთდებოდა ვარკეთილს, გადიოდა კახეთის გზატკეცილზე და ბოლო გაჩერება ჰქონდა მოსკოვის პროსპექტზე, სადაც უნდა აშენებულიყო ახალი დეპო. ძველი გეგმები მაქვს ნანახი, სადაც პირველი ხაზი „ახმეტელიდან” უნდა გასულიყო მუხიანსა და გლდანის მეხუთე ან მეექსვე მიკრორაიონებს შორის, მაგრამ, ამ პროექტების განხორციელება არ დაწყებულა.
– მეტროს გარდა, სხვა რომელი ობიექტებია საინტერესო დიგერებისთვის და პირადად თუ გაგიკეთებია აღმოჩენა?
– მეტეხის ხიდის მიდამოებში, როდესაც აფართოებდნენ მაგისტრალს, შევნიშნე გვირაბის მსგავსი ობიექტი მიწაში, ესკალატორი მუშაობდა მაგ დროს, ჩავხტი ამ გვირაბში, პატარა გვირაბი იყო, გასასვლელი მიწით იყო სავსე, ზუსტად ვერ გეტყვით, რა დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ, გვირაბის კედელზე საინტერესო წარწერა დავინახე, რომელიც ფოტოაპარატით დავაფიქსირე: „ბერია ცოცხალია. 1962 წელი” – ეწერა გვირაბის კედელზე. ეს გვირაბი, დიდი ალბათობით, ამჟამად დანგრეულია. კიდევ, საინტერესოა კოლექტორებში მოქცეული მიწისქვეშა მდინარეები, იგივე, მდინარე ვერეს კოლექტორი. ვიცი, რომ გმირთა მოედნის ქვეშ მოწყობილია საკმაოდ დიდი დარბაზი, თუმცა, პირადად იქ არ ჩავსულვარ, რადგან, ზოგადად მიწისქვეშა მდინარეების კვლევა საშიშია. არსებობს ასეთი ცნება დიგერებში: შიგნით როდესაც ხარ და არ იცი, გარეთ რა ხდება, თუ გაწვიმდა, წამებში იმატებს წყლის დონე კოლექტორში და, ისეთი ტალღა შეიძლება წამოვიდეს, რომ ფეხზე ვერ დადგე. კიდევ, არის თბილისის ყველაზე ძველი კოლექტორი, რომელშიც მოქცეულია მთაწმინდიდან წამოსული ავანაანთხევის სეზონური მდინარე, რომლის კოლექტორში ჩასვლა შესაძლებელია, თუმცა, სარისკოა. კიდევ რამდენიმე მიწისქვეშა მდინარე მაქვს ნანახი, მაგრამ, მათი უმეტესობა ძალიან ბინძურია.
– თბილისელ დიგერებზე რას იტყვი, რამდენი ხართ, თუ არის ეს საქმე პოპულარული?
– საკმაოდ საშიში პროფესიაა და, აქედან გამომდინარე, პოპულარული ნაკლებად არის. აკრძალულია დიგერობა, რადგან, ჩვენ ისეთ ობიექტებზე შევდივართ, სადაც არ შეიძლება შესვლა; ისეთ რაღაცას ვარკვევთ, რისი გარკვევაც არ შეიძლება. ვისაც პირადად ვიცნობ, ხუთნი-ექვსნი ვიქნებით. შესაძლოა, გვირაბებში მეტნიც არიან, მარა ვინც ჩავდივართ და რისკთან გვაქვს საქმე ეს რაოდენობაა, თორემ თეორეტიკოსები ბევრნი არიან. მათ „ოთახის დიგერებს” ვუწოდებთ, რადგან ისინი სახლში, კომპიუტერებთან სხედან და იქიდან ათვალიერებენ რუკებს, ან, სადმე სარდაფში ჩავლენ და გაიძახიან, დიგერები ვართო (იცინის).
– მეტროს გვირაბებში დიდი ვირთხები ხომ არ შეგხვედრიათ?
– ვირთხები არასდროს შემხვედრიან. ღამურები ძალიან ბევრია, მაგრამ, ვირთხა არა.
– უცხოელი დიგერები თუ ინტერესდებიან თბილისით?
– ძირითადად, უკრაინელები ჩამოდიან კიევიდან. მეტროსადგურებით ინტერესდებიან, უფრო კი – „მაღლივის” სადგურით. არსებობს ლეგენდა, რომ კოჯრიდან თბილისამდე გვირაბია გაყვანილი, თუმცა, მისი დანიშნულება ჩემთვის უცნობია, ეს გვირაბი ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ, ეს ლეგენდა საკმაოდ გავრცელებულია დიგერებს შორის. კიდევ, არის ლეგენდა, რომ მცხეთაში, მიწის ქვეშ, არის დიდი ობიექტი, ამიერკავკავკასიის სამხედრო ოლქის სარეზერვო სამართავი პუნქტი, რომელსაც ჰქვია „ზვეზდა”, რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენებოდა, თუკი თბილისი დაიბომბებოდა და იქ უნდა გადასულიყო სამხედრო სარდლობა. თუმცა, ესეც უფრო ლეგენდაა, ვიდრე სინამდვილე. კიდევ, ლეგენდაა, თითქოს ბერიამ ცირკის შენობიდან გვირაბი გაიყვანა მტკვრის მეორე სანაპირომდე, თუმცა ეს გვირაბი მე არ მინახავს.
– ვიცი, რომ გვირაბებისა და მიწიქვეშა მდინარეების გარდა, მიწისზედა ობიექტებითაც ინტერესდები. რას გვეტყვი მათ შესახებ?
– დიგერობა არის ეგრეთ წოდებული „ურბან ექსპლორეიშენის,” ანუ, ქალაქური კვლევების ერთ-ერთი მიმდინარეობა. საინტერესოა დაკეტილი, გაუქმებული საბაგიროების შენობების კვლევა. რამდენიმე მიტოვებული საბაგიროა თბილისში, მათ შორის, ალბათ, შეგიმჩნევია, ვერის ბაღიდან პანდუსივით რომ მოჩანს სანაპიროდან – ეგ უნდა ყოფილიყო საბაგიროს ზედა გაჩერება, მაგრამ, ქვედა გაჩერება სად უნდა ყოფილიყო, უცნობია ჩემთვის. თბილისის მასშტაბით, კიდევ რამდენიმე ბუნკერი, ისტორიული ობიექტი და სარკინიგზო დანიშნულების ნაგებობაა, რომელთა შესახებ უფრო დაწვრილებით და ფოტომასალით ინფორმაციები განთავსებული მაქვს ჩემს პირად ვებ-გვერდზე: fabi.ge.