კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უჭირთ მარტოხელა მამაკაცებს მარტოხელა ქალებზე მეტად და რატომ ნიშნავს კაცისთვის უსაქმურობაც კი მნიშვნელოვანი საქმის კეთებას

უდავოა, რომ ამჟამინდელი პარლამენტი და მთავრობა მდედრობითი სქესის  წარმომადგენლებით უფრო უხვადაა დაკომპლექტებული, ვიდრე წინა (მაგალითად, პარლამენტში 17 ქალი დეპუტატია, ქალია ცესკოს თავჯდომარეც, მინისტრთა კაბინეტში კი ოთხი მინისტრია და, მოარული ხმებით, უშიშროების მდივნადაც ქალბატონი უნდა მოგვევლინოს). თუმცა, ბოლო საერთაშორისო კვლევით, საქართველო, გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, მსოფლიოში 86-ე ადგილზეა (წინა წლის მაჩვენებელი ერთი პუნქტითაა გაუარესებული). უარესი მაჩვენებელი გვაქვს კონკრეტული მიმართულებებით: ქალები არა მხოლოდ პოლიტიკაში, ეკონომიკურ სფეროშიც მწირად არიან წარმოდგენილნი, განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ კი, საერთოდაც 126-ე ადგილს ვიკავებთ. ფსიქოლოგ რუსუდან ფხაკაძესთან ერთად განვიხილავთ ქალების, ნებსით თუ უნებლიეთ, შევიწროების ფაქტს და იმასაც, რომ იქნებ მდედრობითი სქესის ადგილი მართლაც ძირითადად სამზარეულოშია.

 

– პირადად მე გამაოცა ქალებისთვის განათლების ხელმისწვდომობაში მონიჭებულმა 126-ე ადგილმა. ვერაფრით დავეთანხმები ამ მონაცემს, რადგან იმას მაინც ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთან ქალებს ეზღუდებათ განათლების მიღება.

– ეს არის საქართველოს ზოგადი მონაცემი, რაც საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნოსებში არსებულ ვითარებას ასახავს. უფრო მეტად, ეს მაჩვენებელი გამოხატავს აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეების პრობლემას. ისევე, როგორც, როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს საქართველოში იმატა ნაადრევი გათხოვების მაჩვენებელმა, ძირითადად, აზერბაიჯანელებით დასახლებული რაიონები იგულისხმებოდა, რაც თავისთავად გავლენას ახდენდა საერთო მაჩვენებელზე, რადგან არათუ იმატა ნაადრევი გათხოვების ფაქტებმა, არამედ, ქალები, ძირითადად, კარიერის კეთებაზე არიან გადასულნი.

– აუცილებელი არ იყო, მაინცდამაინც, ამ კვლევის შედეგებს გავცნოდობით, ისედაც ცხადია, რომ ქალების სიმცირეა ნებისმიერი სფეროს ზედა ეშელონში. რა უშლის ხელს ქალების უფრო ფართო ჩართვას ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტში?

– ძალიან ძლიერი კონკურენცია და მენტალობა, იმიტომ რომ თანაბარ პირობებში მამაკაცი უფრო კომპეტენტურად აღიქმება, ვიდრე ქალი. ამდენად, ქალს ორმაგი და სამმაგი ძალისხმევა სჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ იმსახურებს ამა თუ იმ ადგილს, ვიდრე მამაკაცს. ეს მაინც მენტალობის ბრალია –  ჩვენ ვერ გავცდით პატრიარქალურ კულტურას. ჩემი აზრით, ბევრად კარგი იქნება, თუ ქალები უფრო მრავლად იქნებიან წარმოდგენილნი, რადგან გარიგებები, მოლაპარაკებები ქალს უფრო კარგად გამოუვიდოდა, იმიტომ რომ მამაკაცები ხშირად უფრო რიგიდულები არიან. ქალებს ბუნებითაც ახასიათებთ მეტი პლასტიკურობა, რის უფრო უკეთ გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სფეროში პრობლემების მოგვარებისას.

– თუმცა, მეორე მხრივ, არის სფეროები, სადაც ქალები მრავლად არიან, მაგალითად, სკოლებში –  მასწავლებლებად.

– მაგრამ დირექტორები, განათლების სამინისტროში განყოფილების უფროსები უფრო ხშირად კაცები  არიან, იმიტომ რომ მასწავლებლობა პრესტიჟულ და ძალაუფლების მქონე ადგილად არ ითვლება და კონკურენციის საგანი არ არის. რაც შეეხება სალიდერო და გადამწყვეტ ადგილებს, აქ უკვე მამაკაცები იბრძვიან გააფთრებით.

– ასევე, თვალშისაცემია ქალების სიმრავლე ჟურნალისტიკაში.

– ჟურნალისტიკაც უმადურ სპეციალობას მიეკუთვნება, უნდა გააშუქო მომხდარი და ასე ვთქვათ, ვიღაცის აზრები უნდა ილაპარაკო. ყოველ შემთხვევეაში, სამწუხაროდ, ჩვენთან ასე ესმით ჟურნალისტიკა, არადა, სწორედ ჟურნალისტიკაა ის ბერკეტი, რომელიც ნამდვილად აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს. მამაკაცები კი ფიქრობენ, რომ ეს მოლაყბეობის პროფესიაა და ამიტომ მათთვის პრესტიჟული არ არის.

– თუმცა ამ შემთხვევაშიც მედიასაშუალებების მფლობელები, როგორც წესი, მამაკაცები არიან.

– რასაკვირველია, რადგან სადაც არის ფლობა, კონტროლი და ძალაუფლება, იქ ისინი უნდა იყვნენ. მაგრამ შემსრულებლების როლში არიან ქალები –  ხშირად მამაკაცების უკან ძლიერი, პროფესიონალი ქალები იმალებიან. საქმეს, ძირითადად, ქალები აკეთებენ და არიან ქალები, რომლებსაც ეს ძალიან კარგად გამოსდით, მაგრამ მათ არ აქვთ მაინცდამაინც დიდი ამბიცია, რომ გამოჩნდნენ, იმიტომ რომ დღეს ქალს საოჯახო საქმეებიც აქვს მოსაგვარებელი და საგარეოც, ამიტომ დამატებით კიდევ ამ კონკურენციას ვეღარ უძლებენ და თვითონვე თმობენ ამ ადგილებს. მე არ მახსოვს ქალი პოლიტიკოსის მიმართ დადებითი დამოკიდებულებები. ძირითადად, აგდებითი დამოკიდებულებაა და მათ სხვადასხვა უარყოფითი ეპითეტებით ამკობენ, მაშინ, როდესაც მამაკაცები არანაკლებ იმსახურებენ ამ ეპითეტებს. ისევე, როგორც, როდესაც ქალი ზის საჭესთან, მისადმი აგდებული დამოკიდებულებაა.

– უნდა გამოვტყდე, რომ ხანდახან საოცრებებს სჩადიან ქალი მძღოლები.

– მაგრამ, სტატისტიკურად, მამაკაცები უფრო ხშირად ახდენენ ავარიებს, ვიდრე ქალები. 

– დიახ და ამიტომ ქალი მძღოლების მანქანებს უფრო იაფად აზღვევს სადაზღვევოები. მხოლოდ პატრიარქალური კულტურაა იმის მიზეზი, რომ ჩვენთან კაცი აპრიორში უფრო კომპეტენტურად მიიჩნევა, ვიდრე ქალი?

– ქალს, თუ ის ბიზნესვუმენია, ბიზნესის წარმოებისა და ოჯახის პრობლემა ერთნაირად აწევს, მამაკაცს უფრო გამოხშირული აქვს: მისთვის ბიზნესი პირველ ადგილასაა და ოჯახის საქმიანობაში ნაკლებად ერევა.

– ანუ მამაკაცს უბრალოდ უფრო მეტი დრო აქვს?

– უფრო მეტი დრო, უფრო მეტი ამბიცია და უფრო მოტივირებულია, რომ ესა თუ ის ადგილი მოიპოვოს. მაშინ, როდესაც ქალს დედობა, შვილების მოვლა არ ეჩვენება მეორეხარისხოვნად და, მაინცდამაინც, აღარ იბრძვის თანამდებობებისთვის, თორემ ისე არ არის, რომ ჩვენი ქალები მამაკაცებს ვერ უწევენ კონკურენციას, პირიქით, ბევრად უფრო მაღალ კონკურენციას გაუწევდნენ უფრო მეტი მოტივაცია რომ ჰქონდეთ.

– რამ შეიძლება, გააჩინოს ეს მოტივაცია? დასავლეთის ერთ-ერთი რეკომენდაციაა პოლიტიკური პარტიების ფულით წახალისება, თუ თავიანთ რიგებსა და პარტიაში მეტი ქალი ეყოლებათ.

– მაგრამ ეს, მართლაც, დისკრიმინაციული იქნებოდა.

– მაშინ რამ უნდა შეასრულოს სტიმულის როლი? იქნებ არ უნდა ქალს ამ ზედა ეშელონებში და მაშინ თავი დავანებოთ?

– როგორ არ უნდა, მაგრამ მას არ ახასიათებს ის რიგიდულობა, როგორც კაცს –  რომელიც, თუ არ გამოსდის, მაინც ცდილობს. მამაკაცისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მარცხს განიცდის, მაინც თანამდებობრივი საქმეებია მნიშვნელოვანი. ამიტომ ხელშეწყობა სჭირდება, როდესაც ამგვარი ქალები გამოჩნდებიან ასპარეზზე: ეს მწარე კონკურენცია უნდა შერბილდეს, რაღაცნაირად უნდა ვაღიაროთ მათი მნიშვნელოვნება. მეორე მხრივ, თვითშეფასების ამბავიც არის. ფსიქოლოგიურად ქალებს უფრო დაბალი თვითშეფასება აქვთ, რაც უნდა წარმატებულები იყვნენ, ვიდრე მამაკაცებს.

– მე ამას ვერ ვიტყოდი საკუთარ თავზე, უფრო პირიქით მგონია ხანდახან.

– გააჩნია სიტუაციას: რაღაც მომენტში ქალები მაინც მამაკაცებს უთმობენ გზას, მამაკაცი კი არავითარ შემხვევაში არ დაგითმობს კარიერის გზას.

– ქალი უფრო დამთმობია?

– დიახ, ეს მისი ბუნებაა.

– თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ქალი თანამშრომელი უფრო ხარისხიანია, ვიდრე მამაკაცი.

– იმიტომ რომ ქალის ბუნება გულისხმობს დედობას, რაც თავისთავად განაპირობებს ზრუნვას, მოვლას, თვისებების მთელ რიგ სპექტრს და ეს თვისებები გადადის ნებისმიერ სფეროში, რომელიც მასთან ახლოს მივა: იქნება ეს სამსახური, კოლექტივში ურთიერთობა და ასე შემდეგ. გამოკვლევები მოწმობს, რომ მარტოხელა მამაკაცები უფრო ვერ უძლებენ მარტოობას, ვიდრე მარტოხელა ქალები, იმიტომ რომ მამაკაცები ნაკლებად ურთიერთობენ მეზობლებთან, ნათესავებთან, ეს უფრო ქალების საქმედ მიიჩნევა, თვითონ კი სულ სერიოზული საქმეებით არიან დაკავებულები და საკუთარი მნიშვნელოვნებით აღვსილები.

– ხშირად შევსწრებივარ, როდესაც მამაკაცი, რომელიც იმ წამს არაფერს აკეთებს, სატელეფონო ზარს პასუხობს ძალიან სერიოზული ხმით, საქმეზე ვარო.

– დიახ, მაშინ, როდესაც ქალი არასდროს გეტყვის, საქმეზე ვარ, არ მცალიაო. გეტყვის, გასული ვარ, ცოტა ხანში მოვალო და არ აიყვანს ამას რაღაც 100-პროცენტიანი მნიშვნელოვნების ხარისხში. საშუალოდ ვლაპარაკობ, თორემ გამონაკლისი ორივე მხარესაა. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ქალისთვის ერთი საქმე შეიძლება, მეორით ჩანაცვლდეს, თუ რაღაც ხდება, მაგრამ მამაკაცს ყოველთვის იმაზე უფრო მეტი და დიდი საქმე აქვს, ვიდრე ის საქმე, რაზეც უძახი. არდათმობა, პირველობის ტენდენცია, მოტივირება, რიგიდულობა ერთი მიმართულებით, –   ეს ყველაფერი ხელს უწყობს მამაკაცს, რომ სასურველ მიზანს მიაღწიოს, ბოლოს და ბოლოს, ცნობილია, რომ ერთი წვეთი ქვას ხვრეტს.

– თუ ქალში არ დევს ეს ლიდერობა, ამბიცია, თუ დათმობა ურჩევნია, რატომ ვაიძულებთ აქტიურობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე?

– როგორ არ დევს ქალში ლიდერობის ფუნქცია, უბრალოდ ლიდერობისთვის ბევრი ფუნქცია აქვს: იყოს პირველი ოჯახისთვის, შვილისთვის, ნათესაობისთვის.

– სამზარეულოში იყოს პირველი.

– დიახ, ყველაზე კარგ კერძს ამზადებდეს. ქალს ბევრი სფერო აქვს ამ ლიდერობის გამოსამჟღავნებლად და რაც უფრო დაკმაყოფილებული იქნება ამ სფეროებში, მით ნაკლები ინტერესი აქვს საგარეო საქმეებისადმი. მამაკაცს თავისი ლიდერობის გამოვლენის ძალიან მწირი ადგილი აქვს.

– დასავლურმა სამყარომ მეტ-ნაკლებად გადაჭრა გენდერული თანასწორობის პრობლემა, მათ შორის ოჯახში ფუნქციების განაწილებით. არის ეს ერთგვარი გზა გენდერული ბალანსისკენ?

– განაწილება ნიშნავს, რომ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს მოეთხოვებათ ზრუნვა და ეს ორივეს საქმეა. რომ მამაკაცი არ დაკნინდება, თუ ჭურჭელს დარეცხავს. ტელევიზიით პირდაპირი პროპაგანდა მიდის, ერთად რეცხავენ ჭურჭელს. ბავშვს ერთად უვლიან. მეტ-ნაკლებად აქ ახალგაზრდებში შეიმჩნევა მსგავსი ტენდენციები, მაგრამ ჩვენი ძირძველი მენტალობა ჯერ კიდევ მყარია და მიიჩნევა, რომ მაინც კაცის საქმეა თანამდებობაზე ყოფნა.

– ვთქვათ, ასეა, მაგრამ, თუ მიმოვიხედავთ, რუკას დავხედავთ, ღარიბებს დავითვლით, აღმოვაჩენთ, რომ მაინცდამაინც ჯეროვნად ვერ უნდა უძღვებოდნენ ამ საქმეს.

– ამას უპირისპირდება მითები, ბოლოს და ბოლოს, ამინდსაც კი დააბრალებენ; მაგრამ, აბა, ქალს ერთი შეეშალოს, რა დღეს დააყრიან?! სულ მამაკაცები იყვნენ ცესკოს თავმჯდომარეები და მუდმივად საუბრობდნენ, რომ არჩევნები ყალბდება, მაგრამ, როგორც კი გამოჩნდა ქალი, ნანა დევდარიანი, მასზე გადატყდა ჯოხი. ან ოჯახური ძალადობა ავიღოთ: უამრავი მამაკაცი კლავს ცოლს ან ასახიჩრებს, მაგრამ, თუ იგივე ჩაიდინა ქალმა, ეს აღსაშფოთებელ და მიუღებელ ფაქტად აღიქმება. უამრავი მსგავსი მაგალითია ყველა სფეროში: მაგალითად, ჟურნალისტ კაცს რომ შეეშალა რაღაც, უბრალოდ იმ დღეს ხასიათზე ვერ იყო, თორემ არ შეეშლებოდა. ბევრ გასამართლებელ მიზეზს მოიგონებენ, მაგრამ სულ სხვაგვარი ვითარებაა ქალთან მიმართებაში.

– დასავლეთმა როგორ გადაჭრა პრობლემა, როგორ დააჯერა ქალიც და კაციც, რომ ქალი საზოგადოების სრულფასოვანი წევრია?

– სწორი მესიჯებით, რომლებიც დეკლარირებული და ლოზუნგური კი არ არის, არამედ, ცხოვრებაში ტარდება, ჩვენ კი ორმაგი განწყობებით ვცხოვრობთ: ერთს ვლაპარაკობთ საზოგადოებისთვის და მეორეს ვფიქრობთ. მაგალითად, ახალგაზრდა გოგონებს გავესაუბრეთ თემაზე, უნდა ჰქონდეთ თუ არა სექსუალური ცხოვრება გათხოვებამდე.  ისე მელაპარკებოდნენ, როგორც 60 წლის კაცები და ქალები. კი ბატონო, არ ჰქონდეთ, მაგრამ ქცევაში რომ სრულიად საპირისპირო განწყობას ამჟავნებენ?! ამ ორმაგი განწყობებით მთლიანადაა მოცული ჩვენი საზოგადოება. დასავლეთში ეს ნაკლებადაა: რასაც გეუბნებიან, იმას აკეთებენ და რასაც აკეთებენ, ისევე ლაპარაკობენ. ჩვენ კი ორმაგობა გვღუპავს: სიტყვით ერთნი ვართ, საქმით –  მეორენი. ძალიან გვიჭირს ტოლერანტობა სიტყვასა და საქმეს შორის.

– ესე იგი, ფარისევლობაა ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა?

– მლიქვნელობაც, ფარისევლობაც. ტოტალური კომფორმიზმის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ახალზე ვინღა ლაპარაკობს, ძველის გადამღერების დროსაც კი კრიტიკული მოსაზრება არ უჩნდება არავის, ვინმეს არ ეწყინოსო. ესეც ამ ჩვენმა ორმაგობამ მოიტანა.

– და ერთი ძალიან საგულისხმო მომენტი: როგორც კი ქალი აჩვენებს ნებისყოფას, პრინციპულობას, მას მაშინვე უბრაზდებიან მამაკაცები, რა კაცივით იქცევი, ქალი ხარ თუ კაციო.

– ნამდვილად ასეა, მაგრამ სხვას ვერაფერს  მოვუხერხებთ ამ სივრცეს იმას გარდა, რომ უნდა ვეცადოთ, ნაკლებად ვიყოთ მუჭანახევარა. შევეცადოთ, არ ვიცეკვოთ სხვის დაკრულზე, რაც უნდა ბევრი პრობლემა შეგვხვდეს ამ გზაზე, იმიტომ რომ საკუთარი მეს შენარჩუნებით, რომელიც გვაქვს და როგორიც გვაქვს, საკუთარ ოჯახსაც წავადგებით და საქმესაც, რომელსაც ვაკეთებთ.

 

скачать dle 11.3