რა სამხედრო ჯილდოები აქვს მიღებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს ირაკლი ძნელაძეს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე 1968 წელსაა დაბადებული. 1992 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაამთავრა; 1998-ში გერმანიის ბუნდესვერის ჯავშანსატანკო სკოლაში ასეულის მეთაურის კურსი გაიარა; 2002-ში კი იმავე სკოლაში – ბატალიონის მეთაურის კურსი. 1999 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, 2009-ში კი აშშ არმიის სამხედრო კოლეჯი დაამთავრა.
მისი სამუშაო გამოცდილება 1993 წელს იწყება თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოში, სადაც 1994 წლამდე პასუხისმგებელ შემსრულებლად მუშაობდა; შემდეგ, 1998 წლამდე თავდაცვის სამინისტროს კადრების სამმართველოს დაკომპლექტების განყოფილების ოფიცერი იყო; 1998-დან 2001-მდე – გენერალური შტაბის სავერიფიკაციო ცენტრის უფროსი ოფიცერი; 2001-დან 2006-მდე გაერთიანებულ შტაბში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე; შემდეგ რამდენიმე თვე სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს მართვის ცენტრის უფროსი იყო; თუმცა მალევე გაერთიანებულ შტაბში დაბრუნდა – G-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2009-დან 2011-მდე სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსად მუშაობდა; 2011-ის ივლისიდან ნოემბრამდე გაერთიანებული შტაბის G-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გახდა; ხოლო 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის მაისამდე გაერთიანებული შტაბის G-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი იყო. 2012 წელს თავდაცვის ატაშედ დაინიშნა უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკასა და ბელორუსიის რესპუბლიკაში. ამჟამად საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსია. მიღებული აქვს ჯილდოები: მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“ (2000 წელს); მეორე ხარისხის მედალი „უმწიკვლო სამსახურისათვის“ (2008 წელს); 2009 წელს იგივე მედალი, ოღონდ პირველი ხარისხის; 2011 წელს – მედალი „გენერალი კვინიტაძე“, ხოლო 2012-ში – მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“.
ირაკლი ძნელაძემ თავისი პირველი დეკლარაცია 2010 წელს შეავსო, როგორც სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბის G-3 ოპერატიული სამმართველოს უფროსმა. ოჯახის წევრებად მიუთითა დედა-მამა, მეუღლე, მარიამ ძნელაძე და ორი შვილი: 1999 წელს დაბადებული ელენე და 2007-ში დაბადებული გიორგი.
ოჯახის უძრავი ქონების ჩამონათვალი შემდეგნაირია. ირაკლი ძნელაძეს ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ნიკოლაძის ქუჩაზე, ხოლო დედას, ქ-ნ ციალა კვირიკაშვილს, მიწის ნაკვეთი მუხათწყაროში (600 კვადრატული მეტრი). ავტომანქანა მხოლოდ ირაკლი ძნელაძეს ჰყავდა 2000 წლის „მაზდა“. რაც შეეხება შემოსავლებს: ირაკლი ძნელაძემ, როგორც სახმელეთო ჯარების სარდლობის G3 ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, 19 000 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც გაერთიანებული შტაბის შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს საქმისმწარმოებელმა – 11 400 ლარი.
2011 წლის დეკლარაციის ქონებრივ ნაწილში არანაირი ცვლილება არ არის, მხოლოდ სახელფასო შემოსავლებია გაზრდილი. კერძოდ, ირაკლი ძნელაძემ ხელფასად წლის განმავლობაში 24 652 ლარი აიღო; მისმა მეუღლემ, ამჯერად, როგორც გაერთიანებული შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს პასუხისმგებელმა შემსრულებელმა, 9 800 ლარი; ხოლო ქ-ნმა ციალა კვირიკაშვილმა, როგორც ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა – 1 200 ლარი. დაახლოებით, ანალოგიური ვითარებაა 2012 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც – ოჯახის არც ქონების ოდენობა შეცვლილა და, მაინცდამაინც, არც შემოსავლები. ერთი ისაა, რომ მარიამ ძნელაძემ სწავლის საფასურად 1 680 ლარი გადაიხადა, ოღონდ არ არის მითითებული, ვისი სწავლის საფასური იგულისხმება. სულ ბოლოს ირაკლი ძნელაძემ დეკლარაცია 2013 წლის ივნისში შეავსო. ოჯახის უძრავი ქონება კვლავ მხოლოდ საცხოვრებელი ბინითა და მიწის ნაკვეთით შემოიფარგლება. 2012 წლის განმავლობაში ირაკლი ძნელაძემ წლიურ ანაზღაურებად 34 197 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ – 3 500 ლარი, ხოლო დედამ, როგორც ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, 1 440 ლარი; გასავალი კვლავ მხოლოდ მარიამ ძნელაძეს ჰქონდა – 1 680 ლარი (სწავლის გადასახადი).