გულდაწყვეტილი მიმავალი
სახელად – ხალხის, სახრავად – მისი
ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების შემდეგაც კი ვერ შევიტყვეთ პრეზიდენტის სასახლის აგებაზე დახარჯული თანხის ვერც ზუსტი ოდენობა და ვერც ამ თანხების წარმომავლობა (ისიც კი მიგვავიწყდა, რომ ეს გრანდიოზული შენობა 2008 წლის ომის შემდეგ და გაქანებული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისას წამოვჭიმეთ) და ახლაც მხოლოდ ის ვიცით, რომ ამ ნანინანატრ შენობაში, ყოველ შემთხვევაში, ახლახან არჩეული პრეზიდენტი არ იცხოვრებს (როგორც ოკუპანტები იტყოდნენ: „ლიუბოვ ზდეს ბოლშე ნე ჟივიოტ“).
ხოლო, რაკი მომავალი პრეზიდენტი არ იცხოვრებს, მიმავალს გული სწყდება. მის გულისწყვეტას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბ-ნი ბარნოვიც იზიარებს და არანაკლებ გულდათუთქული გვიხსნის, რომ „ეს შენობა აშენდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის და ასევე უნდა ფუნქციონირებდეს!“
უნდა ფუნქციონირებდეს, ვინაიდან (კვლავ ციტატას მოვიხმობ): „მისი მდებარეობა, არქიტექტურა, შიდა მოწყობა, მთლიანად დაგეგმილი და გაკეთებულია ისე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუბრკოლებლად იმუშაოს.“
რაც მართალია, მართალია: ისე დაუბრკოლებლად მუშაობდა, რომ შერონ სთოუნის კისკისი თვით სამების სამრეკლოსაც კი სწვდებოდა. ამიტომაც, სავსებით ცხადია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის სრულიად გაუგებარი და „მიუღებელია დამოკიდებულება, რომელსაც ახალი მთავრობა ამჟღავნებს ყველა იმ კარგი საქმის მიმართ, რაც წინა მთავრობას გაუკეთებია (ვარსკვლავთა კისკისი არ მოიშალოსო!).“
თავის მხრივ, პრეზიდენტიც გვარწმუნებს, რომ პრეზიდენტის სასახლე ქართველი ხალხის საკუთრებაა, თუმცა, თუ ამ ჩვენს მრავლისმნახველ თვალებს ბოლო 10 წელს კიდევ ერთხელ გადავავლებთ, ჩნდება ეჭვი, რომ, ჩვეულებისამებრ, პრეზიდენტის სასახლეზეც ჭრის დევიზი: სახელად – ხალხის, სახრავად – მისი.