კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

კასოიმ ექვსი თვე დაყო „სვაბოდაზე“ და ამ ხნის განმავლობაში მისი ვაჟი შავ სამყაროს არ გაკარებია. ერთ მშვენიერ დღეს კი მათთან მილიციის სამმართველოს ოპერჯგუფი მივიდა, ჩხრეკა ჩაატარა და კომოდის უჯრიდან პისტოლეტი და სამასი გრამი მარიხუანა ამოიღო. მამა-შვილი ლენინგრადის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს. გზაში კასოიმ შვილს გადაუჩურჩულა: „ჩემს თავზე ვიღებ იარაღსაც და პლანსაც. შენ სიტყვა არაფერზე დაგცდეს და გამოგიშვებენ“. ვასიამ მამას თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და მართლაც, სულ რაღაც ორ საათში სახლში გაუშვეს, კოსოი კი გაასამართლეს, ექვსი წელი მიუსაჯეს და მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გაუშვეს ეტაპით. 

სასამართლოს ბოლო სხდომა რომ დასრულდა, კასოი ცოლ-შვილს დაემშვიდობა, ვაჟს კი უთხრა:

– ვასკა, იცოდე, არ მიღალატო, სიტყვა შეასრულე და წესიერ გზაზე დადექი.

კასოის დაპატიმრებიდან ორი წლის შემდეგ მისი ოცდაექვსი წლის ვაჟი ქურდი გახდა, რაშიც მთავარი როლი მამამისის ავტორიტეტმა ითამაშა. კასოიმ  ეს ამბავი ვლადიმირის ცენტრალში შეიტყო, გამწარდა, მაგრამ, ხელი ჩაიქნია და თქვა: ამ საქმეს უკვე აღარაფერი ეშველება, მთავარია, ჩემი შვილი პატიოსანი ქურდი იყოსო. გავიდა კიდევ ოთხი წელი. კასოი მორდოვიის ერთ-ერთ ზონაში იჯდა და ორ კვირაში უნდა გათავისუფლებულიყო. ამ დროს ზონაში მისი ვაჟი მოიყვანეს, რომელსაც უკვე საკმაოდ კარგად იცნობდნენ ქურდულ სამყაროში და ისიც იცოდნენ, თუ ვისი შვილი იყო. კასოის ვაჟი ზონაში რომ მიაბიჯებდა, ამ დროს კასოი და ერთი პატიმარი, მეტსახელად „შპილკა“, ანტრესოლზე ისხდნენ და იყურებოდნენ. უცებ შპილკა გაფითრდა და კასოის უთხრა:

– აი, ამ ნაბოზარმა მოკლა „კალია“, მე კი ორი ტყვია დამახალა და ობშჩიაკის ფული წაიღო.

ვასია კასოი შპილკაზე მეტად გაფითრდა და ჰკითხა:

– ხომ არაფერი გეშლება?

– არა, რას ამბობ, კასოი, მაგის სახეს რა დამავიწყებს! ორი ნიღბიანი შემოგვივარდა ბაითში. მაგან კალიას ეგრევე თავში დაახალა და იქვე დაბრიდა, მე კი მითხრა, ფული გამოაჩინეო. მე კომოდისკენ წავედი, ვითომ ფულისთვის, იქიდან ყამა ამოვიღე და მარჯვენა მკლავში ჩავცხე, მან კი ორი ტყვია მესროლა მკერდში და დამაგდო. ეგონა, რომ დამბრიდა. შემდეგ ნიღაბი მოიხსნა და ფულის ძებნა დაიწყეს. მე  სახეზე შევხედე და სამუდამოდ დამამახსოვრდა. ნამდვილად ეგ იყო. მით უმეტეს, რომ მარჯვენა მკლავზე იარა ექნება და, შეგვიძლია, შევამოწმოთ. კი... ეგ იყო, თავს დავდებ! – მტკიცედ თქვა შპილკამ.

პატიმარი შპილკა ერთი წლის წინანდელ ამბავს გულისხმობდა. ორმა ნიღბიანმა როსტოვის ერთ-ერთი „მალინიდან“ მთელი ქურდული სალარო – ორასი ათასი მანეთი წაიღო. მეორე დღეს ერთ-ერთი გამტაცებელი დონის ნაპირზე იპოვეს მოკლული და დადგინდა, რომ თავისმა „პაძელნიკმა“ მოკლა, მთელი ფული კი თვითონ გაიტაცა და მიიმალა. ობშჩიაკის წამღებს მთელი ქურდული სამყარო უკვე ერთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა და პოვნის შემთხვევაში მას სიკვდილი ელოდა.

ვასია კასოიმ შპილკას სიტყვები რომ გაიაზრა, ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს მისთვის ყველაფერი დასრულდა. მან მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და შპილკას უთხრა:

– სანამ არ დაგიძახებ, აქ იყავი და ცხვირი არ გამოყო გარეთ.

– გასაგებია, – მიუგო შპილკამ.

ვასია კასოი მშვიდად მიაბიჯებდა ზონაში. თუმცა, მის სულსა და გულს ჯოჯოხეთური ცეცხლი ეკიდა. საქვეყნოდ ცნობილმა ქურდმა იცოდა, რომ ეს დღე მის ცხოვრებაში უკანასკნელი იყო. კასოიმ მის შესახვედრად მომავალი შვილი დაინახა, რომელმაც მამის დანახვაზე ხელები გაშალა, რომ ჩახუტებოდა, კასოიმ კი ის ხელის მოძრაობით გააჩერა და უთხრა.

– წამომყევი! 

– რა მოხდა, მამა? – იკითხა შემცბარმა სკრიპაჩმა, რომელსაც ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა.

– სწორედ ამას გავარკვევთ ახლა. წამომყევი! – მტკიცედ უთხრა შვილს კასოიმ და მტკიცე ნაბიჯით გაემართ ქურდული ბარაკისკენ.

ზონაში თორმეტი ქურდი იხდიდა სასჯელს, ბარაკში კი ექვსიოდე ქურდი იყო შეკრებილი, რომლებიც წრეში ისხდნენ და ანაშას აბოლებდნენ. მამა-შვილი რომ დაინახეს, თავისთან იხმეს. კასოიმ უარის ნიშნად თავი გააქნია და კოლეგებს უთხრა:

– სასწრაფოდ სხოდკა უნდა შევკრიბოთ და ერთი ამბავი გავაიასნოთ, რაშიც სკრიპაჩი დაგვეხმარება, – კასოიმ პაუზა გააკეთა და შვილს გამომცდელად შეხედა, შემდეგ კი თავის ახალგაზრდა კოლეგას სთხოვა:

– სიომკა, ძმაო, მიდი, ჩვენი ძმები იხმე. ჩქარა მოვიდნენ, რომ დროზე დავიწყოთ.

სიომა დანარჩენი ქურდების დასაძახებლად წავიდა, ანაშით გაბრუებული ქურდები კი უხმოდ აკვირდებოდნენ მამა-შვილს და, ვერ გაეგოთ, რაში იყო საქმე.

თხუთმეტ წუთში ქურდულ ბარაკში ზონის ყველა ქურდი შეიკრიბა, რომლებიც კასოის სიტყვას ელოდნენ და დუმდნენ. სკრიპაჩი ბარაკის სამხრეთ ნაწილში იდგა ფეხზე, ზუსტად ისე, როგორც სასამართლოში ბრალდებული. კასოიმ ჯერ კოლეგებს გადახედა, შემდეგ სკრიპაჩს შეავლო მწველი მზერა და კოლეგებს მიმართა:

– ძმებო! ერთწლიანი უშედეგო ძებნის შემდეგ, ჩვენი ძმის, კალიას მკვლელი და ობშჩიაკის ფულის გამტაცებელი თავად გვეწვია. ფულის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ეს დამპალი თქვენ წინაშეა და ჩემთვის ორმაგად ტრაგიკულია, რადგან, ის ჩემი შვილია.

მამის სიტყვების გაგონებაზე სკრიპაჩი გაფითრდა, მაგრამ, მთელი ნებისყოფა მოიკრიბა და კასოის უთხრა:

– რას ბოდავ, მამაჩემო, ჭკუაზე ხომ არ შეიშალე, რას მაბრალებ?

– გაბრალებ? 

– ჰო, მაბრალებ, – მტკიცედ თქვა სკრიპაჩმა. დანარჩენმა ქურდებმა კი ერთხმად ჰკითხეს კოსოის:

– რით ამტკიცებ შენს სიტყვებს, საიდან მოიტანე ეს?

კოსოიმ ახალგაზრდა კოლეგას უთხრა:

– სიომკა, წადი, შპილკა მოიყვანე, მიტოვებულ საამქროშია და დაძახებას ელოდება.

სიომკა ტყვიასავით გავარდა და ორიოდე წუთში შპილკასთან ერთად დაბრუნდა, რომელმაც სკრიპაჩს ზიზღით შეხედა და ქურდებს უთხრა:

– აი, ამ ნაბოზარმა მოკლა კალია, მე კი დამჭრა, თუმცა, ეგონა, რომ მომკლა.  ობშჩიაკიც ამან და მისმა პაძელნიკმა გაიტაცეს.

–  რას იტყვით, ძმებო, საკმარისია შპილკას სიტყვები? – ჰკითხა კასოიმ კოლეგებს.

ქურდებმა მგლური მზერა მიაპყრეს სკრიპაჩს და, უნდა ეკითხათ, როგორ ახსნიდა ამ ყველაფერს, მაგრამ, სკრიპაჩმა მოულოდნელად სამართებელივით ალესილი ფოლადის ნაჭერი გააძრო, იქვე მდგარ სიომკას ყელზე მიაჭირა და ქურდებს უთხრა:

– არავინ მომეკაროს, თორემ, ყელს გამოვჭრი!

– აი, ჩემი სიტყვების დასტური, – მშვიდად უთხრა ქურდებს კასოიმ და შვილს მიმართა:

– სიომკას თავი დაანებე და, თუკი კაცობის ნატამალი მაინც შეგრჩენია, შენ თვითონ გამოიჭერი ყელი.

– ამას ვერ ეღირსებით! – იღრიალა სკრიპაჩმა.

– აბა, სად წახვალ? აქედან ორი გზაა – ან საიქიოში, ან საქათმეში. ჩემი აზრით, საიქიოში ჯობია, – უთხრა შვილს კასოიმ, თან, ორი ნაბიჯით მიუახლოვდა მას, – და მეც იქ წავალ, აუცილებლად წავალ საიქიოში, მაგრამ, ჯერ შენ უნდა გაგისტუმრო და დავრწმუნდე, რომ შენისთანა დამპალს არ ვტოვებ ამქვეყნად, – მიუგო შვილს კასოიმ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ.

სკრიპაჩმა უფრო მაგრად მიაჭირა ყელზე ალესილი ფოლადი სიომკას და კბილებში გამოსცრა:

– კიდევ ერთი ნაბიჯი და ამ ბოზს თავი აღარ ექნება!

კასოი შვილისგან ერთი ნაბიჯის მოშორებით შეჩერდა. სიომკამ დრო იხელთა და მთელი სხეულით იატაკისკენ დაქანდა, თან ყელზე ხელის გულები აიფარა, რომ არტერია არ გადაჭროდა… სიომკას ფანდმა გაამართლა – მას მხოლოდ ხელები გაეჭრა, თავად კი მარცხნივ გადახტა და რკინის ჯოხს წამოავლო ხელი, რომ სკრიპაჩისთვის დაეცხო.

– გაჩერდი, სიომკა, ამ დამპალს მე მივხედავ! – უთხრა თავის ახალგაზრდა კოლეგას კასოიმ, შემდეგ წელში ოდნავ მოიხარა და ალესილი ფოლადით შეიარაღებულ შვილს უთხრა:

– მე გაგაჩინე და მე მოგიღებ ბოლოს. შენისთანა დამპლები დედამიწას ამძიმებენ და ამქვეყნად არ უნდა დადიოდნენ...

სკრიპაჩმა ალესილი ფოლადი მოუქნია მამას, მაგრამ, მხოლოდ ლოყა გაუჭრა. კასოიმ კი შვილს იარაღიან მაჯაში ჩაავლო ხელი, თავისუფალი ხელის იდაყვი კი კისერში ჩაარტყა და მოკეცა, შემდეგ იარაღიანი ხელი მოქაჩა და უზარმაზარი ფოლადის ნაჭერი შიგ გულში ჩაარჭო… სკრიპაჩი წაბარბაცდა, ზურგზე დაეცა და პირიდან სისხლი წამოუვიდა. ვასია კასოიმ ზიზღით დახედა მკვდარ შვილს, შემდეგ ერთხელ ამოისუნთქა და გულგახეთქილი იქვე დაეცა… 

შპილკამ, რომელმაც არ იცოდა, რომ კასოი და სკრიპაჩი მამა-შვილი იყვნენ, თავზე ხელები შემოიწყო და თქვა:

– ღმერთო ჩემო, თურმე შვილი ყოფილა და საკუთარი ხელით მოკლა…

ვასია კასოი დიდი ქურდული პატივით დაკრძალეს, სკრიპაჩი კი უპატრონო ძაღლივით ჩააგდეს მიწაში იმ ადგილას, სადაც „ქათმებს” ასაფლავებდნენ. მთელი ქურდული სამყარო შეძრწუნებული იყო  ამ ისტორიით. ვასია ბრილიანტმა თქვა:

– ღირსეული კაცი იყო ვასკა კასოი და ორმაგად დასანანია, რომ ასეთი უღირსი, დამპალი შვილი აღმოაჩნდა. ასეა, ძმებო! ერთი ხიდან სალამურიც ითლება და კომბალიც.

ძია ვასია, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც აბსოლუტურად მართალი იყო და მისი სიტყვები ზუსტად მიზანში მოხვდა. გენი ერთი მხარეა, წრე და აღზრდა კი – მეორე და თანხვედრის გარეშე არაფერი გამოვა. ანუ, აუცილებელი არ არის, რომ გენიოსის შვილიც გენიოსი გამოვიდეს. ისტორიაში კი იმის უამრავი მაგალითი არსებობს, რომ უბრალო, მდაბიო ოჯახებიდან უდიდესი, საკაცობრიო მნიშვნელობის პიროვნებები გამოსულან. ეს ყველაფერი კი, ქურდულ ასპექტში რომ გადავიტანოთ, გამოდის, რომ, შეიძლება, მილიციელის ან პროფესორის შვილი ქურდი გამოვიდეს, ქურდის შვილმა კი, აუცილებელი არაა, მაინცდამაინც ქურდობა დაიწყოს. პირიქით, არც ჩემს საახლობლოსა და სანაცნობოში არ მეგულება ქურდი, რომელსაც ვაჟი ჰყავს და სურვილი აქვს, რომ მისი შვილი ქურდი გახდეს. ასეთი სურვილი არც ვასია კასოის ჰქონდა, მაგრამ, ნათქვამია: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“. ჩვენი, მშობლების სურვილი ყოველთვის არ ემთხვევა ჩვენი შვილების სურვილებსა და გეგმებს, ხშირ შემთხვევაში ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არც ჩემს მშობლებს უნდოდათ, რომ ქურდი გამოვსულიყავი, მათ სულ სხვანაირად წარმოედგინათ ჩემი მომავალი, მე კი იმედები გავუცრუე მათ, რაც, საბოლოო ჯამში, ტრაგიკულად დასრულდა – ისინი საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში, უდროოდ გარდაიცვალნენ.

მოგვიანებით, როდესაც უკვე ქურდი ვიყავი და ჩვენს სამყაროში ავტორიტეტით ვსარგებლობდი, ხშირად მიფიქრია ჩემს წარსულზე და საკუთარი თავისთვის მიკითხავს: „ყველფერს რომ თავიდან იწყებდე და წინასწარ იცოდე, რომ შენს ქურდულ კარიერას შენი მშობლების სიცოცხლე შეეწირება, ისევ იმავე გზას აირჩევდი-მეთქი?“ საბოლოო პასუხს ყოველთვის გავურბოდი, ფიქრები სხვა თემაზე გადამქონდა და ამ საკითხს ღიად ვტოვებდი… 

ერთხელ, უკვე ქურდობის პერიოდში, ჩემსა და ბერძენას შორის ძალიან გულწრფელი საუბარი შედგა. იმ საღამოს მე და ბერძენამ ჩვენს ძმაკაცებთან ერთად ბერძენას სახლში დავლიეთ. მე სახლში გადასვლა დამეზარა და ბერძენასთან დავრჩი. უკვე საკმაოდ გვიან იყო, როდესაც დავწექით. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნასვამი ვიყავი, ძილი არ მეკარებოდა და ლაპარაკი მინდოდა. მაგრამ, ბერძენა ხმას არ იღებდა. მე მეგონა, რომ მას ეძინა და ამიტომ მეც ჩუმად ვიყავი. უცებ ბერძენას ხმა მომესმა:

– კობრა, გძინავს?

– არა. შენ რა, არ გძინავს?

– არ მძინავს, ვფიქრობ.

– რაზე ფიქრობ?

– ჩემს მშობლებზე, ღმერთმა აცხონოს მათი სული. განსაკუთრებით კი დედაზე ვფიქრობ. ეჰ, ცხონებული დედაჩემი… სულ ჩემზე ზრუნავდა.  მას რომ ვუყვარდი, ისე არც არავის ვყვარებივარ, არც ვუყვარვარ და არც ვეყვარები. ღამით ასჯერ შემომაკითხავდა ხოლმე აქ, საბანს გამისწორებდა, პირჯვარს გადამწერდა მძინარეს, მაკოცებდა და წავიდოდა. მარტო ის რად ღირს, რომ უკვე გარდაცვლილი იყო და მისი ხელით დაწერილი წერილები მომდიოდა ზონაში. ხუთასივე შენახული მაქვს, თითოეული სულ ზეპირად მახსოვს, – ბერძენას ხმა გაებზარა და მივხვდი, რომ გული ყელში მოაწვა, თვალებიდან კი ცრემლები წამოუვიდა, მაგრამ, მცირე პაუზის მერე განაგრძო: ჩემი ბრალია, რომ ის ამქვეყნად აღარაა. სხვა გზას რომ დავდგომოდი, დედაჩემი დღესაც ცოცხალი იქნებოდა, მე კი მას სიცოცხლე მოვუსწრაფე. კობრა, ძმაო, ერთი რამე უნდა გკითხო და გულახდილად მიპასუხე.

– გისმენ, ძმაო, მკითხე.

– კობრა, შენი მშობლებიც შენზე დარდს გადაყვნენ, ხომ?

– კი, – ამოვიოხრე და დავამატე: ისინიც მე შევიწირე და სხვა გზა რომ ამერჩია, ალბათ, დღესაც ცოცხლები იქნებოდნენ

– კობრა, ძმაო, თავიდან რომ იწყებდე ცხოვრებას და ყველაფერი წინასწარ იცოდე, ანუ, იცოდე, რომ შენს ქურდობას შენი მშობლების სიცოცხლე შეეწირება, ქურდობაზე უარს იტყოდი?

– არ ვიცი.

– მე კი ვიტყოდი. წამითაც არ დავფიქრდებოდი, ისე ვიტყოდი უარს ქურდულ ცხოვრებაზე, ოღონდ კი დედა მყოლოდა ცოცხალი და საღ-სალამათი, – მითხრა ბერძენამ და დაამატა: ღამე მშვიდობისა, კობრა… დავიძინოთ.

– ღამე მშვიდობისა, – მივუგე ბერძენას, თუმცა ძილი არ მომკარებია და მთელი ღამე თეთრად გავათენე. როდესაც ინათა, ჩუმად წამოვდექი, ჩავიცვი, ბერძენასგან წამოვედი და ჩემი მშობლების საფლავზე ავედი, მარმარილოს ქვაზე დავემხე და მწარედ ავქვითინდი…

მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ მაქვს. დღემდე არ ვიცი, რას ვიზამდი, ცხოვრებას რომ თავიდან ვიწყებდე. ალბათ, სწორი საქციელი საკუთარი მშობლების დანდობა იქნებოდა, მაგრამ, ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროა, დროს ვერავინ დააბრუნებს უკან და ცხოვრებას არავინ დაგაწყებინებს თავიდან. არადა, არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ციხიდან ვთავისუფლდებოდი: გველესიანო, იმედია, რომ ამჯერად მაინც დაიწყებ ახალ ცხოვრებას, ოჯახს მოეკიდები და პატიოსან გზას დაადგებიო… ასეთ დროს მე მხოლოდ ვიღიმებოდი ხოლმე, არაფერს ვპასუხობდი და ჩემს გზაზე მივდიოდი. ჩემი გზა კი მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქურდული გზაა და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მისთვის არასდროს მიღალატია და ამ გზიდან არ გადამიხვევია, თუმცა, არაერთხელ მქონია უდარდელი, უზრუნველი და მაძღარი, ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ცხოვრების დაწყების შანსი.

ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. ქურდის სტატუსი არ მქონდა და მორიგი სროკიდან გავთავისუფლდი, რომელიც რუსეთში, ურალში მოვიხადე. ზაფხული იდგა. სვაბოდაზე რომ გამოვედი, ჩვეულებრივი ტანსაცმელი ჩავიცვი, რომელიც საქართველოდან გამომიგზავნეს. მატარებლის ბილეთი ავიღე და მოსკოვის გავლით თბილისისკენ ავიღე გეზი. კუპეთი ვმგზავრობდი. ჩემთან ერთად ცოლ-ქმარი და ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ძალიან ზრდილობიანი და მხიარული ჩანდა, არ მომეწონა. აშკარად, რაღაც ორმაგ თამაშს ეწეოდა და ინტუიციამაც არ მიმტყუნა: მგზავრობის მეორე დილას, ჩემმა მეზობელმა-ცოლ-ქმარმა აღმოაჩინა, რომ მათი ნივთები გამქრალიყო.

– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! – ქვითინებდა ქალი, – ორი ჩემოდანი ტანსაცმლითა და საჩუქრებით იყო სავსე, რომელიც ჩვენი ქალიშვილის ქორწილში მიგვქონდა. გარდა ამისა, შვიდასი მანეთიც გაქრა ჩემს ჩანთასთან ერთად.

აშკარა იყო, რომ ცოლ-ქმარი იმ „მხიარულმა“ ბიჭმა გაქურდა. მართალია, მეც ქურდი ვიყავი, მაგრამ, ცოლ-ქმარი ძალიან შემეცოდა, რადგან, ის ბიჭი მათ ნაძირლურად მოექცა: მათთან ნდობაში შევიდა, მათი კეთილგანწყობა მოიპოვა, შემდეგ კი პირწმინდად გაასუფთავა და წავიდა.

– ახალგაზრდავ, – მითხრა ქალმა, როდესაც ცოტა დამშვიდდა და ცრემლები მოიწმინდა, – ახლა რომ გაჩერდება მატარებელი, ნახევარი საათი ვიდგებით. ჩვენ მილიციაში უნდა განვაცხადოთ ქურდობის შესახებ და ხომ წამოგვყვები მოწმედ?

„მოწმეობაღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში, ქალს კი თანხმობა მივეცი, თან, იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ დამეღწია მათგან თავი და ჩემი გზა განმეგრძო. მატარებელი სადგურში რომ შედიოდა, სიგარეტის მოწევა მოვიმიზეზე, ტამბურში გავედი, კარი გავაღე და მოძრავი მატარებლიდან ჩავხტი. თუმცა, ფეხი ამომიბრუნდა და მარჯვენა ტერფი დავიზიანე. ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ლამის გული წამივიდა. კოჭი უმალვე გამისივდა და, არათუ გადაადგილება, ფეხზე წამოდგომაც კი არ შემეძლო. ირგვლივ ხშირი ტყე იყო და კაციშვილი არ ჭაჭანებდა. სუნითა და ხმით მივხვდი, რომ ახლომახლო მდინარე ჩაედინებოდა და ტყეში მტაცებელი ცხოველები ბინადრობდნენ. კიდევ კარგი, ზაფხული იყო, თორემ, ზამთარში რომ დამმართნოდა ეს, უკვე მშიერი მგლების შეჭმული ვიქნებოდი.

„ღმერთო, ეს რა ხათაბალაში გავები“, – გავიფიქრე გუნებაში და ამ დროს მოტოციკლის ხმა შემომესმა. ჩემგან ხელმარცხნივ, ასიოდე მეტრში, ტყიდან მოტოციკლისტი გამოვიდა. დაძახება მინდოდა, მაგრამ, მან დამინახა და ჩემკან წამოვიდა. როდესაც მომიახლოვდა. ძრავა გამორთო, ჩაფხუტი მოიხადა და ოცდახუთიოდე წლის პირმშვენიერი, ქერათმიანი გოგონას სახე გამოჩნდა. მან ჩამოშლილი თმა გაისწორა, გამიღიმა და მითხრა.

– აქაურს არ ჰგავხარ, რა შეგემთხვა?

– მოსკოვის მატარებლიდან ჩამოვხტი და ფეხი გადამიბრუნდა. სიარული არ შემიძლია და, იქნებ, დამეხმარო?

– სიამოვნებით, – მითხრა გოგონამ და მოტოციკლი ფეხზე შეაყენა. შემდეგ წამოდგომაში დამეხმარა და უკანა სავარძელზე დამსვა, მერე  თვითონაც დაჯდა, ძრავა ჩართო და მითხრა, – მაგრად მომხვიე ხელები მუცელზე. მართალია, ნელა ვივლი, მაგრამ, ოღროჩოღრო გზაა და არ გადმოვარდე.

ათწუთიანი მგზავრობის შემდეგ, მდინარის პირას მდებარე კოხტა აგარაკს მივადექით, რომელსაც მოვლილი ეზო ჰქონდა და იქ უზარმაზარი გერმანული ნაგაზი დარბოდა. მან რომ დამინახა, გოგონას ვეყრდნობოდი, რომელიც სიარულში მეხმარებოდა, ჩემკენ გამოქანდა, გოგონამ კი დაუყვირა:

– მშვიდად, შულც, ჩვენიანია!

გერმანული ნაგაზი მომიახლოვდა და დამყნოსა, შემდეგ გოგონას თავი მიადო, ორჯერ გაუხახუნა სხეულზე, სახლამდე მიგვაცილა და ისევ ეზოში დაბრუნდა.

– მოდი, ცოტაც გაიჭირვე და პირდაპირ მეორე სართულზე ავიდეთ. ფეხს დაგიმუშავებ, შემდეგ კი დაისვენე, – მითხრა გოგონამ და კიბეს ავუყევით.

აგარაკი საკმაოდ მდიდრულად იყო მოწყობილი და ჩვენ მეტი იქ არავინ იმყოფებოდა, თუ არ ჩავთვლით შულცს. გოგონამ საძინებელში შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა, შემდეგ ფეხზე გამხადა, გასიებული ტერფი დამითვალიერა და მითხრა:

– არც მოტეხილია და არც გაბზარული, თუმცა, ძლიერაა ნაღრძობი და ორ კვირაზე ადრე არ მორჩება. რა გაეწყობა, გიმკურნალებ, მაგრამ, აქ ყოფნა მოგიწევს, თუ წინააღმდეგი არ იქნები.

– უხერხული თუ არაა, მე წინააღმდეგი არ ვარ.

– ჩვენი და შულცის მეტი აქ არავინაა და არც არავინ შეგვაწუხებს, – მითხრა გოგნონამ, გამიღიმა და დაამატა: ჯერ შენს ფეხს მივხედოთ, შემდეგ კი ერთმანეთი გავიცნოთ და ვისადილოთ.

გოგონამ ფეხზე კომპრესი დამადო და შემიხვია. შემდეგ სადილი გაამზადა, საძინებელში შემომიტანა და მითხრა:

– მე სვეტა მქვია, შენ?

– გოგია, – მივუგე გოგონას, რადგან, მეტსახელით თავის წარდგენა მეუხერხულა.

– ქართველი ხარ, ხომ?

– კი, ქართველი ვარ.

– მოსკოვში ცხოვრობ?

– თბილისში. უბრალოდ, მოსკოვის გავლით ვბრუნდებოდი თბილისში და ასეთი რამ შემემთხვა.

– ჩვენს მხარეში რას აკეთებდი?

გოგონა ძალიან კეთილგანწყობილი და უშუალო ჩანდა. მისი მოტყუება არ მინდოდა და ვუთხარი:

– მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან გავთავისუფლდი, სადაც ქურდობისთვის ვიხდიდი სასჯელს.

გოგონა არც კი შემცბარა, გამიღიმა და მკითხა:

– მატარებელში რა შეგემთხვა?

– ვიღაც ბიჭმა ჩემს მეზობელ ცოლ-ქმარს ღამით ფული და ნივთები მოჰპარა და მიიმალა. ცოლ-ქმარმა სადგურის მილიციაში ქურდობის შესახებ განცხადება დააპირეს და მოწმეობა მთხოვეს. მე კი ეს არ შემეფერება და, გადავწყვიტე, იქაურობას გავცლოდი.

– გასაგებია, – გაეცინა სვეტას და მკითხა, – ცოლ-შვილი გყავს?

– არა.

– მეც გაუთხოვარი ვარ. თუმცა, იმდენი მთხოვნელი მყავს, რომ გული მაქვს შეწუხებული და აქ ვაფარებ თავს.

– ტყეში რა გინდოდა?

– სოკოებზე ვიყავი. წუხელ წვიმდა და ახლა ტყეში უამრავი სოკო იქნება.

– სვეტა, ასეთ ლამაზ და ახალგაზრდა გოგოს ამ საყრუეთში ყოფნა არ გეშინია? – ვკითხე სვეტას, და გავუღიმე, – მე შენნაირ გოგოს მარტოს არ გავუშვებდი, მით უმეტეს, ასეთ ადგილას.

– ბავშვობიდან მიჩვეული ვარ, თანაც, შულცი აქ არ მყავს?!

– ტყეში რომ მარტო იყავი?

– მერე რა, მე იქ ყოველი ბილიკი ზეპირად ვიცი. თანაც, ჩემი „იავათი“ ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. გარდა ამისა, მონადირის დანაც თან მაქვს და მისი ხმარებაც კარგად ვიცი.

მოგვიანებით სვეტამ  თავისი სიტყვები დამიმტკიცა და მაჩვენა, თუ რა ოსტატურად ხმარობდა მონადირის დანას – ის ორივე ხელით თხუთმეტი ნაბიჯიდან პირდაპირ ათიანში არჭობდა მიზანს.

ერთი სიტყვით, 25 წლის სვეტა ლამაზი, ზრდილობიანი, უშუალო გოგონა იყო და მასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. ორი კვირის მაგივრად, სვეტასთან ორი თვე დავრჩი და მასთან გატარებული დღეები მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ციხეში გატარებული წლების შემდეგ სვეტასთან ურთიერთობა ნამდვილი საჩუქარი იყო ჩემთვის და ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი. ეს მართლაც ასე იყო – სვეტასთან ყოფნამ ნორმალური ცხოვრების გემო გამასინჯა. ჩემს გამომგზავრებამდე ერთი კვირით ადრე კი სვეტამ საუზმე მომიტანა და, რომ დავნაყრდი მითხრა:

– გოგია, ძვირფასო, მე შენ ძალიან მიყვარხარ. შენ ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი ხარ და, მინდა სერიოზულად დაგელაპარაკო.

– გისმენ, სვეტაჩკა, საყვარელო, – მივუგე სვეტას, ხელი მოვხვიე, თვალებზე ვაკოცე და დავამატე: ყურადღებით გისმენ.

– გოგია, ჩემო საყვარელო, ჩვენი ურთიერთობები ისეთ სტადიაშია, რომ აუცილებლად უნდა გითხრა, რაც უნდა გითხრა და, გთხოვ, სწორად გამიგო. ეს არც ულტიმატუმია და არ იძულება. უბრალოდ, არ მინდა, ისე მოხდეს, რომ ორივე დავიტანჯოთ და ცხოვრება გავიმწაროთ, – სვეტამ პაუზა გააკეთა და განაგრძო: გოგია, აქამდე შენთვის არ მითქვამს, რომ მამაჩემი ამ რაიონის პარტიული ხელმძღვანელია და, ფაქტობრივად, ყველაფერი შეუძლია აქ. მით უმეტეს, ყველაფერს გააკეთებს ჩემთვის, რადგან, მე მისი ერთადერთი შვილი ვარ. ძალიან მიყვარხარ და ძალიან მინდა, რომ ჩემთან დარჩე. მამაჩემი შენ საკუთარი შვილივით მიგიღებს. ამისთვის კი შენ უარი უნდა თქვა შენს პროფესიაზე და სხვა გზას დაადგე. გიმეორებ: ამას შენ სიყვარულით გეუბნები და ულტიმატუმად არ მიიღო.

სვეტა მართალს ამბობდა. მას მართლაც ძალიან ვუყვარდი და ჩემთან ერთად უნდოდა ყოფნა. თუმცა, ქურდობაზე უარი უნდა მეთქვა, რადგან იმ პერიოდში რაიკომის მდივნის სიძე რომ ქურდი ყოფილიყო, არავინ დაუშვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქურდული გზა მტკიცედ მქონდა არჩეული, სვეტას სიტყვებმა წამით მაინც დამაფიქრა. მე მას თმაზე მივეფერე, თავი გავაქნიე და ვუთხარი:

– ღმერთის წინაშე გეუბნები, რომ მეც ძალიან მიყვარხარ. მაგრამ, არჩეულ გზას ვერ გადავუხვევ. მე ქურდი ვარ, ქურდული გზა მაქვს არჩეული და იქიდან გადახვევა ჩემთვის სირცხვილი და თავზე ლაფის დასხმაა, ამას კი სიკვდილი მირჩევნია. შენთვის სიკვდილსაც კი არად ჩავაგდებ, მაგრამ, ბოლომდე ამ გზით უნდა ვიარო. ოჯახი და ცოლ-შვილი საჩემო საქმე არაა და ვერ გაგაუბედურებ. თუმცა, არასდროს დამავიწყდები და მთელი ცხოვრება მემახსოვრები. მე დღესვე გავემგზავრები.

სვეტამ მშვიდად მოისმინა ჩემი სიტყვები და მიპასუხა:

– მე კარგად მესმის შენი. შენს ადგილას, ალბათ, მეც მასე მოვიქცეოდი. გამგზავრებას ნუ იჩქარებ, კიდევ ერთი კვირა დარჩი ჩემთან, შემდეგ კი სამუდამოდ დავშორდებით.

სვეტასთან გატარებული ბოლო ერთი კვირა ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდია და ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. იმ დღეებმა მთელი ჩემი ცხოვრებისეული გაჭირვება დამავიწყა და კინაღამ ვუთხარი სვეტას, შენთან ვრჩები-მეთქი, მაგრამ, „კინაღამ” არ ითვლება. მე დროზე მოვთოკე თავი და გადაწყვეტილება არ შემიცვლია…

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3