ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ზამთარში თუ არის ტემპერატურის ზღვარი, რის შემდეგაც ძაღლის გარეთ დატოვება დაუშვებელია?
პასუხი: თუ ტემპერატურა მინუს 10 გრადუსზე ქვემოთ ჩამოვიდა, ძაღლის გარეთ დატოვება საშიშია. თუმცა, შეიძლება ცხოველი პლუს 5 გრადუსზე ამყოფოთ, მაგრამ, ორპირში იყოს და ამან უფრო ცუდად იმოქმედოს. ქარის დროს ორგანიზმიდან სითბოს მეტი გაცემა ხდება და ძაღლი გაცილებით მალე ცივდება.
კითხვა: მყავს 5 თვის ამერიკული კოკერ-სპანიელი, რომელიც დღემდე სახლში შარდავს (ვერანაირად ვერ გადავაჩვიეთ), თან, სულ ერთსა და იმავე ადგილზე. უკვე სუნმა შეგვაწუხა. რას გვირჩევთ? თან, მაინტერესებს, არის თუ არა იმის შანსი, რომ გადავაჩვიოთ?
პასუხი: რა თქმა უნდა, ამის შანსი და საშუალება თქვენ ნამდვილად გაქვთ. ძაღლი აუცილებლად გადაეჩვევა სახლში მოშარდვას, თუ რამდენიმე ნიუანსს გაითვალისწინებთ: ის ადგილი, სადაც თქვენი ძაღლი შარდავს, საგულდაგულოდ გაწმინდეთ და ის ტილო სახლის იმ კუთხეში დაუფინეთ ძაღლს სპეციალურ საფენთან ერთად, სადაც მისთვის განკუთვნილი ადგილი გინდათ რომ იყოს. ეს ყველაფერი კი იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ ტილოს, რომლითაც შარდს მოწმენდთ, სპეციფიკური სუნი ექნება და თქვენი ძაღლიც ამ სუნზე მივა და მასზე მოშარდავს. გარკვეული დროის შემდეგ ეს საფენი სადარბაზოში გაიტანეთ – ამით ძაღლი სახლში მოშარდვას აუცილებლად გადაეჩვევა და გარეთ გაყვანას თავადვე მოგთხოვთ.
კითხვა: მაინტერესებს, რომელი ცხოველები ავადდებიან ყველაზე ხშირად ცოფით? იქნებ ამის შესახებ მოკლე ინფორმაცია მოგვაწოდოთ.
პასუხი: გარეული ცხოველებიდან ცოფით ყველაზე ხშირად ავადდებიან მელიები და მგლები, ხოლო შინაური ცხოველებიდან – ძაღლები და კატები, რომლებიც ინფიცირდებიან გარეული ცხოველებისგან დაკბენით ან დაზიანებული კანის ნაწილზე მათი ნერწყვის მოხვედრით. რამდენიმე ხნის განმავლობაში ვირუსი იმყოფება დასნებოვნების ადგილზე, შემდეგ მიჰყვება ნერვულ დაბოლოებებს და ხვდება ჯერ ზურგის, შემდეგ კი თავის ტვინში. დაავადების სიმპტომები ვლინდება მას შემდეგ, რაც ვირუსი გავრცელდება მთელ ორგანიზმში. დაავადების კლინიკური სურათის ჩამოყალიბებას წინ უსწრებს მისი ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი. ცხოველი აღნიშნულ პერიოდშიც საშიშია. ხშირად ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 10-14 დღის განმავლობაში, ხოლო ადამიანში მისმა ხანგრძლივობამ შეიძლება შეადგინოს ერთ წლამდეც კი. მოხვდება რა ცოფის ვირუსი თავის ტვინში, იქიდან ისევ ნერვის გავლით ხვდება სანერწყვე ჯირკვალში, სადაც ხდება მისი აქტიური პროდუცირება და გამოყოფა ნერწყვთან ერთად. ვირუსის გამოყოფა დასნებოვნებულმა ცხოველმა შეიძლება დაიწყოს კლინიკური ნიშნების გამოვლინებამდე 10 დღით ადრე.