კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ამწყვდევდნენ „კაგებეს“ საიდუმლო ციხეში სიკვდილმისჯილ პატიმრებს და რაში იყენებდნენ მათ

პატიმარი ¹13

ზურაბს უეცრად გაეღვიძა. ციხის ზედამხედველის ნალიანი ჩექმების ხმა თანდათან უფრო ახლოდან ისმოდა და მასში საზარელ განცდას იწვევდა. პატიმარი ¹13 ციხის ჯურღმულში, დასახვრეტთა ერთადგილიან საკანში იჯდა და ყოველ წუთს ელოდა დასახვრეტად გაყვანას. ამიტომ, ზედამხედველის ყოველი გამოჩენა სიცოცხლესთან განშორების ასოციაციას იწვევდა მასში და, ისედაც აჩქარებული გულისცემა უსამმაგდებოდა და წუთში ორას დარტყმას აჭარბებდა. 36 წლის ზურაბ ჩიტაძე უკვე ცამეტი წლის განმავლობაში იმყოფებოდა უმკაცრეს, საიდუმლო იზოლაციაში, საიდუმლო ციხეში და მას მხოლოდ რიგითი ნომრით მოიხსენიებდნენ – „პატიმარი ¹13.” ზურაბის სახელი და გვარი  ჯერ კიდევ ცამეტი წლის წინ ამოშალეს ცოცხალთა სიიდან და ოფიციალურად ის დახვრეტილად ითვლებოდა. სწორედ 1964 წლის 21 მაისს მივიდა ჩიტაძეების ოჯახში შეტყობინება ზურაბის სიკვდილით დასჯის შესახებ, რის შემდეგაც დედამისს გული გაუსკდა, მისი 13 წლის ძმა, თემური კი უპატრონო ბავშვთა სახლში გაამწესეს. ზურაბმა ეს ყველაფერი არ იცოდა და იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე მაინც ნახავდა დედასა და ძმას…

„ნუთუ ეს აღსასრულია და ყველაფერი მორჩა? – გაიფიქრა ზურაბმა, როდესაც ზედამხედველი მის საკანთან შეჩერდა და გასაღები ააჩხაკუნა, – ცხვარივით არ გავყვები სასაკლაოზე,   ერთ კაცს მაინც გავიყოლებ საიქიოში“.

– ნომერო ცამეტო, შემოტრიალდი! ხელები გამოყავი, რომ ბორკილები დაგადო! – უთხრა ზედამხედველმა ზურაბს და დაამატა: ნუ გეშინია, დახვრეტა გაგიუქმეს.

– გინდა, რომ საკნიდან გამომიტყუო? – მიუგო ზედამხედველს ზურაბმა, – ხელებს არ გამოვყოფ. შემოდი და ძალით წამიყვანე, თუ მაგარი ხარ.

– არ გატყუებ. ვერ ხედავ, რომ მარტო ვარ? სხვაგან უნდა გადაგიყვანონ, ხელბორკილების გარეშე კი ვერ გაგიყვან და, ნუ მაიძულებ, დამხმარე ძალა გამოვიძახო. გამოყავი ხელები და წყნარად გამომყევი!

ზურაბმა დაუჯერა ზედამხედველს, ხელბორკილები დაადებინა და მშვიდად გაჰყვა მას. მათ დერეფანი გაიარეს, საიდუმლო გვირაბში გაძვრნენ, ლიფტით ზევით ავიდნენ და ხუთიოდე წუთის შემდეგ პოლკოვნიკ ზემსკის კაბინეტში აღმოჩნდნენ. ზემსკიმ ზედამხედველი გაუშვა, ზურაბს კი უთხრა:

– დღეიდან ჩემს განკარგულებაში ხართ და, ეცადეთ, ჩემი იმედები გაამართლოთ.

ორმაგი მკვლელობა

23 წლის ზურაბ ჩიტაძე 1964 წლის 14 იანვარს დააპატიმრეს და ორი ადამიანის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. ზურაბი მალევე გაასამართლეს და 28 თებერვალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. შემდეგ რუსეთში გაუშვეს ეტაპით, ვითომ დასახვრეტად, 21 მაისს კი მის ოჯახში მისულმა შეტყობინებამ ჩიტაძეების ტრაგედია უკიდურესად გაამწვავა… ჩიტაძეების უბედურება კი 1963 წლის სექტემბერში დაიწყო: 1 სექტემბერს ორმა მთვრალმა მილიციელმა ლონდერ ავსაჯანიშვილმა და ომარ კუტუბიძემ, ზურაბის მამა, 42 წლის ლევან ჩიტაძე ცემით მოკლეს. ლევანი ისტორიის მასწავლებელი იყო და სკოლის მოსწავლეს გამოესარჩლა, რომელსაც მთვრალი მილიციელები მხოლოდ იმის გამო აუშარდნენ, რომ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე, 16 წლის ვანო მენაბდე, ქაშუეთის ეკლესიიდან გამოვიდა, სადაც ის სანთლის დასანთებად იყო შესული. მილიციელებმა ლევან ჩიტაძე ეკლესიის გვერდით მდებარე ალექსანდრეს ბაღში გაიყვანეს და სასტიკად სცემეს. მილიციელები ისევ მათმა კოლეგებმა შეაჩერეს, მაგრამ, ამან ლევან ჩიტაძეს ვერ უშველა – ის გონზე მოუსვლელად, მეორე დღესვე გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაკავებული ავსაჯანიშვილი და კუტუბიძე გაასამართლეს და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის მხოლოდ 5-5 წლით ჩასვეს ციხეში. ჩიტაძეებმა განაჩენი გაასაჩივრეს, მაგრამ, სასამართლომ ის ძალაში დატოვა. 1963 წლის 24 დეკემბერს, როგორც კი მოსამართლემ საბოლოო განაჩენი გამოაცხადა, დარბაზიდან 22 წლის ზურაბ ჩიტაძე წამოდგა, რომელსაც ხელში „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ეჭირა. მან ოთხ-ოთხი ტყვია ესროლა ბრალდებულ ავსაჯანიშვილსა და კუტუბიძეს და ორივე ადგილზევე დახოცა. შემდეგ მჭიდი გამოცვალა და გაოგნებული ხალხის თვალწინ იქაურობა სასწრაფოდ დატოვა. ზურაბი მთაში წავიდა და იქ იმალებოდა, თუმცა, 14 იანვარს, თავის დაბადების დღეზე, როდესაც მას 23 წელი შეუსრულდა, მილიციის საგანგებო-ოპერატიულმა ჯგუფმა ის დააპატიმრა, თბილისში ჩამოიყვანა და ეგრეთ წოდებულ შინაგან ციხეში გაამწესა. 

ცოცხალი დახვრეტილები

1964 წლის 1 იანვრიდან საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა აამოქმედა პროგრამა, სახელწოდებით „ფენიქსი“, რომლის მიხედვით, „კაგებეს“ განკარგულებაში გადადიოდნენ სიკვდილმისჯილი მსჯავრდებულები, რომლებიც უშიშროების კომიტეტს საკუთარი შეხედულებისამებრ შეეძლო გამოეყენებინა, ძირითადად კი – მკვლელობისა და ქიმიურ-ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩასატარებლად. პროგრამა „ფენიქსისთვის“ ურალში, ქალაქ სვერდლოვსკის მახლობლად, ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის შრომა-გაწსორების კოლონიის ტერიტორიის მახლობლად საიდუმლო ციხე ააშენეს, რომელშიც ორასი ერთადგილიანი საკანი იყო და იქ „დახვრეტილები“ იყვნენ მოთავსებულები.

პროგრამა „ფენიქსმა“ 20 წელი იფუნქციონირა და ის 1985 წლის იანვარში „პერესტროიკის“ დროს გააუქმეს.

ამ 20 წლის განმავლობაში საიდუმლო ციხეში 3 ათასი ადამიანი იჯდა, რომლებმაც სხვადასხვა დროს მრავალგვარი სამსახური გაუწიეს „კაგებეს“. ზურაბ ჩიტაძემ ამ ციხეში 13 წელი გაატარა, სადაც მას თავდაპირველად მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ, თან აკვირდებოდნენ და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მას განსაკუთრებულად ჯანსაღი ორგანიზმი ჰქონდა. ამიტომ, 1977 წელს მისი გამოყენება სხვა მიზნებისთვის სცადეს და 14 იანვარს პოლკოვნიკ იური ზემსკის მიუყვანეს კაბინეტში. ზემსკი „კაგებეს“ ეგრეთ წოდებული „სელექციონერი” იყო და საგანგებო პროგრამებისთვის არჩევდა კადრებს.

– მაინც, რა უნდა გავაკეთო, რომ იმედები არ გაგიცრუოთ? – ჰკითხა პოლკოვნიკ ზემსკის ზურაბ ჩიტაძემ.

– დისციპლინირებული უნდა იყოთ – სულ ესაა. ასეთ შემთხვევაში ინარჩუნებთ შანსს, რომ თავისუფლებაზე გახვიდეთ და, მართალია, სხვისი სახელით, მაგრამ, თავისუფლად იცხოვროთ, – მიუგო ზემსკიმ და დაამატა, – დღეს თქვენ 36 წლის შესრულდით, დაბადების დღეს გილოცავთ…

ზურაბ ჩიტაძე იმავე დღეს გადაიყვანეს „კაგებეს“ საიდუმლო ბაზაზე, რომელიც საიდუმლო ციხიდან 5 კილომეტრში, ხშირ ტყეში მდებარეობდა, საიმედოდ იყო შენიღბული და კიდევ უფრო საიმედოდ – დაცული. 

„კაგებეს“ საიდუმლო ბაზაზე შეკრებილი ადამიანები ცოცხალი სამიზნეები იყვნენ. საქმე ის იყო, რომ „კაგებეს“ სადაზვერვო-დივერსიული სკოლის კურსდამთავრებულებს უკანასკნელი გამოცდა ჰქონდათ ჩასაბარებელი, რომელიც ცოცხალი ობიექტის აღმოჩენასა და განადგურებას ისახავდა მიზნად და სწორედ ასეთ სამიზნეებად იყენებდნენ „ცოცხალ დახვრეტილებს“.

სადაზვერვო-დივერსიული სკოლის ათი კურსდამთავრებული 21 იანვარს მიიყვანეს ბაზაზე და მათთვის განკუთვნილ სპეციალურ კოტეჯებში განათავსეს. იმავე საღამოს პოლკოვნიკმა ოგარიოვმა მათ უთხრა:

– ამხანაგო კურსანტებო! თითოეულ თქვენგანს მაქსიმუმ ოთხმოცდაათი წუთი გეძლევათ გამოცდის ჩასაბარებლად. წამიც რომ გადააცილოთ დროს, ჩათვლას ვერ მიიღებთ. იცოდეთ, რომ ობიექტები ძალიან საშიში ხალხია და მთელი გულისყურით შეუდექით ამოცანის შესრულებას. ვიწყებთ დილის 10 საათზე. პირველი იქნება კურსანტი „კვერნა“, რომელმაც ¹13 უნდა აღმოაჩინოს და გაანადგუროს.

„კვერნა“ „კაგებეს“ 26 წლის ლეიტენანტი იყო, რომელსაც მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა და სადაზვერვო-დივერსიულ სკოლაში იმიტომ გაამწესეს, რომ საიდუმლო ოპერაციისთვის ამზადებდნენ და დივერსანტობა შეასწავლეს; ¹13 ობიექტი კი – ზურაბ ჩიტაძე, რომელსაც უთხრეს, რომ მასზე უნდა ენადირათ და, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში უნდა დამალვოდა მონადირეს. ზურაბისთვის, რა თქმა უნდა, არ უთქვამთ, რომ ის ცოცხალი სამიზნე და სასიკვდილოდ განწირული იყო.

ნადირობა ზუსტად დილის 10 საათზე დაიწყო, 45 წუთის მერე კი „კვერნამ“ ¹13 უზარმაზარ ნაძვთან მოიხელთა, თოკით ხეზე მიაბა და ხანჯალი მოიმარჯვა, რომ მისთვის ყელი გამოეჭრა, ზურაბმა კი ირონიულად ჩაიცინა და ქართულად თქვა:

– მადლობა, ღმერთო, რომ ცამეტი წლით მაინც გამიხანგრძლივე სიცოცხლე...

„კვერნა“ შეცბა და ხანჯალი ხელში გაუშეშდა, შემდეგ კი ხმის კანკალით ჰკითხა ზურაბს:

– ქართველი ხარ?

გაოგნებულმა ზურაბმა უცხო ყმაწვილს მიუგო:

– ქართველი ვარ. შენც?

– რა გქვია?

– ზურაბი.

– ჩიტაძე?

ზურაბს პასუხი არ გაუცია და, სანამ გული წაუვიდოდა, თქვა:

– თემურ, ძმაო…

თემურმა ზურაბი მოასულიერა და გადაეხვია. შემდეგ მოკლედ უამბო, თუ როგორ მოხვდა უპატრონო ბავშვთა სახლში და როგორ გაიქცა იქიდან. შემდეგ, როგორ შეიფარა ის ვინმე ევგენი ივანოვმა, რომლის გვარიც მან მიიღო და ბოლოს როგორ მოხვდა ჯერ „კაგებეს“ კურსებზე, შემდეგ – „კაგებეს“ ოპერატიულ რაზმში და, ბოლოს – სადაზვერვო-დივერსიულ სკოლაში.

– ზურაბ, ძმაო, ჩვენ ძალიან დაცულ ტერიტორიაზე ვიმყოფებით, მაგრამ, აქედან უნდა გავაღწიოთ. იმედია, ღმერთი არ გაგვწირავს, – უთხრა თემურმა ზურაბს და ჩიტაძეები უღრანი ტყის ვიწრო ბილიკს გაუყვნენ…

თემურმა და ზურაბმა „კაგებეს“ საიდუმლო ბაზიდან მშვიდობით გააღწიეს. ორი დღის მერე კი იმ ადგილიდან 260 კილომეტრით დაშორებულ მამათა მონასტერს შეაფარეს თავი. მონასტერში ისინი მორჩილმა, ეროვნებით ქართველმა, იოვანემ მიიყვანა, რომელიც ძმებს ტყეში გადაეყარა…

მორჩილი იოვანე ის ვანო მენაბდე აღმოჩნდა, რომელსაც თემურის და ზურაბის მამა – ლევანი გამოესარჩლა და ამ ინციდენტს შეეწირა…

P. S. იოვანე დღეს ეკლესიის მსახურია რუსეთში, თემური და ზურაბი კი ოკეანისგაღმა ცხოვრობენ ოჯახებთან ერთად…

 

скачать dle 11.3