კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გოგრიჭიანი

გვარის ფუძეა მეტსახელი გოგრიჭი. არსებობს, ასევე, სახელი გოგრიჭა. გვარის წარმომადგენლები ძირითადად სახლობენ ამბროლაურის რაიონში. სავარაუდოდ, გვარი გოგრიჭიანი თავდაპირველად იწერებოდა და გამოითქმებოდა გოგრაჭიანად.

გვარი გვხვდება მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში: „გოგრიჭიანს, ფუნაგს მცხოვრებს, წმინდა შიოს ყმას, საამილახვროს დავთრის მიხედვით, ევალებოდა ლაშქრობა“.

საქართველოში 1 609 გოგრიჭიანი ცხოვრობს: თბილისში – 516, ონში – 228, რუსთავში – 174. არიან სხვაგანაც.

ბაინდურაშვილი

უძველესი ქართული გვარია. ჯერ კიდევ მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისიდან, არაგვის ერისთავებად შაბურისძეებთან ერთად მოიხსენიებიან ბაინდურ პირველი, ბაინდურ მეორე და ბაინდურ მესამე.

ბაინდურაშვილები, როგორც წარჩინებული საგვარეულოს წევრები, სულხან-საბა ორბელიანთან და სხვებთან ერთად იღებენ კათოლიკეობას.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში იმერეთში მცხოვრები ბაინდურაშვილები აზნაურებად იხსენიებიან.

ხევსურეთში ბაინდურაშვილი გიგაურების ნაყარი გვარი იყო.

გარდაბნის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრებ ბაინდურაშვილებს ჯერ გვარი ფორმანტ ოვ-ით გაუფორმეს, შემდეგ კი სომხებად ჩაწერეს.

ბაინდურაშვილებს შტო-გვარიც ჰქონდათ – „ბაინდურაშვილ-ბეჟანიშვილი გაბრიელი“.

შინდისელ ბაინდურაშვილებს „ტოტოაანთს“ ეძახიან.

საქართველოში 1 022 ბაინდურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, კასპში – 171, სიღნაღში – 127. არიან სხვაგანაც.

შამანაური

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი შამანა. ის ბევრ ისტორიულ წყაროშია დაფიქსირებული.

როგორც ყველა საკუთარ სახელს, ისე სახელ შამანსაც აქვს თავისი მნიშვნელობა. ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში აღნიშნულია: „შამანი – უდედო, დაუდუღებელი, ტკბილი, სუსტი ღვინო. იციან ქართლსა და კახეთში. ზოგ ხალხში – მკურნალ-ჯადოქარი, რომელიც თითქოს სულების დახმარებით კურნავს ავადმყოფებს“.

გვარები შამანაშვილი, შამანაური და შამანაძე შეტანილია მოსაქმეობის ხასიათის მქონე გვარებში. ამ გვარების წინაპრები, სწორედ დაუდუღებელი ღვინისა და ბოლოს გადმოსული სუსტი არყის გამოხდაში იყვნენ დახელოვნებულები.

შამანაშვილი და შამანაური ერთი და იგივე გვარია.

ქართლის მთიანეთში ერთ დროს მცხოვრები შამანაურების უდიდესი ნაწილი თბილისისა და შიდა ქართლის მკვიდრი გახდა.

საქართველოში 298 შამანაური ცხოვრობს: თბილისში – 168, კასპში – 101, მცხეთაში – 13. არიან სხვაგანაც.

ბაბულაშვილი

ფუძეებით – ბაბულა, ბაბულია, დაფიქსირებულია გვარები: ბაბულაიძე, ბაბულიძე, ბაბულაშვილი, ბაბულაძე, ბაბულეიშვილი, ბაბულიანი.

ქაისხევის, იგივე ქისისხევის მკვიდრნი იყვნენ ბაბულაშვილები, რომლებიც დღეს, ძირითადად დუშეთის მახლობლად, სოფელ შალიკიანთკარში ცხოვრობენ. ქაისხევშიც, მათი სოფელი შალიკიანთკარის სახელს ატარებდა. ბაბულაშვილების წინაპარი ქაისხევში ქართლიდან გადმოსახლებულა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, ქართლელი გიგაური ზედსიძედ მოსულა, დაქორწინებულა ვინმე ბაბულაზე და მათ შვილებს დაუდევთ საფუძველი ბაბულაშვილების გვარისთვის.

ქაისხევიდან დუშეთის მახლობლად გადასახლება 1936-1937 წლებში მოხდა. ასე გაიარა აღნიშნულმა გვარმა მთიდან მთისწინეთსა და მთისწინეთიდან ბარში გადასახლების გზა.

ქაისხევში ბაბულაშვილების სალოცავი იყო წმიდა კვირიკე. 

1781 წელს ქაისხევში მკვიდრობდნენ „ბოგანო ბაბულაშვილი, პატარკაცი“.

1873 წლის კამერული აღწერის მასალებში ბაბულაშვილები (ხუთი ოჯახი) ქაისხევის სოფელ აზაურთკარის მცხოვრებლად არიან დასახელებულნი.

საქართველოში 79 ბაბულაშვილი ცხოვრობს: დუშეთში – 47, მცხეთაში – 11, ზესტაფონში – 7. არიან სხვაგანაც.

შამილიშვილი

ჩრდილო კავკასიის ხალხების გამოჩენილმა წინამძღოლმა, შამილმა, რომელიც წინ აღუდგა რუსეთის კოლონიურ პოლიტიკას და საყოველთაო შეიარაღებული ბრძოლა გააჩაღა, კიდევ უფრო გააღრმავა ხალხის სურვილი, რომ შვილებისთვის სახელად შამილი დაერქმიათ. შამილი უფრო ფართოდაა გავრცელებული აჭარაში. გაჩნდა გვარი შამილაძე და შამილიშვილი.

ზოგი გორგაძე შამილაძედ ჩაწერილა; ისეც მომხდარა, რომ არაბული სახელი შამლუ – შამილაძედ გადაკეთებულა.

იოსებ ბექირიშვილის მიხედვით, შამილი დაღესტნიდან მომდინარეობს, რომელიც მიღებულია ძველებრაულ სამოელ-სამოილიდან, ისე, როგორც ქართული გვარი სამველიძე, რაც „ღმერთის მიერ შესმენილს” ნიშნავს.

საქართველოში 315 შამილიშვილი ცხოვრობს: ქობულეთში – 267, ბათუმში – 32, თბილისში – 3. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3