ხორცის რულეტი
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი ღორის ხორცის რბილი ნაჭერი, 200 გრამი ქათმის (ან ნებისმიერი სხვა ხორცის) ფარში, 1 თავი ხახვი, მარილი, შავი პილპილი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 150-200 გრამი მაგარი ყველი, ცოტა ოხრახუში.
მომზადების წესი: ხორცის ნაჭერი ძალიან კარგად დაბეგვეთ, რომ გაბრტყელდეს (შეეცადეთ, კვადრატული ან მართკუთხა ფორმა მიაღებინოთ), წაუსვით ცოტა მარილი და პილპილი, მოაყარეთ ჯერ წვრილად დაკეპილი ოხრახუში. შემდეგ – მსხვილკბილა სახეხზე გახეხლილი ყველი, ბოლოს კი გადაუსვით ფარში, რომელშიც წინასწარ წვრილად დაჭრილი და ზეთში მოშუშული ხახვი და შავი პილპილი გექნებათ შერეული. მოხარშული კვერცხები გაჭერით შუა-შუა, დააწყვეთ ფარშზე და ხორცი რულეტივით გადაახვიეთ. შემდეგ მოათავსეთ ფოლგაზე, შეფუთეთ მასში და შედგით აირღუმელში. აცხვეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, 40-60 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ, ფოლგის გარეშეც მოამზადოთ. ასეთ შემთხვევაში, რულეტი რამდენიმე ადგილას ხის ჩხირით შეკარით და დროდადრო, ზემოდან მოასხით თავისივე წვენი, რომ არ გამოშრეს. ცოტა რომ გაცივდება, დაჭერით და მიირთვით.