კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: უკვე რამდენიმე თვეა, ვამჩნევ, რომ ჩემი სახის კანს მონაცრისფრო ელფერი გადაჰკრავს, არადა, ისევ ისე ვუვლი, როგორც მანამდე. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ნაცრისფერი კანი არის კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების რღვევის შედეგი. ცილები პასუხს აგებს კანის სიგლუვესა და სტრუქტურაზე. ელასტიკურობის დაკარგვის დროს კანის ზედაპირი ხდება არაერთგვაროვანი, უარესად ირეკლავს სინათლეს და, შედეგად, დაბინდულად გამოიყურება.
კითხვა: მაინტერესებს, როდის უფრო ეფექტურია კანის მოვლის საშუალებების გამოყენება – დღისით თუ ღამით?
პასუხი: საერთოდ, როგორც წესი, კანს დღისითაც უნდა მოუაროთ და ღამითაც, თუმცა, რატომღაც, ქალების უმრავლესობას საჭიროდ არ მიაჩნია (ან – ეზარება), ღამის განმავლობაშიც ყურადღება მიაქციონს კანს, არადა, ღამის საათებში ჩვენი კანი გაცილებით უკეთ შეიწოვს სასარგებლო ნივთიერებებს. ამიტომ, ღამის კრემების გამოყენება აუცილებელია, თუკი გსურთ, რომ ახალგაზრდად და ლამაზად გამოიყურებოდეთ.
კითხვა: სახის კანის მოვლის რა საშუალებების გამოყენება შეიძლება ღამით?
პასუხი: ღამით, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ყველა ის საშუალება, რომლებსაც დღისით იყენებთ: დამატენიანებელი ღამის კრემი (თქვენი კანის ტიპის შესაფერისი), რომელიც უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას; ღამის ლიფტინგ-კრემი, რომელიც აღადგენს კანის ელასტიკურობას და ასწორებს ნაოჭებს ძილის განმავლობაში; ნაოჭების საწინააღმდეგო ღამის კრემი, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული ექსტრაქტები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ებრძვის თვისუფალ რადიკალებს და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნის პროცესს. ეს კრემი კანს ანიჭებს სიმკვრივეს, გაღვიძების შემდეგ კი სახის ოვალი არ არის „დარღვეული“; ღამის კრემი კი ხელს უწყობს ელასტინისა და კოლაგენის გამომუშავებას ძილის განმავლობაში. მასში შემავალი ზღვის მარჯნის ექსტრაქტი „მუშაობს“, როგორც ნატურალური ანტიანთებითი საშუალება, თეთრი ჩაის დამცავი კომპლექსი კი იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან; ღამის გამწმენდი გელი, რომელიც არ უნდა იყოს ძალიან ცხიმიანი და არ უნდა შეიცავდეს საპონს, სწრაფად შეიწოვება კანის მიერ და ისე ატენიანებს მას, რომ არ კეტავს ფორებს. მასში შემავალი წყალმცენარეების ექსტრაქტები დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალებს, ანტიოქსიდანტებსა და ვიტამინებს.
კითხვა: ფეხებზე ცვილით გაკეთებული ეპილაციის შემდეგ ბეწვი კანში ჩამეზარდა (და ეს რამდენჯერმე მოხდა), რამაც უამრავი თავსატეხი გამიჩინა. მაინტერესებს, რა არის ამის მიზეზი, იქნებ, არასწორად ვიკეთებ ეპილაციას? გთხოვთ, მასწავლოთ, როგორ მივხედო ამ პრობლემას?
პასუხი: ცვილი (ან, ეპილაციის ნებისმიერი სხვა საშუალება) აძრობს ბეწვს კანიდან, მის ადგილას კი ამოდის გაცილებით უფრო წვრილი და სუსტი ბეწვი. ერთი შეხედვით, ეს, თითქოს, ამ მეთოდის პლუსია, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამოგლეჯილი ბეწვის ადგილას კანი უხეშდება (რაც თვალით არ ჩანს), ახალი, წვრილი ღერი კი იმდენად სუსტია, რომ ვერ ახერხებს გაუხეშებული კანის ზედა ფენაში „გამოძრომას“ და „გვერდზე უხვევს“, ანუ, იქ, სადაც კანი რბილია. უმრავლეს შემთხვევაში, ბეწვის ჩაზრდა ხდება მშრალ, გაუწყლოებულ ან ზედმეტად გარუჯულ კანში. ამ პრობლემის მოგვარება დაუშვებელია ნემსით ან პინცეტით – ასე, შესაძლოა, ინფექცია შეგეჭრათ; არც გაპარსვაა საუკეთესო გამოსავალი. ამიტომ, უმჯობესია, პროფესიონალ კოსმეტოლოგს მიმართოთ. ყველაზე უვნებელი მეთოდია ფოტოეპილაცია, რომლის შემდეგაც გამორიცხულია ბეწვის ჩაზრდა.
კითხვა: რამდენ ხანს ძლებს ტუჩებზე წაუშლელად მყარი და სუპერმყარი პომადა, რა სიხშირით შეიძლება მათი მოხმარება და რით უნდა მოვიშორო ის ტუჩებიდან?
პასუხი: მყარი პომადა ტუჩებზე ძლებს 12 საათის, სუპერმყარი კი – 24 საათის განმავლობაში, „განახლების“ გარეშე. მართალია, ეს ძალიან კომფორტულია, მაგრამ, ვინაიდან ასეთ ტუჩის საცხში შედის არაერთი ქიმიური ნივთიერება (მათ შორის – ლანოლინი), მისი გამოყენება რეკომენდებულია მაქსიმუმ კვირაში ორჯერ, ძილის წინ კი აუცილებლად უნდა მოიშოროთ არა მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებებით, არამედ, სპეციალური საშუალებით, რომელიც წყალგამძლე კოსმეტიკისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, ვინაიდან მყარი და სუპერმყარი პომადა ძალიან აშრობს ტუჩებს, მისი მოშორების შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ ტუჩების დამატენიანებელი და მკვებავი კრემები.