ადამი და ევა
ცეცხლი უკვამლოდ...
უცაბედი, მოულოდნელი თავისუფლება, თუნდაც ხანმოკლე და დროებითი, მამაკაცებზე უარყოფითად აისახება. ისინი ხომ ბავშვებივით არიან და, უმრავლეს სიტუაციაში, სწორედ რომ, ბავშვებივით იქცევიან. ამ შემთხვევაშიც ასეა. თუკი მათ ხასიათში ჭარბად დევს ქალთმოყვარეობა – წასულია საქმე. ისინი აუცილებლად ისარგებლებენ შემთხვევით და, რომ იტყვიან, შანსს ხელიდან არ გაუშვებენ. სამწუხარო სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს.
კაცების 85 პროცენტს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად უღალატია ცოლისთვის. კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა – რაც უფრო ძლიერია ცოლის მხრიდან „მაგარი ხელი“ და კონტროლი, მით მეტად ელტვის მამაკაცი ხანმოკლე თავისუფლებით დატკბობას, თუმცა, მარტოობაში გატარებული პირველივე საღამო შეიძლება, მისთვის კრიტიკული აღმოჩნდეს... და, პირიქით: თუ ცოლი არ ტეხს ქარიშხალს წყლიან ჭიქაში, მშვიდად „ატარებს“ ქუჩაში ჩავლილი მოკლეკაბიანი არსების მუხლისთავებისკენ მიმართულ ქმრის ხარბ მზერას, მამაკაცს ნაკლებად აქვს „აწყვეტის“ სურვილი. არ არის საჭირო, ისეთი ცეცხლი გააჩაღო, რომელიც კვამლითაც კი გაგგუდავს. თუმცა, მამაკაცის მეტისმეტი ნდობაც დამღუპველია. ნუ ენდობით იმ ვერსიას, რომ მოღალატეები მარტო მექალთანეები არიან. ნურას უკაცრავად, „პატიოსანი და წესიერი“ მამაკაციც ჩვეულებრივი მამაკაცია. შეიძლება, მერე ძალიანაც ინანოს ხანმოკლე ამჩატება და ინერვიულოს კიდეც, მაგრამ, ეს რეალურ სურათს არ ცვლის. ანუ, ამ შემთხვევაში გამართლებულია რჩევა: „ენდე, მაგრამ, შეამოწმე!“ – თუმცა, ამ შემოწმებასაც აქვს თავისი ფორმები.
„სიბრძნე“ ღალატისა...
ქალის ცნობიერებაში ღალატი ყველაზე საშინელი დანაშაულია, რაც კი შეიძლება, მამაკაცმა თავისი პარტნიორის მიმართ ჩაიდინოს. თუმცა, თუ საქმე პირიქით არის, ანუ, მოღალატის როლში ქალი გამოდის, მაშინ საკითხისადმი მიდგომა რადიკალურად იცვლება. თანამედროვე ქალებში ისედაც შესამჩნევია ქცევის მამაკაცური ტიპი. ეს იმის ბრალია, რომ ქალები მყარად დადგნენ ფეხზე, საკმარისად გამოიმუშავებენ, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს, წყვეტენ რთულ, პროფესიულ საკითხებს... საერთო აქტიურობა თავისთავად წარმოშობს აქტიურობას პირად ცხოვრებაში. ამიტომ, ქალი ადვილად აღარ ეგუება იმას, რაც დისკომფორტს უქმნის. გაცილებით მარტივად ანგრევს სტერეოტიპს და აკეთებს იმას, რაც მართლა უნდა... არც ცოლქმრული ღალატია ქალებისთვის წარმოუდგენელი. მოღალატე ქალების რაოდენობამ იმატა და ამაში ისევ კაცები არიან დამნაშავენი. მათ ვერ გააცნობიერეს ის, რომ ქალი უკვე პიროვნებაა და ისეთივე თავისუფალია თავის არჩევანში, როგორც მამაკაცი. ანუ, მასაც შეიძლება ეწვიოს ვნება და გამოიჩინოს წუთიერი სისუსტე... აჰყვეს გრძნობებს და ჰქონდეს ხანმოკლე რომანი კოლეგასთან... ერთი სიტყვით, როცა კაცი ფიქრობს, რომ ღალატის უფლება მხოლოდ მას აქვს, ის უკვე განწირულია – მის გვერდით მყოფი ქალი არ უერთგულებს, ან ვერ უერთგულებს... და თუ არ უღალატებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღალატის სურვილი მაინც არ ექნება და ესეც არის სერიოზული პრობლემა.
იფიქრე, საჭიროა!
უნდა გიყვარდეს და ეს სიყვარული უნდა გამოხატო კიდეც, მაგრამ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, მით უმეტეს, როცა საქმე მამაკაცის სიყვარულს ეხება. იფიქრეთ, სანამ რამეს იტყოდეთ, მით უფრო, სანამ ხშირად იტყოდეთ. მაგალითად, არ არის საჭირო, მუდმივად უმეოროთ კაცს, თუნდაც ის ძალიან გიყვარდეთ, რომ სულ გენატრებათ, სულ მასზე ფიქრობთ და სულ მის გვერდით გინდათ ყოფნა; ან, თავი მოაბეზროთ შეკითხვებით: „გიყვარვარ?,“ „ძალიან გიყვარვარ?“, „ხომ ისევ გიყვარვარ?!“, გახსოვდეთ, თუ მამაკაცს ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ეტყვით: „შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ“, აუცილებლად დაიჯერებს ამას და, ისე გაყოყოჩდება, ყურადღებას საერთოდ აღარ მიგაქცევთ.
ერთი სიტყვით, იფიქრეთ. მარტო სიყვარული არ კმარა იმისთვის, რომ მამაკაცთან ურთიერთობა დაალაგოთ... მაგალითად, გინდათ, რომ შეყვარებული თქვენი მომხიბვლელობით საბოლოოდ მოაჯადოოთ და ამ მიზნით იყიდეთ ახალი კაბა, წახვედით სილამაზის სალონში და ელოდებით დამსახურებულ კომპლიმენტებს, თქვენით აღფრთოვანება კი, რატომღაც, იგვიანებს?! ნუ ატეხთ სკანდალს იმის გამო, რომ თქვენი გემოვნება ერთმანეთს არ დაემთხვა. თუ ის გეტყვით, რომ ჯინსსა და მაისურში გაცილებით სექსუალური ხართ, ნუ მონათლავთ იდიოტად და ჩხუბს ნუ გაუმართავთ. კაცია და გუნება – განა ამისთვის ღირს სკანდალის ატეხა?! მით უმეტეს, სისულელეა წყენის გულში ჩადება და დიდი ხნით გაბუტვა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიტიკაზე ადეკვატურად რეაგირება. თუ ყველა შენიშვნაზე იტირებთ, ისლუკუნებთ და სცენებს გამართავთ, მამაკაცი გაგექცევათ და ტირილი მარტოს მოგიწევთ. არც ერთ მამაკაცს არ უნდა, მუდმივად იყოს ქალის ცრემლების მიზეზი... იფიქრეთ ამ ყველაფერზე...
მიზეზი ნაცნობობისთვის
მისი გაცნობა რომ გინდა, ეს უკვე მიზეზია, თანაც მეტად საპატიო. მამაკაცებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ სასურველი ქალის გაცნობის, ვიდრე პირიქით. ყოველთვის ასე იყო და დღეისთვისაც ტენდენცია მხოლოდ ოდნავ არის შეცვლილი. მოიმატა თამამი ქალების რიცხვმა, მაგრამ პრიორიტეტი მაინც მამაკაცების მხარესაა. თანაც, ისინი, ანუ ძლიერი სქესის წარმომადგენლები, ბევრად უფრო მესაკუთრენი ბრძანდებიან. „ჩემი“ მათში გაცილებით მწვავედ დგას და ნადავლს მთელი არსებით ებღაუჭებიან – არიქა და არავინ წამართვასო. ამიტომაც, ფსიქოლოგიური „გადმოსახედიდან“ თამამ ქალებს კარგი შანსი აქვთ, გაიცნონ და მყარი ურთიერთობა გააბან მამაკაცთან. როცა პირველ ნაბიჯს დგამს ქალი, კაცი ფიქრობს: „მან მე ამომირჩია, ანუ უკვე ჩემია“. ძალიან რომც არ გიჟდებოდეს ამ კონკრეტულ ქალბატონზე, სხვას უკვე ძნელად დაუთმობს. რა გამოდის? რომ უკვე არსებობს ერთი არგუმენტებული მიზეზი კაცის გაცნობისთვის. ასევე, არსებობს სხვა მიზეზებიც... მაგალითად, ყველაზე მარტივი: ჩვენ თავისუფლები ვართ საკუთარ არჩევანში და ასევე გვაქვს მოქმედების თავისუფლებაც: პრინციპში, რატომაც არა?! – ვინ გვიშლის, გავიცნოთ ასევე თავისუფალი მამაკაცი. გაცნობა არ არის ვალდებულება არც ერთი მხარისთვის. მერე, როგორ წარიმართება ურთიერთობა, ეს უკვე თქვენი, ორივეს საქმეა. გამოიყნეთ ნაცნობობისთვის საინტერესო და მისაღები თემატიკა. ჰობი კარგი საშუალებაა. რაც მთავარია, გათავისუფლდით სტერეოტიპისგან და კომპლექსებისგან. გააკეთეთ ის, რაც მართლა გინდათ. მიზეზი უკვე გაქვთ – თქვენ ის მოგეწონათ!