ვინ არის გიორგი შერმადინის ამოსავალი წერტილი და რით გამოირჩევიან „სარაგოსას” წევრების ცოლები მისი მეუღლისთვის
ქართველი კალათბურთელის, გიორგი შერმადინის, საცხოვრებელი ადგილი ამჟამად ესპანეთია და ის ესპანური გუნდის, „სარაგოსას“ სახელით ასპარეზობს. გიორგი ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქალაქ სარაგოსაში და მათი გვერდში დგომით, თავს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად და კომფორტულად გრძნობს. ჩვენი რესპონდენტი, გიორგის მეუღლე, ანი ამაშუკელია. ის ყოველთვის დიდი სიამოვნებით გვთანხმდება ინტერვიუზე და „თბილისელების” მკითხველს სიამოვნებით უზიარებს იმ სიახლეებს, რაც მათ ოჯახში ხდება.
– ანი, ოჯახთან ერთად ბოლო პერიოდი ესპანეთში ცხოვრობ. მართალია, ახალ წელს საქართველოში არ შეხვდით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მთელი ოჯახი მანდაც კარგად გაერთობოდით.
– ახალ წელს, ისევე როგორც შობას და სხვა დღესასწაულებს, სხვადასხვა ქვეყანაში ვხვდებით, ანუ სადაც იმ პერიოდში ვცხოვრობთ. წელს ესპანური ახალი წელი გვქონდა, ხოლო ქართული ტრადიციებით მეორე დღეს აღვნიშნეთ. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ახალ წელს ესპანურ ოჯახში შევხვდით. გიორგის გუნდელის ოჯახში ვიყავით მთელი გუნდი მეუღლეებით დაპატიჟებული და ამიტომაც, 2014 წელს ესპანეთში, ესპანურ ოჯახში, ესპანური ტრადიციებით შევხვდით.
– როგორია მათი საახალწლო სუფრა და ტრადიციები?
– მათთვის რაც სადილია, ჩვენთვის, ქართველებისთვის ის უფრო წახემსებას ნიშნავს. მოკლედ, ესპანელებს ჭამა-სმა ჩვენგან ძალიან განსხვავებული აქვთ. რაც შეეხება გართობას, ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ უკეთ ვერთობით, ვიდრე ისინი. ძალიან საინტერესო საახალწლო ტრადიციები აქვთ. სანამ 12 საათი გახდება, ყველას ურიგებენ ყურძნის 12 მარცვალს და თორმეტი წამით ადრე, საათის თითო გონგის ჩამოკვრაზე, თითო მარცვლის შეჭმა უნდა მოასწრო, თან სურვილი ჩაიფიქრო. ამ ტრადიციის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი და ძალიან მომეწონა. ისეთი გამწარებული ვჭამდი, დაძაბულობისგან სურვილის ჩაფიქრება აღარც გამხსენებია. მაგრამ, მთავარია, ვიხალისეთ და მერე კარგადაც გავერთეთ. ნუციკოც გვყავდა წაყვანილი და ისეთი კონცერტი ჩაგვიტარა, სიცილისგან ცუდად იყო ყველა. ამან იქ იცეკვა და დრო ატარა, ვეღარ ვცნობდი ჩემი შვილი თუ იყო. ძალიან კარგი საღამო იყო. მეორე დღეს კი ჩვენ აღვნიშნეთ სახლში ახალი წელი ქართული ტრადიციებით, თავისი ტოლმითა და ბაჟეთი.
– სტუმრებიც გყავდათ?
– არა, მხოლოდ ჩვენ ვიყავით, თუმცა ძალიან მინდა, ჩვენი გუნდის ცოლები ერთხელ მოვიწვიო და ქართული ტრადიციული კერძები დავაგემოვნებინო. ძალიან აინტერესებთ და ყოველ შეხვედრაზე მეუბნებიან ამას. ერთმანეთს ხშირად ვხვდებით, ხან თამაშზე, ხან ჩვენთან, ხან რომელიმესთან. ურთიერთობაში და მეგობრობაში ყველა ძალიან კარგი გოგონაა.
– რაც შენ და გიორგი ცოლ-ქმარი ხართ, ბევრ ქვეყანაში მოგიწიათ ცხოვრება მისი სპორტული კარიერიდან გამომდინარე. რომელი ქვეყანა უფრო მისაღებია შენთვის და თავს სად უფრო კომფორტულად გრძნობდი?
– ჩემთვის ძალიან მისაღებია ესპანელი ხალხი. განსხვავებული, ძალიან დადებითები, ზომიერები არიან და შინაგანი კულტურა აქვთ. ესპანელებთან ადრე არ მქონია ახლო ურთიერთობა და ძალიან კმაყოფილი ვარ. თვითონ ესპანეთიც შემდგარი ქვეყანაა და ხალხიც ქვეყნის შესაბამისია. რაც შეეხება ქვეყანას, რომელიც ჩემთან ყველაზე ახლოსაა, საბერძნეთია. მგონი, ათენის მიმართ პლატონური სიყვარული მაქვს და მართლა ძალიან მენატრება. შეიძლება, იმიტომ რომ, ისინიც მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. სხვა დანარჩენ ქვეყანაში, სადაც მიცხოვრია, კათოლიკეები, ან სხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ათენი ძალიან მიყვარს, ვერ ვიტყვი, რომ ბერძენი ხალხით ძალიან მოხიბლული და დიდად კმაყოფილი ვარ. მაგრამ, თვითონ ქვეყანა და მისი დედაქალაქი მიყვარს, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემთან.
– ახალი საცხოვრებელი მოგწონს, მაგრამ ახალი გუნდი როგორი აღმოჩნდა გიორგისთვის?
– მართლა ძალიან კარგები არიან და გიორგისაც კარგად შეხვდნენ. თან, ვიქტორიც აქ არის და ორი ქართველის ერთ გუნდში თამაში, რა თქმა უნდა, უფრო მეტი კომფორტია ორივესთვის. ჩემთვის ხომ ძალიან მისაღები გუნდია, რადგან ძალიან კარგი ცოლები ჰყავთ გუნდის წევრებს. ამ გუნდში, მე ყველაზე ნორჩი ცოლი ვარ, რადგან სხვა ცოლებს უფრო მეტი დრო აქვთ აქ გატარებული – 2-3 წელი და ასე შემდეგ. ძალიან თბილად და მეგობრულად მიმიღეს გუნდის ცოლებმა. ასე მგონია, დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს მათთან, იმდენად კარგები არიან, მიკვირს კიდეც.
– კონტრაქტი როდემდე აქვს გიორგის?
– სეზონის ბოლომდე, რომელიც სავარაუდოდ, მაის-ივნისში დასრულდება. მერე როგორ იქნება, არ ვიცი, დრო გვიჩვენებს.
– მეუღლესთან ერთად ცხოვრობ დამოუკიდებლად უცხო ქვეყანაში, გყავთ ორი შვილი. ამ წლების განმავლობაში კიდევ რა შეიცვალა თქვენთან, გარდა იმისა, რომ გამრავლდით.
– დამოუკიდებლები, რა თქმა უნდა, ვართ, მაგრამ ბოლომდე – არა. ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრი მაინც გვყავს ჩამოყვანილი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან მუდმივად არის ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრი. ამას გარდა, რომელ ქვეყანაშიც მივდივართ, ბავშვების ძიძაც ყველგან დაგვყავს. ამიტომ, არ მიწევს ყველაფრის მარტო კეთება. მადლობა ღმერთს, ძალიან კარგი დამხმარე გვყავს. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიცვალა ჩვენში, ღმერთის წყალობით, თუ კი რამ შეიცვალა, ყველაფერი უკეთესობისკენ. გიორგისთვის შვილები ამოსავალი წერტილია, გიჟდება მათზე. რაც არ უნდა დაღლილი იყოს, არ არსებობს, არ ეთამაშოს მათ. ყოველ საღამოს აუცილებლად გაჰყავს გასართობად. გიორგი იმდენად თბილი და მოსიყვარულე მამაა, ხანდახან ვეჭვიანობ, მგონი, შენ უფრო თბილი ხარ მათ მიმართ, ვიდრე მე-მეთქი. თვითონ არის შინაგანად მზრუნველი, ბავშვების მიმართ კი, ეს გრძნობა გაასმაგებული აქვს. მაქსიმალურად ცდილობს, თავისუფალი დრო ოჯახურ გარემოში, ჩვენთან ერთად გაატაროს. შაბლონურად თუ არ გამომივა, ეს ყველაფერი უფრო ამყარებს და სასიამოვნოს ხდის ურთიერთობას.
– ნუციკო და ნიკოლოზი რა ხნის არიან უკვე?
– ნუციკო ორ-წლინახევრის, ხოლო ნიკოლოზი – წლის. ორივე ძალიან აქტიური ბავშვია. ხან თამაშობენ, ხან ერთმანეთს სცემენ. ნუციკო ურტყამს, მაგრამ ნიკოლოზიც არ აკლებს, კბენს. ნიკოლოზი მართლა უთოფო ყაჩაღია. მთელი დღე ისეთ ამბავში არიან ორივე, რომ დაიძინებენ, მერე ვიწყებთ ყავის სმას. აი, ასე მხიარულად ვცხოვრობთ ჩვენ.