კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზეა დამოკიდებული ეკლესიაში დადგენილი სასჯელი და როდის ხდება ქრისტიანის ცოდვისგან შეწყალება

ეკლესიაში დადგენილი ნებისმიერი სასჯელი – ეს არის კარგი სამსახური ადამიანის მიმართ და გულისხმობს ადამიანის გამოსწორებას. შესაბამისად‚ ეს არ არის სასჯელი, ეს არის წყალობა, რომელიც ადამიანს გამოსწორებაში, სწორი ცხოვრების წარმართვაში ეხმარება. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 

– როგორც ასეთი‚ სასჯელი, თავისი მნიშვნელობით, ეკლესიაში არ არსებობს, თუმცა, არსებობს მიდგომის ფორმები, რაც დამოკიდებულია იმაზე, ერისკაცია ადამიანი თუ სასულიერო პირი; რით სცოდავს, რა ცოდვაში ვარდება. ამ ყველაფერს კი აწესრიგებს საეკლესიო სამართალი, სადაც ეს მუხლები, ცოდვები, მიდგომები  დეტალურად არის აღწერილი თუ რა სასჯელი უნდა იქნეს გამოყენებული ადამიანის მიმართ. ამისთვის  არსებობს ორი ფორმა: აკრიბია და იკონომია. „აკრიბია” ნიშნავს სიზუსტეს. სიზუსტეში იგულისხმება ყველა ის მცნება, კანონები, დოგმატები, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე დაკანონდა, ანუ, აკრიბიაში იგულისხმება ზუსტი სარწმუნოების დაცვა. იკონომია არის საეკლესიო შეწყალება, რომელიც თავის თავში მოიცავს ისეთ მდგომარეობას, რომლის დროსაც მართებულად შეიძლება აკრიბიიდან გადახვევა, ოღონდ, არა დოგმატების უარყოფით, არამედ, სიტუაციიდან გამომდინარე. მაგალითად, ეკლესიის წიაღში ადამიანის მონათვლა ხდება კანონიერად ხელდასხმული ეპისკოპოსის ან მღვდლის მიერ. სწორედ ისაა საეკლესიო შეწყალება, რომ, როდესაც მოუნათლავი ჩვილის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, შეიძლება, მალე გავიდეს ამ წუთისოფლიდან და ვერ ხერხდება მღვდლის მოყვანა, მისი მონათვლა შეუძლია არა მხოლოდ სასულიერო პირს, არამედ, ერისკაცს, კაცსაც და ქალსაც – მისი ჰაერში ატაცება. თუ ეს ბავშვი გადარჩება, ის კანონიერად უნდა მოინათლოს, მაგრამ, თუ ვერ გადარჩება, მაშინ, მონათლულად ითვლება. 

– ვთქვათ‚ ადამიანმა დაუშვა შეცდომა, ჩავარდა ცოდვაში, ეკლესიურ სწავლებაში ახალი სწავლება შემოიტანა, ისეთი, რომელიც ეკლესიისთვის მიუღებელია. როგორია მის მიმართ საეკლესიო კანონი? 

– თუ ადამიანი სცოდავს ეკლესიის კანონების, დოგმების წინაშე, რომლებიც უცვლელია, პიროვნება ექვემდებარება ამა თუ იმ სასჯელს და ამას უკვე წყვეტს ეპისკოპოსი – ეკლესიის წიაღში მთავარი იერარქი. ანუ, დოგმატები, კანონები, რომლებიც მსოფლიო, ადგილობრივი კრებების, მოციქულების, წმიდა მამების მიერ არის დადგენილი, მანამ იარსებებს თავისი ურყევი ფორმით, სანამ ეკლესია იარსებებს. მის მიმართ ჩადენილი ცოდვა არის აკრიბია. თუ ამ ცოდვას სჩადის ერისკაცი, მის საქციელზე რეაგირებას ახდენს უშუალოდ მისი მოძღვარი ან ეპისკოპოსი, ხოლო, თუ სასულიერო პირი – მაშინ, ადგილობრივი ეპარქიის ეპისკოპოსი ან რამდენიმე ეპისკოპოსის მიერ შედგენილი საბჭო. მოციქულთა 69-ე კანონით აკრძალულია ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვის დარღვევა. მაგრამ, იგივე კანონი უშვებს შეწყალებას, თუ ადამიანი უძლურებაშია ჩავარდნილი; თუ მის ჯანმრთელობას ან ხორციელ ცხოვრებას საფრთხე ემუქრება, მას შეუძლია, ამ დღეებში მარხვა არ დაიცვას. მეექვსე მსოფლიო კრების 85-ე კანონი ამბობს: ყველაზე დიდი პატივი მიეგება ადამიანის ცხონებას და მის უძლურებაში არდაშთომას. ანუ, ქრისტიანისა და ეკლესიისთვის მთავარია, ეს წესები და კანონები ისე შევარჩიოთ და გამოვიყენოთ, რომ ადამიანის სიცოცხლე და სულიერება არ დაზარალდეს. 

 – ეკლესიის პრაქტიკაში ხშირია შეწყალება. რაზეა ის დაფუძნებული?

– იკონომია, ანუ შეწყალების პრინციპი, უკვე ეხება ადამიანების მიდგომას ეკლესიასთან, რელიგიასთან, სარწმუნოებასთან, სასულიერო პირებთან, ანუ, ეს ადამიანთა ცხოვრების წესს აწესრიგებს. თუ პირველი საუკუნეების ქრისტიანებს‚ მათი სარწმუნოებიდან გამომდინარე, ცხოვრების წესის მკაცრად დაცვას სთხოვდნენ, მათ ეკლესიურ, ყოველდღიურ ცხოვრებას მეტი ყურადღება ექცეოდა, დღეს‚ რა თქმა უნდა‚ ასე არ არის. მართალია‚ ცხოვრების წესის, მარხვების, საეკლესიო ცხოვრების არსი დღემდე არ შეცვლილა, მაგრამ მათთან მიდგომაა შეცვლილი, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – შერბილებულია. მაგალითად‚ ძველად მრევლი ორი-სამი კვირის განმავლობაში თუ გააცდენდა წირვა-ლოცვას და არ ექნებოდა ამის მიზეზი, არგუმენტირებული საბუთი, რომ ავადმყოფობის ან რაღაც მნიშვნელოვანი პრობლემის გამო გააცდინა, ხშირ შემთხვევაში, ის, შეიძლება‚ ეპისკოპოსის მიერ რამდენიმეწლიანი უზიარებლობით დასჯილიყო. თუ ადამიანი მრუშობის ცოდვით შესცოდავდა, მას 7 წლის განმავლობაში არ აზიარებდნენ. თუმცა‚ ეს ვადა, შეიძლება, შემცირებულიყო მისი შემდეგი ცხოვრების წესიდან გამომდინარე – როგორ მოინანიებდა ის, როგორ განაგრძობდა ცხოვრებას. მოციქულთა ერთ-ერთ კანონში ასეთი რამ წერია: თუ ადამიანი დაარღვევს მარხვას, ის დაისჯება უზიარებლობით. მაგრამ, ამ სასჯელის ვადა პიროვნებასთან მიმართებაში ინდივიდუალური იყო; ხოლო, თუ სასულიერო პირი დაარღვევდა მარხვას, ის იმ მომენტშივე უნდა განეკვეთათ ეკლესიიდან, რა თქმა უნდა‚ თუ ეს ჯანმრთელობის მდგომარეობით არ იყო გამოწვეული. გარდა ამისა, ეპისკოპოსს, სხვა ეპისკოპოსების ჩარევით, არ შეუძლია, სხვა ეპარქიაში გადასვლა, ასევე, მღვდელსაც, დიაკვანსაც ეკრძალება იმ ეპარქიის მღვდელმთავრის, რომლის ეპარქიაშიც მოღვაწეობს, ნებართვის გარეშე სხვა ეპარქიაში გადასვლა. მისთვის, ასევე, საჭიროა, „განტევების ეპისტოლე“, ანუ – წერილი. როცა ეპისკოპოსი მასზე დამოკიდებულ მღვდელს ან დიაკვანს უშვებს სხვა ეპარქიაში, იმ ეპარქიის მვდელმთავარს უგზავნის სათხოვარს – წერილს, რომ მისი თანხმობით გადადის ის მასთან ეპარქიაში. ადრეულ საუკუნეებში არსებობდა მეორე სახის წერილიც, სადაც ეწერა სასულიერო პირის მოკლე ბიოგრაფია და დახასიათება. ძველად, როდესაც მღვდელმთავარი მიდიოდა სხვა ეპარქიაში, მას კვერთხის წაღების უფლებაც კი არ ჰქონდა, რადგან, კვერთხი სიმბოლურად მსახურების ჩატარებას ნიშნავს. როდესაც მღვდელმსახური თავისი ეპარქიიდან სხვა ეპარქიაში ისე გადავა, რომ ამას არ შეათანხმებს იმ ეპარქიის მღვდელმთავართან, არ აქვს წირვის, ნათლობის, მირონცხების ჩატარების უფლება. 

საერთოდ, თუ ადამიანი აშკარად უპირისპირდება დედაეკლესიას, გმობს ღმერთს, საეკლესიო ტრადიციას, კანონებს, უდიერად ეხება სიწმიდეებს და მისი მოქცევის, გამოსწორების ყველა ხერხი ამოწურულია, რა თქმა უნდა‚ რჩება ერთადერთი ფორმა – ეს არის შეჩვენების პრინციპი, რომელიც მოიცავს დიდ განკანონებას, დიდ განყენებას, ანუ, ის ეკლესიასთან ურთიერთობას კი არა, ქრისტიანის სახელის ტარების უფლებასაც კარგავს. დღეს ასეთი რამ იშვიათად ხდება. ერთია, რომ ძალაუფლება მოგეცა და, მეორე – რომ ის არ უნდა გამოიყენო ცუდად. ასე რომ  არ იყოს‚ შეიძლება, არაეკლესიურმა ადამიანმა სასულიერო პირს შეურაცხყოფა მიაყენოს ან ხელით შეეხოს და ამის გამო მღვდელმა შეაჩვენოს, „შეკრას“. სასულიერო პირის შეურაცხყოფა ძალიან სამწუხარო ფაქტია, ცუდია, მაგრამ, ეს არ ნიშნავს ეკლესიის შეურაცხყოფას. ამის გამო სასულიერო პირის მიერ ადამიანის შეჩვენება, დაწყევლა არ შეიძლება. თუ ადამიანი, როგორც უკვე აღვნიშნე‚ ჩავარდება უკიდურეს, გამოუსწორებელ მდგომარეობაში, ანუ, შეურაცხყოფს ეკლესიას, რელიგიას, მის მიმართ ამ სასჯელის თვითნებურად გამოყენების უფლება სასულიერო პირს მაინც არ აქვს, ამისთვის მან ადგილობრივი ეპისკოპოსისგან უნდა აიღოს კურთხევა ან თავად ის ეპისკოპოსი აღასრულებს. შეჩვენება‚ რა თქმა უნდა‚ სიტყვიერად ხდება, მაგრამ‚ მანამდე მცირე გამოძიება, სასამართლო უნდა ჩატარდეს. 

 

скачать dle 11.3