ვინ უსრულებს ოცნებებს ქართველ მუსიკოსებს ევროპაში
დღეს ევროპაში არაერთი წარმატებული ქართველი მუსიკოსია... მათ საქართველო 90-იან წლებში დატოვეს. იმ წლებში საქართველოს რეალობა უმძიმესი იყო და პურიც კი – სანატრელი, ევროპაში განათლების მიღება კი – ყველაზე თამამი ოცნება... გერმანელმა ქალბატონმა ელიზაბეთ გასტიმ შეჭირვებული ქართველი სტუდენტების დახმარება თავის თავზე აიღო და მის სახლში რამდენიმე მათგანი წლობითაც ცხოვრობდა...
– ქალბატონო ელიზაბეთ, საქართველოში ძალიან ბევრი ქველმოქმედება გასწიეთ...
– ძალიან ბედნიერი ვარ, მშვიდობიან პერიოდში რომ მომიწია ცხოვრება. ჩემი შვილები ისე გაიზარდნენ, რომ ყველანაირი საშუალება ჰქონდათ, კარგი განათლება მიეღოთ უცხოეთში და უზრუნველყოფილი ყოფილიყვნენ. მსურდა რაღაც სახით სამყაროსთვის მადლობა უკან დამებრუნებინა... ჩემი ფონდი ნიჭიერ ქართველ მუსიკოსებს დაეხმარა ევროპაში განათლების მიღებაში. ვეხმარებით მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს საქართველოში. ძირითადი ნაწილი საკუთარი თანხებიდან არის, ნაწილი კი სხვადასხვა ფონდებიდან...
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი...
– ორი შვილი მყავს.. თუმცა ძალიან მინდოდა ოთხი შვილი მყოლოდა... ამიტომ მყავს ახლა ამდენი ქართველი ბავშვი. ოთხი შვილი რომ მყოლოდა საქართველოში ვერ ჩამოვიდოდი.
– თქვენც შეძლებულ ოჯახში გაიზარდეთ?
– არა... ძალიან უბრალო, მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. ჩემი მშობლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხელოვნება, მეცნიერება და რელიგია... ოთხივე შვილს ამ სამივე სფეროში ძალიან კარგი განათლება მოგვცეს.
– შემდეგ თქვენი სილამაზის დამსახურებით ხომ არ მოხვდით შეძლებულ ოჯახში?
– არა... მე და ჩემი მეუღლე ორივე ძალიან ღარიბები ვიყავით. შემდეგ ფირმა დავაარსეთ. 13 წლის განმავლობაში შვილები არ გვყავდა და ორივე ვმუშაობდით. წარმატება მალე მოვიდა, რადგან ჩვენ საქმეს სიყვარულით ვემსახურებოდით. გვსურდა, ძალიან ბევრი გვემუშავა, რადგან ამაში ბედნიერებას ვხედავდით... ჩემი შვილები რომ გაიზარდნენ, საშუალება მოგვეცა ქველმოქმედებაზე გვეფიქრა. თავიდან გერმანიაშიც ვეხმარებოდით ფონდებს... შემდეგ შეჭირვებული ქართველი სტუდენტები გავიცანით, რომლებსაც გვერდით ჩვენი დგომა სჭირდებოდათ.
– არითმეტიკულად რომ მოვთვალოთ, რამდენი წარმატებული ქართველი ხელოვანია დღეს ევროპაში, რომლებმაც განათლება თქვენი წყალობით მიიღეს?
– ასე არ შევხედავდი... ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვინც გერმანიაში ისწავლა, თავიანთი განათლება საქართველოში ჩამოიტანონ და ქართველებს დაუბრუნონ. ძალიან ბევრია წარმატებული... პირველი ქართველი, რომელიც ჩემთან მოვიდა 16 წლის ჰობოისტი – გიორგი კალანდარიშვილი იყო. იგი სამი წლის განმავლობაში ჩემთან, ოჯახში ცხოვრობდა და მიუნჰენის მუსიკისა და თეატრის აკადემიაში სწავლობდა. შემდეგ ყოველ წელს მოდიოდნენ ახალ-ახალი მუსიკოსები ჩემთან, რომლებსაც სურდათ გერმანიაში სწავლა, მაგრამ არანაირი საშუალება არ ჰქონდათ. ყველა მათგანი ჩემს სახლში ცხოვრობდა გარკვეული დროის განმავლობაში.
– ასევე დაეხმარეთ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს საქართველოში...
– საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული ბავშვები მყავდა. ჩვენ რამდენიმე მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში დავიწყეთ მუშაობა – ძეგვის, გლდანის, მარტყოფის და თბილისის მომავლის სახლი... უპირველესად, ბავშვებთან ხელოვნება მივიტანეთ. ბავშვებს საცხოვრებელი ჰქონდათ, ჭერი – თავზე, ძალიან ცოტა საჭმელი და უფრო ცოტა – სიყვარული... მათი დახმარება ყველაზე მეტად ხელოვნებით არის შესაძლებელი. ხელოვნება არის ყოველთვის სილამაზე. ბავშვებმა თავიანთ ცხოვრებაში პირველად შეიგრძნეს ეს სილამაზე. შემდეგ თვითონ იღებდნენ ამ ხელოვნების შექმნაში მონაწილეობას. მათ გაიღვიძეს და აბსოლუტურად სხვანაირები გახდენ. როცა დავინახეთ, რომ სწავლა სურდათ, იმ ადგილების მოძიება დავიწყეთ, სადაც მათ პროფესიების შეძენა შეეძლოთ... მათ ხელობების შესწავლა მოინდომეს – მზარეულის, დალაქის, მშენებლის, მებაღის... ზოგიერთ მათგანს კი სურდა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა. ჩვენ შევეცადეთ, ამ ბავშვებისთვის უმაღლესი განათლება მიგვეცა საქართველოში.
– ალბათ, უამრავი სირთულე შეგხვდათ...
– ქართველი თანამშრომელი მყავდა ფონდში, რომელიც ბევრ საკითხს აგვარებდა. ყველაფერი ვიცოდით, როდის და სად იყო პრობლემები. შემდეგ ვეხმარებოდით ამ პრობლემების მოგვარებაში... ამ ბავშვების ბედისწერა, მათი ისტორიები, თითქმის ყველა მათგანი ძალიან მძიმე იყო. ბავშვები სულ გვეკითხებოდნენ, კიდევ მოხვალთო? მეორედ თუ კიდევ მივიდოდა მათთან ადამიანი არ ეგონათ. ჯერ ნდობა უნდა აგვეშენებინა და ამიტომ არიან ჩემი ყველა აქაური დამხმარე თანამშრომლები ქართველები. თუ შევამჩნევდით ბავშვს, რომ არასწორ გზაზე მიდოდა, განსაკუთრებულად ვცდილობდით მას დავხმარებოდით. ყველაზე მძიმე იყო, როდესაც 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა. ყველანაირად შევეცადეთ, სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა, მაგრამ უძლურები აღმოვჩნდით.
– ყველაზე რთული წერტილიდან მოგიწიათ საქართველოს გაცნობა... და მაინც, როგორი შთაბეჭდილების ხართ ჩვენს ქვეყანაზე?
– საქართველო არის ქვეყანა ულამაზესი ბუნებით კავკასიიდან შავ ზღვამდე. ძალიან მრავალფეროვანია. ასეთივე მრავალფეროვნებაა კულტურაში. კულტურას თუ ბავშევებთან ერთად განვავითარებთ, ეს ბავშვები იღებენ ნდობას სამყაროსადმი და სჯერათ, რომ ჩვეულებრივ ისინიც სამყაროს ნაწილი არიან... საქართველოში დიდ სიყვარულს ვგრძნობ. ყველაფერი, რასაც გავცემთ უკან ბრუნდება და ეს არაჩვეულებრივი შეგრძნებაა. ამიტომაც ბევრი ტურისტი რომ ჩამოდის, ისევ აქვთ სურვილი, საქართველოს კიდევ არაერთხელ ესტუმრონ. ეს საქართველოს სიძლიერეა. რა თქმა უნდა, სამზარეულო გავიცანი, რადგან აქ ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობაა. გავეცანი რელიგიას. ერთობლივ პროექტებს ვაკეთებდით და სამების ტაძართან ერთად ისანში ბაღი დავაარსეთ.
– თქვენი შვილები იმყოფებოდნენ საქართველოში?
– რა თქმა უნდა! ძალიან მოეწონათ საქართველო და ისევ უნდათ ჩამოსვლა. მათ ბევრი მეგობარი შეიძინეს.
– საუბრის დასაწყისში მშვიდობა ახსენეთ. სამწუხაროდ, საქართველომ 2008 წელს ომი გადაიტანა...
– 2008 წელს ჩამოვიყვანეთ ტრავმატოლოგ-თერაპევტები და ლტოლვილებთან ვიმუშავეთ. იქ ვნახე ყველანაირი სირთულე... ომის შემდეგ მე ჩემი მიმართულება შევცვალე და გადავწყვიტე, დაობლებულ და ლტოლვილ ბავშვებს დავხმარებოდი. თერაპევტები გერმანიიდან ჩამოვიყვანე. იყვნენ ხელოვანები გერმანიიდან და აქაც იყო ქართველ ხელოვანთა ჯგუფი. 29 თანამშრომელი გვყავდა. დევნილთა ოთხ ბანაკში დაიწყეს მუშაობა. შემდეგ ბუფერულ ზონებშიც გავიდნენ – სამთავისის სკოლებში და ასე შემდეგ... შემდეგ დავაარსეთ საბავშვო ბაღები წეროვანსა და ისანში, რათა ბავშვებს შეეგრძნოთ, რომ ისევ დაცულები არიან და სახლში იმყოფებიან.
– როგორ ფიქრობთ, სახელმწიფო მეტს უნდა აკეთებდეს ამ ბავშვებისთვის?
– საქართველოს მთავრობამ ბევრი უნდა გააკეთოს ამ ბავშვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად მოიქცეს. არსებობს გამოთქმა – პროგრამა არ უნდა შეიქმნას მწვანე მაგიდასთან... ბავშვები უნდა ნახონ და შემდეგ კონკრეტულად გადაწყდეს, თუ რა სჭირდებათ ნამდვილად. ჩვენ რუსთავში ვმუშაობდით უნარშეზღუდულ ბავშვებთან და ვნახეთ, თუ როგორ სხვანაირი ხდება ბავშვი ხელოვნების, მუსიკის, ხატვის დახმარებით... ეს ხდება შემდეგ საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის და სწავლისთვის. ცნობილი გერმანელი მწერალი ნოვალისი ამბობს – ხელოვნება არჩენს იმ ჭრილობებს, რაც ჩვენ ცნობიერებამ მოგვაყენაო.
– თუმცა საქართველოში ძალიან მწარე რეალობაა. სამწუხაროდ, მხოლოდ ხელოვნება არ კმარა.
– რა თქმა უნდა, ხელოვნება არ კმარა, მაგრამ ხელოვნება სილამაზეა და შემდეგ ამაზე უნდა აშენდეს ყველაფერი. სამყარომ უნდა მიიღოს ბავშვები. ჩვენ ყველა მათგანისთვის ვეძებდით სამუშაოს და ვპოულობდით. ყველა ბავშვი ბედნიერი იყო და ყველა ბედნიერები იყვნენ ამ ბავშვებით. ბავშვებმა სწორედ ხელოვნების დახმარებით იგრძნეს, რომ სამყარო მშვენიერია და არ არის მხოლოდ ბოროტება. მათ იგრძნეს, რომ სამყარო მათი საცხოვრებელი ადგილი და სამშობლოა. ჩვენ გვყავდა ერთი ბავშვი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლიდან, რომელიც დღეს ძალიან წარმატებული სტუდენტია მიუნხენის უმაღლეს სასწავლებელში. იგი ადრეული ბავშვობის პედაგოგიკას სწავლობს. ბავშვებს არ სჭირდებათ მხოლოდ სწავლა, სწავლა და სწავლა... მათ სჭირდებათ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. ჩასუნთქვა სილამაზეა, ამოსუნთქვა – მუშაობა.
– ახალგაზრდობაში საქართველოზე იცოდით რამე?
– არა... როდესაც ჩვენთან პირველი ქართველი სტუდენტი მოვიდა, მაშინ გადავშალე რუკა და საქართველო მოვძებნე... საქართველოში 1999 წელს ჩამოვედი და ეს ძალიან მძიმე დრო იყო. პირველი შთაბეჭდილება ის იყო, რომ ქვეყანა ძალიან დიდ სიღარიბეში იმყოფებოდა, მაგრამ მაინც ძალიან დიდ სილამაზეს ვხედავდი. ვნახე გელათი, ვარძია, დავით-გარეჯი.. ყველა ეკლესიაში შევდიოდი, რაც კი გზად მხვდებოდა. საქართველოში შვიდი გერმანული სოფელი არსებობდა. ბევრი ცნობილი ხალხი იყო გერმანიიდან ჩამოსული. მათ შორის – სიმენსი, ჰუმბოლტი...საქართველოს ძალიან მდიდარი კულტურა აქვს და ამიტომ აინტერესებდათ.