რატომ ჭრიდა დათუნა სულიკაშვილი სახლში ფარდებს და ბებიის ტანსაცმელს
დათუნა სულიკაშვილს თბილისის ბომონდურ წრეში ძალიან კარგად იცნობენ. ის ერთ-ერთი დიზაინერია, რომელსაც ცნობილი და არაცნობილი ქალბატონები ხშირად მიმართავენ. მისი შექმნილი სამოსი ყველას ძალიან მოსწონს, რასაც სხვებზე ვერ ვიტყოდი. ჩემი აზრით, ყოველთვის ზუსტად იცის, რა მოსწონთ ქალებს, მიუხედავად იმისა, რომ მოდა ძალიან ინდივიდუალურია. ამიტომ ის რაც კარგია, ყოველთვის ძვირიცაა.
– დათუნა, როგორ დაიწყო შენი მოდით დაინტერესება, საიდან წამოვიდა სურვილი გამხდარიყავი დიზაინერი? ქართველ მამაკაცებს დიზაინერის პროფესია ყველაზე ნაკლებად, ან საერთოდ არ აინტერესებთ.
– უჩვეულო ოცდამეერთე საუკუნეში, მგონი, აღარაფერია. მით უმეტეს, რომ უმეტესობა დიზაინერებისა მამაკაცები არიან. მე კი მგონია, ამის სურვილით დავიბადე. ბავშობიდან მიტაცებდა ეს სფერო, თუმცა იყო პერიოდი, როცა ძალიან მინდოდა მსახიობობაც. ერთხანს ვმღეროდი კიდეც, მერე აღარ გავყევი სიმღერას, ვიგრძენი, რომ ყველაზე უფრო ახლოს მაინც ეს იყო ჩემთან. უამრავ ტანსაცმელს ვანადგურებდი. ერთ მკლავს ვაძრობდი და მეორეს ვაკერებდი, გადაკეთებები მიყვარდა. ძირითადად, ფარდებს და ბებიაჩემის ტანსაცმელებს ვჭრიდი. რატომღაც მშობლებს დიდად არ უნდოდათ, ამ განხრით ჩამებარებინა, თუმცა არჩევანი მაინც ჩემზე იყო და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი. მახსოვს, ჩუმად დავიწყე ხატვაზე სიარული. თვის ბოლოს სწავლის თანხა გადასახედელი მქონდა და არ ვიცოდი რა მექნა. ავდექი და მშობლებს გამოვუცხადე – ხატვის ფული მაქვს გადასახდელი-მეთქი... რა უნდა ექნათ, მიხდიდნენ. მერე ჩავაბარე თოიძეში, ორწლიან მოსამზადებელ კურსებზე, შემდეგ აკადემიაში.
– ესე იგი, შენს ექსპერიმენტებს შეეწირა ლამაზი ფარდები და ბებიაშენის სამოსი. არ გეჩხუბებოდნენ?
– რომ ვაფუჭებდი, მეჩხუბებოდნენ, რა თქმა უნდა. მერე გადამიარა ამ გაფუჭებებმა.
– მაინც მინდა, გკითხო, რამ იქონია გავლენა შენს მომავალ პროფესიაზე. ეს ისეთი სპეციფიკური სფეროა, მით უმეტეს, მამაკაცისთვის, რომ ასე მარტივად არ ირჩევენ.
– არ ვიცი. ბავშვობიდან მქონდა სურვილი ყველას ჩაცმულობა შემეცვალა. ვერ ვიხსენებ, თუ რას შეიძლებოდა მოეხდინა გავლენა, ყოველ შემთხვევაში, ტელევიზორს არ მოუხდენია.
– ახლა თუ შეიცვლიდი პროფესიას?
– ახლა ვერ წარმომიდგენია, მაგრამ, სხვა სფეროშიც რომ ვყოფილიყავი, დარწმუნებული ვარ, იგივე წარმატებებით გავაგრძელებდი მოღვაწეობას. თუმცა, ამ ეტაპზე ვერ წარმომიდგენია, სხვა სფეროში ჩემი თავი. ერთხელ თუ მოხვდი ამ სამყაროში, მერე ძნელია, სხვა რამეზე იფიქრო, ძალიან გითრევს.
– ბევრია ისეთი სპეციალობა, რაც გითრევს. უბრალოდ, მგონია, რომ მოდის ინდუსტრია საქართველოში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული და ალბათ, კიდევ კარგა ხანს არ განვითარდება. ჩემი აზრით, რაც საქართველოში მოდას აკლია, ეს სითამამეა. ამდენად, არც სერიოზულად უყურებენ მას აქ.
– ჩემი აზრით კი, ისეთი რამ უნდა შექმნა, რასაც დააფასებენ. მე ვქმნი იმას, რაც მე მომწონს და რაც ჩემია. შექმნის დროს, არ ვფიქრობ ვის მოეწონება. საერთოდ, მართალი ხართ, საქართველოში მოდის განვითარებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. მაგრამ, უკვე დაიძრა, პატარ-პატარა ნაბიჯებით მიდის.
– გარდა ნიჭისა და სურვილისა, არსებობს კიდევ ფინანსური მხარე, რომლის გარეშეც ვერაფერს გააკეთებ. ამ მხრივ როგორ გაქვს საქმე?
– რაც დღეს გამაჩნია, ჩემით მოვედი აქამდე... აი, ეს ფაქტი ყველაზე სასიამოვნოა ჩემს შემოქმედებაში. ფინანსები აუცილებელია, მაგრამ შეგიძლია, შენითაც მიაღწიო ამ ყველაფერს. მთავარია, შრომა და მიზანი…
– მუშაობის დროს რაზე აკეთებ აქცენტს?
– აქცენტი ყოველთვის სილუეტსა და ჰარმონიაზეა. მოდაში არის სხვადსხვა სტილი – Classic, avant-garde, predaporte luqs... მე რასაც ვაკეთებ ამას bohema shic – ჰქვია. ასე უწოდებენ ჩემს სტილს.
– რამდენიმე ქართველმა დიზაინერმა უკვე დაიმკვიდრა თავი უცხოეთში, რომლებიც ფსევდონიმით არიან ცნობილნი, თუნდაც დევიდ კომა. უცხოეთში მუშაობაზე არ გიფიქრია?
– კი, ვაპირებ და დავიწყე ამაზე მუშაობა... მე ვფიქრობ, მზად ვარ იმისთვის, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდე. საქართველოში არ არის სივრცე. ამ სფეროსთვის კი, სივრცე აუცილებელია, თორემ რაღაც ეტაპამდე ადიხარ, ადიხარ და მერე იყინები.
– ქუჩაში ან სადმე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, ალბათ დიზაინერის თვალით აკვირდები ქალბატონებს – ვინ როგორ არის შემოსილი და თუ ფიქრობ, რა შტრიხებს შეიტანდი მათ ჩაცმულობაში?
– კი, ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ხედავ კარგ მასალას და ფაქტურას (გოგოს ვგულისხმობ) და თავის ჩაცმულობის გამო ცუდად გამოიყურება. ამ დროს გამიფიქრებია და იქვე, ჩემთვის, წარმოდგენაში დამიხატავს, თუ როგორ შევმოსავდი მას. ხანდახან ისე მომწონებია იდეა შეიძლება ინსპირაციაც ყოფილიყო.
– და როგორ იცვამენ თბილისში?
– თბილისში, ზოგადად, ნორმალურად იცვამენ. მაგრამ არის წრე, სადაც განსაკუთრებულად კარგად აცვიათ. ქართველებს უჭირთ სიახლეების მიღება. მაგალითად დაბალწელიან შარვალს რომ შეეჩვევიან, მერე მაღალწელიანის ჩაცმაზე ორი წელი ფიქრობენ. თუ უფრო თამამები იქნებიან უფრო საინტერესოდ ჩაცმულები გამოჩნდებიან.
– შავი ფერი მუდმივად დომინირებს ჩვენს ჩაცმულობაში, ვერ ველევით მას. კიდევ სად აცვიათ მასობრივად შავი ფერის სამოსი?
– ეს არის მითი, რომ ქართველებს შავი ფერი უყვართ. მთელ მსოფლიოში შავი ფერია დომინანტი და რაც კარგია, ყველაფერი შავია. იტალიაში, ბელგიასა და პარიზშიც, საუკეთესო ფერი შავია. უფრო, ალბათ იმიტომ, რომ პრაქტიკულია და ძალიან ელეგანტურია. შავი ფერის გარეშე მგონია, რომ ცხოვრება შეუძლებელია.
– და მართლა შეაქვს სილუეტში კორექტირება თუ ეს ჩვენ გვგონია ასე? რასაც თეთრზე, საერთოდ ვერ ვიტყოდი.
– პრაქტიკულია, ლამაზია, ძლიერია, ელეგანტურია და უამრავი კონცეფცია აქვს შავს. თეთრი ფერითაც შეიძლება, დაიფაროს ქალის ნაკლოვანებები. გააჩნია თარგს და ჭრას, თუ რა ფორმის იქნება კაბა ან სხვა რამ.
– დიზაინერები და ასტროლოგები ყოველ ახალ წელს სხვადასხვა ფერს გვირჩევენ. შენთვის ახალ წელს ფერებს რა მნიშვნელობა ენიჭება?
– მე არასდროს მჯეროდა იმის, რომ ახალ წელს კონკრეტულად ეს ან ის ფერი უნდა გეცვას, რომ მერე ის წელი კარგი იყოს შენთვის. მე ვფიქრობ, თითოეული ადამიანი თვითონ ქმნის კარგსაც და ცუდ სტილსაც, უნდა გეცვას ის, რაც ძალიან გიხდება, მოგწონს და კარგ ენერგეტიკას გაძლევს. თუმცა, წელს მწვანე-ლურჯი ფერები უფრო მისაღები იქნებოდა, ოღონდ ლითონნარევი ქსოვილით... თავისუფალი და ელეგანტური წელია დაფიქსირებული, რაც ვფიქრობ, ყველასთვის მისაღებია.
– რატომ არ შეიძლება, ოქროსფერი და ვერცხლისფერი ყოველდღიურობაში გამოვიყენოთ, ისევე როგორც ამერიკელები იყენებენ? მე, პირადად, ძალიან მომწონს როგორც კლასიკური, ისე ამერიკელების გიჟური სტილი – ფერად-ფერადი, არაშეხამებული, არეული. ესეც კომპლექსის ბრალია?
– შეიძლება. მეც ძალიან მომწონს ეგ და ვურჩევდი ჩემს მომხმარებელს, ახალ წელს ამაზე შეჩერებულიყვნენ, განსაკუთრებით, ოქროსფერზე, თუ მაინცდამაინც ფერებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
– თვითონ ვისი შეკერილი სამოსი გაცვია. შენს შეკერილს თუ იცვამ?
– ჩემი შექმინილი სულ 3 ნივთი მაქვს. ჩემი თავისთვის დრო არასდროს მრჩება. მირჩევნია, ყოველთვის ჩემი მეცვას, მაგრამ უდროობის გამო, ყიდვა მიწევს. ძირითადად, პარიზში ვიძენ, რადგან ძალიან ხშირად ვარ იქ.